გოგონა ART-ოთახიდან და მისი სამყარო ჩარჩოს მიღმა

ხელოვანი საკუთარი ხელოვნების (ART) ოთახიდან ყოველდღე ახალ ნამუშევარს ქმნის. ბედნიერების მინიჭება _ ეს მისი პრივილეგია და მოწოდებაა.

რუსთაველი გოგონა 1985 წლის 22 ნოემბერს, ოქროსფერი შემოდგომის მზიან დღეს ერთ უსაყვარლეს ოჯახში დაიბადა _ ამას თავად ყვება. საკუთარ საქმიანობას ბიზნესს არა, და შემოქმედებას უწოდებს. 4 წლიდან ხელსაქმემ დააინტერესა და ტურიზმის საქმიანობის შესწავლის შემდეგ მაინც იმას მიუბრუნდა, რისკენაც გული მიუწევდა.

ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ თავი დაენებებინა სამსახურის ძიებისთვის და აღმოაჩინა, რომ ამ ხნის განმავლობაში, თურმე, ნამდვილ ნინოს, უბრალოდ, მასში სძინებია. შინაგან ხმას მიჰყვა და დეკორაციების კეთება სახლში მორჩენილი სხვადასხვა მასალისგან დაიწყო. ყველაფერი ისე მარტივად გამოდიოდა, რომ იგრძნო _ ეს საქმე უნდა გაეგრძელებინა. მას შემდეგ ხელით ისეთ ნივთებს ქმნის, რომლის შესაძენად არც თანხა დაგენანებათ და მეტიც, მხოლოდ ერთ ნივთზე არც შეჩერდებით.

ყველას რომ თავისი მისია აქვს, ამ იდეას იაზრებს და სწორედ საკუთარი მისიის აღსრულებასა და ბოლომდე მიყვანას აპირებს.

 

გაიცანით, _ დღევანდელი ჩვენი გმირი დიზაინერი ნინო შაკიაშვილია:

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე.

_ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. ამ ეტაპზე ვარ დიზაინერი. 4 წლიდან მქონდა ინტერესი ხელსაქმის მიმართ. ერთხელ საკერავ მანქანას მივეპარე და შევეცადე, რაღაც გამეკერა. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე ნემსში თითი მომყვა და მერე დიდხანს აღარ მივკარებივარ. 5 წლის ვიყავი, როდესაც გობელენის საქსოვი პატარა დაზგა მაჩუქეს. მახსოვს, ლამაზი ფერადი ძაფები მოჰყვებოდა ნიმუშთან ერთად. დავინტერესდი, რა იყო, მივუჯექი და ძალიან ჩვეულებრივად, ყოველგვარი სწავლისა და წვალების გარეშე, ქსოვა დავიწყე. მარტო იმას ვწუწუნებდი, დიდი ხალიჩა რომ არ იქსოვებოდა. მალე ჩემს „სახელოსნოს“ ზამთრის ქუდებისა და შარფების საქსოვი დაზგა შემოემატა, ასევე მოსაქარგი წინსაფარი შესაბამისი ხელსაწყოებით და მასალით. პარალელურად ვხატავდი და ვძერწავდი პლასტილინით, თიხით. ძალიან მინდოდა საღებავების ნაკრები, რომელსაც თეთრი ფერი ექნებოდა. დღესაც მახსოვს ის ადგილი, სადაც მიყიდეს და როგორ გამიხარდა. ამის შემდეგი მიზანი და ოცნება ზეთის საღებავები იყო.

სკოლაში მისვლისას მეტი საშუალება მქონდა, ჩემი ნიჭი გამომეყენებინა, გიმნაზიაში ვსწავლობდი, სადაც ბევრი ღონისძიება ტარდებოდა ხოლმე და მეც აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აპლიკაციის, ბანერებისა და მოსაწვევების დამზადებაში _ ეს ძალიან მაბედნიერებდა.

