გიგი წერეთელი: „ევროპელი ლიდერების განწყობა არის, საქართველო მოწყდეს რუსეთის ორბიტას“

ირინა მაკარიძე

ანტიდასავლური განცხადებებითა და სიძულვილის ენით გამორჩეული ირაკლი კობახიძე შეცვლილი რიტორიკითა და პრემიერის რანგში პირველად ბრიუსელში გაემგზავრა „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების დემონსტრირებისთვის.

რამ განაპირობა „ქართული ოცნებისა“ და მათ შორის ირაკლი კობახიძის რიტორიკის ცვლილება? რამდენად ითავსებს ახალ როლს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი? ამ უკანასკნელმა ბოლო ორი თვეა, ოპოზიციის, პრეზიდენტისა და განსაკუთრებულად არასამთავრობო სექტორის წინაააღმდეგ შეტევის ესტაფეტა კობახიძისგან გადაიბარა. ამ ფონზე რამდენად ჯდება ივანიშვილის სცენარში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი? _ იგი საუბრობს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე, თუმცა გვერდს უვლის დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის მიღმა აღარაა და ის პასუხისმგებლობას იღებს მიმდინარე პოლიტიკაზე, _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი:

_ ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ეს არის პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ახლა ვართ სრულიად სხვა რეალობაში, გვაქვს პერსპექტივა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემხვევაში, დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. კარგია, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი პირისპირ ხვდება მაღალი დონის ლიდერებს, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს აქვს ადგილი ევროპულ სივრცეში, რის მიმართაც ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა გახლავთ ძალიან მაღალი. ევროპელი ლიდერების განწყობაა, საქართველო მოწყდეს რუსეთის ორბიტას და იყოს იმ სივრცეში, სადაც მისი ადგილია ისტორიულად, კულტურულად და მსოფლმხედველობრივად. ოღონდ, ამ ყველაფრის უკან არის სხვა საკითხები, რომლებიც ამ სურათს ამუქებს _ ყველამ კარგად იცის, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის გადაადგილებს ივანიშვილი პრემიერის პოსტზე. როდესაც ქვეყანას რეკომენდაციებში ოლიგარქიული მმართველობის დასრულება _ დეოლიგარქიზაცია უწერია და ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, ეს თავისთავად იქ წარგზავნილი უმაღლესი თანამდებობის პირის წონას ამცირებს. აქედან ჩასულ ჩინოვნიკებს არ უყურებენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, არამედ როგორც ივანიშვილის ფიგურებს, რომელთაც რასაც დაავალებენ, იმას ამბობენ. ხელის ჩამორთმევა, ოფიციალური სადილი, კარგი მიღება არ კმარა, საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ვერც ჩვენი ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ხედავენ ჩვენი პარტნიორები. ამიტომ ეს ვიზიტი შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, მიუხედავდ იმისა, ოპოზიციიდან აფასებ თუ არა.

