გარეჯი საქართველოა, ლომისა _ არა?

შორენა მარსაგიშვილი
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მან ქართულ ეკლესიაში, რომლის კარიც დამპყრობლებმა აჭედეს, სანთლები დაანთო. ერთი შეხედვით, ამ ფაქტს დიდი პროტესტი უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროდ, ერიც და ბერიც ზედმეტად გაგებით მოეკიდა ამ ამბავს. ზოგიერთმა სასულიერო პირმა კი მოკლული თამაზ გინტური იქით დაადანაშაულა, რატომ გახსნა რუსების მიერ აჭედილი ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარიო? მათ არც საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამორჩნენ. აღსანიშნავია, რომ გაცილებით უფრო კორექტული განცხადებები გააკეთა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ.

რუსების მიერ მოკლული თამაზ გინტური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და მისთვის, ალბათ, ათასჯერ უფრო მძიმე ასატანი იყო რუსების მიერ ქართული ეკლესიის კარის აჭედვა. სოფელი კირბალი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შე…ი“

მაიორი თამაზ გინტური რუსების მიერ აჭედილ ლომისის ეკლესიაში თანასოფლელებთან ერთად წავიდა. სალოცავში წასვლამდე გინტური ბიძაშვილის საფლავზე იმყოფებოდა, სადაც ალკოჰოლი მიიღეს. ზოგიერთი რუსეთუმე ჩინოსანი ცდილობს, ყველაფერი ამ სიმთვრალეს დააბრალოს. პარლამენტისა და გორის საკრებულოს წევრები რომ ვინმეს სიმთვრალეს დაუგმობენ, სულ მცირე, უხერხულია.
სალოცავთან მომხდარი ტრაგედიის დეტალებს დაღუპულის თანმხლები ლევან დოთიაშვილი იხსენებს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ის ქართულ მხარეს 9 ნოემბერს გადმოსცეს. ქართულ მხარეს სანამ გადმოსცემდნენ, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი. დოთიაშვილი ოკუპანტებს ჩვენებას ქართულ ენაზე აძლევს. ოსებმა სხვა ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნეს. იქ ჩანს, თუ როგორ აღებს გინტური აჭედილ კარს და ამბობს: „ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შე…ი“
ტაძართან მომლოცველები გინტურის კუთვნილი მანქანით მივიდნენ. საოკუპაციო ხაზთან მყოფ რუსებს ტაძართან მისული მანქანა არ გამოპარვიათ და მალევე გაჩნდნენ ტაძართან. ტყვეობიდან დაბრუნებული დოთიაშვილი ყვება, რომ მან და გინტურმა დაინახეს რუსი სამხედრო, რომელიც რაციით ლაპარაკობდა.
_ როგორც კი მოვიდა, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. შემდეგ ლაპარაკი დაგვიწყო. ვისაუბრეთ. რუსს თამაზი ელაპარაკებოდა. თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. არ გამიგია, რაზე ლაპარაკობდნენ. წამოვიდა ჩვეულებრივად, მანქანაში მშვიდად ჩაჯდა.
როგორ კი მანქანა დავძარით, ეგრევე სროლა-სროლით გამოგვეკიდა რუსი ჯარისკაცი… დამიზნებით გვესროდა ჯერ საბურავში, მერე გამიზნულად ისროდა. გავიარეთ დაახლოებით 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. ავტომატურად მანქანა გაჩერდა. მე გადმოვხტი, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან. თვითონ ეს რუსი ჯარისკაცი მომეხმარა გასწორებაში. ვუთხარი, უფლება მომეცი, სასწრაფოში დავრეკო-მეთქი. თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე. დავრეკე სასწრაფოში, _ ამა და ამ ადგილზე ვართ-მეთქი. შემდეგ დარეკა პოლიციამ. ანალოგიური ადგილი ვუთხარი, სად ვარ, როგორ ვარ და შემდეგ, დაახლოებით, 6-7 წუთში, 7 რუსი ჯარისკაცი მოდის. ამ დროს მე დამარტყა ერთ-ერთმა დაუნდობლად, მიწაზე დამაწვინა და თამაზს დაუწყეს პლასტირის დადება. ამ პროცესში მე უკვე ხელბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით და მე თამაზი აღარ მინახავს, _ ამბობს ლევან დოთიაშვილი.
