გია ხუხაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი თავისი თავის უბედურია“

თამარ სანაძე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, სამწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კონსოლიდაციისთვის, ქვეყნის გაძლიერებისთვის დაბრუნდა.

ექსპერტთა შეფასებით, თვალში საცემი იყო ის ფაქტი, რომ პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გააკრიტიკა და თქვა, რომ გახარიამ გუნდს უღალატა.

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავად გიორგი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის განცხადებები და კრიტიკა გიორგი გახარიას მისამართით იმან გამოიწვია, რომ სწორედ გახარიას პარტიაა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი კონკურენტი და მეტოქე.

„ბოლო 3 წელიწადს რომ გადავხედოთ, ივანიშვილი ორჯერ თუ სამჯერ გამოჩნდა და ვისზეც ილაპარაკა, იყო გიორგი გახარია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი და მეტოქე არის გახარია და მისი გუნდი და სხვა არავინ“, _ განაცხადა პარტია საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად გამოჩენაზე, ოპოზიციის შესაძლებლობებსა და ბოლო დროის აქტუალურ თემებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა:

_ ბატონო გია, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არის თავისივე გუნდი, „ქართული ოცნება“. ამ მოვლენის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ, თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის „მესამედ მოსვლა“?

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან პოლიტიკიდან იგი არსად წასულა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მის დაბრუნებაზე, არამედ პოლიტიკაში მისი ფუნქციის ლეგალიზაციაზე.

ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული შიშები და შფოთვები, ძირითადად, საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებთ. მას აქვს მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება და შესაძლოა, უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების.

ის აკეთებს პროგნოზს, რომ მისი პირადი მდგომარეობა, არა ქვეყნისა და პოლიტიკური, არამედ საკუთარი, პირადი მდგომარეობა სამომავლოდ კიდევ უფრო გართულდება და შესაბამისად გადაწყვიტა, რომ ორი პრობლემა გადაჭრას.

პირველი პრობლემა გახლავთ ის, რომ გაართულოს მოსალოდნელი პრობლემები სანქციებთან დაკავშირებით და ის თავად ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ტარდება. მეორეა ის, რომ მისი მართვის ერთადერთი მეთოდი არის ზუსტად აბსოლუტური ძალაუფლების ფლობა. მისთვის ხომ რეალურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ შემსრულებლები არიან და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბავშვებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ფული იშოვეს და უკვე საკუთარი ამბიციებიც გაუჩნდათ, როგორც ჩანს, სატელეფონო მართვა გახდა შეუძლებელი, შესაბამისად, გადაწყვიტა ხელით მართვას დაუბრუნდეს, რათა აღადგინოს ძალაუფლებაზე სრული კონტროლი. მე ასე მეჩვენება, რომ ეს ორი ძირითადი და მთავარი ფაქტორი გახდა ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

_ 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ პროცესს დააჩქარებს თუ პირიქით, ხელს შეუშლის?

_ აქ რა ხდება იცით? ბიძინა ივანიშვილი იმოქმედებს მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება ეს გლობალური ომი, რაც დღეს მიმდინარეობს. ივანიშვილი, ჯერჯერობით, პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. მას ეშინია, რადგან შეიძლება პრობლემები ჰქონდეს და ამიტომ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს, არაფერს შეცვლის, თუმცა ის შეხედავს დინამიკაში პროცესს, _ როგორც და საითაც განვითარდება ეს ისტორიული გლობალური ომი, ისე მოიქცევა და თუ საჭირო გახდა, შეცვლის პოლიტიკას.

სიმართლე გითხრათ, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკის მატარებელია, ის არ არის პრორუსი, უბრალოდ, ეშინია რუსეთის. თუ ვლადიმირ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ აღარ შეეშინდა მისი, ამ შემთხვევაში ის შეცვლის პოლიტიკას, თუ არადა, ამ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალ პოლიტიკას გააგრძელებს _ როდესაც ერთი მხრივ რიტორიკულად ვამბობთ, რომ თითქოს გვინდა ევროპაში, მაგრამ რუსეთის მიმართ რეალურ პოლიტიკას ვატარებთ დანაშაულებრივად ლოიალურს.

