გაღატაკებული საქართველოს შოკისმომგვრელი ქრონიკები

მმართველი ელიტის ცინიზმს, როგორც იტყვიან, საზღვარი არ აქვს. ეს, ზოგადად, ცნობილი და ნათელია, მაგრამ იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევრობა ყვავის და იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვონ, ადამიანები საზღვარგარეთ გარბიან, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება, კერძოდ, „საქსტატი“ გვიმტკიცებს, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის დონე შემცირდა. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ქართულმა ინტერნეტმედიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, თურმე, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.
2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9% შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად, 1.9 და 0.9%-ული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში _ 3.1 პროცენტული პუნქტით.
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცეენტული პუნქტით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად, 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით.
სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში _ 1.1 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს ქალებში აქტიურობის დონე 55.6 პროცენტს, ხოლო კაცებში _ 73.6 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში _ 1.0 პროცენტული პუნქტით.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა.
გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში აჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი, ტრადიციულად, ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი“, _ ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.
საერთოდ, რეალობის შეცვლა, ანუ საკუთარი ფანტაზიის სასურველ რეალობად წარმოჩენა, ქართული პოლიტიკური ელიტის ერთგვარი დაავადებაა. დიახ, მარტო ამჟამინდელი ხელისუფლება კი არა, მისი ყველა წინამორბედიც ისე წარმოაჩენდა, რომ თითქოს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას უკეთეს პირობებში ეცხოვრა, მაგრამ ქართული ანდაზაა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და ყველა მთავრობის ეს ტყუილიც მალე იშიფრებოდა ხოლმე. დღესაც ასეა _ „ოცნება“ გვიმტკიცებს, „რუსთავი 2-ს“ უყურებთ და ამიტომაც გშიათ, თორემ სინამდვილეში თქვენი მაცივრები სურსათ-სანოვაგით არის სავსე, არც ლარია გაუფასურებული და, საერთოდაც, საქართველო განვითარებადი და მაჩანჩალა სახელმწიფო კი არაა, არამედ ჩვენი ეკონომიკა ყვავის და დღე-დღეზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ან რომელიმე სხვა ზეგანვითარებულ ქვეყანას უკან ჩამოვიტოვებთო.
ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. სამაგიეროდ, ადამიანებს პოლიტიკური ოცნებები კლავს. ყოველ შემთხვევაში, „ქრონიკა+-მა“ ერთი მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა _ „რუსთავი 2“ გამორთო და იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობს მოსახლეობა, ხალხში გავიდა, ანუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავედით და თითქმის ყველგან ერთნაირი სურათი დაგვხვდა _ მოსახლეობას უკიდურესად უჭირს!
აი, მაგალითად, მადლენა ჭ-შვილი იმერეთის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველთა სიაში იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთ ადგილობრივ სახელმწიფო უწყებაში დამლაგებლად მუშაობს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 220 ლარს არ სცილდება. ქალბატონ მადონას სახლი კი აქვს, მაგრამ საკითხავი ის არის, ამ სახლში რა აქვს? ორი სკამი, ერთი მაგიდა, ერთი გარდერობი, ერთი საწოლი და ერთიც მაცივარი, რომლის კარიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ თოკით არის დაბმული _ აი, სულ ეს გახლავთ ჩვენი რესპონდენტის ავლადიდება.
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ჩვენ ქალბატონი მადონას სახლში ვნახეთ, კუსტარული გამათბობელია.
_ მეზობელმა მათხოვა და ზამთარში, როცა ძალიან შემცივდება ხოლმე, მაშინ ვანთებო, _ გვეუბნება მასპინძელი, რომელიც თავს უხერხულად იმის გამოც გრძნობს, რომ ვერაფრით გვიმასპინძლდება, _ ნეტავ, მცოდნოდა, მოსვლას თუ აპირებდით, მაღაზიაში „ნისიად“ ნალექიან ყავას მაინც ავიღებდიო, _ თვალცრემლიანი გვეუბნება ახალგაზრდა ქალი და თავის გაჭირვებულ ყოფაზე გვიყვება:
_ ერთადერთი შვილი მარტომ და ვაივაგლახით გავზარდე _ სამი წლის იყო, ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს. კიდევ კარგი, ეს ბინა დედამთილ-მამამთილმა მიყიდეს, თორემ ქუჩაში მომიწევდა შვილის გაზრდა.