დოთიაშვილმა ცხინვალის ციხეში რამდენიმე დღე გაატარა. ამბობს, რომ ცხინვალში ის არ უცემიათ და არც ფსიქოლოგიურად უძალადიათ. სამაგიეროდ, გზაში სცემეს რუსმა სამხედროებმა.
_ გზაში ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, დარტყმაც იყო. ერთი იყო, ვინც მირტყამდა, ხან კონდახით, ხან ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი… ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი დაკითხვაზე. ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო _ არა. ნუ ნერვიულობ, დაწყნარდი, წყალი ხომ არ გინდაო, _ მეუბნებოდნენ. სანამ მივედით, მანამდე იყო, ოღონდ იმათთვის არ მითქვამს, რომ გზაში ხელი დამარტყეს, წავიქეცი-მეთქი და ეგ არის. ერთი ჩამარტყა წიხლი. თავიდან ვიყავი ღრომში, მერე ცხინვალში. ღრომში დამკითხეს. მეკითხებოდნენ, რა მოხდაო? ყველანაირად გიტრიალებენ კითხვას. თვითონაც გაუკვირდათ, ალბათ, ეგეთი რამე არ მომხდარა“, _ ჰყვება ლევან დოთიაშვილი.
ის საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე გამოკითხეს. დაღუპული თამაზ გინტურის ძმის, გივი გინტურის განცხადებით, მის ძმას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გივი გინტურმა თქვა ასევე, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე. წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება. მოგვიანებით. მკვლელების ვინაობაც გავრცელდა, ესენია არიან კოლია იშჩენკო და ვასილ დემიდოვი. ქართულმა მედიამ მათი პირადი მონაცემებიც გამოაქვეყნა. ვნახოთ, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე მკვლელების გადმოცემას. სასულიერო და საერო პირების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, არ მოითხოვენ და ამ საქმეს ბოლომდე არ მიჰყვებიან. ჩვენ ხომ ომი არ გვინდა და „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეს“ პრინციპით ვცხოვრობთ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით: თამაზ გინტურის მკვლელობა ოკუპაციის მძიმე შედეგია,
_ ეს არის ოკუპაციის მძიმე შედეგი. ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც წლების მანძილზე წინა ხელისუფლების გამორჩეული მეხოტბე იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობას მოფრთხილება უნდა.
„ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში. ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს, ეს რისკები არ უნდა რეალიზდეს და „ქართული ოცნება“ სწორედ ასეთი პოლიტიკით „ბოლო ათ წელზე მეტია, ინარჩუნებს მშვიდობას“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუს ოკუპანტებს მართალია კაცის მკვლელებად მიიჩნევს, მაგრამ იმ ქართველებსაც ამუნათებს, ვინც გაბედავს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავა.
„ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათთვის ოკუპირებულად ითვლება და მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ, მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენიც ვიღაც რამდენიმე ჭიქას დალევს, მერე მოუნდება და იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, ქეიფი იქ გააგრძელოს _ არ შეიძლება. ერთი საგუშაგოა ნიქოზთან, ხომ? იქ რომ ყველამ ასე მოინდომოს. ადამიანი საკუთარ თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ გაუკეთებს იმაზე ცუდს (…) სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას ეწევიან _ ის რაღაც სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ… სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამას არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ“, _ ასეთი კომენტარი გააკეთა დავით რაზმაძემ.
რაზმაძემ მსუბუქად მაინც დაგმო რუსები, გინტურების ოჯახში სამძიმარზე მისულმა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ანდრია მინდოდაშვილმა კი ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ფაფარაშლილი რუსეთუმეებიც კი გაოგნდნენ:
_ ჩვენი, ეკლესიის პოზიცია არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, _ აღნიშნა დეკანოზმა მინდოდაშვილმა.
უფრო კორექტული იყო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც საზოგადოება ოქტომბერში გააღიზიანა. მან კირბალის ლომისის ეკლესიის კარის აჭედვა რაღაცნაირად გაამართლა. თქვა, რომ ქართული დროშა ააფრიალეს და რუსები გაღიზიანდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში ქართველი სასულიერო პირები და მრევლი, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. აგვისტოში რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი, სამწუხაროდ, მსხვერპლი გვაქვს“, _ დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში.

