გაუზრდის თუ არა ღარიბაშვილი ობოლ ბავშვებს დახმარების თანხებს?

თამუნა მჭედლიშვილი

საქართველოში, დღეის მონაცემებით, ოფიციალურად, სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ დახმარებას სულ 21 200-მდე ბავშვი იღებს. აქედან, 4 პირი – 144 ლარს, 391 პირი – 122 ლარს, 20 747 პირი კი – 100 ლარს.

ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად? ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო? რა ოდენობით რა დოკუმენტაციაა საჭირო და რომელ უწყებას უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად? _ ამ ერთობ მნიშვნელოვანი თემის შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელ თეონა ჭალიძეს.
შეგახსენებთ: სულ ორიოდე დღეა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ზრდის მოთხოვნით მიმართა და მთავრობის სასახლეში წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მარჩენალდაკარგული ბავშვების საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია სოციალური პაკეტების გაზრდა, რაც არა თუ პოლიტიკური საკითხი, არამედ კეთილსინდისიერი მთავრობის მოვალეობაა.
მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ობოლი ბავშვების, უფრო ზუსტად, მარჩენალდაკარგული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათ საკეთილდღეოდ.
ჩვენ არაერთმა მშობელმა, მათმა მზრუნველმა, მოგვმართა იმის შესახებ, რომ აქვთ განცდა, მთავრობამ ისინი დიდი ხანია დაივიწყა და მათ მიმართ არანაირი ნაბიჯი აღარ გადადგმულა. კერძოდ, საუბარია სოციალურ პაკეტზე, რომელიც წლებია, უკვე 100 ლარია და არ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერზე ფასები გაიზარდა, ლარის კურსი კი ვხედავთ, რა მდგომარეობაშიცაა და ამ ადამიანებს სჭირდებათ მეტი ზრუნვა.
მნიშვნელოვანია, რომ მოკვლეულ იქნეს, თუ რა სერვისები სჭირდებათ მათ, რა საჭიროებები აქვთ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით იმუშაონ და შესთავაზონ ეს სერვისები. მარჩენალდაკარგულების საკითხი არ არის პოლიტიკური თემა, ვფიქრობ, ეს არის უფრო სამართლიანობის საკითხი და თავმოყვარე, კეთილსინდისიერი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ამ ჯგუფზე უფრო მეტად იზრუნოს და სათანადოდ გაიზარდოს ეს სოციალური პაკეტი“.

