გინებანი სინანულისანი

სიკვდილშიც არა ჰქონიაო ბედი მეფე გიორგის, _ წერდა კონსტანტინე. აი, ჩვენ კი მილიარდერშიც არ გვქონია ბედი. აგერ, ელონ მასკმა თავისი წითელი სპორტული მანქანა მარსზე გაუშვა, ჩემმა მანქანამ მზესა და მარსს შორის ჰიპერბოლურ ორბიტაზე უნდა ირბინოსო. ბიძინა კი მიწას ვერ ასცილებია, დგას, თხრის ხეებს და მზე და მარსი კი არა, ყველაფერს შეკვეთილში მიათრევს და ჩვენც, კიდევ, მეტი ღირსეული კაცი ვერ ვიპოვეთ დედამიწაზე და მასკს პეტიციით ვეაჯებით, რომ რაინდი ვასაძე მარსზე გაუშვას.

იმ ბიჭის არ იყოს, პანორამაზე აქციებისას ერთი უხამსი, მაგრამ სხრატი ლოზუნგი რომ ისროლა, პანორამა არა ისაო, ახლაც ეს მარსი რა ისა ნახეთ, რომ იქ უშვებთ ვასაძეს, იმის მაგივრად?
ხალხი მარსზე გაიჭრა და ჩვენ სადა ვართ? აგერ, ეს მარსზე გასაშვები სტიპენდიას მარტო ბიჭებს უნიშნავს და თავის მოწაფეებს შანსს აძლევს, მამის ძმაკაცებს პასპორტთან ერთად სტიპენდიაც აჩვენონ ხოლმე. აგერ, საბავშვო ბაღში ხან უხორცო გუფთას აჭმევენ, ხან უყველო ხაჭაპურს და ახლა, კიდევ, თევზი შეუტანიათ, ვადაგასული, ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტგამოცვლილი. აგერ, მეტრო თავში გვხვდება და აგერ, კორკოტა გვიპირებს პატრულირებას. გამოვიდნენ და რიხით გვამცნეს, ჭკვიანად არ იქცევით და ჩვენ უნდა მიგაპატრულიროთო. ჩვენ რომ გვეგონა, „ქართული მარში“ ჩაცხრა და ჩაილალა, თურმე, სად ბანაობ? აგერ, ბიჭებს არ აგროვებენ, ცალკე ჩვენი და ცალკე ჩამოსულების გასაკონტროლებლად? თურმე, კორკოტას ლაშქარმა უნდა გააკონტროლოს „უცხელლი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. აგერ, ბრეგაძე გვეჯგიმება, სახალხო პატრულში გაწევრიანების სურვილი უკვე გამოთქვა 300-მა კაცმაო. თურმე, ისინი 15-15-კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ფორმებით იმოძრავებენ. თურმე, ნუ იტყვით და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში იგულისხმება ყველა ის ქმედება, რომელიც კანონს არღვევს, ტრეფიკინგი, საეჭვო ტიპის დაწესებულებები, სადაც იყიდება ნარკოტიკი, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვა, რომელიც, თურმე, ქუჩაში ხდება. ამ კორკოტამ და ბრეგაძემ ტრეფიკინგის რაღაც ახალ დოქტრინას მიაგნეს, როგორც წესი, ტრეფიკინგის უღელს არალეგალებს ადგამენ და არა პირიქით. აქ, თურმე, ჩამოთრეული არალეგალები აიძულებენ ადგილობრივ მოქალაქეებს. მაინც, როგორ? პასპორტს ართმევენ? ამათ ბოზობა და ტრეფიკინგი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ. მეტიც, თუ ქართველი ქალი ქართველს, ან, თუნდაც, რუს ტურისტს უშლის ფეხებს ფარგალივით, ეს კდემამოსილებაა, ტრადიციების ერთგულება და სტუმართმოყვარეობაა და თუკი თურქს, არაბს, ირანელს, ან ინდოელს თავისი ნებით ნებდება და სანაცვლოდ ფულს ართმევს, ეს ბოზობაა და მეტიც, _ ტრეფიკინგია. ისე, მაინც, რა სიმბოლურია, არა? აგერ, გერმანიაში უკვე ქართველების ძარცვა-გლეჯისგან შეწუხდნენ და ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, იტალიაში კი ახალ საკეტებს იგონებენ და „ანტიჯორჯინს“ არქმევენ, რომ ეგებ იმ ახალმა საკეტმა მაინც დაიცვას ისინი ქართველების ძარცვისგან და ჩვენ, აგერ, აქ დავდევთ უცხოელებს და მუშტებს ვუღერებთ, თუმცა ისე არ იფიქროთ, რომ „კორკოტა პატრულები“ მარტო უცხოელებს გამოუდგებიან, არა, აგერ, კორკოტამ თქვა, რაც არ მოგვეწონება, ვინც არ მოგვეწონება, დავიჭერთ და პატრულს გადავცემთო. აი, ახლა, რა გინდა, რომ თქვა? მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება მუნჯი მუმუსავით გაყურსულია? არა, მაინც, რა პატივი იქნება, ქუჩაში რომ მიდიხარ, თუ უცებ ქეჩოში ხელს თვით კორკოტა ჩაგავლებს? არა, მაინც, რა დაუნახავები ვართ, განა, კორკოტას გავამგზავრებთ მარსზე? მარსი კი არის დედამიწაზე პატარა, მაგრამ განა კუბოა, რომ ერთი ვასაძის მეტი ვერ ჩაეტიოს. გავუშვათ კორკოტაც და არ გაინტერესებს, როგორ ივლის და იპატრულირებს მინუს 130 გრადუს ყინვაში? თან თუ მარსზე არსებულ გრავიტაციასაც გავითვალისწინებთ, სულ ჰაერში ილივლივებს ჰაეროვნად. გაუშვით, თორემ, აგერ, დავით აღმაშენებელმა მოსვენება დაკარგა მის ხელში. დგას და დააპროწიალებს დავით აღმაშენებლის ხატს. განსვენებულ მეფეს რომ იმქვეყნიდან აქეთ გინება შეეძლოს, მინიმუმ, ერთს არ შემოუკურთხებდა მარშისტებს? მაქსიმუმ, სარზე გასმაზე რომ არაფერი ვთქვათ?
აქეთ კოკროტა და მარშისტები არ ასვენებენ დავით აღმაშენებელს და იქით, კიდევ, ქუთაისის მერი. დავითობაზე უბრძანებია, ღმერთმა აცხონოს, გაანათლოს დავით აღმაშენებელიო. კიდეც კარგი, ჭიქა არ წაუქცია, პურიც არ ჩაალბო ჭიქაში იმ წაქცევამდე და მერე ეს ჩამბალი პური არა სტყორცნა გელათს გუმბათში. ან ამ მერს არ გამოუგზავნიდა დავითი იმქვეყნიდან გინებით სავსე ხმოვან შეტყობინებას?
