გიორგი გუგავა: „კონსტიტუციის პროექტი არის ივანიშვილის კორპორაციის წესდება!“

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი _ გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია ჩღღჩ საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევებით პარტიათა რეიტინგი ასე გამოიყურება: 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას; „ქართული ოცნება“ _ 23%; „ნაცმოძრაობა“ _ 9%; „ევროპული საქართველო“ _ 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 3%; ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ხმები ასე გადანაწილდებოდა: კალაძე _ 30%, ელისაშვილი _ 19%, უდუმაშვილი _ 18%, ხოშტარია _ 5%. ადგილობრივ არჩევნებამდე 4 თვით ადრე თქვენ როგორ შეაფასებთ NDI-ს კვლევის შედეგებს?

_ NDI-ს გამოკითხვები სრული ფარსია. წლების განმავლობაში ამ სამუშაოებს აწარმოებს თარხნიშვილი-ბოკერიას ჯგუფი და, ამავე დროს, ამ გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ამ შემთხვევაში მათ შეასრულეს ხელისუფლებისა და ბოკერიას ჯგუფის დაკვეთა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ, თურმე, ხელისუფლება გამარჯვებულია, თურმე, კალაძეს 30% აქვს, თურმე, „ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რომელმაც არათუ დაპირებები შეასრულა, არამედ გააუარესა სიტუაცია ყველა ასპექტით, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით ქვეყანაში რეგრესია და კატასტროფული მდგომარეობაა. არსებობს შესაბამისი კვლევები, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილები შემცირდა, ინფლაციაა და ამ ფონზე ქართველი ხალხი იმხელა სულელი არ არის, რომ მხარს უჭერდეს „ქართულ ოცნებას“ და, მით უმეტეს, ოპოზიცია თითქოს არ სუნთქავს, ამ გამოკვლევებში ეს გამოკვეთეს. კიდევ ვიმეორებ: ეს არის წმინდა სახელისუფლებო დაკვეთა, მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა იყენებენ აპრობირებულ ეშმაკურ ხერხს სოციალურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ კვლევებს მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეს, რათა პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნონ. ამიტომ ჩვენ ამ კვლევებს სრულ უნდობლობას ვუცხადებთ. მეტსაც გეტყვით: აშშ-ში ჩვენს მეგობრებს მივმართეთ, მათ შორის, იმ სპეციალურად შექმნილ კომისიას, რუსეთის ამერიკულ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რომ მუშაობს. ვინაიდან ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს, ვფიქრობთ, ეს საკითხიც მათთვის აქტუალური გახდება.

_ როგორ შეაფასებთ, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ რა ბედი ელის კონსტიტუციას და, მეორე მხრივ, პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასაგნობრივ მსჯელობაზე უარის თქმას?

_ სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილი გვაქვს. ყველაზე დიდი უბედურება, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანას დაატეხა, ეს არის გამარგინალება და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა. ჩვენ არ გვყავს საკანონმდებლო ორგანო, ფორმალურად კი არის, მაგრამ თავის ფუნქციას არ ასრულებს, ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელია და არ გამოხატავას ხალხის ინტერესებს, ის არ მუშაობს და არ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, შიდა და საგარეო პოლიტიკას ვგულისხმობ. ამავე დროს, მთავრობაში შეყრილია „ქართუ ჯგუფიდან“ თუ სხვა სტრუქტურებიდან მოყვანილი ხელის ბიჭები, რომლებიც თავისი ბიზნესით არიან დაკავებულნი და წარმოადგენენ ივანიშვილის მარიონეტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს იღებენ სახელისუფლებო სტრუქტურები. სასამართლოზე ხომ საერთოდ საუბარი შეუძლებელია, მათ პირდაპირ გადმოიბარეს სააკაშვილის ოდიოზური, ყველაზე მიუღებელი მოსამართლეები, რომელთაც უკავშირდება ცნობილი გახმაურებული საქმეები. ისინი ყოველთვის მართვადები არიან და პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერი ექვემდებარება ერთი პერსონის, მილიარდერის ნებას. ამდენად, კონსტიტუციური პროცესი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს და დაფუძნებულია კონსენსუსზე, არამედ, ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს. არადა, კონსტიტუცია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უნდა უზრუნველყოფდეს ისეთი სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დაიცავს თითოეულ მოქალაქეს, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავისუფალ განვითარებას და ა. შ. წარმოდგენილი პროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპირებენ, ეს არის ივანიშვილის კორპორაციის წესდება, სადაც, ბუნებრივია, საკონტროლო პაკეტი მას ეკუთვნის და მის ინტერესებს ემსახურება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ განუსაზღვრელი ვადით. ამიტომ არის მასში ჩამოყალიბებული არჩევნების მახინჯი სისტემა. იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ თვითონ კანონში დევს არჩევნების გაყალბების სისტემა, აქედან გამომდიარე, საკონსტიტუციო პროცესი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დიდ უფსკრულში გადაჩეხავს ჩვენს ქვეყანას.

_ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი, სინანულს გამოთქვამს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსენსუსის ნაკლებობის გამო და აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. მოგერინი ერთადერთი არ არის ევროსტრუქტურებიდან, რომელიც ასე საუბრობს. რა შეიძლება მოუტანოს ხელისუფლების ასეთმა ნაბიჯებმა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე?

_ ეს ძალიან ცუდის ნიშანია არა მხოლოდ საერთაშორისო, საშინაო ასპარეზზეც! შუა საუკუნეებში, როდესაც კონსტიტუციური მოძრაობა დაიწყო, ყველა ეპოქაში ის იყო პოლიტიკური შეთანხმების აქტი. პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი თანხმდებოდნენ. კონსტიტუცია უნდა იყოს შეთანხმების აქტი და ჩვენივე გამოცდილებითაც, 1921 წელს პირველმა რესპუბლიკამ კონსტიტუცია რომ მიიღო, სხვადასხვა ძალის ეროვნული შეთანხმების აქტი იყო. როდესაც 1995 წელს კონსტიტუცია მიიღეს, მაშინდელ პარლამენტშიც კონსენსუსი და შეთანხმება შედგა. შემდგომ საკონსტიტუციო პროცესი სააკაშვილის დროს დაიწყო, მაგრამ იქაც გამოიკვეთა ძალები, რომელთაც კონსტიტუციის დანგრევა დაიწყეს. ახლა უფრო დიდი საოცრება ხდება, _ ეს თავხედი ბიჭები, რომლებიც პარლამენტში „ოცნებას“ წარმოადგენენ ამ ქვეყნის საუბედუროდ და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან, უტიფრად აცხადებენ, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო, თითქოს, კონსტიტუცია მათი პარტიის წესდება იყოს. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამ პროცესის შესახებ განცხადებები გაკეთდა ევროსაბჭოს სტრუქტურებიდან, აშშ-ს მაღალი ტრიბუნებიდან, სტრატეგიულ პარტნიორ ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ მაინც უტიფრად იქცევიან, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს, არამედ, ეს გახდება ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების წყარო. თუ ჩვენთან დეკლარირებულია, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა ვართ და თავისუფალი არჩევნები გვაქვს, თუ შენ ამ გზას კლავ, მაშინ რჩება ქუჩის და დაპირისპირების გზა. სამწუხაროდ, სწორედ ამისკენ უბიძგებენ პროცესებს და არჩევნების ეს მახინჯი მაჟორიტარული მექანიზმი, ჩვენი არჩევნების სინამდვილეში, სიმსივნედ იქცა. მაჟორიტარი დეპუტატები ვნახეთ, რომ ყველა ხელისუფლებას მოერგნენ საკუთარი ბიზნესისთვის. თუ ეს მახინჯი სისტემა ისევ შენარჩუნდება, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯი დაინგრევა, რომელიც ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის პირობებში, არამედ, შიგნით გამოიწვევს არეულობას, დაპირისპირებასა და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მოექცევა ჩიხში.

_ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, აქტუალურად განხილვადი თემაა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს სამართლებრივ დავას უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად. როგორ შეაფასებდით მომხდარს და, თქვენი აზრით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაში, სავარაუდოდ, რა როლი შეიძლება მიუძღოდეს ქართული პოლიტიკური არენიდან, პრაქტიკუალად, გაუჩინარებულ ბიძინა ივანიშვილს, რაზედაც თავად სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები საუბრობენ?

_ კულუარებში რა პროცესები მინდინარეობდა და ვინ რაზე შეთანხმდა, ამაზე რთულია საუბარი, მაგრამ, ზოგადად, შეცდომა იყო, როდესაც ამ ქვეყნის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ეს დიდი შეცდომა და ტრაგიზმი იყო ამ პოლიტიკური პერსონის მხრიდან. რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც უკრაინა სააკაშვილს მოქალაქეობას აძლევდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მის მიმართ საქართველოში სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ მათ სჭირდებოდათ სააკაშვილი საგარეო კონტაქტების გამო, რაც მას აქვს. ახლა, როდესაც სააკაშვილმა პოროშენკოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ამ უკანასკნელმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, ამით სააკაშვილი ისარგებლებს და ეს ამბავი მას პოლიტიკურ ქულას მოუტანს, საბოლოო ჯამში კი, საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, უკრაინის მოქალაქეობას დაიბრუნებს.

_ არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ გაემიჯნა, მეორეთა მტკიცებით, ის აიძულეს, პოლიტიკას ჩამოშორებოდა. იმან, რომ ბატონი ივანიშვილი არ გამოჩენილა კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე, მართლაც გააჩინა კითხვები, მაგრამ თქვენი ვარაუდით, რეალურად, რა ხდება?

_ ამ შემთხვევაში, ეს ივანიშვილის მეთოდია! ვეჭვობ, რომ ამით მას სურს დაიმალოს, განერიდოს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პრაქტიკულად, მას მონოპოლიზებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო, მისი გამოჩენა განსაკუთრებულ აუცილებლობას არ საჭიროებს. ის უშვებს ასეთ ჭორებს, თითქოს გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ხელისუფლების ყველა შტო მის ინტერესებს ემსახურება. ეს არის მისი მეთოდი, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, პროცესებისგან გამიჯნულია და თვითონ არაფერში ერევა. ამასთანავე, მას უნდა, მოიხსნას ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რა დანაშაულიც ჩაიდინა ამ ქვეყნის წინაშე.

_ ბოლო პერიოდში აღმაშენებლის გამზირზე გახშირებულ მარშებზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ ვინაიდან ეს თემა აქტუალობას არ კარგავს, თქვენც უნდა გკითხოთ, _ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ მარშებმა? ვის ინტერესში შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესების ქუჩის სცენარით განვითარება და რა გავლენას იქონიებს იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

_ ჩემი შთაბეჭდილებით, ჩვენი საზოგადოების ნაწილის ორიენტირები არეულია. როდესაც ქვეყენაში საოკუპაციო პროცესები მიმდინარეობს და ასეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე ვითარებაა რეგიონში, თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, ეს პროცესები შეიძლება ძალიან ტრაგიკულად დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დროს აღმაშენებლის გამზირზე მარშებს აწყობდე, სრულიად აბსურდულია და კონტექსტიდან ამოვარდნილი. აღმაშენებლის გამზირი დიდგორია დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე?! ყველა ქვეყანას აწუხებს საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ, წესით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ პოლიტიკის გატარება, რომელიც პრობლემებს შეამცირებს. თუ ეს გაწუხებს, პროცესი სწორედ ხელისუფლების მიმართ უნდა წარმართო და ასეთ დროს აქციებს ატარებენ პარლამენტის, კანცელარიის წინ, ან სხვა დაწესებულებების წინ და არა აღმაშენებლის გამზირზე. როდესაც ამას ვამბობ, მედლის ორივე მხარეს ვგულისხმობ და, ჩემი აზრით, ქართულ ღირებულებებთან, ინტერესებთან არც ერთს არ აქვს კავშირი და არ გამოხატავს ამ ინტერესებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესები უცხო ქვეყნებიდან იმართებოდეს. შეიძლება აქციაზე ადამიანების ნაწილი გულწრფელად იყო გამოსული, რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად წყდება ეს პრობლემა! თუ სახელმწიფო და ქვეყანა ვართ, ამ პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას!

_ გასულ კვირას აშშ-ს კონგრესმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო; ასევე, _ რუსეთთან ეკონომიკური სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება. ამასთანავე, თბილისს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პენსიც ეწვევა. პენსის ვიზიტიდან რას ელით და, ზოგადად, როგორ შეაფასებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა?

_ პენსის ვიზიტს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მოვიქცეთ საოკუპაციო ხაზზე, როგორია რუსეთის გავლენა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაზე. არა მხოლოდ ოკუპაციის გაგებით, არამედ, იმაზე, რომ ჩართულია დიდი პროპაგანდისტული მანქანა და ა. შ. არსებობს მრავალმხრივი პრობლემები, ამას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფქირობ, ერთადერთი გამოსავალი, აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, არის სამხედრო ურთიერთობის გაღრმავება, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელია. ეს გახლავთ მთავარი პოლუსი, როგორ შეიძლება სწორედ აშშ-მ შეაჩეროს, გაანაიტრალოს და ის ჩვენთვის ფარი აღმოჩნდეს.

 

თამარ ბატიაშვილი