_ ჯერ იყო 12 რეკომენდაცია, რომელიც ტრანსფორმირდა 9 დათქმაში, ახლა კი, ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, აქცენტი გააკეთდა 3 ძირითად მიმართულებაზე, რომელთა შორის ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ერთ-ერთ რეკომენდაციად დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა რომ არის, ეს გახლავთ გამოძახილი იმ ანტიდასავლური კამპანიისა, რომელსაც „ოცნება“ და მისი სატელიტი ძალები აწარმოებდნენ, მათ შორის, პროპუტინისტური ძალების წახალისებით, უხეში და შეურაცხმყოფელი რიტორიკით ევროპარლამენტარების მიმართ. „სახალხო პარტიას“ კრიმინალების თავშესაფარს ეძახდენ, „სოციალისტები“ საერთოდ გარიცხვას უპირებდბენ თავაინთი  რიგებიდან და თავად გაასწრეს და გავიდნენ. ეს ძალიან მძიმე ამბებია, რომლებიც ასე ადვილად დავიწყებას არ ეძლევა. როდესაც მოგიწოდებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ეს ნიშნავს, რომ გეუბნებიან, თავი უნდა დაანებო არასწორი ამბების გავრცელებას დასავლეთთან დაკავშირებით და ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის მხარდაჭერას. ასეულობით ფეისბუქგვერდი დაიხურა, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში იყო და, ამავე დროს, ანტიდასავლური პროპაგანდით იყო დაკავებული. მხოლოდ მოსმენა ამ განცხადებებისა და ზრდილობიანად თავის დაჭერა ტრიბუნასთან ან თავის დაქნევა არ წყვეტს არაფერს, თუ გადაწყვეტილების მიმღებმა არ დაინახა, რომ შენ ქმედება და ნაბიჯების გადადგმა შეგიძლია. ეს რეფორმები, რაზედაც დასავლეთი მოგვითითებს, რეალურად, ჩვენ გვჭირდება. გერმანელებს სჭირდებათ საქართველოში სასამართლო რეფორმა თუ  ფრანგებს სჭირდებათ ჩვენი დეპოლარიზაცია? ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მომავალ თაობას, იმისთვის, რომ აქ დავამკვიდროთ ის მაღალი სტანდარტი, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაშია სასამართლოს თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების, პენსიების, ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების სტანდარტებით, ადამიანის უფლებების კუთხით, ყველაფრით. ჩვენ ეს ევროპა გვინდა, ამიტომ ამ რეფორმებს ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, ისინი კი არ უნდა გვთხოვდნენ ამას. ჩვენ თუ გვინდა, პირობითად, ამ კლუბში გავწევრიანდეთ, ამ სახლში ვიცხოვროთ, მაშინ უნდა მივიღოთ ის წესები, რაც ამ სივრცეში არის და არა ისე, რომ საწინააღმდეგო ვაკეთოთ. შენ როდესაც გინდა მუდმივად შეინარჩუნო ხელისუფლება, გქონდეს ოლიგარქია, ერთი კაცის მმართველობა, გქონდეს ერთი პარტიის დომინაცია და აკეთებდე იმას, რაც გინდა, ასე არ გამოვა. მაგალითად, არ ხსნიდე, რატომ გაუშვი პრემიერ-მინისტრი? რატომ წავიდა ღარიბაშვილი პოსტიდან, რომელსაც აქებდნენ, რომ ასეთი პრემიერი ჯერ არ გვყოლიაო? საზოგადოებას ხომ უნდა აუხსნან მიზეზი? გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ კორუფციის რისკებიაო და მალევე გაუშვეს. ან რატომ ხდება ისე, რომ დამოუკიდებლობის ნაცვლად ბევრი ინსტიტუტი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება? .ვალდებულებები როდესაც გაქვს, თუნდაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის არ კმარა, რომ ელექტრონულად შევა ბიულეტენი ბევრ უბანზე. ეს არაფრის გარანტია არ არის, იმიტომ რომ ასე ელექტორონულად შესაძლებელია მანიპულირება.

ჩვენ ისეთ ეპოქაში ვართ, რომ ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის ამბავი ხდება. ძნელია ეს, მაგრამ დიდი პრივილეგიაა, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელმაც შეიძლება საქართველოს მომავალი თაობების ბედი გადაწყვიტოს. ჩვენ თუ გავაღწევთ რუსული გავლენის ჭაობიდან და გავხვდებით ევროპის ნაწილი, ეს მოიტანს უამრავ სიკეთეს, ისე როგორც მოიტანა ჩეხეთში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და იქ, სადაც დღეს გარბიან, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები, დაწყებული სტუდენტებით, დამთავრებული ბებიებითა და ბაბუებით, რომ, რაღაცნაირად, ხშირ შემთხვევაში, გამოკვებონ ოჯახები, ვალები გადაიხადონ, ბინები გამოისყიდონ და სხვა უამრავი პრობლემა გადაწყვიტონ. 

_ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თითქოს კობახიძისგან გადაიბარა აგრესიული რიტორიკა, რითაც ბოლო პერიოდში ის ნამდვილად გამოირჩევა. პარლამენტში მისი წლიური ანგარიშიც ამის დემონსტრირებას წარმოადგენდა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ პოლარიზება არ არსებობს ქვეყანაში და პრობლემა არის მხოლოდ ოპოზიციის რადიკალიზმი. რას იტყვით ამის შესახებ?

_ პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად გამოირჩევა მკვეთრი, აგრესიული განცხადებებით. ეს, ალბათ, რაღაცის ფასად ხდება. ამ ადამიანმა სწრაფად გაიკეთა კარიერა, არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა პარლამენტში და მალე გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. პრივილეგიები აქვს და, ალბათ, ამის ფასად, ყველაფერს გააკეთებს. როგორც ჩანს, როლები განაწილდა: კობახიძე უფრო შეარბილებს რიტორიკას, სანაცვლოდ პაპუაშვილი კიდევ უფრო აგრესიული გახდება. ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფასდება, როცა სავლე პავლედ გადაიქცევა. უფრო უხეშ და სალანძღავ ენას იყენებდა ოპოზიციის წინააღმდეგ და უცებ სხვანაირი გახდება. სანაცვლოდ, აგერ, პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს არ დაარტყას და მათზე საბჭოურ სტილში არ ილაპარაკოს, როგორც მავნებლებსა და რადიკალებზე. ეს, რა თქმა უნდა, ნდობას ძალიან აქვეითებს, რომ მთავრობას რეალურად სურს ოპოზიციასთან თანამშრომლობა და დეპოლარიზაცია. როგორ არ არის პოლარიზაცია ხალხში? ადამიანებმა ერთმანეთი დაკარგეს პოლიტიკის გამო. ეს აგრესიული პოლიტიკა აისახა საზოგადოებაზე და ამაში ხელისუფლების „დამსახურება“ დიდია.

_ როგორ ფიქრობთ, საარჩევნოდ შეცვლის ხელისუფლება ამ რიტორიკას? 

_ არ მაქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლება შეეცდება, შეარბილოს თავისი პოზიციები. ის, ალბათ, მაინც გაუყვება ნეგატიური კამპანიის გზას, იმიტომ რომ ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, გარდა თავის ქებისა. ამას საკუთარ ელექტორატში გააკეთებს, იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა.

_ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს საარჩევნო კანონს, რომელიც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად მიიღო მმართველმა ძალამ. ამის შესახებ რას იტყვით?

_ პრეზიდენტი რაც უფრო მეტად ყურად იღებს და აცნობიერებს საზოგადოების განწყობას, მით მეტად ხდება ეტიკეტირება, რომ ის არის ოპოზიციის ნაწილი, ამ რაღაც რადიკალური ოპოზიციის მებაირახტრე და ა. შ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ის არ უნდა დაკომპლექსდეს. საკმაოდ ბევრი რამ არის, რის გამოც ჩვენ ვაკრიტიკებდით მას, თუნდაც მისი დამოკიდებულების გამო ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ ძალასთან დაკავშირებით. ბევრი რამ გვითქვამს მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ბუნებრივია, თუ გინდა, რომ ობიექტური იყო, უნდა თქვა, რომ ეს სწორია. უნდა დაადოს ამ კანონს ვეტო, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება თავის შინაარსით იმ რეკომენდაციას, რომელიც არის მოცემული ეუთოს, ვენეციის კომისიისა და სხვა აქტორების მხრიდან. საარჩევნო კომისია მაქსიმალურად უნდა იყო დამოუკიდებელი, პროფესიულად და პოლიტიკურად დაბალანსებული. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციისთვის გამოყოფილი პოსტი საერთოდ გაქრა და პრეზიდენტის ნაცვლად გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა.