ძალიან მინდოდა ხატვაზე სიარული, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი გზა სხვა მიმართულებით წავიდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, სხვა სპეციალობა ავირჩიე და რადგან მოგზაურობაც მიყვარდა, ტურიზმის მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას შემდეგ ბევრი სპეციალობა შევისწავლე: სარეკლამო ბიზნესი, სასტუმრო საქმე, ვიზაჟი, ფოტოგრაფია, კომპიუტერული გრაფიკა, სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, გავიცანი  უამრავი კარგი ადამიანი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა, შინაგანად რაღაც ქაოსი მქონდა, მოუსვენრობა. ეს ჩემს ხასიათზე და ურთიერთობებზე უარყოფითად აისახებოდა.

_ რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით (რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი)?

_ ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ თავი დამენებებინა სამსახურის უშედეგო ძიებისთვის და აი, აქ დაიწყო ყველაფერი. აღმოვაჩინე, რომ ამ ხნის განმავლობაში ნამდვილ ნინოს, უბრალოდ, ეძინა ჩემში და დრო იყო, გამეღვიძებინა. შინაგან ხმას თუ ძალას მივყევი, რა იყო ეს _ არ ვიცი და დეკორაციების კეთება დავიწყე ჩემთვის, სახლში მორჩენილი სხვადასხვა გამოუსადეგარი მასალისგან, ყველაფერი ისე ადვილად გამოდიოდა, ვგრძნობდი, რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა, ეს იყო ღვთის საჩუქარი. მადლიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, ყველაფერი ახლიდან დამეწყო.

_ მომიყევი, რით დაიწყე საკუთარი ბიზნესი და რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ თავიდან გაყიდვაზე არც ვფიქრობდი, მხოლოდ საჩუქრებად ვამზადებდი მეგობრებისა და ახლობლებისთვის, დამზადებულ ნივთებს ფოტოებს ვუღებდი და სოციალურ ქსელში ვტვირთავდი. გარკვეული დროის შემდეგ მოწონებამ და დაინტერესებამ იმატა. შემდეგ ერთი ჟურნალისტი გამომეხმაურა. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. მივხვდი, რომ მეტი სერიოზულობით უნდა მოვკიდებოდი ამ ყველაფერს, მეტი მუშაობა დავიწყე საკუთარ თავზე, უფრო აქტიურად გავაზიარე ინფორმაცია. საზოგადოებამ საკმაოდ დადებითად მიიღო, ვხედავდი შედეგს _ რასაც გავცემდი, ორმაგად მიბრუნდებოდა სითბო და სიყვარული, ეს ყველაფერი ძალას მმატებდა.

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საკუთარი ბიზნესის მფლობელი ხარ?

_ ბიზნესი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე მაინც ამ ყველაფერს შემოქმედებითად ვუყურებ, თუმცა მან მომცა ხალხის სიყვარული, რაც უმიშვნელოვანესია! ძალიან სასიამოვნოა, როცა სრულიად უცხო ადამიანი მეუბნება, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონს.

_ როგორ გაჩნდა შენი ბრენდისთვის სახელის მოფიქრების იდეა?

_ ამ ყველაფრის დამზადება ჩემს საყვარელ ოთახში დავიწყე, რომელიც არის საოცრად მშვიდი, თბილი, ნათელი და მას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. სახელის იდეაც აქედან წამოვიდა.

_ ძირითადად, რა მასალისგან ამზადებ ნამუშევრებს?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირად ვიყენებ ისეთ მასალას, ან ნივთებს, რომლებიც უკვე არავის სჭირდება, მაგრამ ბოლო დროს, ძირითადად, მაინც პოლიმერიულ თიხაზე მიწევს მუშაობა.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად მათ?

_ ახლობლებსა და მეგობრებზე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერზე მეუბნებიან, რომ მოსწონთ. ალბათ, ისევ სოციალურ ქსელში ფოტოების მოწონების რაოდენობით ვხვდები, რამდენად მოსწონთ, ან არ მოსწონთ ისინი.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ძალიან მიყვარს ახალ თემაზე მუშაობა, რაც პირველად უნდა დავამზადო. სულერთია, ეს შეკვეთა იქნება, თუ ჩემი მუზა.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რამე?

_ ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩემი ნამუშევრები უყვართ და ვფიქრობ, რომ გაუფრთხილდებიან. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანების რაოდენობა და მინდა, რომ თითოეულს ჩემგან რამე ნივთი ჰონდეს, ამიტომ ვცდილობ, ეტაპობრივად, ყველას  ვაჩუქო.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო და ეს ყველაფერი დადებით ემოციას იწვევდეს სხვა ადამიანში, ვინმეს ოდნავ მაინც უხალისებდეს განწყობას.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ ვაფასებ პატიოსნებას და ადამიანობას ნებისმიერ საკითხში.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია (რა გქონდა ასეთი?)