კირბალიდან მლეთამდე

კირბალის სალოცავის თემა ამ ტრაგედიამდე აქტუალური ოქტომბერში გახდა, როდესაც ანდრია ჯაღმაიძემ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დროშის აფრიალების გამო დაამუნათა. ქართული, ხუთჯვრიანი დროშის აფრიალების „საშინელი საიდუმლო“ ჯაღმაიძემ მაშინ გაამხილა, როცა რუსმა ოკუპანტებმა მლეთაში, ქსნისა და არაგვის ხეობების გასაყარზე მდგარი ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან აზომვითი სამუშაოები დაიწყეს.
მთის წვერზე მდგარ ტაძარში ორი გზით შეიძლება ასვლა _ მლეთიდან და ქსნის ხეობიდან, რომელიც რუსების მიერ დროებით არის ოკუპირებული. მთა, სადაც ტაძარი დგას, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა. ე. წ. საზღვარი ტაძართან გადიოდა. ქსნის ხეობის მხრიდან ოკუპანტები ამ ეკლესიაში ხშირად ამოდიოდნენ. პირველად 2009 წლის გაზაფხულზე ავიდნენ. ეს ლომისობაზე მოხდა. ლომისობა აღდგომიდან 52-ე დღეს იმართება. მაშინ ოკუპანტებმა ტაძარს ხატი შესწირეს და წავიდნენ.
როგორც ჩანს, დამპყრობლებმა კარგი ურთიერთობა დაამყარეს ტაძრის წინამძღოლთან, რადგან როცა ამბები ატყდა, წინამძღვარმა თქვა, რუსები იქ ჩაის დასალევად ადიოდნენო. ჩაის დალევაზე რუსი, ცხადია, უარს არ იტყვის. თუმცა რუსი მხოლოდ ჩაის და თუნდაც არყის დასალევად ამხელა მთას არ ამოივლის. თვითმხილველები ჰყვებიან და ამის ვიდეოც არსებობს, რომ რუსები ტაძრის მიმდებარედ აზომვით სამუშაოებს ატარებდნენ.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, რუსების მიერ დრონის აფრენა და ტერიტორიის დათვალიერება საგანგაშო არ არის. ამასთან, ის დრონის აფრენას უცნაურ ქმედებას უწოდებს.
„2009 წლიდან სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე. წ. საზღვარი ამ ქედზე გაავლეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი, ე. წ. ადმინისტრაციული ზოლი, ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული სამხედრო ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. 25 ოქტომბერს გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის.
ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა. ყოფილა ეს შემთხვევები. ტერიტორიის დათვალიერება მუდმივად მიმდინარეობს. როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები.
რეალობა არის, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ეს ტერიტორია ოკუპირებული არის დროებით. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც გვესმის ხოლმე საოკუპაციო ზოლს მიღმა. არაერთი რეპორტაჟი მოგვისმენია და არაერთი ფაქტი დაგვიფიქსირებია, როდესაც ამ ზოლის ახლომახლო ტერიტორიებიდან ხდება ადამიანების გატაცება, ჩვენი ტერიტორიების ჩაკეტვა და იქ შესვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. როდესაც ასეთი მდგომარეობა არის და სიუჟეტები კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფაქტების აღრევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რასაც გუშინდელ სიუჟეტში ჰქონდა ადგილი“, _ განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
მლეთის ტაძარში მცხოვრები ბერი გრიგოლი მედიასთან აცხადებს, რომ რუსების ამოსვლა საგანგაშო არ არის.
„2010 წლიდან აქ ვარ, რაღაც პერიოდულობით პატრულირებენ. ხან ხშირად ამოდიან, ხან რაღაც დროის შემდეგ. 25 ოქტომბერსაც ასეთივე ამბავი იყო _ ამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს, ამ ტაძართან ყოველთვის ისვენებენ და მერე გზას აგრძელებენ. 25 ოქტომბერსაც ასე იყო _ დაისვენეს, გადახედეს არაგვის ხეობას, გაიარ-გამოიარეს, დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ყოველთვის ასე ხდება. დრონი გაუშვეს, რატომ, არ ვიცი. უფლება არც მქონდა და ვერც ვკითხავდი, რატომ. ჯარისკაცები არიან და თავიანთი საიდუმლო აქვთ. რა დაათვალიერეს, არც ის მიკითხავს. დიდხანს არ გაჩერებულან“, _ განაცხადა ბერმა გრიგოლმა.