_ მეუღლე ისევ ციხეშია?
_ არა, ოთხი წლის წინ გამოვიდა და მალევე გარდაიცვალა.
_ თქვენი შვილიც აქ ცხოვრობს?
_ არა, ჩემი გოგო უკვე 25 წლისაა, უმაღლესი რომ დაამთავრა, ქუთაისში გათხოვდა. მადლობა ღმერთს, რომ ნორმალური ოჯახი შეხვდა.
_ შვილი არ გეხმარებათ ხოლმე?
_ თვეში ერთხელ შეიძლება, ასი ლარი გამომიგზავნოს, თვითონაც შვილები ჰყავს და მშივრებს ხომ ვერ დატოვებს? ჩემი ხელფასით, ასე თუ ისე, თავი გამაქვს, მაგრამ აი, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ბანკის პროცენტებია _ ვერ ვიხდი და საურავები თუ რაც ჰქვია, იზრდება და იზრდება.
_ ბანკის კრედიტი რამდენი გაქვთ?
_ ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს, მაშინ არ ვმუშაობდი და თავი როგორმე უნდა გაგვეტანა, თან ბავშვი პატარა იყო და ათასი რამე სჭირდებოდა. ამიტომ ბანკიდან 8 ათასი დოლარი ავიღე სესხად, ვიფიქრე, რამე იქნება და გადავიხდი-მეთქი. თავიდან გადახდას ვახერხებდი _ მაშინ ჩემი მშობლებიც ცოცხლები იყვნენ და მეხმარებოდნენ, მაგრამ ბოლო ხუთი წელი იქნება, პროცენტი აღარ გადამიხდია და ბანკიდან ყოველ თვე მირეკავენ, _ ან კრედიტი დაფარე, ან ბინას გაგიყიდითო. აღარ ვიცი, რა ვქნა.
_ კი მაგრამ, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ე. წ. განულების პროგრამა რომ გამოაცხადა „ოცნებამ“, ამ სიაში არ მოხვდით?
_ არა.
_ რატომ?
_ აბა, რა გითხრათ? _ ალბათ, მაგ სიაშიც ხალხი ნაცნობობით შეიყვანეს, თან იცით, რა ხდება?
_ რა?
_ არ ვიცი, ეს უნდა გითხრათ თუ არა.
_ რა ხდება?
_ გეტყვით, მაგრამ ჩემი გვარი გაზეთში არ დაწეროთ, თორემ შეიძლება, სამსახურიდანაც გამაგდონ და მთლად ულუკმაპუროდ დავრჩე.
_ კი ბატონო, არ დავწერთ, მაგრამ რა პრობლემა გაქვთ?
_ მე „ოცნების“ მომხრე არ ვარ.
_ „ნაციონალი“ ხართ?
_ არა, არც „ნაციონალი“ ვარ. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ არჩევნებზე რომ მივდივარ ხოლმე, შალვა ნათელაშვილს ვაძლევ ხმას.
_ ეს თქვენი უფლებაა _ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
_ სად არის დემოკრატია? დემოკრატია შეიძლება, ქალაქშია, თორემ ჩვენთან, სოფელში, ყველაფერი სხვანაირად არის.
_ რას ჰქვია, სხვანაირად არის?
_ აი, მთავრობის მაქებარი უნდა იყო და პურიც გექნება და წყალიც! ეგ კი არადა, უბანში აგენტებიც ჰყავთ, ერთი მეზობელია, სულ მოდის და მეკითხება, ვისი მომხრე ხარო. ვატყუებ, „ოცნების“-მეთქი. დამლაგებლის ადგილიც ამ მეზობელმა მიშოვა და ახლა რომ გაიგონ, „ოცნებას“ არ ვუჭერ მხარს, შეიძლება, სამსახურიდან გამომაგდონ!