_ ბიძინა ივანიშვილზე მმართველი პარტიის ლიდერები ამ დრომდე აკეთებენ კომენტარებს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის კონსოლიდაციისთვის დაბრუნდა, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, _ ოპოზიციაში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური დაჯგუფებები არიანო, ხოლო ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და ეკლესიას ვერავინ დაამარცხებსო. როგორია თქვენი შეფასება ამ თვალსაზრისით?

_ პირდაპირ ვიტყვი: ეს ახალგაზრდები (პაუაშვილი, კიბახიძე და სხვ.), ეს ადამიანები, არიან პარაზიტები, ანუ, ერთი მხრივ, ეკედლებიან ბიძინა ივანიშვილს, მეორე მხრივ კი _ ეკლესიას. მათ თავისი არაფერი გააჩნიათ, ეფარებიან ივანიშვილს, ეკლესიას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისვე გაგებით, ამ ორი ავტორიტეტის ხარჯზე უნდათ შედეგის მიღება. რეალურად კი ისინი არც ეკლესიას სცემენ პატივს და ივანიშვილიც ძალიან ეჯავრებათ, ეშინიათ მისი. თქვენ რა გგონიათ, რომ ისინი ივანიშვილის ერთგულები არიან? რა თქმა უნდა, არ არის ასე, ისინი არიან პატარა ადამიანები, სხვის ზურგს ამოფარებულები და ცდილობენ, რაღაცნაირად აიწყონ საქმე და საკუთარი ცხოვრება. ახლაც ნამდვილად არ გაუხარდათ, პირიქით, ყველაზე მეტად მათ ეწყინათ ბიძინა ივანიშვილის ლეგალიზაცია პოლიტიკაში, იმიტომ რომ ხვდებიან, რაღაც ცვლილებები იქნება, მათ ეს არ უნდათ. დალაგებული ჰქონდათ ყველაფერი, როცა ივანიშვილი შორიდან მართავდა.

როდესაც ყველაფერი ხელით მართვაზე გადავა, ვიღაც-ვიღაცებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ასეა, ლოცვა რომ გააძლიერეს ამ ადამიანებმა, რიგში ჩადგნენ და კარგების თქმა და ქება-დიდება დაიწყეს ივანიშვილისა, ეს არაფერს ნიშნავს. კარგს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ემანდ, ვინმე ბიძინა ვანიშვილს თვალში ცუდად არ გაეჩხიროს და მათზე არ იყაროს ჯავრი. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ფარისევლობა. მან ფარისევლების დიდი კასკადი ჩამოაყალიბა. ეს კასკადი თავად ივანიშვილმა შექმნა. ბიძინა ივანიშვილი თავისი თავის უბედურია. მისი ტრაგედიაა, რომ ისეთი ხალხი შემოიკრიბა ირგვლივ, რომელიც, სამწუხაროდ, მის ძალიან დიდ პრობლემებად წარმოიქმნებიან, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება.

_ საინტერესო იქნება, ოპოზიციასაც შევეხოთ, საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ივანიშვილის დაბრუნებას _ აქვს რეალურად ოპოზიციის შეშფოთებას საბაბი?

_ არა, არანაირი საბაბი შეშფოთებისა არ აქვს ოპოზიციას, პირიქით. რა შეიცვალა? არ იცოდნენ, რომ ბიძინა მართავდა? ან იმის ილუზია ჰქონდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა წასული იყო ოპოზიციიდან? რა შეიცვალა მათთვის? პირიქით, ოპოზიციისთვის უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. რატომ? _ იმიტომ, რომ ოპოზიციას ახლა მიეცა შანსი, ფოკუსი გაასწოროს. გარკვეულწილად, რეალურად ვინც მართავს, ის იღებს პასუხისმგებლობას. თუ ოპოზიციას რეალური ოპონირება შეუძლია ბიძინა ივანიშვილთან, პირდაპირ მას უნდა ებრძოლოს პოლიტიკურად. რა შეიცვალა ოპოზიციისთვის უარესობისკენ? პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგადაა, ოპოზიციისთვის სასიკეთო მოვლენები მიმდინარეობს, თუ მათ რამის თავი აქვთ, თუ არაფრის თავი არ აქვთ და არაფერს აპირებენ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.

