გია ხუხაშვილი: „მინდა, ვკითხო „ქართულ ოცნებას“, _ თქვენია ტრამპი, ნუთუ?“

თამარ სანაძე

საქართველოში ვითარება ყოველდღე მძიმდება. „ოცნება“ ძალადობრივი მეთოდებით განაგრძობს აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

პრემიერი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდად მივა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, შემდეგ კი ყველაფერი მათ სასიკეთოდ წარიმართება.

„ოცნების“ მაღალჩინოსნების ამ პროპაგანდის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში შეხვდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა:

„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს“, _ განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სალომე ზურაბიშვილის პარიზში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

_ აქციების დაწყების დღიდან ჩვენ სასტიკი ანგარიშსწორებების რეალობაში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებია, „ქართული ოცნების“ დავალებით ნიღბიანი, იარაღიანი „ტიტუშკები“ უსწორდებიან ადამიანებს, ვიხილეთ ჟურნალისტებზე თავდასხმა. რა მდგომარეობაშია ახლა ქვეყანა და „ქართული ოცნება“?

_ სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ კონსტიტუციური სივრციდან გავიდა, არამედ შეერწყა კრიმინალს. დღეს ვერ გაარკვევ,  ვინ ძველი ბიჭია და _ ვინ ხელისუფალი. დათარეშობენ კრიმინალები და ძველი ბიჭები ხელისუფლების მხრიდან სრული ლეგიტიმაციის ფონზე. ხელისუფლებისა და კრიმინალის სინქრონიზაცია მოხდა ერთადერთი მიზნით, რომ ორივემ შეინარჩუნოს ძალაუფლება და სიკეთეები, ფაქტობრივად, ახალი თაობის განადგურების ხარჯზე. ამ ტრაგიკულ პროცესს ვაკვირდებით ქვეყანაში. დღეს არ არსებობს ხელისუფლება.

რომ ვისაუბროთ გუშინდელ ფაქტზე, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმაზე, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულნი არიან მოძალადეები, მაგრამ ვინ დასჯის მათ? საკუთარ თავს ხომ არავინ დაიჭერს. ეს ნიშნავს სისტემის დაშლას, სისტემა ხომ ძალადობაზე დგას. მოძალადეები რომ დასაჯონ და დაიჭირონ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს კრიმინალური კონსტრუქცია თავზე უნდა დაემხოთ. ბუნებრივია, ისინი თავისიანს არავითარ შემთხვევაში არ დასჯიან, რადგან სხვებს გაუჩნდებათ კითხვები და ისინი უარს იტყვიან ძალადობაზე და მერე სად წავიდნენ? გარდა ძალადობისა მათ არანაირი საყრდენი არ აქვთ არსად. მოსისინე გაყიდული მედიისა და სახელმწიფოს სხეულზე წურბელასავით მომჯდარი „ტენდერშიკების“ გარდა აღარავინ დარჩათ. თავისი მომხრეებიც კი გასაგებია, რა განწყობაზე არიან. ძალადობაა მათი ინსტრუმენტი კრიმინალთან ერთად. ჰყავთ ზომბირებული ე. წ. სამართალდამცველი სისტემა. მართლმსაჯულებაც თავს იცავს, რადგან გაყიდულ მოსამართლეებს ძალიან კარგად ესმით, წაგების შემთხვევაში რა ელოდებათ და ისინი ახლა თავდაცვის რეჟიმში არიან, ნებისმიერ განუკითხაობას სჩადიან, რადგან ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა, სხვა საშუალებას ისინი ვერ ხედავენ. ამიტომ არის განუკითხაობის, უსამართლობის, სადიზმის ზეიმი ქვეყანაში მათი მხრიდან.

_ თავდასხმის შემდეგ მალევე „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა მესიჯბოქსი, რომ ეს არის პროვოკაცია. მათი მხარდამჭერებიც სოციალურ ქსელში იმეორებდნენ ამ რიტორიკას, უამრავი ფოტო და ვიდეომასალაა გავრცელებული, საიდანაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დასკვნის გამოტანა, რასთან გვაქვს საქმე?

