გაუქმებული ტენდერი და მოგებული დავა ?!

„ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ საზედამხედველო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ საყვარელიძე, ყველაზე აქტიური 2013 წელს გახდა, _ მომენტალურად შევიდა „თამაშში“ და უცებ დაალაგა ურთიერთობები ახალი ხელისუფლების წევრებთან, თუმცა ყველასთან ვერა!

2013 წელს მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ასი ავტობუსის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერი გამოცხადდა 4 ნოემბერს საწყისი ღირებულებით _ 55 550 000 ლარი. ტენდერში ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ყველაზე დაბალი ფასი (31 660 601 ლარი) დააფიქსირა ჩინურმა კომპანია Xiamen Golden Dragon Bus-მა.

შემოთავაზებების მიღების დასრულების შემდეგ თბილისის მერიამ კანდიდატ კომპანიას მიმართა, ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად წარმოედგინა ევროკავშირის სერტიფიკატი. ჩინურმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული პირობა, ეს კი იმით ახსნა, რომ შესყიდვის დროს მას სერტიფიკატები მხოლოდ ძირითად აგრეგატებზე ჰქონდა, ხოლო ავტობუსის სრული ევროსტანდარტებით სერტიფიცირება წარმოებაში მისი ჩაშვებისთანავე მოხდებოდა.

ჩინური კომპანია Xიამენ Gოლდენ Dრაგონ Bუს-ის წარმომადგენლები იყვნენ ავთანდილ საყვარელიძე და ბადრი ნიაური. ავთანდილ საყვარელიძემ, იმ დროისთვის შპს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ საზედამხედველო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გადაწყვიტა, ფეხი აეწყო ახალი ხელისუფლებისთვის და 2013 წელს (და არა წინა წლებში) საჯაროდ დაადანაშაულა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი მასზე ზეწოლაში. საყვარელიძემ სწორედ კეზერაშვილის გამო „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“, სადაც გაერთიანებული იყო „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“, საკუთარი წილი ბადრი წილოსანს დაუთმო. ავთო საყვარელიძის ამ განცხადების შემდეგ, 2013 წლის მაისში, ბადრი წილოსანი და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა ნაწილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებდა თანხების უკანონო მითვისება-გაფლანგვას და რის შედეგადაც, ვითომდაც, „საქართველოს რკინიგზას“ 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

ამაზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა წინა ნომერში, აქ კი იმიტომ შეგახსენეთ, რომ აღნიშნული დეტალი კიდევ გამოგვადგება.

დავუბრუნდეთ ტენდერს: თბილისის მერიის სატენდერო კომისიამ განიხილა Xiamen Golden Dragon Bus-ის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია და ტენდერის პირობებთან შეუსაბამობის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცა. შედეგად, თბილისის მერიისთვის 100 ავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვების მთავარი კანდიდატი მეორე ჩინური კომპანია _ Zhengzou Yutong Bus gaxda გახდა, რომლის შემოთავაზებამ Xiamen Golden Dragon Bus-ზე 25 ლარით მეტი _ 31,660,626 ლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, სატენდერო პირობების თანახმად, Zhengzou Yutong Bus-მა კომისიას ევროკავშირის სერტიფიკატი წარუდგინა.

და აი, აქ ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ _ 2013 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა. მიზეზი: საკრებულომ ბიუჯეტი არ დაამტკიცა. 2014 წელს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერია იძულებული გახდა, შეეჩერებინა ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც თბილისის კეთილდღეობას ემსახურებოდა, რომ უწყება იძულებული გახდა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდვების პროცედურები შეეწყვიტა.

განცხადების შესაბამისად, მომწოდებლისთვის ასანაზღაურებელი ავანსის (ავტობუსის ფასის 30%, დღგ-სა და სერვისის ღირებულების გარეშე) მოცულობა კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: „KAREX (IVEKO) “ _ 14 729 954 ლარი, „Tegeta Truck and Bus (MAN) “ _ 13 801 629 ლარი, „Solaris Bus & Coach S.A “ _ 14 290 134 ლარი, „Zhengzhou Yutong Bus Co. LTD “ _ 8 671 584 ლარი და „XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO “ – 8 679 828 ლარი. აქედან ნათლად ჩანს, რომ ზემოთ მოცემული ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, ზოგიერთი კომპანიისთვის ავანსის გადახდაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ავანსის გადახდის შემთხვევაში ზემოთ მითითებული სხვა ღონისძიებები ვერ განხორციელდებოდა.

არადა, 2014 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოს 2013 წლის ნოემბერში გადაუგზავნა. ბიუჯეტის დამტკიცება 4 თვე გაჭიანურდა. საბოლოო ჯამში, თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის მიღებას მხარი ოთხჯერ არ დაუჭირა. საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი თავადვე შეიმუშავა და 2014 წლის 8 მარტს 785 მილიონი ლარის ოდენობით დაამტკიცა. აქედან, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის 88 713 000 ლარი იყო გათვალისწინებული, 64 313 500 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის და 24 400 000 ლარი კი ტრანსპორტის განვითარებისთვის.

სწორედ, ამაში შედიოდა დედაქალაქისთვის 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი. ცნობისთვის: ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS-ს თბილისის მერიამ შენიშვნები გაუგზავნა, რომელიც კომპანიამ გაითვალისწინა. ამის შემდეგ კომპანია საერთოდ ჩაიხსნა ტენდერიდან და დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ჩინურმა კომპანიამ საჩივრით მიმართა შესყიდვის სააგენტოს და დავა მოიგო. შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიას აღნიშნული კომპანიის ტენდერში აღდგენა დააკისრა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ ტენდერი საერთოდ გააუქმა. ამ საქმეზე, სხვათა შორის, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ვინ იყო კომპანია Golden Dragon-ის წარმომადგენელი? _ ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე! მისი განმარტებით, ტენდერში წარმოქმნილი შეფერხებების გამო, ჩინურმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე უარი თქვა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი.

არადა, ავთანდილ საყვარელიძემ 2013 წლის 27 ნოემბერს თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა გამარჯვებისთვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს Golden Dragon -ის მიერ ბაზაში ატვირთული ტექნიკური მახასიათებლები ბოლომდე არ არის დაზუსტებული. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მოხდა.

მაშ, ასე! მერია რომ ტენდენციური ყოფილიყო, ავთანდილ საყვარელიძის კომპანია, სავარაუდოდ, თავიდანვე ვერ გაიმარჯვებდა ტენდერში და თავიდანვე დაუფიქსირებდნენ ტექნიკური მახასიათებლების უკმარისობას. მათი უკმარისობა კომპანიის გამარჯვების ტენდერში მოგვიანებით გახდა ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც ელექტრონული ბაზა უფრო დეტალურად იქნა შესწავლილი. აქ საინტერესო სხვა რამეა! _ შესყიდვების სააგენტოში საქმის გადასვლის შემდეგ პროკურატურაში მალევე იღიძრა სისხლის სამართლის საქმე მერიის წინააღმდეგ და ავთო საყვარელიძის სასარგებლოდ. მოგვიანებით, სწორედ „ის“ პროკურატურა დადებს საქმის მასალებს ბადრი წილოსანის წინააღმდეგ, რომელიც ავთო საყვარელიძეს პროცესის მოგებაში დაეხმარება.

ომი აქ მანამდე დაიწყო _ მერიის ტენდერით, სადაც, როგორც საქმის მასალებიდან შეიძლება გამოჩნდეს, პროკურატურა ბადრი წილოსანის ყოფილ კოლეგასა და პარტნიორს ღიად უჭერდა მხარს.

 

თამარ როსტიაშვილი