გაქცევა ქართულად

g1

ფორესტ გამპს იმდენი არ ურბენია, რამდენიც ქართველებს. ჩვენ მუდმივად სადღაც გავრბივართ, ხშირად ეს პროცესი გაუცნობიერებლად მიმდინარეობს და მორიგი თავპირისმტვრევით სრულდება.

ისტორიის სპეციალისტების შეფასებით 1921 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა დედაქალაქიდან ჯერ ბათუმისკენ და იქიდან თურქეთში რომ არ გაქცეულიყო, იმ ეტაპზე დამოუკიდებლობის შენარჩუნების ძალიან დიდი შანსი არსებობდა. რუსეთის მეთერთეტე არმია, რეალურად, „ბომჟების ბრიგადა“ იყო, რომლისთვისაც კუდით ქვის სროლინება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

მაშინდელ „ნაცებად“ და „ქოცებად“ „მენშევიკები“ და „ბოლშევიკები“ გვევლინებოდნენ, ისინიც გააფთრებით ჭამდნენ ერთმანეთს, მთავარ სამხედრო დაჯგუფებებს შორისაც დიდი შუღლი ღვიოდა. შედეგი ლოგიკური იყო, თავქუდმოგლეჯილი გაქცევა და ქვეყნის წითელი ეშმაკებისთვის გადაცემა.

საბჭოთა პერიოდში კომუნიზმისკენ გავრბოდით და რაც დავიჭირეთ, ესეც ცხადია.

გავიხსენოთ ეროვნული მოძრაობის მიერ 1989 წლის 23 ნოემბრისთვის დაგეგმილი დიდი მიტინგი ცხინვალში, გზის გადაღობვა და უზარმაზარი მასის უკან, თბილისში, „კუდამოძუებული“ გამობრუნება.

1989 წლის 9 აპრილის დილა, როდესაც ალესილნიჩბიან საბჭოთა „გალავარეზებს“, ძირითადად, უმწეო ქალები, გოგონები შეეგებნენ…

ზვიად გამსახურდიამ მთავრობის სასახლე „თბილისის ომის“ შემდეგ დატოვა, მაგრამ მის თანმხლებ ამალას ამის შემდეგაც კი ზურგში ტყვია ესროლეს. გავიხსენოთ ავტობუსის დაცხრილვა მტკვრის სანაპიროზე. აქ ურთიერთშეთანხმებით გაქცეულებსაც არ ინდობენ პერსონები, რომლებიც შემდგომ ცხოვრებაში „ზნეობის მეტრებად“ გვევლინებიან.

90-იანების „დემოკრატიულ საქართველოში“ ასევე წარმატებით ქუჩებიდან გაქცეულ „ზვიადისტ“ მომიტინგეებს ხვრეტდნენ.

მერე შიდადაპირისპირების რეალობიდან გაქცევამ აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი დაგვაწყებინა. რით დასრულდა ეს ყველაფერი, ამაზე ნუღარ გავჩერდებით.

პირველ პრეზიდენტს გაქცევა ისევ არ შეარჩინეს, სამეგრელოში სოფელ-სოფელ სდიეს, სანამ მდევნელები სიკვდილმა არ დააშოშმინა.

ბოლოს და ბოლოს, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დაცვის ბიჭებმა ადრე უშიშარი (ამაზე ბოლოს ვიტყვით) ედუარდ შევარდნაძეც კი გააქციეს. ჟურნალისტების კითხვაზე, _ სად მიდიოდა? მან უპასუხა: სახლში!

აგვისტოს ხუთდღიან ომში ბრძოლის ველზე დასახიჩრებული მეომრები მივატოვეთ. მათი პატრონობა მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო, რაც ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. პოზიციებს უსისტემოდ არა მხოლოდ სამხედრო ნაწილები ტოვებდნენ, ლამის დედაქალაქი დაიცალა. უახლოეს საზღვრებს, პირველ ყოვლისა, „ამა ქვეყნის ძლიერნი“ მიაწყდნენ. გაქცევის მორიგი სამარცხვინო რიტუალი პირნათლად აღსრულებული იყო.