_ არის რაღაცები, რასაც სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა მიმაჩნია, რომ უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, ამიტომ ეს გადაწყვეტილებები „კარგი გაკვეთილის“ სიაში შევიტანე.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ დღეს იმდენი გამაღიზიანებელი ფაქტორია, ვცდილობ, ბევრ რაღაცაზე თვალი დავხუჭო, მაგრამ გულგრილად ვერ ვუყურებ, როცა ჩაგრავენ ბავშვებს, ცხოველებს, ანაგვიანებენ გარემოს, ერევიან სხვის საქმეში, მაღიზიანებს ადამიანების პესიმისმისტური განწყობა, უიმედობა, ასევე ის ფაქტი, როცა არ უფრთხილდებიან საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. შეკითხვები: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ხელფასი რამდენი გაქვს? როდის თხოვდები? და ა. შ.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ სიკეთისთვის.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ახალ იდეაზე ვფიქრობ.

_ მაქსიმალისტი ხარ? თუ ხარ, ან არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა, ან პირიქით?

_ თუ რამე საქმეს მოვკიდე ხელი, ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად გავაკეთო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმია (ვგულისხმობ ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას), _ არა, პირიქით, ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია მიზნამდე.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?

_ ვუსმენ ხოლმე განწყობის მიხედვით. მუშაობის დროს იშვიათად ვუსმენ, უფრო ხშირად მე ვმღერი, მუსიკალური ნიჭი დიდად არ მაქვს, მაგრამ როცა საქმეში ვარ ჩართული, ეს ნაკლებად მაღელვებს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ახალ შესაძლებლობას, გავხდე უკეთესი, ვიყო საყვარელი ადამიანების გვერდით, ვაკეთო მეტი კარგი საქმე, გამოვასწორო შეცდომები.

_ რაზე ოცნებობ?

_ რამდეიმე ძირითადი ოცნება მაქვს, _ ერთ-ერთი საკუთარი სახელოსნოა: ნათელი და თბილი, ყვავილებიანი ეზოთი და ვოცნებობ გამოფენაზე, სადაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ერთად მოიყრის თავს.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.

_ ბავშვობაში მყავდა მულლტფილმის გმირები „არიელი“, მოგვიანებით „რაპუნცელი“, რომლებიც ოცნებისთვის იბრძვიან და იმარჯვებენ. ხშირად მგონია, რომ სათავგადასავლო კომედიაში ვარ, სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს საკუთარ თავზე _ ოღონდ, ჯერ არა.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ადამიანი, რომელიც საკუთარი შრომით აღწევს წარმატებას, ისე, რომ არავის და არაფერს აყენებს ზიანს, სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და იბრძვის მიზნის მისაღწევად ჩემთვის არის სამაგალითო!

