გელა ხვედელიძეს სოსო გოგაშვილის ზონდერები გაუსწორდნენ – ვინ არიან გიორგი და ზაქარია კევლიშვილები?

2017 წლის 3 აპრილს თარხნიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე, თავდასხმა მოხდა. სადარბაზოდან გამოსული ხვედელიძე საკუთარ ავტომანქანას ქოქავს, სახლთან ახლოს, გზაჯვარედინზე მდებარე მაღაზიაში, სიგარეტის საყიდლად მიდის, უკან დაბრუნებული ტელეფონზე საუბრობს და სიგარეტის კოლოფს ხსნის, ამ დროს მას თავს ესხმის ორი დაუდგენელი პირი და, დაახლოებით, 15 წამის განმავლობაში დაუნდობლად  სცემს მას.

რეალურად, გელა ხვედელიძე მისმა მეუღლემ გადაარჩინა, რომელიც რამდენიმე წუთში გამოვიდა სახლიდან და პირადად გახდა მასზე თავდასხმის მომსწრე. მარეხ ფერაძე ერთ-ერთ თავდამსხმელზე ნიღბის ჩამოხსნას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ისინი გაიქცნენ.

„ნიუ ჰოსპიტალში“ გელა ხვედელიძეს ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დღეისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ოპერაციის მეორე დღეს საშუალება მომეცა, მასთან თავდასხმის დეტალებზე მესაუბრა: ხვედელიძე იხსენებს, რომ უკნიდან მოპარულმა პირმა მას ხელები მოხვია, შებოჭა, რაღაც მომენტში იფიქრა, რომ ეს მისივე ნათესავი იყო, რომელიც სახლიდან მასზე ათიოდე წუთით ადრე გამოვიდა, მეორე თავდამსხმელმა ფეხის სახსარში მძიმედ დაარტყა, რასაც ხვედელიძის წაქცევა მოყვა, თავდამსხმელები მას აგინებდნენ, საპასუხო გინება იყო მისი მხრიდანაც, რაღაც წამს ერთ-ერთი თავდამსხმელის ფეხით დაჭერა მოახერხა, რომელმაც, _ ნახე, ბიჭო, კიდევ გვაგინებსო, _ ხმამაღლა დაიძახა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მოჭიდავეები და კარგად ნავარჯიშები პირები იყვნენ.

ის, რომ გელა ხვედელიძე სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მხრიდან დაუმსახურებელი დეზინფორმაციის მსხვერპლი იყო, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყოფილი ფარშის დისტრიბუტორის აგენტურის მიერ სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიით. იოსებ გოგაშვილის უშუალო დავალებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სისტემატურად ავრცელებდა ხმებს იმის თაობაზე, რომ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების უკან სწორედ გელა ხვედელიძე იდგა, რომ მას კონსპირაციული ურთიერთობა ჰქონდა დევნილობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მომდევნო მთავრობაში ხვედელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებოდა და ა. შ. ნინო ჯღარკავას ამ ბოდვებს ასევე დიდი მონდომებით ატირაჟებდნენ სუს-ის სააგენტოები „რეპორტიორი“ და „მარშალპრესი“. იგივე ინფორმაცია სუს-მა, ბევრად უფრო გამძაფრებული ფორმით, ასევე მიაწოდა ე. წ. უკრაინულ „ვიკილიქსს“, სადაც ასევე ნახსენები იყო ხვედელიძისა და ადეიშვილის კონსპირაციული შეხვედრები  ევროპაში, რომ ადეიშვილი თითქოს ძალიან კმაყოფილი დარჩენილა ხვედელიძის გაცნობით. სიმართლე გითხრათ, გოგაშვილის აგენტურის ისტერიკამდე მისული დეზინფორმაციები სასაცილოდ მიგვაჩნდა და სერიოზულად არ აღვიქვამდით, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდით, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე ყოველ სამშაბათს წყობას კარგავდა, რადგან „ქრონიკა+“-ში მას `საპატიო” ადგილი ჰქონდა დათმობილი პირველ გვერდზე, ქვეყნდებოდა გოგაშვილის მხრიდან ნეპოტიზმის, უკანონო შემოსავლების, კორუფციის,  ნათესავებზე გაფორმებული ქონებებისა და სხვა უკანონობების შესახებ მასალები. სიმბოლური იყო ისიც, რომ ორივე სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორად სოსო გოგაშვილი დასახელდა, მან სწორედ ორშაბათს, ანუ გაზეთის გამოსვლის წინა დღეს დაამთხვია: ორშაბათს, 13 მარტს დააკავეს ჩემი შვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებით და ორშაბათს, 3 აპრილს მოხდა გელა ხვედელიძეზე თავდასხმაც.