თავის დროზე, ოჩამჩირისა და გალის მსგავსად, 2008 წელს დაკარგულ ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონიც ზედ მივაყოლეთ, რაღაც ქვაღორღიანი ტერიტორიის „პონტში“. გაქცევა ხომ ყოვლისმომცველი უნდა ყოფილიყო?

მერე ყველა ერთად „ქართული ოცნების“ გადამწყვეტ მიტინგზე გავიქეცით, როდესაც რუსთაველის გამზირი გაივსო. ასეთი პოლიტიკური მოქცევა ქართულ რეალობას მანამდე არ ეხილა. და რა გააკეთა ამ ყველაფრის შემოქმედმა? რაღაც ერთ წელიწადში პრემიერ-მინისტრის სამუშაო რეჟიმი პირად ინტერესებს, ცხოვრების წესს, უწინარესად, ღამის 10 საათზე მიძინებას ვერ შეუთავსა და აქაც თავქუდმოგლეჯილმა სოლოლაკის აღმართისკენ გაქუსლა.

ამან ერი სახტად დატოვა _ ყველანაირ გაქცევას, თავის შველას მიჩვეული, ეს რაღაც არნახული მოკურცხვლა იყო. მით უმეტეს მაშინ, როცა მადლიერი ამომრჩეველი დუხჭირი ცხოვრებისგან ცოტა ამოსუნთქვას და შემდგომში მისგან „ოქროს კოშკებს“ მოელოდა.

მდიდარმა „მარბენალმა“ მემკვიდრედ ღარიბაშვილი დატოვა, რომელიც მანამდე მის დაძახებულზე სირბილის ნაცვლად არც არაფერს აკეთებდა. ეს ბიჭი სულ იმის მოლოდინში იყო, რომ, ადრე თუ გვიან, მორიგჯერ გააგდებდნენ და როცა ეს უბრძანეს, უკვე ფსიქოლოგიურადაც მზად იყო გასაქცევად. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უხვად დაპირებული უკეთესი დროება არა და არ დგებოდა. ამ პირობებში სხვა რა გზა რჩებოდა, თუ არა დროზე თავის შველა?

მიუხედავად მთავარი პასუხისმგებელი პირის უკანმოუხედავად გაქცევისა და ქვეყანაში სამარცხვინო არაფორმალური მმართველობის დამყარებისა, საზოგადოება 8 ოქტომბერს ისევ გაიქცა და უპირატესად ისევ იმას მისცა ხმა, ვინც ადამიანების ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა სრულიად მოიხსნა.

ამაზე ჯერ ბოდიშის მოხდის, გოდების კედელზე თავის რახუნისა და მერე მადლობის თქმის მაგივრად ეს კაცი შუშის სასახლის კიდევ უფრო სიღრმეში შეიყუჟა და ერის ფსიქოანალიზის ახალ-ახალი მიგნებებით ტკბება.

ხოლო მისი მემკვიდრეები უკვე არჩევნების მომდევნო დღეებში გაცემულ დაპირებებს გაურბიან და ნიშნისმოგებით საუბრობენ საკუთარ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომლის ფასი, ერთი გაქცეულის მილიარდები რომ ჩამოვაშოროთ, ნულის ტოლი აღმოჩნდება.

მაგრამ ეს რა მოსატანია იმ „საარაკო“ გაქცევებთან შედარებით, რაც საარჩევნო შოკის შემდეგ ე. წ. ოპოზიციის რიგებში შეიმჩნევა. ზოგმა, ვგონებ, აბი გლუკოზისა და ბროწეულის ოყნის მომარაგებაც ვერ მოასწრო.

