გაჭირვებული ქვეყნის მაძღარი ხელისუფლება და მშიერი ხალხი

ნებისმიერი არჩევნები _ საპარლამენტო იქნება თუ საპრეზიდენტო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობების ერთგვარი ბარომეტრია. კი ბატონო, ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანების ნება შეიძლება, გააყალბოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მმართველმა ელიტამ რეალურად იცის, მისი ნდობის ხარისხის ამპლიტუდა მაღალია თუ დაბალი. ასე მოხდა 28 ოქტომბერსაც _ „ოცნება“ აცხადებს, რომ ხალხი კოჰაბიტაციის გამო გაბრაზდა და ამიტომ არ მისცა ხმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშილს, მაგრამ ეს ზუსტად ის მომენტია, წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება ხოლმე.
დიახ, ხელისუფლება ცდილობს, თავი იმართლოს და „ძველ გვარდიას“ ჰპირდება, რომ ოღონდ მეორე ტურში ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი და მერე მზად არის, ყველანაირ დათმობაზე წავიდეს.

ახლა ის ადამიანიც კი, ვინც პოლიტიკურ პიარტექნოლოგიებში ვერ ერკვევა, ხვდება, რომ ამ დაპირებით „ოცნება“, უბრალოდ, ფონს გასვლას ცდილობს, თორემ სინამდვილეში, იგივე მეორე ტურის შემდეგ, არაფრის შეცვლასაც არ აპირებს. ამას ძალიან კარგად ხვდება საქართველოს მოსახლეობა, რაშიც „ქრონიკა+“ ხალხთან, ასე ვთქვათ, პირდაპირი კომუნიკაციის დროს დარწმუნდა.
ზოგადად, ჩვენს გამოცემას მოსახლეობათან დისტანციური ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მუდამ საზოგადოების მაჯისცემაზე უდევს ხელი, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, ხალხში კიდევ ერთხელ გავსულიყავით და გაჭირვების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ თავად ამომრჩევლებისგან მოგვესმინა, იმ ამომრჩევლებისგან, რომლებსაც „ოცნება“ ხმებს ემათხოვრება.
დიდი სოციოლოგობა და დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრბს ან სიღარიბის ზღვართან ძალიან ახლოსაა, თუმცა „ოცნება“ სხვა, თავის საქართველოს ხედავს და თუნდაც იმას, რომ იგივე ეროვნული ვალუტის კატასტროფულმა გაუფასურებამ მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო დაუმძიმა და ჯოჯოხეთად უქცია, ურავლესობისა და მთავრობის წევრები ოპოზიციონერების განცხადებებს აბრალებენ. ის „ბრძენი კაცი“ კი არჩევნების პირველი ტურის წინ გვეუბნებოდა, „რუსთავი 2“ გამორთეთ და დაინახავთ, ცხოვრება როგორი აყვავებულია.
ჰოდა, „ქრონიკა+“-მაც, ექსპერიმენტის სახით, „რუსთავი 2“ გამორთო და ხალხში გავიდა. ვერ გეტყვით, რომ მთელი საქართველო შემოვიარეთ, მაგრამ ამ მცირე, ასე ვთქვათ, სოციოლოგიური კვლევის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს შევხვდით და ყველა მათგანს ანალოგიური პრობლემები აქვს _ უფულობა, უფრო სწორად, შიმშილით სიკვდილის საფრთხე!
ეს საფრთხე დედაქალაქში შესაძლოა, ისე მძაფრად არ იგრძნობა, მაგრამ რეგიონებში, მართლაც, კატასტროფული მდგომარეობაა _ ხალხს ფული არ აქვს, რომ პირველადი მომხარების ნივთები და მინიმალური საკვები შეიძინოს. ზოგიერთ რეგიონში ვითარება ასეთი დრამატული არ არის. მაგალითად, კახეთში შედარებით უხვმოსავლიანი მიწაა. შესაბამისად, ხალხს ლობიო მაინც მოჰყავს, რომ შიმშილით არ მოკვდეს, სამაგიეროდ, აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა შედარებით არაუხვმოსავლიან რეგიონებსა და მთაში.
ამას ზეინაბ ბებოს ამბავიც ადასტურებს.
ზეინაბი 70 წელს არის მიღწეული და კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. პენსია აქვს და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ 2019 წლის იანვრდან პენსია 20 ლარით გაეზრდება, რასაკვირველია, გაუხარდა, მაგრამ იქვე, იკითხა:
_ ამ მომატებული ოცი ლარით ერთი „ლისტი“ წამალიც არ მომივა და ეს სადაური ხალხზე ზრუნვაა?
