გოგაშვილის ულტიმატუმი: „ან გამიტან, ან ჩაგიტან…“

გომელაურმა, ერთი, 2015 წლის 3 აგვისტოს ახსენა გოგაშვილი, როცა მოადგილედ დანიშნა და მეორედ _ 2017 წლის 8 აპრილს. სუს-თან დამტკბარმა მედიამ გვამცნო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, ყაზბეგში დარიალიჰესის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს სოსო გოგაშვილის განთავისუფლებას.

მისი თქმით, სოსო გოგაშვილს ძალიან ბევრი დამსახურება აქვს: „არ ვაპირებ ჩემი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სამსახურიდან განთავისუფლებას. ის ძალიან კარგი თანამშრომელია და კარგი მოადგილეა. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა, თუნდაც, ის ტერორისტული აქტის საქმე, რომელიც რუსეთ-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო. ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ადამიანის განთავისუფლებას. სოსო გოგაშვილი დიდხანს იმუშავებს. ჩემს მოადგილეზე ცრუ ბრალდება გახმაურდა, აღარ დავკონკრეტდები, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია. თუ ვინმეს რამე ფაქტები აქვს, პროკურატურას მიმართოს, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს“.

სამი წლის მანძილზე არც ერთხელ გასჩენია სურვილი გომელაურს, საკუთარი მოადგილე იმ მხილებებისგან „დაეცვა“, რა ბრალდებებიც გოგაშვილის მისამართით არსებობდა.

ვინ არის ბოლოს, და ბოლოს, გოგაშვილი?! და რომელია ამ ორ ადამიანს შორის უფროსი _ გომელაური თუ იგი?

მიუხედავად იმისა, რომ გომელაური დღეს საჯაროდ ამბობს, გოგაშვილს არ გავათავისუფლებო, ფაქტია, ის სხვა თავისი მოადგილეების უფლებამოსილებების გაძლიერებით და გოგაშვილის უფლებამოსილებების შევიწროებით, ბოლო ერთი წელია, ცდილობს, თავიდან მოიცილოს მოადგილე, რომელიც მის კარიერაში აბეზარის სტატუსით არსებობს. გომელაურს არც ის მოსწონს, რომ სუს-ზე საუბრის დროს საზოგადოება მხოლოდ გოგაშვილის გვარით აპელირებს, მაგრამ აქამდე სხვა რა გზა ჰქონდა?

ჯერ კიდევ დეკემბერს „ქრონიკა+“ წერდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. სუსი-ს თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ გოგაშვილი შვებულებაში გავიდა, თუმცა მოარული ხმების თანახმად, ის სამსახურში არ დაბრუნდებოდა. თანამშრომლთა ნაწილი ამბობდა, რომ გოგაშვილის ადგილს გომელაურის მეორე მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დაიკავებდა. თუმცა უწყებაში აცხადებდნენ, რომ გოგაშვილი შვებულებაში არ იმყოფებოდა, რეალურად კი გოგაშვილი ოჯახთან ერთად ბაკურიანში იყო, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელი ბინა იყიდა და თავის „ფაზენდაზე“ ფიქრობდა, როგორ ეშველა საკუთარი თავისთვის…

და მაინც, რატომ გახდა იძულებული 8 აპრილს სუს-ის უფროსი, რომ საჯაროდ გაეკეთებინა ასეთი განცხადება?! განცხადების გაკეთების ერთადერთი მიზეზი, ისევ და ისევ, „ქრონიკა+“ და ელისო კილაძე იყვნენ. სამშაბათს საზოგადოებას ვამცნეთ, როგორ იხვეწებოდა გომელაური, მისთვის მოეშორებინათ გოგაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წავიდოდა თანამდებობიდან. გვქონდა თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია?! რა თქმა უნდა, სწორედ ინფორმაციის სიზუსტე, თავისივე განცხადებით, თავად გომელაურმაც დაამტკიცა. გოგაშვილმა იგი აიძულა, მედიისთვის საჯაროდ ეთქვა, რომ მის განთავისუფლებას არ აპირებდა. რა ბერკეტი უნდა ჰქონოდა გოგაშვილს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, მაგრამ სახელმწიფოსგან გოგაშვილი რომ უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე გომელაური, ეს მათსავე დეკლარაციებში ნათლად ჩანს…

როგორ?! მარტივად _ დეკლარაციის მიხედვით:

ვახტანგ გომელაურმა 2016 წლის 13 ივნისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით გვაუწყა, რომ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ფულადი სახით, მიიღო ჯამაგირი: 35374.52 ლარი.