***
ზოგადად, პოლიტიკური ტერორი ქართული რეალობისთვის უცხო ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ აცხადებს, დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის არავინ იდევნებაო, მაგრამ ხომ იცით, შიშს დიდი თვალები აქვს. ჰოდა, ადამიანების კატეგორიას ეშინია. შიშის სინდრომი უმეტესად სოციალურად დაუცველთა ფენებში შეინიშნება, რადგან ამ კატეგორიაზე ზემოქმედება ძალიან ადვილია _ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან ან უფასო სასადილოდან გამოაგდებენ და ა. შ.
ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სოციალურად დაუცველი ფენით მანიპულირება „ოცნების“ ნოუ-ჰაუ ნამდვილად არ არის. გაჭირვებულ ხალზე პოლიტიკურად წინა ხელისუფლებაც მანიპულირებდა. ზოგადად, ცნობილია, რომ სოციალურად დაუცველი მასების მართვა გაცილებით ადვილია. ყოველ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ისტორიას გადავავლებთ თვალს, იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები არსებობდა, ხალხი, როგორც წესი, გაჭირვებული იყო ხოლმე. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ან დიქტატურაა, ან _ ავტორიტარიზმი. 2012 წლის შემდეგ ჩვენთან მმართველობის ახალ ფორმას ჩაეყარა საფუძველი _ ე. წ. დემოკრატიულ ფეოდალიზმს, რომელსაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, თუმცა თემიდან არ გადავუხვევთ და საქართველოს დუხჭირ ცხოვრებაზე გავაგრძელებთ საუბარს.
მოკლედ, იმერელ რესპონდენტს, ქალბატონ მადონას, ერთი არაეთიკური კითხვა დავუსვით, ანუ იმით დავინტერესდით, თუ როდის ჰქონდა ბოლოს ხორციანი კერძი?
_ ხორცი? _ ისევ ცრემლი მოერია ქალბატონს, _ რამდენიმე წელია, ხორცი არ მიყიდია! ხორცი რომ ვიყიდო, მერე კომუნალური გადასახადები როგორღა გადავიხადო? ეს კი არადა, ერთზე მეტ ნათურასაც არ ვანთებ, რომ ბევრი არ დაწეროს!
შესაძლოა, ვინმე იფიქროს, რომ ქალბატონი მადონა იშვიათი გამონაკლისია ან ჩვენ ასეთი გაჭირვებული ადამიანი მიზანმიმართულად მოვძებნეთ, მაგრამ ეს ვიღაცების მხრიდან თავის დამშვიდება იქნება და მეტი არაფერი, რადგან საქართველოში ქალბატონი მადონას მსგავსი ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანია და ამას ისიც მოწმობს, რომ საქართველოში ე. წ. უფასო სასადილოების ბუმია. ამას გარდა, ოფიციალური მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ძალიან, ძალიან, დაბალია.
რაც შეეხება „საქსტატის“ მონაცემებს, რომლის შესახებაც წერილის დასაწყისში ვსაუბრობდით და რომლის თანახმადაც, საქართველოში უმუშევრობა თითქოს შემცირდა, ეს რომ ბლეფია, საერთაშორისო დასკვნებიც მოწმობს. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის დასაწყისში „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, ანუ ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა; 37%-ის აზრით _ ინფლაცია; 27%-ის აზრით _ ტერიტორიული მთლიანობა; 25%-ის აზრით _ პენსიები; 18%-ის აზრით კი _ ხელფასები.
NDI ამ კვლევაში მიუთითებს, რომ 2009 წლის შემდეგ ეს საკითხები საქართველოში ყველაზე სენსტიტიურია.