პენსიას ზეინაბ ბებოს მეუღლეც იღებს, ანუ ოჯახის სრული შემოსავალი, დღევანდელი მონაცემებით, 360 ლარამდეა.
მოხუცებს, როგორც გავარკვიეთ, ძროხაც ჰყავდათ და რამდენიმე ფრთა ქათამიც, მაგრამ იმის გამო, რომ „სოციალურის“ მოხსნის საშიშროების წინაშე დადგნენ, შინაური ფრინველი და ცოხველი ერთიანად გაწყვიტეს.
სხვათა შორის, ოჯახი „სოციალურის“ მოხსნის საფრთხის წინაშე მაინც დადგა, რადგან ტელევიზორი აქვს, მაგრამ როგორც ზეინაბი ამბობს, საბედნიეროდ, ავად გახდა და ისეთი ცნობა მისცეს, რომ დახმარებას ვეღარ მოუხსნიან. მოხუცმა არ იცის, ეს რა ცნობაა, თუმცა „ქრონიკა+“ ხვდება, რომ ასაკოვანი ქალბატონი ალბათ, ე .წ. ინვალიდის მოწმობაზე საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ ზეინაბ ბებია ავად გახდა და სასწრაფოდ თბილისში მოუწია წამოსვლა.
_ ექიმთან ვიზიტი 70 ლარი ღირს. კიდევ კარგი, ძველი, ნაცნობი ექიმი მყავდა და იმასთან მივედი, თორემ ეს 70 ლარიც ხარჯად დამაწვებოდა, _ გვიყვება ზეინაბი, _ ამ ექიმს ადრე ხან არაყს ვჩუქნიდი, ხან _ ჩურჩხელებს და სიკეთე სიკეთედ გადამიხადა _ უფასოდ გამსინჯა და მითხრა, რომ სასწრაფოდ ოპერაცია მჭირდებოდა, რაღაც უნდა ჩამედგა გულში, თორემ დიდხნას ვეღარ ვიცოცხლებდი. ამ ოპერაციისთვის საბუთებიც თვითონ შეაგროვა და სახელმწიფომ ოპერაცია უფასოდ გამიკეთა, მაგრამ რა შეღავათია? _ 500 ლარის წამლები დამჭირდა, თან, კიდევ, ყოველ თვე 120 ლარის წამლები უნდა ვიყოდო და თბილისში გამოკვლევაზეც ჩამოვიდე. 30 ლარი მარტო ქალაქში წასვლა-წამოსვლაში მინდა, ესეც 150 ლარი და ჩემი პენსიიდან 30 ლარიღა მრჩება.
კიდევ კარგი, პენსია ჩემს კაცსაც აქვს და დენის გადასახადს და სხვა კომუნალურებს იმით ვიხდით, თორემ სულ სიბნელეში ვისხდებოდით და ტელევიზორსაც ვეღარ ვუყურებდით.
ახლა იმაზე ფიქრში ვარ, დარჩენილი თანხით წამლები ვიყიდო თუ ნახევარი „მეშოკი“ ფქვილი, შეშის „პეჩზე“ პური მაინც გამოვაცხო, რომ მშივრები არ დავიხოცოთ, _ გვეუბნება ზეინაბ ბებო.
ჩვენ, ცხადია, ვინტერესდებით და სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებზე ვუგდებთ. ზეინაბი ამბობს, რომ პოლიტიკისა არაფერი გაეგება, მაგრამ სულ რომ 200 ლარი აჩქონ, სალომე ზურაბიშვილს ხმას მაინც არ მისცემს, რადგან ურჩევნია, შიმშილით მოკვდეს, ვიდრე საქართველოშო რუსები გააპაპაჯვაროს.
ზეინაბ ბებია იმასაც გვეუბნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეზობელი მანანა მიადგა და ჯერ მას ჰკითხა, ხმას ვის აძლევო?
