გენქოცირებულნი

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გენქოცირება მოახერხა. გენქოცირება რომ სახეზეა _ აშკარაა.

რომ არა გენქოცირება, სხვა რანაირად უნდა აიხსნას მთელი სერია იმ მოვლენებისა, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ? სხვა რანაირად აიხსნება დღეს იმ ხალხის ნეტარყუჩობა, რომელიც ხეების გასხვლისას შახსეი-ვახსეის აწყობდა მოჭრილი ტოტებით, წიოდა, კიოდა, ბუჩქებს ღამეს უთენებდა, დღეს კი მშვიდად ადევნებს თვალს, თუ როგორ გლეჯს ძირფესვიანად ბრძენი იგი ხეებს და როგორ დაათრევს და არ ეშვება მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რაც წინ ხვდება _ ხან ბარჟა ზიანდება _ ეჯახება რიფს (როგორც მოხდა ტიტის შემთხვევაში), ხან წიფელი ტყდება შუაზე და ხან _ ბარჟა შტორმისას, როგორც ეს მოხდა სულ ბოლოს. მიუხედავად ამისა, ის ჯიქურ აგრძელებს ხეების თრევას და მისი ამომრჩეველი კი _ ნეტარყუჩობას. სხვა რანაირად უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ვისაც აღელვებდა პატიმრებისა თუ დაღუპულთა ბედი, დღეს საერთოდ აღარ აინტერესებს? ხალხი, რომელიც ზინაიდა კვერენჩხილაძის ომახიანი შემართებით გოდებდა, დღეს მედეა ჯაფარიძის დარად ნაზი და ლირიკულია იგივე და ბევრად ამაზრზენ მოვლენებზე.

და რაღა დარჩენია „ქართულ ოცნებას“, თუ არა ის, რომ ტაშფანდური გამართოს და იზეიმოს პარტიის დაარსების ხუთი წლისთავი? ხომ გვამცნო „გაკრახმალებულმა ღარიბაშვილმა“ _ პრემიერმა კვირიკაშვილმა საზეიმოდ, რომ უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით _ პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაუმარცხებიათ მოძალადე ხელისუფლება.

თქვა „კრახმალშემშრალმა“ კვირიკაშვილმა და ამ განცხადებით პოლიტიკურ მეთოდად გამოაცხადა _ ცოცხების კადრების ინსცენირება, დადგმა, გადაღება, მერე გავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა! პოლიტიკური მეთოდი ყოფილა პოლიტიკური მოწინააღმდეგის მომენტალურად ბავშვის მკვლელად გამოცხადება არჩევნების ღამეს და შემდეგ ამ საქმის საერთოდ გამოუძიებლობა! ბრძოლის პოლიტიკური მეთოდი ყოფილა წლების მანძილზე გამოკვებილი ინტელიგენციის სოფელ-სოფელ დაგზავნა და ხალხის მოტყუება, რომ თითო სოფელი 5-5 მილიონს მიიღებდა და საერთოდ, ხალხის გაბრიყვება „უფასო ფულის“ დარიგებით, თუ გადასახადების განახევრებით. განა რამე, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი ყოფილა ოპონენტისთვის ათასგვარი სიბინძურის დაბრალება _ დაწყებული ყოველი ქათმის ცალი ბარკლის მიტაცებით, ლიტრი ბენზინიდან ლარის მიშას ჯიბეში წასვლით და დამთავრებული სანდრა რუსლოვსის მიერ თირკმლების აღებ-მიცემობით, იქით-აქეთ ჭრელი „სუმკით“ ტარების, თუ ახალაიას „ბალკონზე“ დაბმული მგლების გამოკვების პენიტენციური რაციონით.

მოსახლეობის გაცუცურაკება ყოფილა მათი ბრძოლის ერთადერთი იარაღი! გაუცუცურაკებიათ მოსახლეობა, მოსულან ხელისუფლებაში და დაუწყიათ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული ცვლილებები. დემოკრატიული ძვრა და ცვლილებები ყოფილა ის ყველაფერი, რასაც აქამდე ვხედავდით _ თუ როგორ მოახრჩო მედია და დაიქვემდებარა და როგორ და რა ხერხებით ცდილობს „რუსთავი 2“-ისა თუ „ქრონიკა+“-ის მორჯულებას.

დემოკრატია ყოფილა პოლიტიკური სპექტრის ნაჯახით აკაფვაც და ნაჯახმომარჯვებული დედის მოსამართლე შვილის მიერ იმ უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანაც, რომელიც ახლა სტრასბურგშია გაჩხერილი. დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება ყოფილა პაპუაშვილისთვის პომიდვრების სროლა და სისხლისსამართლებრივად დასჯადი მოთვინიერებული მოსამართლეების ლანძღვა.