_ „ქართული ოცნების“ არგუმენტი იყო ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არ იყო სამარლებრივად გამართული და ასეთი წესით ფორმირებული საარჩევნო კომისია არცერთ ქვეყანაში არ არის. რას იტყვით, რატომ გახდა საჭირო საქართველოსთვის ასეთი რეკომენდაციის მიცემა?

_ ამ რეკომენდაციის მოცემა დასჭირდათ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ხედავდნენ, რა პროცესებიც იყო საქართველოში, განსაკუთრებით ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში როგორ იგდებდნენ ყველა ინსტიტუციას ხელში, მათ შორის, ცესკოს, ქვედა დონის საარჩევნო კომისიებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. შესაბამისად, იყო ამგვარი რეკომენდაცია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ბალანსის შექმნის მიზნით. ასეთი პასუხი, რომ ვენეციის კომისია, რომელიც არის მთავარი არბიტრი ამ მიმართულებით და ეუთო, რომელიც ასევე არის მთავარი ექსპერტი საარჩევნო პროცესებში, ისინი არასწორნი არიან და ჩვენ ვართ მართლები, ეს არის ტიპური განცხადება, რასაც, ვთქვათ, ბელარუსის ხელისუფლება გააკეთებს, ჩრდილოეთ კორეამაც შეიძლება იგივე თქვას. ხომ არ შეიძლება, ეს იყოს ჩვენი ხელისუფლების სტანდარტი, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს გამწევი ძალა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით? ასეთი ფაქტები ძალიან აზარალებს პროცესს და ქვეყანა ნდობას კარგავს საერთაშორისო პარტნიორების თვალში. უნდა გვესმოდეს ერთი რამ _ ასეთი საყოველთაო აღტყინება გაფართოების პოლიტიკას არ აქვს, არც საქართველოს და არც ზოგიერთი სხვა ქვეყნის, თუნდაც უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. მათ მიღებას ევროპაში სიხარულით არ ხვდებიან. ამას აკეთებენ ახლა უფრო ცივი გონებით და პრაგმატულად, რადგან ხედავენ რუსეთის საფრთხეს.

_ იყო მოსაზრება, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო გაათავხედებდა. თქვენც იყავით სკეპტიკოსთა შორის. ახლა რას ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ გამოიყენებს სტატუსის თემას საარჩევნო მიზნებისთვის, თუ სტატუსმა იმუშავა და აიძულა ხელისუფლება, ხალხის ნებას დაჰყოლოდა და გარკვეული ნაბიჯები მაინც გადაედგა ევროინტეგრაციის მიმართულებით?

_ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სკეპტიკოსებად მთავრობის ქმედებების მიმართ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით მომხრედ საქართველოს ევროინტეგრაციის, მაგრამ ვხედავდით რა ხელისუფლების მოქმედებას, ამ პროცესის საპირისპიროს, ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვქონდა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები. ხელისუფლება რომ გამოიყენებს საარჩევნოდ სტატუსის თემას, ეს ფაქტია. ეს ყველას ესმოდა, მაგრამ აქ უფრო მაღალმა ინტერესმა გადაწონა. პრიზმაში, რომელშიც დასავლეთი უყურებს, არ არის ერთი ხელისუფლების ამბავი, ეს არის გეოპოლიტიკის საკითხი, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც თავისთავად, შეიძლება არც არაფერს ნიშნავდეს, თუ არ გადადგამ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვეულებრივად გაჩერდება ეს ამბავი, თუ შესაბამისად არ შესრულდება გეგმა. პრაქტიკულად, ეს რეკომენდაციები არის საგზაო რუკა, როგორ უნდა მიხვიდე საბოლოო წერტილამდე. თუ ამ გზაზე არ იმოძრავე, ვერ მიხვალ.

_ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მაინც მოუწია ხალხის მოთხოვნისთვის ანგარიშის გაწევა და დღის წესრიგის შეცვლა?

_ ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ამ მიღების მოტივატორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და საფრთხეების აცილება ივანიშვილისთვის, მათ შორის, შესაძლო სანქციების და ა. შ. ეს სტატუსი ქვეყანას ამგვარი გადაწყვეტილებებისგან უფრო იცავს. ცხადია, სტატუსის ფაქტორი საარჩევნოდ იქნება გამოყენებული, პროპაგანდა უკვე მიდის, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაბალანსებთ, რუსეთიდან ომი ავიცილეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებების გარეშე ისევ სტატუს კვო იქნება, ისევ გაგრძელდება ამგვარი ტიპის მმართველობა და ეს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს სიკეთეს ვერ მოუტანს.

_ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისევ ისაუბრა კოალიციური მთავრობის შესახებ და მან ბევრი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც საზოგადოებამ ჩათვალა, რომ იყო სწორი და მისაღები. თუმცა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკის მიღმა და ამ დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას. რას იტყვით მის ამ განცხადებებსა და მის როლზე ქართულ პოლიტიკაში? ჯდება თუ არა ეს ივანიშვილის გეგმებში?

_ არ ვიცი, ივანიშვილის გეგმების გამოცნობა ადვილი არ არის. მგონი, მისი გუნდის წევრებმა და მასთან დაახლოებულებმაც არაფერი იციან, რას აპირებს და როგორ აპირებს. რაც შეხება ზურაბიშვილის ივანიშვილისადმი დამოკიდებულებას, ეს გასდევს მის პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ ის ძალიან მორიდებულია ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით დავალებულობის გამო. მიუნხენის კონფერენციაზეც შეეძლო მას მეტი ეთქვა, მაგრამ თქვა ის, რაც თქვა. მან თქვა, რომ მას პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ეს მთლად ადეკვატური პასუხი არ იყო. ის აღარ არის ოლიგარქი, რადგან ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე? ეს ხომ ასე არ არის? რაც შეეხება მის განცხადებებს, კოალიციური მთავრობის ხედვა არის სწორი. სხვა ვარიანტიც არ არის. მეორე ვარიანტი არის ისევ „ქართული ოცნება“ და ერთპარტიული მმართველობა. ერთპარტიული მმართველობის ალტერნატივა არის დემოკრატიული მმართველობა, რომელიც შეიძლება, რაღაც ტიპის ექსპერიმენტიც იყოს, რომელსაც თავისი სირთულეები ექნება, მაგრამ იქნება იმაზე უკეთესი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ან ოდესმე გვქონია, მათ შორის, იმ მთავრობაშიც, რომელშიც მე ვიყავი. ისიც იყო ერთპარტიული, საკმაოდ ძლიერი მთავრობა, რამაც მოიტანა თავისი ძალიან დადებითი, ასევე ძალიან უარყოფითი შედეგები. „ქართულ ოცნებაზე“ ასე ვერ ვიტყვი, რომ დადებითი შედეგები მოიტანა, აქ ბალანსი უფრო სხვა არის. იმასაც იკვეხნის „ქართული ოცნება“, რომ ვიზალიბერალიზაცია მოიტანეს, რაც უკვე მომზადებული დახვდათ, ხოლო ახლა მარტის მოვლენებისა და საქართველოს მოსახლეობის ბრძოლის ხარჯზე სტატუსი მივიღეთ. რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და უკრაინის გმირული ბრძოლა, წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთ მოკლე პერიოდში ამაზე ლაპარაკი მოლდოვისთვისაც და საქართველოსთვისაც. მესმის, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ გამოიყენებს ბევრ რამეს: ფულს, ინსტრუმენტებს, ადმინისტრაციულ რესურსს, პროპაგანდის მანქანას და ყველანაირ გზავნილს, მაგრამ ხალხს უნდა ესმოდეს, თუ იქნება მეტი ადამიანი არჩევნებზე და მეტი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ხმა მისცეს ცვლილებებს და სხვადასხვა პარტიას, იმისთვის რომ დაბალანსებული კოლიციური მთავრობა იყოს, ასეთ შემთხვევაში ვერანაირი ინსტრუმენტი ხალხის სურვილს ვერ გადაწონის.