_ მანანას მივახალე, _ ქალო, ზურაბშვილი არ მიხსენო, თორემ ჩემს სახლში ფეხს ამოგაკვეთინებ-მეთქი. ჩემთან რომ ვერაფერი გააწყო, მერე ჩემს კაცს შეუჩნდა, _ გინდა თუ არა, მითხარი, ვისი მხარდამჭერი ხარო? ჩემმა ქმარმა იეშმაკა და მოატყუა, _ ნათელაშვილს ვაძლევ ხმასო. მანანა ეხვეწა, „ოცნებამ“ ფული მომცა, ათი ადამიანი მყავს არჩევნებზე მისაყავანი და იქნებ, გადაიფიქრო და შალვას კი არა, ზურაბიშვილს მისცე ხმაო, მაგრამ ჩემი ქმარი კერკეტი კაკალია _ წავიდა და უსუფაშვილი შემოხაზა!
ზეინაბ ბებო საქართველოს მოსახლეობის განზოგადებული სახეა და ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის. აკი, რამდნეიმე თვის წინ თავად ივანიშვილმა აღიარა, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშილმა და ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშილმა „იუნისეფის“ კვლევის შედეგები დაუმალეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სიღარიბის დონე გაუარესდა.
ახლა, „ოცნება“ ვერ იტყვის, რომ გაეროს ბავშვთა ფონდსაც, რომელიც „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, „რუსთავი 2“ ჰქონდა ჩართული და ამიტომ დადო ის კვლევა, რომელიც დადო. არადა, ეს კვლევა მართლაც საგანგაშოა:
2017 წლის მონაცემებით საქართველოში ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა (ზოგადი სიღარიბის მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).
ამ კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარი). მათგან სოფლად – 24.1%; ქალაქში კი – 20.9%).
ხოლო შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება).
2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
გაერო-ს ამ ანგარიშის მიხედვითვე, 26,8%-დან 31,6-მდე გაიზარდა ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც.
„მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობენ ერთ ან ორბავშვიანი ოჯახები, შესაბამისად, 27.2% და 24.5%. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან შინამეურნეობებს ეხება, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39.9%-მდე, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში – 33.4%-მდე იზრდება“, _ ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში გასაჯაროვდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი კვლავ ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას კვლევის ავტორები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორის, 2015-2016 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე დაბალ ზრდას, ინფლაციის მაღალ დონესა და ლარის ძლიერ გაუფასურებას, რამაც სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა.
ცნობისთვის: 2015 წელს ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, შინამეურნეობებს ნაკლები შემოსავლით მეტის დახარჯვა უწევდათ (საშუალო ხარჯები 821.8 ლარი იყო, ხოლო საშუალო შემოსავალი 608.9 ლარი). კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჭარბი ხარჯები დანაზოგების მეშვეობით იფარებოდა. 2017 წელს შინამეურნეობებმა, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ხარჯები შეამცირეს (საშუალო ხარჯი შეადგენდა 788.6 ლარს, საშუალო შემოსავალი კი 771.9 ლარი იყო). მაღალი სამომხმარებლო ფასებისა და ადგილობრივი ვალუტის დაბალი მსყიდველობითი უნარის პირობებში შემოსავლების ზრდამ შინამეურნეობებს ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ მოუტანა.
„კვლევა გვიჩვენებს, რომ შინამეურნეობების მიერ საკვებზე, განათლებასა და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად შემცირდა. დიდი ალბათობით, შინამეურნეობებმა დანაზოგები ამოწურეს, ხოლო დამატებით ფინანსურ რესურსებზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი, რის გამოც კიდევ უფრო მოწყვლადნი გახდნენ. მეტიც, ფართოდ გავრცელებული ფაქტია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობების ბიუჯეტში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი უფრო მაღალია. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
ცნობისთვის: მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევის ფარგლებში სპეციალურად ედგენილი კითხვარი 2017 წლის ივლის-აგვისტოში 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო. კვლევა რეპრეზანტაციულია ქვეყნის მასშტაბით და მისი ცდომილება 1,2-დან 3,8 პროცენტამდეა.
სხვათა შორის, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყველა მეცხრე ადამიანი სოციალურ დამხარებას იღებს. ყველაზე ღარიბი რეგონი კი რაჭა-ლეჩხუმია, სადაც სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 37%-ზე მეტი იღებს.
ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,3% იღებს. რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 27,4%-ს (1 მლნ 022 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა მიიჩნევს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება.
საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 425 111 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11,4%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს.