დემოკრატია ყოფილა პოლიტიკური ოპონენტების დევნა _ ნაწილის ციხეებში გამომწყვდევა, ნაწილის საქართველოდან იძულებით განდევნა, მთავარი ოპოზიციური ძალის წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ყველა ხრიკის, მანევრის გამოყენება კვლავ ხმების მისაღებად და შემდეგ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად, რათა მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკვე კონსტიტუციაც მოერჯულებინა ისე, როგორც მას აწყობს.

კონსტიტუციას მანამდეც ხშირად ირგებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ტანზე, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს ის, რასაც ბედავს ეს ხელისუფლება. ცვლიან კონსტიტუციას თათარიახლად და ამის პარალელურად აბეტონებენ იმ ვარიანტს, რომელიც თვითონ აწყობთ! დიახ, მათ მიერ მიღებულ კონსტიტუციას ვერ შეცვლის ერთი მოწვევის პარლამენტი! საჭირო იქნება, ორი მოწვევის პარლამენტმა მოიწონოს ერთი და იგივე ცვლილება! პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდიან იმ მავნებლური შეცდომის გამოსწორებას, რომელსაც დღეს განზრახ უშვებენ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად კი არ უნდა განაწილდეს გასულ პარტიებზე, არამედ მხოლოდ გამარჯვებულს უნდა დარჩეს. ფაქტია, რომ იმედი აქვთ, როგორმე თვითონ გავლენ პირველ ადგილზე და სწორედ ამ გაუნაწილებელი ხმებით შეივსებენ რიგებს და მოგვევლინებიან კვლავაც უმრავლესობად. აუქმებენ ბლოკებს, რომ, ემანდ, გარკვეულმა პარტიებმა ბლოკი არ შეკრან, ბარიერი არ გადალახონ, ანდა სულაც წირვა არ გამოუტანონ მათ ძალაუფლებას. ამ მოდელით, პრაქტიკულად, ბოლომდე სპობენ ისედაც გამეჩხერებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. და მთავარი, _ ხალხს გვართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას. თურმე, იმის ღირსიც არ ვართ, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითმა მოკვდავმა ჯარისკაცებმა _ მოქალაქეებმა, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს. ჩვენ არ გვქონია ამის უფლება და ეს მხოლოდ კვიციანების და პარლამენტში მოკალათებული გუგულა ძალოების პრეროგატივა ყოფილა. მეტიც: თუ შევარდნაძის დროინდელ მინისტრს, შემდეგ გაუჩინარებულ და ახლა კვლავ „ოცნებაში“ ამოყვინთულ აკაკი ზოიძეს ვერწმუნებით, „ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არაპირდაპირი წესით“ და, შესაბამისად, არც იმ პლებისციტის ჩატარება ყოფილა მიზანშეწონილი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს. თურმე, ჩვენ, ხალხს, არ გვადარდებს, როგორ აირჩევა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. თურმე, გვკიდია, ჩვენ ავირჩევთ, თუ რაღაც გაუგებარი საარჩევნო კოლეგია. ან რა პლებისციტი უნდა იმის გარკვევას, რაც „აირაის“ კვლევებით ისედაც გარკვეულია და გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს.

არათუ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება, არათუ პლებისციტზე ამ საკითხის გამოტანა, საერთოდ კითხვის დასმაც დაუშვებელია, პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თუ გაუგებარმა საარჩევნო კოლეგიამ. ზოგი დარტყმული უფრო შორსაც მიდის, _ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია, რისი მაქნისიაო.

თქვე პინგვინყელმოღერებულნო, მარგველა რომ არაფრის მაქნისია, პრეზიდენტის პოსტი უნდა გააუქმოთ?

ფეხსაცმელი რომ „ბრაკი“ გამოგადგეთ, ფეხსაცმელი აღარ უნდა იყიდოთ და ფეხშიშველმა უნდა ირბინოთ?

თუ საქმე საქმეზე მიდგა, არც მარგველაშვილი აურჩევია ვინმეს, რასაც მართლაც არჩევა ჰქვია _ ხეგლეჯიამ მოიწადინა და მის ხელში შემყურეებმა თავი დაუქნიეს, ხელი გააქნიეს და მარგველაშვილი შემოხაზეს. ახლა? ეგ თქვენი თავის დაქნევაც აღარ სჭირდებათ, აგერ პარლამენტარებისა და პლუს ვიღაც-ვიღაცების (ანუ საარჩევნო კოლეგია) თავის დაქნევაც კმარა, თქვენ აღარც შეგაწუხებთო.

ვინც ყველაფერზე თავს უქნევთ, ხო _ გინდ თქვენ დაგიქნევიათ და გინდ თქვენს ნაოცნებარ დეპუტატებს, მაგრამ ჩვენ?