_ ივანიშვილმა კასკა შექმნა მისი მხარდამჭერების თავზე და რომ მოისაქმოს ოლიგარქმა, ესენი ადგებიან და იტყვიან, გვციოდა და ამით გაგვათბო ბიძინამო. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს კადრები, ახლობლებმა ამოიცნეს ისინი. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ჯგუბი, დავინახეთ მათი ხელმძღვანელი, რომელმაც გასცა ბრძანება, ამათ მიხედეთო და შემდეგ შეესია ჯგუფი ჟურნალისტებს. ასე  რაღაც ჯგუფები და ვიღაც მოძალადეები კი არ იქცევიან, ეს არის კარგად ორგანიზებული რაზმი.

დიდი ბოდიში, მაგრამ ხელისუფლების გარდა ამგვარი რაზმები არავის ჰყავს ქვეყანაში. დიდი მადლობა, მაგრამ პროვოკაციაა და რაღაცების ძახება არის კიდევ ერთი სიბინძურე, უტიფრობა. ვისაც უნდა, ეს სისულელე იმან ჭამოს, ისინი ჭამენ ამას, ეს ხალხიც დაკარგულია. ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერი სიტყვა ხელისუფლებისა კრიტიკის გარეშე მიიღონ. ეს არის ხალხი, რომელიც დღეს რომ მთელი მიტინგი დახვრიტონ, ათი ათასობით კაცი, იტყვიან, პროვოკაციააო. ეს არის უბედური, საცოდავი ხალხი, მათ მომავალი არ აქვთ, რა მორალსა და თვისებაზეა საუბარი. თავისივე შვილები შეაფურთხებენ მალე სახეში.

_ არსებობს რაიმე ფაქტორი, რაც „ქართულ ოცნებას“ უკან დაახევინებს?

_ არა, არანაირი ფაქტორი, ვარაუდიც კი არ შეიძლება ამის. დაწვეს ხიდები, როგორ დაიხევენ უკან? ხელისუფლებამ უკან დახევის მანევრი მოიჭრა., ისინი აღიარებენ ერთადერთ რამეს _ მხოლოდ ძალას. მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ კუნთები კრიმინალთან ერთად და ამ კუნთებით შეუძლიათ, რომ დააჩოქონ ქართული საზოგადოება. აი, ესაა, მეტი მათ არაფერი აქვთ და ამ ძალაზე უფრო დიდი ძალა იმოქმედებს, იმიტომ რომ მშიშრებიც არიან ყველაფერთან ერთად, ვირთხები არიან. მხოლოდ უფრო მეტი ძალით შეიძლება მათი დამარცხება. ისინი სხვას არაფერს აღიარებენ. მოლაპარაკება, შეგონება, _ არანაირ ამგვარ ქმედებას აზრი არ აქვს მათთან. ესაა ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან. მშვიდობაზე გველაპარაკებიან, რომ ისინი იცავენ მშვიდობას. მშვიდობას რის ხარჯზე იცავს, ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთო ნაწილის განადგურების ხარჯზე?! ეს არის მშვიდობა?! მშვიდობის გეშინოდეთო, ამაზეა ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი მშვიდობა მოიტანა, რომლისაც ყველას უნდა გვეშინოდეს. თვითონ გახდა კავკასიური ცარცის წრის გმირი, ნეგატიური და ყველაზე ბოროტი გმირი. რობიკო სტურუა, ადამიანი, რომელმაც ეს სპექტაკლი დადგა, დღეს თურმე თეატრის დეპოლიტიზებაზე გვესაუბრება.

_ ამგვარი და ამ მასშტაბის ძალადობის მხილველი საპატრიარქო დუმს, არც ერთი სიტყვით არ დაუგმია მას ხელისუფლის ქმედება. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხზე?

_ ესაა ყველაზე მძიმე თემა. საერთოდ მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ ყველა კონფესიამ დაგმო ჩვენ შვილებზე ძალადობა. ყველამ! გუშინ ვნახეთ, ბანერი რომ მოჰქონდათ. შობის წინ დედაეკლესიის გარდა ყველა კონფესიამ დაგმო სასტიკი ძალადობა, მძიმე მარხვის პერიოდში. შვილებზე ძალადობა კი არ დაუგმია ქრთულ ეკლესიას, რა უნდა ვთქვა ამაზე?! ამის შეფასება შეუძლებელია, ესაა ქართული ეკლსიის დიდი პრობლემა. კრიმინალი გახდა, „ნასედკების“ ბუდე. ავტორიტეტებს ვეკითხები, დღევანდელი კრიმინალური სამყარო, ავტორიტეტები რომ არიან, ისინი ასეთი „ნასედკები“ გახდნენ, „იკაჩაონ“, აბა, ვის „ეკაჩავებიან“. „ნასედკებით“ გაივსო ყველაფერი.

_ სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა პრეზიდენტ მაკრონსა და არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, იტალიის პრემიერს. მან განაცხადა, რომ დაწვრილებით განიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ეს ფაქტორი რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის? ასევე „ქართული ოცნების“ რიტორიკისთვის?

_ ესაა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, არა იმდენად პოლიტიკის თვალსაზრისით, რადგან აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია და გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამერიკული გრძელვადიანი პოლიტიკისთვის არის მიუღებელი. მაგრამ გამომდინარე ხელისუფლების მიერ ყალბი იმედების შექმნისა, რომ ტრამპი ჩვენია და იმედებს იჩენდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სისულელეა. მე მინდა, მათ ვკითხო, _ თქვენია ტრამპი, ნუთუ? სურათები ნახონ პარიზიდან, სადაც მას შეხვდა სალომე ზურაბიშვილი. ამით აბოლებენ ხალხს, ტრამპი ბაიდენზე ბევრად უარესი იქნებო, რატომ? იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ რბილად ცდილობს, რომ რუდუნებით ელაპარაკება ამ ხელისუფლებას, ტრამპი პირდაპირ მოქმედებაზე გადავა და სანატრელი გაუხდებათ ბაიდენი. ეს არის რეალობა. სახელისუფლო პროპაგანდა ამ იმედებს ქმნიდა, თავის მრევლს კვებავდა ამ ყალბი იმედით და პროპაგანდით. იმედებს უქმნიდა, რომ სისტემა იცვლება და ჩვენთან ყველაფერი დალაგდებაო, მაგრამ გუშინ გამოჩნდა, რომ ეს გზაც მოჭრილია. რისი იმედი დარჩათ? სად მიდიან? რა ხდება? რას აპირებენ? მოუსავლეთში მიდიან, არსად არ მიდიან. ხვალ მეტი ხალხი გამოვა, ზეგ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით. ნაძვის ხე დადგეს, ძალიან მაინტერესებს, რა ენაძვისხებათ? საკუთარ ხალხზე გამარჯვების ქალაქი აქვთ.

_ სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო, ასადის დამხობა არის რუსეთის მარცხი, ამ მოვლენამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე?

_ ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს სამყაროს დიდი გადანაწილების პროცესი, ამას ვაკვირდებით ყველგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარედან რამეს უნდა ველოდოთ, ძირითადი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, საზოგადოების გასაკეთებელია. გარესამყაროსა და ამ მოლენებს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს ამას და სირია ერთ-ერთი ელემენტია ამ გლობალური ომის. უპირატესობა სადაც არის, ძალიან კარგად ჩანს. ჩვენ ხელისუფალს მიაჩნია, რომ რუსეთია უძლეველი და მის ორბიტაზე ყოფნა რაღაცას მისცემს, მინდა ვუთხრა მათ, რომ არაფერს მისცემს. მასაც არაფერს მისცემს, ქვეყანას კიდევ დაამხობს და დაანგრევს. ხელისუფლის მდგომარეობა ტრაგულია, მისი ცხოვრება ახლა არის შიშები. ეშინია დასავლეთის, ეშინია ბავშვების და უსწორდება მათ, ეშინია საზოგადოების, ეშინია პარტიების, ყველაზე მეტად კი პუტინის ეშინია. ამათი ხელით ცდილობს რუსეთი, ჩვენი ქვეყანა დაიმორჩილოს, ბიძინა ინსტრუმენტია, ის აღარაფერს განსაზღვრავს. რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს, რომ დაამკვიდროს თავისი კონტროლი საქართველოზე. ბიძინას აღარავინ აღარაფერს ეკითხება, მას ეშინია, თუ პუტინის დავალება კარგად ვერ შეასრულა და ის უსარგებლო აღმოჩნდა, ყოფას უტირებს. თავს იცავს ახლა ოლიგარქი, ამ მდგომარეობაშია. ის არის ორ უბედურებას შორის და როგორც ჩანს, აქედან პუტინის უფრო მეტად ეშინია და მიჰყვება ფინია ძაღლივით.