_ გამოიყენებს ოპოზიცია ამ მოცემულობას?

_ ჯერჯერობით, ვერ ვატყობ მათ ამას. ოპტიმისტი ვერ ვიქნები, სიმპტომი ამის არ ჩანს, რომ ოპოზიცია სწორ ნაბიჯებს დგამს. დღესასწაულებსაც აღნიშნავენ, რა დროს პოლიტიკაა? იმდენი ღვინო იყო დასალევი და შემწვარი გოჭი შესაჭმელი. ჩაივლის ბოლომდე ეს დღესასწაულები და მერე, იქნებ, რაღაც ქნან, რაღაც მოიმოქმედონ.

_ ოპოზიციაზე ივანიშვილის მსჯელობა ბევრმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა. ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკით, ამ უკანასკნელის პარტიას არასახელისუფლებო ამომრჩეველში რეიტინგი გაეზარდა. გარდა ამისა, თვალში საცემი იყო სალომე ზურაბიშვილისადმი მისი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური დამოკიდებულების დემონსტრირებაც. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხზე?

_ ბიძინა ივანიშვილისთვის მტკივნეულია, როდესაც პირადად მას აკრიტიკებენ, პირადად მას ეხებიან. მას საერთოდ არ აინტერესებს, არანაირად არ ნერვიულობს, როდესაც „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებს ვინმე ლანძღავს ან აკრიტიკებს. პირიქით ის ასეთ დროს სარგებელსაც ხედავს, რადგან როდესაც ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ლანძღავენ, ისევ ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ იბუდებენ და ბიძინას ეს აწყობს. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია პირადად მასთან აყენებს პრეტენზიას და პირადად ივანიშვილს აკრიტიკებს და თან საკმაოდ მკაცრად, ეს ბიძინას ანერვიულებს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საკითხს, პრეზიდენტი არ აკრიტიკებს ივანიშვილს. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილი ხშირად პრინციპულ პოზიციებს იცავს, მაგრამ პირადად ბიძინა ივანიშვილს ერთი ორჯერ თუ შეხებია. ის ცდილობს, რომ პირადად ბიძინაზე არაფერი თქვას. შესაბამისად, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტად ეჯავრება გიორგი გახარია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არც სალომეს აფასებს და ისიც არ უყვარს.

ის პიროვნულადაა ნაწყენი და გაბრაზებული. ის ყოველთვის თავისი პიროვნებიდან ამოდის, სხვა არაფერი აინტერესებს და სხვა მოტივაციები არ გააჩნია.

_ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილზე ყურადღების გამახვილების გამო ხომ არ ჩნდება განცდა, რომ სწორედ ეს ადამიანები ესახება ივანიშვილს სასურველ ოპოზიციად?

_ ჯერჯერობით ასე შორს არ წავიდოდი. პროცესი არის საკმაოდ გრძელი. შორსმიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებდი და ამას პოლიტიკას არ მივაწერ. მისი განცხადება იყო მხოლოდ და მხოლოდ დაგროვილი ბოღმა და პრეტენზიები და არა მწყობრი პოლიტიკის დასაწყისი. უბრალოდ, თავისი დამოკიდებულებები ალალად გამოხატა, მეტი არაფერი. ის ძალიან შეწუხდა, როცა შეეხნენ მის პიროვნებას.

_ რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ოპოზიციის დალაგებასაც შეეცდება?

_ არა მგონია, ეს მოხდეს, არ ვფიქრობ ასე, ეს არ არის მისი სტილი, რადგან „ქართული ოცნება“ არის მისი შვილი. შეიძლება ის ერთჯერად გარიგებაში ვიღაცასთან შევიდეს და იყიდოს, ვიღაც დააშანტაჟოს, მაგრამ ის, რომ ოპოზიცია ალაგოს, ეს მისი სტილი არ არის.