„ის ფაქტი, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სხვა რეგიონებში, მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ რაჭაში ხალხს უჭირს. მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურითაც არის გამოწვეული. რაჭაში დიდი ხანია, რაც გარდაცვალების რაოდენობა შობადობის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ამ რეგიონში დარჩა, სიბერის ასაკს არის მიახლოებული და მათ შემოსავლებში დიდი წილი საფინანსო სისტემიდან დახმარებას უკავია. ზოგადად, რაჭაში კომპლექსური პრობლემა დგას, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული ფაქტორებია ერთმანეთში გადახლართული. არის მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრების პრობლემა, გადინება ძალიან დიდია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ადამიანების და სწორედ ამიტომაა, რომ ამ რეგიონში ახალგაზრდები, ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ. რადგანაც არ არიან ახალგაზრდები, ბუნებრივია, შობადობაც ვერ იქნება“, _ განუცხადა თავის დროზე „კომერსანტს“ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ.
ყოველივე ამის გარდა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ე. წ. მოვალეთა რეესტრია _ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ბანკების მიერ „გაშავებულია“. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ბანკის, ონლაინ-სესხისა თუ კერძო მევახშეების გამო ადამიანები ღია ცის ქვეშ რჩებიან, თუმცა იმ დაპირებებში, რომელსაც „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იძლევა, ამ კუთხით არაფერია ნათქვამი, ანუ გამოდის, რომ საბანკო სექტორი ხელისუფლებისგან ისევ სასათბურე პირობებში იქნება და ხალხის გაყვლეფასაც უწინდებურად გააგრძელებს.
ეკონომიკური გაჭირვება იქით იყოს და ხალხი უსამართლობასაც არანაკლებ განიცდის. დიახ, 2012 წელს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია სამართლიანობის აღდგენის დაპირებას იძლეოდა, მაგრამ სამართლიანობა, როგორც დღეს ჩნს, მხოლოდ ირაკლი სესიაშვილისთვს და სხვა ბობოლა „ქოცებისთვის“ აღდგა _ სრა-სასახლეები წამოჭიმეს და მალე აუზებში წყალსაც ჩაისხამენ, ქვეყნის რიგით მოსახლეობას არათუ აუზი, არამედ წყალი და ლუკმაც საოცნებო აქვს!
შავბნელი 90-იანი წლები, ალბათ, ბევრს გახსოვთ და ცხადია, ისიც გემახსოვრებათ, რომ მაშინ ადამიანები ნაგავში იქექებოდნენ, ან ბოთლებს აბარებდნენ, რომ ლუკმა-პური ეშოვათ და შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ეს „პრაქტიკა“ ახლაც თანდათან ბრუნდება _ თბილისში არცთუ იშვიათად შეგხვდებიან მოხუცები, რომლებიც ნაგვის ურნებში იქექებიან: ზოგი პურისა და სხვა საკვები პროდუქტების ნარჩენებს ძებს, ზოგიც _ პლასტმასისა თუ შუშის ბოთოლებს.
პლასტმასის სამ ბოთლში ჩამბარებლები, როგორც ამბობენ, ერთ ან ორ თეთრს იხდიან, ლუდის ბოთლი 8-9 თეთრი ღირს. შესაბამისად, ბოთლების ჩაბარებით ადამიანმა დღეში, მაქსიმუმ, 5-6 ლარი შეიძლება იშოვოს და ეს იმ ფონზე, როცა იგივე ირაკლი სესიაშვილი აგარაკს 37 ათას დოლარად აშენებს(!).
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებამ“ ლაგოდეხში მცხოვრებ მაჭარაშვილების ოჯახზე გაავრცელა ინფორმაცია. როგორც გაირკვა, მარავალშვილიან ოჯახს ბინის ქირას ლაგოდეხის მერია ადგილობრივი ბიუჯეტდიან უხდიდა, მაგრამ ბოლო დროს მუნიციპალიტეტმა ქირის გადახდაზე უარი განაცხადა.
„გამგეობის კიბეებიდან რომ ჩამოვდიოდით, მოგვაძახეს, აქ დაიწყე მუშაობაო? _ მასხრად აგვიგდეს. არავინ, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. სამი შვილის პატრონი ვართ, ბინის ქირაზე განცხადება დაწერილი გვაქვს უკვე თვეებია, მაგრამ ხელზე გვიხვევენ და გვეუბნებიან, დღეს ან ხვალ იქნება პასუხიო, თუმცა ეს დღე არ დადგა. ტკბილი სიტყვით გვიშორებენ, ჩვენ კი სიღარიბესა და გაუსაძლის პირობებში ვართ“, _ ყვებიან მაჭარაშვილები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი, როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, 300-ლარიანი სოციალური დახმარებაა, რომელიც მედიკამენტებისთვის, გამოსაკვებად და ელემენტარული ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად არ ჰყოფნით. საკვებით ხშირად მეზობლები ეხმარებიან.