_ ქალბატონო თეონა, რომ განმარტოთ, ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო?
_ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტი ენიშნებათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებსა და სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
_ ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად საქართველოს კანონმდებლობით?
_ მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
_ როგორი პრინციპით და რა ოდენობით მიეკუთვნება სოციალური პაკეტი პირს?
_ სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნებათ შემდეგნაირად: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე _ ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 194 ლარის ოდენობით;
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე _ ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 172 ლარის ოდენობით;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე _ ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში _ 157 ლარის ოდენობით;
სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე _ ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში კი 150 ლარის ოდენობით.
_ კონკრეტულად ვის ან რომელ უწყებას უნდა მიმართონ მოქალაქეებმა სოციალური პაკეტის დასანიშნად?
_ სოციალური პაკეტის დასანიშნად მოქალაქეებმა განცხადება უნდა წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მნიშვნელობა არ აქვს მათი რეგისტრაციის ადგილს.
_ რა საბუთების წარდგენაა საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებასთან ერთად?
_ სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტები: მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში _ ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა. ქმედუუნარო პირის-მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში _ მშობლის ან მეურვის-მზრუნველის-მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში კი აუცილებელია საინფორმაციო ბარათი, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იქნება გაცემული, რომლის საფუძველზეც დადასტურდება პირის საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება.
ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო აუცილებელია, ხელზე იქონიოთ დოკუმენტი _ სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
_ რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე?
_ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
_ რა შემთხვევებში შეჩერდება სოციალური პაკეტი და რა გახდება ხელახლა მისი განახლების საფუძველი?
_ სოციალური პაკეტი შეჩერდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარი სოციალურ პაკეტს, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, არ მიიღებს, ანუ როდესაც მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა არ აღინიშნება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.
ან როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მინდობილობა არ განახლდება. შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება მხოლოდ განახლების თაობაზე განცხადებით მიმართვიანობის შემდეგ.
_ თუ პირი წინასწარ პატიმრობაშია და ამ საფუძველით შეუჩერდა სოციალური პაკეტი, რა ხდება?
_ თქვენ მიერ აღნიშნული საფუძვლით შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიერ განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ. მიუღებელი თანხა, არაუმეტეს ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან, ანაზღაურდება მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ; ხოლო თუ სოციალური პაკეტი სხვა საფუძვლით შეჩერდა კანონმდებლობიდან გამომდინარე, ის განახლდება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, განახლების თაობაზე კი _ განცხადებით და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.
_ ძირითადად რა არის მიზეზი სოციალური პაკეტის შეწყვეტისა?
_ სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველს წარმოშობს: პირადი განცხადება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლის საფუძველზედაც პირს თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება; ბენეფიციარის გარდაცვალება; მარჩენალდაკარგული პირების 18 წლამდე ასაკის მიღწევა;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვა.
_ არის თუ არა რამე სახის შეზღუდვები სოციალური პაკეტის მიღებაზე?
_ კანონის გათვალისწინებით, დაუშვებელია ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება.
აგრეთვე, სოციალურ პაკეტთან ერთად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღება.
იმ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
_ საინტერესოა, როგორ გადაანგარიშდება სოციალური პაკეტი?
_ სააგენტოს მიერ ბენეფიციარის სოციალური პაკეტის ოდენობის გადაანგარიშება ხორციელდება ავტომატურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.
_ თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის სათანადოდ გაზრდის მოთხოვნით განცხადებით მიმართეთ…
_ დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ობოლი ბავშვების, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მარჩენალდაკარგული პირებისთვის სოციალური პაკეტის სათანადოდ გაზრდის მოთხოვნით მივმართეთ და ასევე იმისთვის, რომ შესწავლილ იქნას ამ ჯგუფის საჭიროებები და შესაბამისი სერვისები და უკვე შემდგომ, ამაზე დაყრდნობით, სათანადო სამუშაოები განხორციელდეს შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მხრიდან. რატომ გავამახვილეთ ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება? _ ჯერ ერთი იმიტომ, რომ მშობელს ან მეურვეს ხშირად მოუმართავს ჩვენთვის, ისინი მუდმივად გამოხატავენ გულისწყვეტას, რომ ეს ბავშვები არ ახსოვს მთავრობას, რომ ისინი თავს გრძნობენ მიტოვებულად და დავიწყებულად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებითაც რომ ინფლაციაა გაზრდილი, ფასები გაორმაგდა, ლარის მსყიდველუნარიანობა დაბალია და მისი კურსი დოლართან მიმართებით მუდმივად მერყეობს, თანხა, რაც უკვე სოციალური პაკეტისთვისაა გამოყოფილი, ვერ პასუხობს გამოწვევებს, განსაკუთრებით იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც ერთი ან ორივე მშობელი აღარ ჰყავთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირად შევავსებთ იმ დანაკლისს, რასაც ბავშვები განიცდიან მშობლის დაკარგვის გამო, მაგრამ ის მატერიალური და სხვა საჭიროებები, რაც შეიძლება იყოს საბაზისოდ მნიშვნელოვანი ამ ბავშვებისთვის, ამაში მაინც უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. გადაჭრით ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის სამართლიანობის საკითხი და სახელმწიფოს თავმოყვარეობის საკითხი _ რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვები განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ უნდა იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან. აქ საუბარი არ გვაქვს ისეთ თანხაზე ან ისეთ რესურსზე, რომლის ტვირთის აწევაც და გაწევაც არ შეუძლია სახელმწიფოს, ნამდვილად საჭიროა ამ საკითხში პრიორიტეტების დაყენება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რესურსი აუცილებლად გამოინახება.
_ რამდენ ათას ბენეფიციარზეა საუბარი?
_ აქ საუბარი არ არის ასი ათასობით ადამიანზე, საბედნიეროდ. იმ ჯგუფზე, რა რაოდენობაც გვყავს, სამწუხაროდ ნამდვილადაა საჭირო დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი. მე არ ვასახელებ კონკრეტულ თანხას, არც კონკრეტულ სერვისებზე არ ვამახვილებ ყურადრებას, შეიძლება რაიმე სახის ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება იყოს ან სხვა სახის დახმარების აუცილებლობა გამოიხატოს და ამას არ დავაკონკრეტებ, რადგან ვფიქრობ, ამაზე ცოტა უფრო სიღრმისეულად სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც პროფესიული თვალსაზრისით, უშუალოდ მშობლის ჩართულობით, იმ გამოკვეთს აქცენტებს, თუ რა საჭიროებებისა და პრობლემების წინაშეც დგანან ეს ბავშვები. განვმარტავ, რომ ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია უშუალოდ მათივე ჩართულობით.
_ აქვს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ სოციალურ პაკეტში ცვლილებების შეტანისთვის შემუშავებული კონკრეტული გეგმა ან პროგრამა?
_ ჩვენ სოციალური პაკეტის სათანადოდ გაზრდას ვითხოვთ. მთავარია, დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. მაგალითად, საარსებო მინიმუმს გაუთანაბრონ ეს თანხა… ფაქტია, რომ წლების განმავლობაში თანხა არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ლარი გაუფასურდა, ყველა სახის პროდუქტზე ფასები გაიზარდა… რადგან შედარებით პატარა მოწყვლად ჯგუფზეა ამ მიმართულებით საუბარი, როგორც ჩანს, დღის წესრიგისთვის აქტუალურ თემად არ მიიჩნიეს. სამწუხაროდ, ამიტომაც არ დააყენა აქამდე ეს საკითხი ხელისუფლებამ დღის წესრიგში.