დავითობაზე გამახსენდა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ასი წლის წინათ, ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. შესაბამისად, წელს მისი იუბილე იზეიმეს. ზეიმის ფორმატს არ შევეხები, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანი და საგანგაშოც იყო ის ტენდენცია, რამაც იფეთქა საიუბილეო დღეებში. ვისაც კი არ ეზარებოდა, თავისი წარსულიდან ამოიღო ლაფი და სტყორცნა თეთრ ტაძარს. სტყორცნა, მაინცდამაინც, ზედ იუბილეზე. იმდენად გულისამრევი იყო ეს უნივერსიტეტის საყოველთაო ლანძღვა და თათხვა, რომ გიორგი ლობჟანიძეს ფეისბუკზე დააწერინა გულისმომკვლელი პოსტი: „ერთი რა არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ: მაინცდამაინც დაბადების დღეზე უნდა უსაყვედურო დედას, რომ გემრიელი სადილი არ გამოსდის ან მამას, _ რომ ბაღი წესიერად ვერ დაბარა? თანაც, სახალხოდ უნდა მოსჭრა თავი, მეზობლებისა და მოკეთეების თანდასწრებით? შეარგე ის ერთი დღე! ყველას აქვს იმდენი ღირსება, რომ ერთ დღეს სწორედ ამ თავისი ღირსებებით გაიხაროს…“
მე კიდევ ბევრი რამ არ მესმის, თუ ეს სათქმელი გაქვს, რას დამდგარხარ და რას დაატარებ ათეული წლები ამ სათქმელს და რას ელოდები ასი წლის იუბილეს, რომ მოაღო პირი და აფრქვიო დაობებული ღვარძლი? იდგნენ და ლანძღავდნენ უნივერსიტეტს, ზოგი იქნება მართალიც იყო, ზოგს იქნებ მართალსაც ამბობდნენ, მაგრამ იუბილეზე ლანძღვა მაინც სპორტის რა ნაირგვარობაა? და რა იყო ბრალდებები? გაყინული აუდიტორიები. წინა საუკუნეში (1994-99 წლებში) მეც ვსწავლობდი და დავამთავრე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, მეც გაყინულ აუდიტორიებში მიტარდებოდა ლექციები, მაგრამ ჰოი, საოცრებავ და იმ აუდიტორიებში პროფესორებიც იყვნენ ხოლმე, იცით? და ისინიც ჩვენთან ერთად იყინებოდნენ. კი, ბაღშიც სკამი არ იდგა და ისე ვიდექით, ან ბორდიური გვიწევდა სკამის მაგივრობას, მაგრამ ეს ყველაფერი იმ შავბნელი ეპოქის ბრალი იყო და არა უნივერსიტეტის. ისევე როგორც ის კორუფცია, რომელიც მაშინ მძვინვარებდა მიღების დროსაც და შემდეგაც. კი, მიღების დროს ქართულში 2 ქულა დამაკლეს, ინგლისურსა და ისტორიაში თითო მომაკვნიტეს. სამართალში ათიანი დამიწერეს, რადგან დაკლებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ასეც ვხვდებოდი ფასიანზე და ისეც, დაკლებით კიდევ, რაც არ უნდა დაეკლოთ, მაინც ვხვდებოდი. ეს იყო და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ გაზვიადებულია, როდესაც წერენ, რომ სწავლისას ყველა გამოცდაში ყველა ლექტორი ფულს ითხოვდა. არ იყო ეს უნივერსიტეტში. თუ სწავლობდი, გიწერდნენ და ნიშანს არავინ გაკლებდა!
ხუთი წელი იქ ვიყავი და არც ერთ ლექტორს ჩემთვის ფული არ მოუთხოვია და არც ფრიადი დაუყვედრებია. ამიხსენით, ჩემთვის რატომ არავის არაფერი მოუთხოვია ამ უნივერსიტეტში? დავიჯერო, ისეთი ღატრაკუნის შთაბეჭდილებას ვტოვებდი, ფული თუ არა, ერთი „სუმკა“ ვაშლი და „ლეღვის მურაბა“ მაინც ვერ ჩამომეტანა გორიდან? თუ სიმართლე ისაა, რომ ფულს გამოცდებში იხდიდა ის, ვინც ფულიან მამას ჩლუნგი და მუქთახორა ჰყავდა? და როდესაც იმას წერთ, რომ გამოცდებში ფულს გთხოვდნენ, აბა, თუ ხვდებით მაინც, თქვენივე პირით რასაც აღიარებთ?
ზოგი კიდევ უფრო შორს წავიდა და უნივერსიტეტს ლანძღავდა, უნივერსიტეტიდან რომ მივდიოდით, შიშით მივდიოდით, რომ ვინმეს არ დავეყაჩაღებინეთო. მე მგონი, მაშინ ისეთი შაეშინდათ, დღემდე აჟრიალებთ. კი, 1994 წელს მეც, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელს, გამხადეს ახალი პერანგი (შოტლანკა, შალის თუ მაუდის) ვარაზისხევში, მაგრამ, რატომღაც, არც რექტორისთვის, როინ მეტრეველისთვის მომითხოვია პასუხი და არც ჩვენი დეკანისთვის, გივი ინწკირველისთვის. და არც ახლა მგონია, რომ მათი ბრალი იყო ის განუკითხაობა, რაც თბილისში სუფევდა იმ წლებში.