ჩემი შვილის საქმის სკანდალური დეტალების გახმაურების შემდეგ სოსო გოგაშვილის მდგომარეობა გართულდა, არავინ მოისურვა მისი დამცველი ყოფილიყო, მას ექსპრემიერის საყვარელმა დეიდაშვილმა კარისკენ მიუთითა, _ როგორც ჩასვარე საქმე, ისევე გამოასწორეო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეკრებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა, ივანიშვილმა უჩა მამაცაშვილთან ერთად ვახტანგ გომელაურსაც ჰკითხა, _ რატომ ბედავდა სოსო გოგაშვილი ამდენს? რაზეც მამაცაშვილმა ხელები დაიბანა, _ მე აქ არ ვიყავი, არც ვიციო. ხოლო გომელაურმა ასევე მხრები აიჩეჩა, _ მეც ვერ ვაკონტროლებო… რა უპასუხა ვახტანგ გომელაურს ბიძინა ივანიშვილმა, ამ ფრაზის დაწერა აქ მეტისმეტად უცენზურო იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია _ წარსულში ფარშის დისტრიბუტორს და სუს-ის უფროსის დღევანდელ მოადგილეს ყველა ერიდება, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მოაწერს ხელს, ყველა სიბინძურეზე წავა, მათ შორის, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის ღიად აშანტაჟებს როგორც გომელაურს, ისე მამაცაშვილს. ხელისუფლებაში ყველამ იცის, რომ აღზევებული მდაბიო, მეტსახლად „ანტრიკოტა“, გელა ხვედელიძე არ არის, რომელმაც ხუთი წელი დუმილი არჩია საკუთარ თანაგუნდელებზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ სამზარეულოზე საუბარს.

ძალაუფლება კი, რომელიც გოგაშვილმა მოიპოვა, ჩვეულებრივი „სტუკაჩის“ გზაა, _ ფარშის დისტრიბუტორი გენერალურ ინსპექციაში სამუშაოდ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა მიიყვანა. მოგვიანებით, როცა ჯანყარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გოგაშვილი უჩა მამაცაშვილთან სწორედ ე. წ. კახელების კლანის ჩაშვებით გადაპორტირდა. მან მიაწოდა პრემიერის საყვარელ დეიდაშვილს ყველა ინფორმაცია, რომელიც მან, როგორც ჯანყარაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა, მოიპოვა. ეს ის დროა, როცა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის პიარი, ნინო ჯღარკავა, გარეშე პირებს უყვება, რომ გოგაშვილმა ღარიბაშვილი გაყიდა, ფულის შოვნაზეა გადასული და მიდით, მიაწექით, გამოააშკარავეთ მისი სიბინძურეო, თუმცა მოგვიანებით სწორედ გოგაშვილის ბინძური ფულის გამო გახდა მისი დამცველი.

ღალატი და ჩაშვება ივანიშვილის კარზე ფრიად დასაფასებელი მდგომარეობაა, ამიტომაც გოგაშვილს უხდიდნენ კარგად და უხდიდნენ იმ სიბინძურეებისთვის, რომელიც მან ჯერ საპატრიარქოს საქმეში, მოგვიანებით „რუსთავი 2“-ში და კიდევ უფრო მოგვიანებით ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტით შეასრულა. დღეს გოგაშვილი განწირულია, _ ის ან მარტო დარჩება, ან მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს ჩაიყოლებს და, მათ შორის, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს „ანტრიკოტას“ თანამდებობიდან გადაყენებას. „ქრონიკა+“-ის წყარო იყო პირველი, რომელმაც გელა ხვედელიძეზე თავდასხმამდე ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასა და „ბიოს“ ინტერნეტის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, _ „სინთეტიკური ნარკოტიკი“ სკაიპისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იყიდება და დაფასოებული „ბიოს“ ფასი 50 ევროდან იწყება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ინტერნეტით გამოწერილ ნარკოტიკს დამკვეთი ნებისმიერ ადგილზე მოიტანს, მათ შორის, ხშირია წამლის „სვიდანიების“ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დანიშვნის ფაქტები. როგორც ჩანს, გოგაშვილი ამ ბიზნესის „დაკრიშვაში“ მარტო არ არის და მასთან ერთად ამ საქმეში ვახტანგ გომელაურიც ფიგურირებს. სხვაგვარად, წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში, როცა მთელ ინტერნეტსივრცეს სუს-ი ბოლომდე აკონტროლებს, ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმ პირების IP მისამართების დადგენა, რომლებიც „ბიოს“ ყიდიან.