არჩევნები დასრულებული არ იყო, როცა „თავისუფალი დემოკრატები“ ლიდერმა და ძირითადმა მმართველმა ბირთვმა დატოვა. არაფრისმთქმელი სიტყვების რახა-რუხის მიუხედავად, ყველა მიხვდა, რომ ისინი ოპოზიციიდან მთავარ გაქცეულთან შესაკვრელად გაიქცნენ. ბიჭებმა ორი წელი დუხჭირ ოპოზიციაში ყოფნა ვერ აიტანეს და თბილი კაბინეტების დაკარგვის სიცივემ გააჟრჟოლათ.

გაქცეულებს ისიც დაავიწყდათ, რომ მათი თანამებრძოლები, ისევ მათივე შეფასებით, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ერთ-ერთი იმასაც აცხადებს, რომ ჩვენ მანამდეც რიგ საკითხებში „ოცნებას“ ვუჭერდით მხარსო, როდესაც არჩევნებამდე მუდმივად თანამებრძოლების ბედზე გაჰკიოდა.

მერე საკუთარი პარტიებიდან გაიქცნენ გუბაზ სანიკიძე (მანამდე ფორუმელი კიკნაველიძე „ოცნებას“ ზესტაფონში დაეწია და ბოლომდე ჩაეხუტა), პაატა ზაქარეიშვილი, ვახტანგ ხმალაძე…

აი, ამ ფონზე, დავით უსუფაშვილის გაქცევას „რესპუბლიკური პარტიიდან“ ნამდვილად არავინ ელოდა. იმედია, ტრადიცია აქ მაინც დაირღვევა და ეს პროცესი ისევ მთავარ გაქცეულთან სამარცხვინო ჩახუტებით არ დასრულდება. ასეთი გაქცევა უნდა დასრულდეს, ერთი ციცქნა ქვეყანა ამდენ ღალატს ვერ გაუძლებს.

მთლად პესიმიზმში გაქცეულ-მოქცეულები რომ არ დავრჩეთ, დადებითი ისტორიებიც გავიხსენოთ, რაც თავს გადაგვხდენია.

ლეგენდარული სამხედროები, მაზნიაშვილი და კვინიტაძე, რომლებმაც, თავის დროზე, ყველა მომხვდური თავქუდმოგლეჯილი გააქციეს. ეს გმირები სიღრმეში პოზიციებსაც მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ, როცა ბრძანება ზემოდან მოდიოდა მათგან, ვინც მოგვიანებით თავს ისევ მოკურცხვლით შველოდნენ.

ვერ დავივიწყებთ თუნდაც სადავო მმართველობის ავტორს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც დაცემული სოხუმიდან ცოცხალი თავით არ გამოდიოდა და დაცვის წევრებმა ძალით გამოათრიეს.

არ დავივიწყოთ ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებიც ბოლომდე გამაგრდნენ სოხუმის მთავრობის შენობაში და ტყვედ ჩავარდნის მერეც ისე მოიქცნენ, რომ დღემდე მოსისხლე მტრებიც კი მათ პატივითა და ერთგვარი მეომრული სინანულით მოიხსენიებენ.

ვერასოდეს დავივიწყებთ გიორგი ანწუხელიძეს, ვახტანგ გზირიშვილს, ერეკლე ყულოშვილს,  გოგა აბრამიშვილს, ძმებ რომელაშვილებს… აგვიტოს უთანასწორო ომის გმირებს.

მოკურცხვლა უნდა დასრულდეს, თორემ ერთხელაც ჩვენ ყველას ეს ქვეყანა გაგვექცევა და უკან ვეღარ დავიბრუნებთ. ყველამ ჩვენი საქმე პატიოსნად უნდა ვაკეთოთ და სამშობლოს ამ გზით ვემსახუროთ. ამისთვის ჯერ ყველგან და ყველა მიმართულებით გაქცევები უნდა დასრულდეს.

 

                                                                                                           გიორგი მეფარიძე