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ მთავარი პრობლემა, მაინც, საერთო ეკონომიკური მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთი ნივთების ფასები საქართველოში დაბალია, უმეტესობა მაინც უარს ამბობს მის შეძენაზე ფასის გამო.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ როცა ახალი მუზისგან ვთავისუფლდები და სასურველ შედეგს ვიღებ, მაშინ შემიძლია, მშვიდად გავისეირნო, დავიძინო, ვუყურო ფილმს, ვიმოგზაურო, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემებიც არ უნდა მქონდეს.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ პირველ რიგში, ეს არის ღმერთის საჩუქარი და შესასრულებელი მისია, რომელიც არ უნდა ვაკეთო მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. დიდი ბედნიერებაა, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს, ქმნი რაღაც ახალს, რომელიც სხვასაც გამოადგება და გაახარებს, მუშაობის დროს კი ვიხარჯები, მაგრამ როდესაც დასრულებულ ნამუშევარს ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სხვა ახალი ენერგიით ვივსები და საერთოდ არ დავღლილვარ.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ნაწილობრივ.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ ბედნიერება თავისუფლების გარეშე ვერ წარმომიდგენია.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ დიდი და რთული გზის შემდეგ მწვანე ბალახიან გაშლილ მინდორზე მივდივარ და იმ კონკრეტულ ადგილს ვხედავ, სადაც უნდა მივიდე.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ კი, თავიც და გზაც.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ კი, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ყველას აქვს რაღაც მისია: საყვარელი საქმე, ნიჭი. უბრალოდ, არ ვაქცევთ ყურადღებას და დავბოდიალობთ ქაოსში, აუცილებელი არ არის, ეს ნიჭი იყოს ხატვის, ცეკვის და ა. შ. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც საოცარი მეხსიერება აქვთ, ან იმდენად ცნობისმოყვარენი არიან, რომ დეტალურად იციან ყველა სკანდალური ახალი ამბავი. წარმოიდგინეთ, ყველა რომ თავის საყვარელ საქმეს აკეთებდეს, როგორ დალაგდებოდა ყველაფერი. მგონია, იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად კეთილები, ბედნიერები, ძლიერები და ჯანმრთელები, უნდა ვაკეთოთ საყვარელი საქმე, რადგან ადამიანი, რომელიც საყვარელ საქმეს აკეთებს, არ აქვს იმის დრო და სურვილი, სხვის საქმეში ჩაერიოს, ცუდზე იფიქროს, განსაკუთრებით, ბავშვებს ეხება. ნუ ჩამოაშორებენ საყვარელ საქმიანობას, ნიჭი ღმერთის საჩუქარია და უნდა დავაფასოთ.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ბედნიერება.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ მეტ პოზიტივს შევიტანდი ადამიანების ცხოვრებაში. არ მომწონს, რომ ამდენ უარყოფით ინფორმაციას აცხადებენ და ავრცელებენ, კარგიც ხომ ხდება?

ძალიან მინდა, ქუჩაში რომ გავივლი, უფრო მეტი ბედნიერი და მომღიმარი სახე იყოს.

_ შენთვის რა არის ცხოვრების აზრი?

_ გავაბედნიერო საყვარელი ადამიანი, მცირედი მაინც გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ კი, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შანსი ყველას აქვს, იმის მიუხედავად, თუ სად არის. სწორედ ამიტომ გავჩნდი საქართველოში, რომ აქ მივაღწიო წარმატებას და გამოვადგე ჩემს ქვეყანას.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი, ერთ-ერთი, მაგალითად, _ დავიცვათ საავტორო უფლებები, ან საკუთარი წარმატებისა და ბედნიერებისთვის ზიანი არ მივაყენოთ სხვას.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ მარიონეტი.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ პერსონალური გამოფენა.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ღმერთის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ადამიანებისთვის ხსნა?

_ ადამიანების ხსნა სიყვარულია, მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ მადლიერები იმისთვის, რაც გვაქვს.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ „ყველაფერი კარგად იქნება“, „მეტი ოპტიმიზმი“.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ გზავნილი… იმდენჯერ ვახსენე სიყვარული, ალბათ, საზოგადოება მიხვდება, რაც არის ჩემი გზავნილი. მინდა, რომ ყველა ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები, ვაკეთოთ ბევრი სიკეთე, არ დავივიწყოთ საყვარელი საქმე, ნიჭი, რომელიც ღმეთმა გვაჩუქა და ვიყოთ  მადლიერები.

 

ხელოვანს, თავისი ფერადი ოთახიდან, არ ენანება ნამუშევრების ჩუქება იმათთვის, ვინც იცის, რომ მათ გაუფრთხილდება. ბედნიერებასა და სიყვარულს ქადაგებს ყოველდღე და სიკეთისთვის დროის გადადება მუდამ შეუძლია.

ვინ იცის, კიდევ სად იპოვის საკუთარ თავს 32 წლის დიზაინერი. შესაძლოა, იგი თავისივე გადაღებულ ფილმში ვიხილოთ, ან მასზე ვიღაცამ წიგნიც კი დაწეროს, მაგრამ მანამდე დიზაინერი ნინო შაკიაშვილი ბევრი სხვა და ლამაზი ნივთის შექმნას, გულშემატკივრებისა და მისი შექმნილი ნივთებით აღფრთოვანებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას აგრძელებს.

 

 

ნინო ტაბაღუა