ეს დედაარღნიან-დედაფანდურიანი, ვინც იმ განუკითხაობას ქმნიდა, იმათ გავეშებული იცავენ და უნივერსიტეტს ლანძღავენ, სტუდენტობისას შიშით დავდიოდითო. სად, რომელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის უსაფრთხოებას უნივერსიტეტის გარეთ? ასეთი რა მძიმე სიყმაწვილე და რა იღბალი ჰქონდათ, რომ ერთ სათნო და კარგ ლექტორს ვერ გადაეყარნენ ამხელა უნივერსიტეტში? რა ვიცი, მე სითბოც ბევრი მახსოვს და კარგი ლექტორიც. ჰარვარდი და კემბრიჯი რომ ვერ იყო, მაგას მაშინაც გადასარევად ვხვდებოდი და დღესაც ვხვდები და თუ ისინი, ვინც დღეს კლავიატურააქაფებულები ლანძღავდნენ უნივერსიტეტს, ვინ დააბა ჯაჭვით, წასულიყვნენ კემბრიჯში, ან აქ მეტი ძალისხმევა ეხმარათ, ემუშავათ საკუთარ თავზე და წაიღებდნენ ცოდნას. თავისი ლექტორი არ აკმაყოფილებდათ? სხვების ლექციებზეც შესულიყვნენ სხვა ფაკულტეტებზე. ნუ იტყვიან იმას, რომ არსად არავინ საინტერესო ლექციას არ კითხულობდა. მაგრამ სწავლა ძნელია, მწარეა, ლანძღვა იოლი და, როგორიც ჩანს, მათნაირებისთვის ტკბილიც. მათ ვერ ისწავლეს და იმ რძლის არ იყოს, ძროხა რომ ვერ მოწველა და ეზოს დააბრალა, ეზო მრუდეაო, დღეს თავის უცოდინარობას უნივერსიტეტს აბრალებენ, მრუდე უნივერსიტეტი იყოო, ან უარესი, თუ ცოდნა აქვთ, ამ გზით თავის როლს წევენ წინ, რომ თურმე ეს იმ კედლებში კი არ უსწავლიათ, თავად უსწავლიათ. ოხ, ეს „სამაუჩკა“ პროფესორები…
დავითი ვახსენეთ და დავითი გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმაც ახსენა თავის ინტერვიუში. თქვა, რომ მან, მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, დავით აღმაშენებლის შემდეგ პირველად შექმნა ქართული სახელმწიფო. (ზუსტი ციტატა: „მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო. მე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, მრავალი საუკუნის განმავლობაში და, ალბათ, ამ მასშტაბით, დავით აღმაშენებლის შემდეგ პირველად, შევქმენით ქართული სახელმწიფო“).
და რა მიიღო პასუხად? ალბათ, სწორედ ეს ვერ აპატიეს და სწორედ მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა, მისი განცხადებები შეაფასა, როგორც „გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“ და რაც მთავარია, გამორიცხა თანამშრომლობა მისი (სააკაშვილის) ფიგურის გარშემო, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მეფე გიორგის სიკვდილში არ ჰქონია ბედი, სააკაშვილს _ მეგობრებში. ისე, ჩვენში დარჩეს და რა საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანება ივანიშვილის წინააღმდეგ? აგერ, ბიძინას გარშემო გაერთიანდნენ ბიძინას წინააღმდეგ. „კრამერ პროტივ კრამერა“ „ხოშიანი“ კინოა და მორიგ „ხოშიან“ კინოს კი ნახავდა კაცი, თან „ხრენოკრატიისა“ არ იყოს, ბიძინა მსუყედ დააფინანსებდა ამ ახალ კინოს.

რეზო შატაკიშვილი