„მთავრობას ხალხი არ უყვარს“, _ ესაა მოსახლეობის შეფასება. ხალხი იმასაც ამბობს, რომ სოციალური გაჭირვების მოგვარება ხელისუფლებას შეუძლია, მაგრამ თავს არ იწუხებს და მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
„არაფერს წარმოადგენს მოსახლეობა მთავრობისთვის. არჩევნებისთვის იკლავენ თავს, აგვირჩიეთო. მიიღებენ ხმას და დამთავრებულია. პირადად მე გარემოვაჭრე ვარ და ოჯახს ამით ვარჩენ, მაგრამ სულ იმის შიში მაქვს, რომ ერთ დღესაც გარევაჭრობას აკრძალავენ და ლუკმაპურის გარეშე დავრჩები“, _ ამბობს შუახნის ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელას, ჩვენი წინა რესპონდენტის მსგავსად, იმიტომ ერიდება, რომ არ უნდა, ვინმეს თვალში ზედმეტად გაეჩხიროს და ამის გამო პრობლემები შეექმნას.
„67 წლის ქალი ვარ, მაგრამ ამაზე გაჭირვებული საქართველო არ მახსოვს. არ ვიცი, როდის უნდა მოგვაქციონ ყურადღება. ხელისუფლება ისე გვიყურებს, როგორც საზარბაზნე ხორცს“, _ ამბობს ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე.
მაყვალა, 56 წლის:
„მთავრობა ხალხს არამედ რომ მიიჩნევდეს, იმაზე იზრუნებდა, რომ სამუშაო ადგილები შეექმნა და შიმშილით არ ამოვხოცილიყავით, მაგრამ ეგენი მარტო საკუთარ ტყავზე ფიქრობენ. თვითონ ხომ აქვთ მაღალი ხელფასები, არც რესტორნებს იკლებენ და არც _ უცხოეთში სეირნობას“.
ოთარი, 65 წლის:
„ვერ გაძღა მაგათი მუცლები, ვერა! პენსიონერი წელს გავხდი, მაგრამ მაგათი მოგდებული კაპიკებით ცოლ-შვილი როგორ უნდა ვარჩინო? ვტაქსაობ და პურის ფულს ასე ვშოულობ, მაგრამ ახლა ტაქსისტებსაც რეგულაციებს გვიწესებენ. კი ბატონო, მეც მინდა, რომ კარგი მანქანა მყავდეს, მაგრამ რგორ ვიყიდო? _ ბანკები კრედიტებსაც აღარ იძლევიან! სხვათა შორის, ორი ბიჭი მყავს, ორივეს უმაღლესი აქვს დამთავრებული, ერთი ეკონომისტია, მეორე _ იურისტი. სამსახური ვერც ერთმა იშოვა და ორივემ ტაქსაობა დაიწყო. ახლა გავიგე, თურმე, იმ ოჯახებს, რომელთაც სამი ან მეტი მანქანა ჰყავთ, გადასახადი უნდა დაუწესონ. კი ბატონო, ჩემს ოჯახში სამი მანქანა არის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდრები ვართ და სიმდიდრის გადასახადი უნდა გადაგვახდევინონ? თუ ეს გადასახადი მართლა შემოიღეს, იძულებულები გავხდებით, ერთი მანქანა გავყიდოთ. აი, მერე არ ვიცი, რა გვეშველება, ჩემი უმანქანოდ დარჩენილი რომელიმე შვილი ოჯახს როგორ შეინახავს? იძულებული გახდება, მოიპაროს ან საზღვარგარეთ წავიდეს!“
ელენე, 46 წლის:
„მეშვიდე წელია, ეს მთავრობაა და პირადად ჩემთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. არადა, სიმართლე გითხრათ, „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და იმედი მქონდა, „ნაციონალები“ რომ წავიდოდნენ, უკეთესობა იქნებოდა. მწარედ შევცდი. საავადმყოფოში ვმუშაობ _ ექთანი ვარ, ისეთი სასაცილო ხელფასი მაქვს, თქმისაც კი მრცხვენია _ ოპერაციაში 20 თეთრს გვიწერენ, თან ჩვენი უფროსობა