გიორგი მოლოდინი: „როცა ვიცით სიმართლე, სულ უფრო რთულია ჩვენი მოტყუება“

საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის მწარე შედეგები საზოგადოებამ არაერთხელ იხილა და იგემა. ამ ომში სახელმწიფოს როლი და რესურსი ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია. არსებული პრობლემის გააზრების საფუძველზე საქართველოში შეიქმნა მნიშვნელოვანი პროექტი _ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი, რომლის წევრობა და პროექტში ჩართვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს საინფორმაციო ომის ნეგატიურ გავლენებს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე.

„ქრონიკა+“ პროექტის ხელმძღვანელს გიორგი მოლოდინს ესაუბრა:
_ მართლაც საინტერესო პროექტია და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხის სახელმწიფოებრივად გააზრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის შექმნა. დააკონკრეტეთ და განმარტეთ, _ ვინ არის და რას აკეთებს საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ლეგიონერი საინფორმაციო ომის მოსაგებად?
_ ლეგიონერი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგე ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს მტრულ პროპაგანდას: ძირს უთხრის ჩვენი, როგორც საზოგადოების მედეგობას და ფსიქოლოგიურ მზაობას კრტიკულ მომენტში კონსოლიდაციისა და მობილიზაციისთვის; გვართმევს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, ძალასა და ნებას. ამ გზით, ის იაფად, უსისხლოდ და ეფექტიანად აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს დაშლისა და დაქუცმაცების იმპერიულ მიზნებს; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმატებით აპირისპირებს ერთმანეთთან და თესავს უიმედობის, დაუცველობის, გაურკვევლობის განცდას. ლეგიონერია ის, ვინც გაწევრიანდა ჩვენს რიგებში რეგისტრაციის გავლის გზით და ამაყობს თავისი სტატუსით.
_ რა მოეთხოვებათ ლეგიონერებს?
_ ლეგიონერების ამოცანებია: გაიარონ რეგისტრაცია infoarmy.ge-ზე, მიიღონ ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული შეტყობინებები შემდგომი გავრცელების მიზნით. შეტყობინებები შეეხება საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე პროპაგანდისტულ კონფრონტაციებს, რომლებსაც მოწინააღმდეგე აწარმოებს. ლეგიონერები ამ ინფორმაციას ავრცელებენ პირად გვერდზე ფეისბუქში, ფეისბუქის ჯგუფებში, აგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე, უყვებიან სიმართლეს მეგობრებს. ამით ისინი აძლიერებენ საკუთარ და გარემოს ცოდნას ისეთ საკითხებზე, რომელიც მოწინააღმდეგეს მონიშნული აქვს, როგორც ჩვენი სუსტი მხარე, როგორც სიცარიელე და მის „ამოვსებას“ აპირებს. მაგალითისთვის, არასდროს გეტყვით მოწინააღმდეგე, რომ ანანურში დასაფლავებული ქუთაისელი მიტროპოლიტი დოსითეოსი რუსი სამხედროების ბრძანებით არის ნაწამები და მოკლული! არასდროს გვეტყვიან, რომ ქართულ გალობას მაშინდელმა რუსულმა ელიტამ „თხის კიკინი“ უწოდა! არავინ გვეტყვის, რომ სწორედ „ერთმორწმუნეებმა“ შეათეთრეს სვეტიცხოვლის, ალავერდის, სამთავისის ქართული ფრესკები და რომ ქვეყნიდან გააძევეს მიტროპლიტი ექვთიმე გაენათელი!
_ და რა არის ამ ყოველივეს შედეგი?
_ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლეგიონერები იმარჯვებენ მოწინააღმდეგეზე. ისინი აცნობენ მოქალაქეებს მოწინააღმდეგის რეალური მიზნების შესახებ. შესაბამისად, როცა ვიცით სიმართლე, სულ უფრო რთულია ჩვენი მოტყუება. ლეგიონერებს შეუძლიათ, თავად შექმნან არგუმენტები და მესიჯები სხვადასხვა თემის გარშემო, რომელზეც მოწინააღმდეგე ტყუილს ავრცელებს ან შესაძლებელია, რომ გაავრცელოს. შეუძლიათ მოგვწერონ და ერთად ვიმუშაოთ ნებისმიერ თემაზე. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, პირიქით, ეს ყველას საქმეა. პირველ რიგში, დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე _ მოძებნეთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი და ჰაშთაგი #ძალაჩვენშია
_ ცხადია, ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი იარაღია. და მაინც, როგორ ანსაზღვრავთ, რა ძალა აქვს ინფორმაციას?
_ ინფორმაცია და ინფორმაციის გადაცემა ეს არის გარემოს მართვის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ინფორმაცია ფლობს შენებისა და ნგრევის ძალას ერთდროულად, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, გავავრცელოთ ინფორმაცია ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის. დადგენილია ინფორმაციის ძალის შესაძლებლობები. მაგალითისთვის, სამედიცინო სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ 2004 წელს რუსეთის ცენტრალური ტელეარხების მიერ ბესლანის ტერორისტული აქტის პირდაპირ ეთერში ჩვენებამ, პირველიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 2-3-ჯერ გაზარდა ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ნევროლოგიური, ქრონიკული დაავადებების გაუარესების მაჩვენებელი, რომელსაც მოჰყვა დაავადებულთა გარდაცვალება რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებისა თუ სამოქალაქო დაპირისპირებებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოვლენების შემდგომი განვითარების მიზნით. ათეულობით წლების წინათ გავრცელებული ტყუილები დღესაც ხელს გვიშლის ცივილიზებული, ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებაში. საქართველოში, ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო თვალში საცემია ერთი ქვეყნის არც თუ დიდი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების პრობლემა. თითქოს რაღაც ძალა მიზანმიმართულად ახალისებს დეზინტეგრაციულ პროცესებს. მრჩება განცდა, რომ სულ უფრო გართულდა და გაუარესდა ადამიანური ურთერთობების ჩამოყალიბება რელიგიურ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ და სხვა თემის გარშემო. მეჩვენება, რომ არ არსებობს თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის შენება. ასეთ დროს ბუნებრივად მახსენდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, სადაც რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში საზოგადოების გახლეჩისა და დეზინტეგრაციული პროცესების წახალისებაზეა საუბარი. უსაფრთხოების სამსახურის ეს ანგარიში, ფაქტობრივად, ადასტურებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის მედეგობასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ზეგავლენა მესამე ძალის მიერ მიზანმიმართულად და როგორც კვლევები ან/და ახალი რეალიები აჩვენებს, წარმატებით ხორციელდება. ამდენად, არ არის საჭირო მაღალი ტექნოლოგიები და მილიონები. უბრალოდ, დარეგისტრირდით ინფოარმყ.გე-ზე, გავაზიაროთ სიმართლე, მოვუყვეთ მეგობრებს იგი და გავუგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე.
_ რა დახმარებას ისურვებდით ლეგიონერების, ანუ მოქალაქეების მხრიდან?
_ ეს არის თემა, როდესაც ნებისმიერი დამატებითი უნარ-ჩვევები არის ფასდაუდებელი. ყველას შეუძლია ამ გზაზე დახმარება. მუდმივად გვწერენ ადამიანები და გვთავაზობენ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებას. 1968 წელს, რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლეგენდარული გენერალი კვინიტაძე ამბობს: „თუ გიყვარს შენი სამშობლო, შენ აუცილებლად იპოვი შენს საქციელს“. ჩვენ უკვე ვიპოვეთ და გვჯერა, იპოვით თქვენც.
_ რატომ არის აუცილებელი რეგისტრაცია?
_ საინფორმაციო ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულობასა და ჯეროვან კომუნიკაციას. მხოლოდ ფეისბუქის მეგობრობა არ არის საკმარისი საინფორმაციო შემოტევის დროს ადეკვატური პასუხისთვის. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან მჭიდრო და უწყვეტი კომუნიკაცია. გარდა ამისა, მონიტორინგისა და დაკვირვების შედეგები ლეგიონერებს უნდა გავაცნოთ დროის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ელექტრონული მეილის გახსნას, დაახლოებით, 35-45 წამი სჭირდება. მგონი, არც ისე ძნელია, ხომ?! მოწინააღმდეგის მხრიდან იქნება მოულოდნელი და დაუგეგმავი საინფორმაციო კონფრონტაციები ჩვენ წინააღმდეგ. ვალდებულები ვართ, ეფექტიანად ვაცნობოთ ამის შესახებ თითოეულ ლეგიონერს. რეგისტრაცია, ისევ და ისევ, ლეგონერებისთვის და ჩვენი სისტემის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, რაც უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად და რაც ყველაზე მეტად გვაკლია ახლა. ხშირად შევნატრით ქართველები ისრაელის მაგალითებს თვადაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან, მტკიცე ნებისყოფასა და მაღალი სამოქალაქო კულტურის გამოვლინებებთან დაკავშირებით ხოლმე. ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენც შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი „საქციელი“.
_ ვისთან ითანამშრომლებთ?
_ ეს არის ყველას პროექტი, ვინც ქვეყნის საგარეო, დასავლური პოლიტიკური კურსის ცვლილებაში არ მონაწილეობს, ვისაც არც მიუღია ამაში მონაწილეობა, ვისაც სურს მოქმედება და არა მხოლოდ საუბარი პრობლემებზე. ვინც აღიარებს, რომ მტრული პროპაგანდა, რომელიც მუშაობს საქართველოსა და საქართველოს ხალხების წინააღმდეგ, ანგრევს ჩვენი, ჩვენი თანატოლების, ჩვენი შვილების მომავალს; ვინც ამ პროექტს განიხილავს, როგორც წმინდად სამოქალაქო პროცესად და არ ეცდება მის გამოყენებას შიდა პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის.
_ როგორ ხედავთ პროექტის მომავალს, მის განვითარებას?
_ საზოგადოება ინფორმირებულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და მისი შეცდომაში შეყვანა ცრუ საინფორმაციო კამპანიებით მაქსიმალურად მინიმალიზებულია. პროექტი არის საქართველოზე და საქართველოს ხალხების რეალური მიზნების, სურვილების გამავრცელები სივრცე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია გაწევრებული. ჩვენი ანალიტიკური ცენტრი კიდევ უფრო გაზრდილია და დაკომპლექტებულია მოხალისეებით.
_ ქვეყნის შიგნით გასაგებია, თუმცა საინფორმაციო ომი გულისხმობს მოწინააღმდეგის დისკრედიტებას და იერიშს სხვებისთვის გასაგებ ენაზეც. ამ მხრივ რა ხდება? კომუნიკაციის ენა მხოლოდ ქართულია?
_ პროექტში ჩართული არიან საქართველოდან ემიგრიებული ახალგაზრდები, რომლებიც მასპინძელი ქვეყნების ენაზე თარგმნიან ჩვენს შეტყობინებებს და ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში ავრცელებენ. მოწინააღმდეგის პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა ვეღარ ასრულებს ამოცანას _ ვერ უშლის ხელს ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას ყველაზე მთავარი საკითხის _ დასავლური ყაიდის საქართველოს მშენებლობის თემას.

არმაზ მეტრეველი