მედიასა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ლომისის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავითი.
„აქ ე. წ. დროებითი საზღვარია და ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანოთ. ესენი სულ ამოდიან, არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან და ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიით, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ“, _ ამბობს მამა დავითი.
ცნობისთვის: დროებით ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება აცხადებს, რომ მლეთაც მათ დაქვემდებარებაში შედის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტიც. ყაზბეგთან დაკავშირებით ოსებს შორის ცოტა გაუგებრობა მოხდა, ყაზბეგზე პრეტენზიები ჩრდილოეთ ოსეთსაც აქვს.
დეკანოზი ჯაღმაიძე ყველას მოუწოდებს, დაუფიქრებლად არ მოიქცნენ და კირბალის ტაძრის კარის აჭედვა მოჰყავს მაგალითად:
„იქ ასე დაუფიქრებლად, მოუზომელად, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა _ 2008 წლის ომის მერე. 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება, არ არის ახალი ამბავი. ნუ შევქმნით ცუდ მოლოდინებს და ნუ შევაჩვევთ წინასწარ ადამიანებს, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე საოკუპაციო მხარის მოსახლეობას, ჯარისკაცებს, რომ შესაძლებელია, მლეთაში მსგავსი რამ მოხდეს, რაც _ სხვაგან“, _ განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
რუსმა ოკუპანტებმა კირბალის ლომისის ეკლესიის კარი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს აჭედეს და მარიამობის დღესასწაულზე ეკლესიაში მისულებს ლოცვის საშუალება არ მისცეს. არადა, ქართული ეკლესიის წარმომადგენლები სულ იმას ამბობდნენ, რუსეთი მართლმადიდებელი და ერთმორწმუნეაო.
ჯაღმაიძის მტკიცებით, ტაძრის კარი ქართული დროშის აფრიალების გამო ჩაიკეტა და თურმე მანამდე ქართველებს იქ სალოცავად უპრობლემოდ უშვებდნენ. ეს ნარატივი კარგად აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პროპაგანდისტებმა. ისინი ამტკიცებდნენ, დროშას ნამდვილად „ნაციონალები“ ააფრიალებდნენ და მაგათ გამო აღარ ეძლევა ქართველობას იქ ლოცვის უფლებაო.
არადა, ქართველებს ამ ეკლესიაში ლოცვა რუსმა ოკუპანტებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუკრძალეს. ტაძარი ქართველებისთვის 2018 წელს დაიკეტა.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
ამ მუქარის მიუხედავად, ქართველები ამ ტაძრის მოსალოცად მაინც დადიოდნენ. დადიოდნენ 6 ნოემბრამდე _ იმ დღემდე, როცა რუსებმა 58 წლის მაიორი, თამაზ გინტური, ტაძართან დახვრიტეს.
ხელისუფლება და ხელისუფლების მოტრფიალე საზოგადოება არც კირბალის ტრაგედიასა და არც ლომისის ტაძრების ოკუპაციაზე ხმას არ იღებს. არადა, ყველას გახსოვთ, რა ამბები ატეხეს რამდენიმე წლის წინათ დავით გარეჯის თემაზე და ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეშიც კი გაუშვეს.
ახლა მდუმარებაში არიან. ბუნებრივია, იბადება კითხვა, _ რატომ არ იღებენ ხმას, გარეჯი საქართველოა და ლომისა _ არა? იმ წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და „ნაციონალების“ გასაშავებლად დასჭირდათ სკანდალის აგორება. გარეჯის დაკარგვა წინა ხელისუფლებას დაბრალდა.
„გარეჯი საქართველოას“ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული საპატრიარქო და მრევლი. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებთან დაკავშირებით ასეთი აქტიურობა არ შეინიშნება.
საპატრიარქო არც ოკუპირებულ რეგიონებში ქართული ტაძრების გარუსებაზე ახდენს რეაგირებას. რუსებმა აფხაზეთში რამდენიმე ტაძარი, მათ შორის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია გადაღებეს თეთრად, მაგრამ ჩვენი მხრიდან რეაქცია არ არის. ქართულ მხარეს დღემდე არ მოუთხოვია რუსებისთვის პასუხი 1993 წელს, კამანის, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამა ანდრია ყურაშვილის დახვრეტის გამო, ის ოკუპანტებმა სოფლის აღების დროს, ეკლესიის ეზოში დახვრიტეს.