გიორგი ვაშაძე: „გამარჯვების პლატფორმის“ მიზანი არის პირველ ადგილზე გასვლა“

გიგა გელხვიიძე

„გამარჯვების პლატფორმა“ _ ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობასა“ და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის შედგა.
მათი მთავარი ამოცანა, როგორც ეს ორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის საერთო ბრიფინგზე გაჟღერდა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხებაა. როგორც იკვეთება, გაერთიანებული ძალებით თავიანთ უპირობო გამარჯვებაში ორივე მხარე დარწმუნებულია.
როგორია ახალი პოლიტიკური ერთობის წინასაარჩევნო სამზადისი და როგორ ხედავს ის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
„ქრონიკა+“ ესაუბრება ერთობის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს:

_ ბატონო გიორგი, „გამარჯვების პლატფორმა“ _ ასეთია სლოგანი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ენმ-ს ერთობას ეწოდება. რამდენად არის გამარჯვების შანსი სხვა ოპოზიციური პარტიების თანადგომის გარეშე, ვინაიდან, კვლევების მიხედვით, თუ არ შედგა საერთო ოპოზიციური ერთობა, ჯამურად „ქართული ოცნება“ კვლავ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, როგორც უმრავლესობა. სად ხედავთ გამოსავალს იმ ფონზე, როცა ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ექნებათ მოლაპარაკებები ყველასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“?
_ კვლევებს თუ გავითვალისწინებთ და განვლილ გზასაც შევხედავთ, „გამარჯვების პლატფორმის“ ამბიცია და მიზანი არის პირველ ადგილზე გასვლა. გაერთიანება არის ხალხის დაკვეთა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მიხედონ თავიანთ კონსოლიდაციას, რაც მეტ ხმას აიღებენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ჩვენთვის ბევრად უკეთესია. ეს არის „გამარჯვების პლატფორმის“ ინტერესში, ოღონდ ჩვენ იმიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ მათაც ვუბიძგოთ, ლაპარაკს არჩიონ საქმე და კონსოლიდაცია დაიწყონ. პირდაპირ გეუბნებით: ეს არის ჩვენი მიზანი.
ჩვენ ვთქვით, რომ ერთი წელია, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ყველა პარტია მოვიარეთ, ყველს სიღრმისეულად ვიცნობთ, ძალიან ბევრი კვლევა და ანალიზი ჩავატარეთ, ამ ადამიანებსაც ვაჩვენეთ კვლევების შედეგები და ყველამ კარგად იცის, თუ რა არის სურათი, ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე პარტიებთან დისკუსია არ გვაქვს პრიორიტეტში. ჩვენი პრიორიტეტი არის „გამარჯვების პლატფორმაზე“ ბევრი დამოუკიდებელი ინდივიდისა და ფიგურის შემოყვანა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის გამარჯვების პროცესში. პირველი ფაზა იქნება ნოემბერი, მეორე _ გაზაფხული და საბოლოო კონფიგურაციას „გამარჯვების პლატფორმა“ ჩამოაყალიბებს წინასაარჩევნოდ, სადღაც აპრილ-მაისისკენ. ეს არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ჩვენთან თუ მოვლენ და დისკუსიას დაიწყებენ, პირდაპირ გეტყვით: პირადად და არც „სტრატეგია აღმაშენებელს“ ლაპარაკის პრობლემა არავისთან გვაქვს. არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური პარტია, ვგულისხმობ ადეკვატურ პოლიტიკურ ძალას და არა „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიებს, ვისაც არ დაველაპარაკებით. ჩვენ ამ მხრივ გამონაკლისი პოლიტიკური ძალა ვართ, როდესაც საერთო ენა გვაქვს გამონახული ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან საქართველოში. თუ რაღაცას მოიფიქრებენ, თავად უნდა მოვიდნენ და თავად უნდა შემოგვთავაზონ, ეს არ არის ჩვენი ამოცანა.
_ მას შემდეგ, რაც ენმ-სთან გაერთიანდით, თუ იყო შემოთავაზება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან?
_ არც ველოდებოდით და არც ყოფილა რამე მსგავსი შემოთავაზება.
_ გაქვთ თუ არა კონსულტაციები ნიკა მელიას გუნდთან და ამ საარჩევნო კამპანიის დროს სად ხედავთ მას?
_ არ მქონია კონტაქტი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმე და ჯერ ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს, ალბათ, თვითონ სად ხედავს საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავისთან საუბრის პრობლემა არ მაქვს და იმდენად დიდი ბრძოლა გვაქვს გასავლელი ამ დროისთვის, ერთია თქვა, რომ „გამარჯვების პლატფორმა“ ხარ და მეორეა, მიხვიდე ამ გამარჯვებამდე. ჩვენ ვხედავთ, როგორ გადავდგათ ნაბიჯები გამარჯვებისკენ, რაზე უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, როგორ გავაერთიანოთ და მოვახდინოთ ეროვნული ენერგიის მობილიზაცია პოზიტიური მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ყველაფერ ამას, ვფიქრობთ ამაზე და აქედან გამომდინარე, ვინ რა როლს შეასრულებს, არ ვიცი. ვფიქრობ, ყველა თავის როლს შეასრულებს და, საბოლოო ჯამში, მთელი ეს კინკლაობები და რაღაცები დალაგდება, დამშვიდდება და ერთ დიდ გამარჯვების ენერგიაში გადაიზრდება. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ და ნახავთ, რომ იქნება ძალიან მაგარი მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონებში, სოფლებში, უბნებში, აბსოლუტურად ყველგან და ნახავთ, რომ იქნება ძალიან განსხვავებული პროცესი, რომელსაც დავიწყებთ.
_ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, სრულიად გადაიბარა ცესკო. გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მიიტაცოს არჩევნები?
_ „ოცნება“ შეეცდება, რაც კი ყოფილა აქამდე საქართველოს ისტორიაში, ყველაზე საზიზღარი არჩევნები ჩაატაროს და აი, რატომ: მთავარი საკითხი _ მას გამოეცალა ფუნდამენტი, მას არ გააჩნია საყრდენი იდეოლოგიური ფუნდამენტისგან, „ოცნება“ გაშიშვლდა თავიდან ბოლომდე, რომ ის არის რუსული, ბნელი ძალა, რომელიც პუტინის ინტერესს ატარებს თავიდან ბოლომდე, ამას კი საზოგადოებაში მინიმალური მიმღებლობა აქვს. ამით არის უნიკალური საქართველო თუნდაც რეგიონში. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამდენად დიდი არის მედასავლეთეთა რაოდენობა, რომელიც ხედავს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს. საპირწონედ არიან პრორუსები, რომელთა უმეტესობაც მალავს თავის პრორუსობას და არასოდეს იტყვის, რომ პრორუსია, რადგან იცის, რომ სირცხვილია ამის თქმა ქვეყანაში, სადაც 20% ოკუპირებულია, არაერთი ომი გაგვიმართა მტერმა. მტრის მხარეს თუ ხარ, ეს ღალატია, აბა, რა არის?! აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არის უმძიმეს დღეში. კვლევების შედეგებში, პირდაპირ გეუბნებით, რომ „ოცნების“ რეიტინგზე მინიმუმ დასაკლებია 10-12%, რადგანაც ეს არის ხალხი, რომელსაც აშინებენ, რომ სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ და ა. შ. თორემ ამ ადამიანებიდან არცერთი არის „ოცნების“ მხარეს და ისინი არ შემოხაზავენ არჩევნებში 41 ნომერს, ისინი შემოხაზავენ გამარჯვებას, წინსვლას, ევროპულ გზას, ევროპულ პერსპექტივას. ამიტომ ყველაფერი წინ გვაქვს და დავალაგებთ ამ სიტუაციას.
_ პარლამენტის ბოიკოტირება და მანდატების დატოვება იყო თუ არა გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც ახლა იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრი? დაუშვა თუ არა შეცდომა საპარლამენტო ოპოზიციამ?
_ ეს საკითხი უკვე განვლილია. იყო სრულიად სხვა რეალობა და დღეს გვაქვს სხვა რეალობა. დღეს ჩვენ ღიად ვებრძვით რუსულ ძალას. სიმართლე ვთქვათ, რომ მაშინ ამოცანა იყო ცუდი ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორება, საზოგადოებაში არ იყო კონსენსუსი, რომ ეს გახლდათ რუსული ძალა. დღეს კი გვაქვს რუსეთისგან, რუსული გავლენისგან ქვეყნის განთავისუფლების, სამშობლოს დაბრუნების ამოცანა. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ არ მგონია, რომ სწორი იყოს ახლა ჩაღრმავება, რომ იქ შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა. ბევრი რამ გავიარეთ, ბევრი რამ შეთანხმებული გვაქვს, ბევრი რამ გავაანალიზეთ და დღეის ამას იქით შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ეს არის მთავარი.
_ იქნებით თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?
_ არ ვიცი, პირდაპირ გეტყვით. ამას გადაწყვეტს ხალხი. დღეს ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, არ ვმუშაობთ, ეს არ არის ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში. ჩვენი ამოცანა არის წინსვლა. მარტო პრემიერობა კი არა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ამ გამარჯვების პლატფორმიდან უნდა დაასახელოს ხალხმა, ჩვენ სხვა საკვანძო პოზიციებზეც დავასახელებთ ადამიანებს, რომლებსაც იმ კონკრეტული მომენტისთვის ექნებათ მეტი ნდობა, მხარდაჭერა ხალხის მხრიდან. ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და ვინ უნდა იყოს სხვა საკვანძო თანამდებობებზე. ამას თქვენც ნახავთ.
_ გქონდათ თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია ვანო მერაბიშვილთან ან დავით კეზერაშვილთან?
_ არ მქონია კომუნიკაცია, მე მაქვს კომუნიკაცია ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ძალიან კარგი თავმჯდომარეა და ვფიქრობ, ბევრს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასააქტიურებლად. მაქვს კომუნიკაცია ახალ მენეჯმენტთან, მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და ამ კომუნიკაციებით შემოვიფარგლები.