სოსო გოგაშვილის ყველაზე დიდი პრობლემა მისი კუდ-ის აგენტობის ფაქტის გახმაურება იყო: „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა იმ პირის ფოტო, რომელსაც „ანტრიკოტა“ კავშირზე ჰყავდა, როცა ის 2012 წელს ჩანერგილი იყო „ქართულ ოცნებაში“ და „დანოსები“ მიჰქონდა კუდ-ში. ასევე, როგორც ვიცი, მაგრად შეშინდა  ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტთან მისი კავშირის გამოაშკარავებაზეც. არ ვიცი რატომ, მაგრამ, როგორც ჩანს, „ანტრიკოტამ“ მიიჩნია, რომ ამ მასალების წყარო სწორედ გელა ხვედელიძე იყო. ისევე როგორც, თავის დროზე, ნინო ჯღარკავა და ღარიბაშვილის გარემოცვა ბოდავდა, რომ „ქრონიკა+“-ში მასალები ე. წ. კახელების კლანზე ხვედელიძეს მიჰქონდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღარიბაშვილის გარემოცვაზე მოწოდებული მასალების უკან ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი პირი იდგა და მასალები ამჟამინდელი მთავრობის წევრი მინისტრის მიერ კურიერის მეშვეობით მოდიოდა ჩემამდე (ვაზუსტებ: ეს მინისტრი არ არის კახი კალაძე. მასალების მოწოდების პერიოდში მომწოდებელი პირი მინისტრი არ იყო).

ახლა ისევ გელა ხვედელიძეზე _ თავდასხმის ფაქტს და მასთან მოჭიდავეების კავშირს დავუბრუნდეთ.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოჭიდავეების ჯგუფს, ე. წ. ზონდერებს, სოსო გოგაშვილის ახლო ნათესავები, გიორგი და ზაქარია კევლიშვილები აკონტროლებენ. ძმებ კევლიშვილების დედა, მარინა გოგაშვილი, სოსო გოგაშვილის ალალი ბიძაშვილია. ზონდერების დისლოკაციის ადგილი კახეთში, კონკრეტულად კი თელავში მდებარეობს.

ის, რომ გოგაშვილმა მოჭიდავეების ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება დაიწყო, „ქრონიკა+“-მა, ჯერ კიდევ, 2016 წლის იანვარში გაიგო, როცა თელავის მერი საკრებულოში ინიციატივით შევიდა და ჭიდაობის სკოლის სასპორტო გაერთიანებიდან გამოყოფა და ცალკე აიპად დარეგისტრირება მოითხოვა. მერის არგუმენტი მარტივი იყო, _ ძიუდოს ფედერაცია ითხოვდა, რომ სკოლას არაკომერციული, იურუდიული პირის  სტატუსი მინიჭებოდა. საკრებულოს სხდომაზე მერს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მარტივად მოგვარდა, _ სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის ზარმა სიტუაცია „გააიასნა“, სკოლის დირექტორი მიხეილ გრემელაშვილი მოხსნეს და თელავის მერმა ჭიდაობის აიპის ხელმძღვანელად ზაქარია კევლიშვილი დანიშნა. არადა, მისი წინამორბედი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმის, ლექსო თამაზაშვილის პროტეჟე იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძმები ზაქარია და გიორგი კევლიშვილები სოსო გოგაშვილის ახლო ნათესავები არინ, მათი დედა მარინა გოგაშვილი, „ანტრიკოტას“ ალალი ბიძაშვილია. რატომ დასჭირდათ ზაქრო კევლიშვილის ძიუდოსა და ჭიდაობის აიპის ხელმძღვანელად დანიშვნა? ამ კითხვაზე პასუხი კორცხელში მომხდარმა დაპირისპირებამ უკვე გასცა. თუ ამ დრომდე ზონდერებს ბაზა თელავის აგრარულ ბაზართან მდებარე ტოტალიზატორში ჰქონდათ, 2016 წლის არჩევნების წინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ზონდერების ჯგუფი, ბიუჯეტის პარალელურად, ასევე სუს-იდან დაფინანსდა.