„მაცივარი გამოაღეთ, რამეს თუ ნახავთ. ნახევარი ყველი მაქვს და ისიც ნისიად გამოვიტანე მაღაზიიდან, რათა ბავშვებმა ცარიელი ჩაი არ დალიონ. ბავშვებს ბრინჯი და გრეჩიხა ყელში ამოუვიდათ. აღარ ჭამენ. ერთი სოციალური დახმარება მაქვს და ბინის ქირა გადავიხადო, საჭმელი და შეშა ვიყიდო, ვალები გავისტუმრო თუ რა გავაკეთო? ახლა „ხაზეიკა“ ქირას მთხოვს. მე უკვე იმის შიშიც მაქვს, რომ ქირას გამიზრდის. არ ვიცი, რა გავაკეთო. დამაკმაყოფილონ პატარა მიწით და ერთი ოთახით, რომ ჩემი ოჯახით შევიდე და აღარ დამჭირდეს ქირიდან ქირაზე გადასვლა. მთავრობამ, არჩევნები წავაგეთო. წააგებდნენ, რადგან ჩემნაირი გაჭირვებული ხალხი ბევრია. ჩვენ დახმარება და ყურადღება გვჭირდება“, _ ამბობენ მაჭარაშვილების ოჯახში.
ასეა თუ ისე, ხელისუფლებას რეალობის დანახვა არ უნდა და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ეკონომიკაც წინ მიდის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა „რუსთავი 2“-ს უყურებს, იმ სიკეთეებს, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ვერ ხედავს!
ეს განცხადება, მინიმუმ, სიბრიყვეა, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩინოვნიკთა ასეთი „გამპრავებლური“ განცხადებებით საფრთხე ქვეყანას ადგება. დიახ, ეს სოციალური პრობლემები ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე მოქმედებს უარყოფითად და იგივე ევროატლანტიკურ პერსპექტივას უკანა პლანზე წევს, რადგან დღევანდელი მონაცემებით, საქართველო არათუ განვითარებადი, არამედ განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანაც არ არის!
ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სოციალური დამხარების იმედად ცხოვრობს!
ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები შიმშილობენ!
სამაგიეროდ, ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 3-დან 5%-მდე, ანუ უმაღესი თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა ძალიან კარგად კი არა, ზღაპრულად ცხოვრობს. ზოგი ჩინოვნიკის ცოლი კი არც იმის თქმას ერიდება, რომ ვინაიდან მის მეორე ნახევარს „ასეთი რაღაცები“ უყვარს, ნაძვის ხე დოლარებით მორთო!
„ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით – ვერ მოვასწარი სათამაშოების ყიდვა. კახას უყვარს ასეთი რაღაცები. საჩუქრის ჩუქებას, ჯობია, რაღაც მოვუწყო, დიზაინი შევცვალო – ასეთი რამეები უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, სუნამო მიჩუქებია და არ დაუსხამს, რადგან ერთი აქვს ამოჩემებული და სხვას არ ისხამს. ამიტომ საჩუქრების გაკეთებას თავი დავანებე და რაც მოსწონს, იმას ვუკეთებ. რომანტიკულ საღამოებსაც ხშირად ვუწყობ, ძალიან უყვარს“, _ განუცხადა ჟურნალ „თბილისელებს“ 2014 წელს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის, კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ.
ისე, სიმბოლურია, რომ დღესაც კალაძის კონტექსტში ნაძვის ხეა აქტუალური _ თბილისის მერმა შვილმოკლულ მამებს, რომლებიც მესამე თვეა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და სიმართლეს _ საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ, აუწყა, რომ ვინაიდან, რუსთაველზე ნაძვის ხე უნდა დაიდგას, მათ პროტესტი უნდა შეწყვიტონ!
ქვეყანაში, სადაც ადამიანები სიმართლეს ვერ პოლუობენ და სადაც მკვლელებს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე დაჩაგრულ ადამიანებს, საკითხავია, ვის ენაძვისხება და, საერთოდ, რომელ ზეიმსა და ახალ წელზეა ლაპარაკი?
ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერ ამის შემხედვარე, ალბათ, მეორედ იკითხავდა: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“
ისე, ილია ჭავჭავაძეც ქართველებმა მოვკალით!

გიორგი აბაშიძე