ხოლო იოსებ გოგაშვილმა 2016 წლის 22 აპრილს დეკლარაციით გვაუწყა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის რანგში ჯამაგირის სახით აიღო: 58495.50 ლარი.

ანუ მოადგილემ ხელმძღვანელზე 23 121 ლარით მეტი ანაზღაურება მიიღო.

ასევე, ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრობის დროს მიიღო ჯამაგირის სახით, 43837.93 ლარი, მაშინ როცა მინისტრის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა _ 77777 ლარი. მინისტრის მოადგილემ მინისტრზე 34 540 ლარით მეტი ჯამაგირი მიიღო.

შესაბამისად, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, _ რა ხდება?!

პასუხი მარტივია…

გოგაშვილმა იცის, რომ „ქრონიკა+“ ტყუილს არასდროს წერს, ამდენად, როცა გაზეთის ფურცლებზე სამშაბათს დილით აღმოაჩინა, რომ გომელაური გვერდზე გადის და მას კი მარტო ტოვებს, გადაწყვიტა, გასაჯაროებული დეკლარაციები საკუთარი ხელმძღვანელისთვის მაგიდაზე დაეწყო და მარტივად ეკითხა, _ რომელი მოხელის ოფიციალურად აღებული ჯამაგირი იყო დამალული დეკლარაციის ფურცლებზე?

ამის გარდა, გოგაშვილმა ბევრი ის ისტორია გაუხსენა გომელუარს, რომელიც სუს-ის უფროსს ეგონა, არავინ იცოდა და საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული…

გოგაშვილის ულტიმატუმი ერთი იყო…

იძირება გემი? მაშინ ყველა ვიძირებით, მხოლოდ ასე იქნება ყველაფერი რიგზე…

„გვერდზე გადგომა უკვე გვიანია… ან გამიტან, ან ჩაგიტან…“

გომელაურმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და გოგაშვილის უფლებადამცველის რანგში პირველად მოგვევლინა…

როგორ გაგრძელდება გომელაური-გოგაშვილს დუეტი, ამას, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ, მაგრამ რამდენი აქვს დამალული დეკლარაციაში გომელაურს და რამდენად სწორად აქვს შევსებული დეკლარაცია სუს-ის უფროსს, უახლოეს მომავალში მაინც გავიგებთ…

ჩვენთვის ცნობილია, რომ სოსოს საინფორმაციო ონლაინ მედია უხალოეს დღეებში შტურმით აიღებს გომელაურის პერსონას. გოგაშვილმა თავისი „გაისწორა“, გომელაურს ის ათქმევინა, რაც აწყობდა, ანუ საზოგადოებას გააგებინა, რომ გომელაური გოგაშვილს არ მოხსნის.

სამაგიეროდ, გოგაშვილი შეუქმნის ყველანაირ პირობას, რომ გომელაური გადადგეს… მალე გომელაურზე დაწყებული ანტიკამპანია კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რა ელის სუს-ის შეფს!

მთავარი ახლა დასწრებაა, _ ან გომელაური დაასწრებს და დაიჭერს გოგაშვილს, ან გოგაშვილი დაასწრებს და გომელაურს აიძულებს, რომ წავიდეს…

 

  1. S. ქართული ანდაზაა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი შენი თავითაო… ასე მოუვიდა გომელაურს… გოგაშვილმა კიდევ ერთხელ აჯობა მას.

 

მაკა მოსიაშვილი