ვინ არის გიორგი კევლიშვილი და საიდან მოხვდა იგი ძალოვან უწყებაში? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგი კევლიშვილი, მეტსახელად „სოსიჩი“, ყოფილი მოჭიდავეა, თელავში დაიბადა, მერე სამსახური პოლიციაში დაიწყო და 2012 წლამდე სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მუშაობდა. როცა სოსო გოგაშვილი თანამდებობაზე დაინიშნა, გიორგი კევლიშვილიც სუსში  სამმართველოს უფროსად წაიყვანა. არჩევნების წინ გიორგი კევლიშვილი იმჟამინდელი ოპოზიციის მომხრეებს იტაცებდა და აიძულებდა მათ, უარი ეთქვათ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე. ერთი მათგანი მერი კიკნაძეა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან გაიტაცეს და ეს ამბავი, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „მეცხრე არხმაც“ გააშუქა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გიორგი კევლიშვილი ძალოვან უწყებაში ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დააბრუნეს, მისი ძმა ზაქრო კევლიშვილი თან სათამაშო სლოტკლუბებს აკონტროლებს თელავში, თანაც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მოჭიდავეების ზონდერჯგუფების კურატორიცაა. „ქრონიკა“-ის წყარო ვარაუდობს, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა სწორედ სოსო გოგაშვილის დავალებით, ძმებ გიორგი და ზაქრო კევლიშვილების მოჭიდავეების ზონდერჯგუფის ორმა წევრმა განახორციელა. მათ გარანტია აქვთ, რომ არავინ დაიჭერს, მიუხედავად იმისა, რომ თარხნიშვილის ქუჩაზე ამოღებულ კამერებზე მათი სახეები მკაფიოდ ჩანს და წესით, გამოძიებას ამ პირების იდენტიფიკაცია არ უნდა გაუჭირდეს.

გელა ხვედელიძეზე თავდასხმის დღეს გაზეთის ოფისში უწყება მივიღე:  სისხლის სამართლის საქმეზე #006030417004 საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად გამომძიებელი მარინე მარტყოფლიშვილი მიბარებდა, რომელიც, სხვათა შორის, სოსო გოგაშვილის ცოლის, თია მარტყოფლიშვილის მოგვარეა. ხუთდღიანი პაუზის შემდეგ, ჩემი რამდენიმედღიანი მოთხოვნის მერე, როგორც იქნა, დამკითხეს. მარინე მარტყოფლიშვილი, სავარაუდოდ, სოსო გოგაშვილმა გელა ხვედელიძეზე თავდახმის საქმის საგამოძიებო ჯგუფში ჩასვა (შემთხვევით, გამოძიებას რამე რომ არ გაეპაროს). როცა თია მარტყოფლიშვილთან გამომძიებელ მარინე მარტყოფლიშვილის შესაძლო კავშირზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუსი გამოვაქვეყნე, როგორც ჩანს, პოლიცია ზედმეტ კითხვებს მაინც მოერიდა და მე პოლიციის სხვა თანამშრომელმა დამკითხა. დაკითხვის პროცესს პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად ესწრებოდა. სხვა დროს ზურაბ სხირტლაძეს მარტივ რჩევას მივცემ: სეიფის თავზე ფარულად ჩართული ვიდეოკამერის შემოდება საჭირო არ არის, შეუძლია, ოფიციალურად ჩაიწეროს ხოლმე ჩემი ჩვენება, რადგან არც არაფერი მაქვს დასამალი.

 

  1. S. მიუხედავად, გომელაურის განცხადებისა, რომ გოგაშვილი, თურმე, დიდი „ჩეკისტი“ ყოფილა და მას ტერორისტული აქტიც კი აღუკვეთავს, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ „ანტრიკოტას“ ირგვლივ წრე მაინც ვიწროვდება, _ ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, თანამდებობიდან განთავისუფლებულია კახეთის სუს-ის უფროსი, რომელიც უშუალოდ მისი კადრია და იქ უფროსი თბილისიდან საგანგებო დავალებით მიავლინეს. ასევე თანამდებობას ჩამოაშორეს თელავის სუს-ის ის ორი თანამშრომელი, რომელიც „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილზე კომპრომატებს აგროვებდა.

 

ელისო კილაძე