გვეუბნება, რომელ განყოფილებაშიც ვიქნებით საჭირო, იქ უნდა ვიმუშაოთ და პალატებიც უნდა დავალაგოთ. თვის ბოლოს 180 ან 200 ლარი ძლივს გამომდის. ჩემი ქმარი მეჩხუბება, წამოდი მაგ საავადმყოფიდან, მაგათი დედაცო, მაგრამ ეს 200 ლარიც ხომ ფულია? მართალია, ხელფასი ყოველ თვე არ გვაქვს და ორ-სამ თვეში ერთხელ გვაძლევენ, მაგრამ ესეც რაღაცას ნიშნავს. ჩემმა ახლობელმა მითხრა, საბუთები გააკეთე და ჩემთან წამოდი, იტალიაშიო. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, _ წავალ, ცოტას ვიმუშავებ და ორ-სამ წელიწადში დავბრუნდები-მეთქი, თავიდან გაგიჟდა და მითხრა, გაბოზება თუ გინდა, აქ გაბოზდი, რაღა იტალიაში უნდა წახვიდეო! მაგრამ მერე მაგის სამსახურიც დაიხურა _ საგზაოში მუშაობდა და კომპანიამ ტენდერი ვეღარ მოიგო. ჰოდა, ახლა დავრჩით ამ ჩემი კაპიკების იმედზე და მითხრა, _ თუ გინდა, წადი და მერე მეც წამოვალო. ახლა საბუთებს ვაკეთებ და, ალბათ, ზაფხულში წავალ, მაგრამ არ ვიცი, შვილები ვის დავუტოვო“.
დალი, 32 წლის:
„ჩვენ არც მთავრობა გვყავს და არც სახელმწიფო გვაქვს!“
ვალერი, 55 წლის:
„ამ მთავრობისთვის ადამიანები არ არსებობენ. ახალგაზრდა კაცი ვარ, პროფესიაც მაქვს, მაგრამ სადაც მივედი, ყველგან მითხრეს, რომ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდეო. ეს კომპიუტერი კი ვისწავლე, მაგრამ სანამ ინგლისურს ვისწავლი, მანამდე რა ვქნა, ჰაერით ვიკვებო? უკვე ისეთ ჭკუაზე ვარ, რომ რომელიმე თანამდებობის პირის სახლთან ჩემი ოჯახით მივალ, დავჯდები, შიმშილობას დავიწყებ და სანამ ყურადღებას არ მომაქცევენ, იქიდან ფეხს არ მოვიცვლი! საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის თუ დამიჭერენ, დამიჭირონ _ ციხეში საკვების პრობლემა მაინც არ მექნება!

***
ერთი სიტყვით, ასეთია თანამედროვე საქართველოს რეალობა, _ რეალობა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება თვალს არ უსწორებს და ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს, _ აი, ვითარებას მიზანმიმართულად ძაბავს და ყველაფერს მუქ ფერებში ხატავსო. შესაძლოა, ეს ფაქტორიც არსებობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხში გავლენ და მოსახლეობის ჭირ-ვარამს საკუთარი თვალით ნახავენ!
სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ოცნების“ ლიდერშიფმა განაცხადა, რომ კარდაკარ დაიწყებდნენ სიარულს, ადამიანებს ჩაეხუტებოდნენ და მათ პრობლემებს არათუ გაეცნობოდნენ, არამედ მოგვარებაშიც დაეხმარებოდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. ყოველ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-მა ბევრი ეძება, მაგრამ ერთი ისეთი ადამიანი ვერ იპოვა, რომელსაც რომელიმე ოცნებელი მაღალჩინოსანი ჩაეხუტა. ასე რომ, თუ ხელისუფლება გონზე არ მოვა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნებს, მშიერი ხალხის მართვა მარტო სანახაობით გაჭირდება!

გიორგი აბაშიძე