ვინც თავი გავიქნიეთ და ამ ხელისუფლების ერთად გაქნევა გვინდა მართვის სადავეებიდან?

ან ქვეყანას რას ერჩით, რომ ტოვებთ დაქნეულს?

ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიქურ არ უსმენს არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მათი დემარშის, პროტესტის მიუხედავად ამტკიცებს კონსტიტუციის პროექტს, ჩვენ გვაჯერებენ, რომ დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაზე უარს ამბობენ თურქეთის საელჩოს მეგობრული თხოვნით…

ამტკიცებენ პროექტს, სადაც, მრავალ „სიკეთესთან“ ერთად, ამოიკითხავთ, რომ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში.

რა ოკეანე მოგელანდათ? რომელი ოკეანე „გკრუგავთ“? მართლა სად ბანაობთ და სად თევზაობთ? თუ მავთულხლართებში ამომხრჩვალი ქვეყანა ინდოეთის ოკეანიდან ანტლანტის ოკეანემდე გადაჭიმეთ და გვიმალავთ?

იმის ჩაწერა არ დაგავიწყდეთ, ზვიგენების მოშენება ვის გამგებლობას მიეკუთვნება.

რუსულიდან თარგმნა მავნეა, ემანდ, ციმბირიც თქვენი არ გეგონოთ, ქონცარუხებო და პუტინი არ გადაგვკიდოთ.

მაგრამ „ოცნების“ დეპუტატი მდინარაძე ფხიზლობს, პლებისციტთან დაკავშირებით ბრძანა, _ ჩვენ ვერ ვივლით ელცინის გზითო. რა თქმა უნდა, ელცინის გზა სხვაგან უხვევს, მხოლოდ პუტინის გზა მიგიყვანთ იმ ტაძრამდე, კრემლი რომ ჰქვია.

სწორედ კრემლიდან მომდინარეობს ის, ერთი შეხედვით, „მეგობრული რჩევის“ „გათვალისწინება“, რომ გვიბრძანეს, ვცდილობთ, დიპლომატიურები ვიყოთო და მეტისმეტად დიპლომატიურად გააბაზრეს ის, რითაც ზუსტად იცოდნენ, გააბრაზებდნენ საქართველოს მოსახლეობას და გამოიწვევდნენ ანტითურქულ განწყობას.

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, რა მოითხოვა თურქეთის საელჩომ, მაგრამ ვისაც ოდნავ მაინც გაეგება მეზობელი ქვეყნის ისტორია, გადასარევად იცის, რომ დღევანდელი თურქეთის, როგორც სახელმწიფოს ისტორია, იწყება ოსმანთა დინასტიიდან, როდესაც ერთოღრულ ბეგის ვაჟმა _ ოსმანმა დაარსა ოსმალეთის იმპერია, რომლის დაშლის შედეგადაც აღმოცენდა დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა. ოსმანთა იმპერია 1299 წელს დაარსდა ანატოლიაში და მათ დავითი ვერანაირად ვერ დაამარცხებდა 1121 წელს. დავითმა დაამარცხა კოალიციური ჯარები, სადაც სელჩუკებთან ერთად ბევრი სხვაც მონაწილეობდა.

და რომც ის სახელმწიფო დაემარცხებინა დავითს, რომლის სამართალმემკვიდრეც ჩვენი დღევანდელი მეზობელი სახელმწიფოა, რა უდგას წინ იმის მეგობრულადვე ახსნას, რომ ეს თითქმის ათი საუკუნის წინანდელი გამარჯვების ისტორიაა და არანაირად არ უკავშირდება დღევანდელი მეზობლის მიმართ განწყობას და ოდნავადაც არ ცვლის მისდამი კეთილმეზობლურ განწყობილებას? რა უნდგას წინ ამის ახსნას, რომ ამ დღეზე უარის თქმა წყალს დაასხამს რუსეთის წისქვილზე, რომელიც დღენიადაგ ცდილობს მოსახლეობაში ანტითურქული კამპანიის პროვოცირებას? თუ სწორედ ეს იყო ამ ხელისუფლების მიზანიც, რომ მოსახლეობაში ანტითურქული გაწნყობა გამოეწვია? იმისთვის ხომ არა, რომ ამ აღშფოთებით სხვა მნიშვნელოვანი თემები კარგად გადაეფარა? თუ ეს ასეა, ეს მზაკვრობა და ადამიანების ეროვნულ გრძნობებზე თამაშია, ცეცხლთან თამაშია! არ ღირს სასურველი კონსტიტუციის გასატანად ასეთი სვლების გამოყენება, ნუ დატოვებთ ქვეყანას დაქნეულს და ნუ აქცევთ ძლევაი საკვირველს _ ქნევაი საკვირველად…

 

რეზო შატაკიშვილი