განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება!

როცა შვებულებაში გასული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა შვებულებიდან გამოიძახეს და ჩემი შვილის საქმის არსებითი განხილვა დაავალეს, უკვე ცხადი იყო, რომ დავით ხარშილაძის საქმე რიგით და არასანდო მოსამართლეს არ ჩააბარეს, მაგრამ ის, რაც სასამართლო პროცესზე ხდება, ამის წარმოდგენა მეც კი გამიჭირდებოდა.

სასამართლო პროცესზე ზის მესამე პროკურორი და არა მოსამართლე, რომელიც არის გამოკვეთილი მხარე და როგორც კი ბრალდების მხარეს ან მოწმეს გაუჭირდება, ხათუნა ხარჩილავა მომენტალურად ერთვება მათ დასახმარებლად და ჩემი შვილის ადვოკატებს ხმამაღლა ეჩხუბება. განსაკუთრებული აგრესიით ნათია კორკოტაძის მისამართით გამოირჩევა და მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა მისი საქმიანობის შესახებ მასალების გამოქვეყნება დაიწყო, ასევე არ მალავს აგრესიას ჩემი მისამართით.

ის, რომ ხათუნა ხარჩილავა მხედველობაში არ მიიღებს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს, უკვე ცხადია, უბრალოდ, მან, ჯერ არ იცის, რამდენ წელს მიუსჯის ჩემს შვილს, რადგან ბიძინა ივანიშვილის კარზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. შურისძიების განსაკუთრებული სურვილით უჩა მამაცაშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ მპატიობს იმ საჯარო უარს, რომელიც მის წინადადებებზე „რუსთავი 2“-ის ეთერით მიიღო. რაკი საქმის არსებითი განხილვა დასასრულისკენ მიდის, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებში მოუწევთ. სულ ტყუილად ფიქრობს ან უჩა მამაცაშვილი, ან სოსო გოგაშვილი, ან გიორგი მღებრიშვილი, რომ ეს განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება _ ძალიან მალე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება და „ქართული ოცნების“ დამნაშავე ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არამედ ყველა იმ უმსგავსობაზე, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას დამართეს.

მას შემდეგ, რაც მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე გადაღებული ფირი გამოჩნდა, გაირკვა, რომ მის დაკავებაში არა მხოლოდ სამი პოლიციელი, არამედ გაცილებით მეტი მონაწილეობდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი. მართალია, თბილისის პროკურატურამ ჩათვალა, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არც ძალადობას ჰქონია ადგილი და არც უფლებამოსილების გადამეტებას, მაგრამ არც ეს პოლიტიკური დაკვეთა დარჩება საბოლოოდ დაუსჯელი. სამაგიეროდ, გამოძიებამ დამატებით ხუთი პოლიციელის ვინაობა გაარკვია და ისინი დავით ხარშილაძის დაცვის მხარემ არსებით განხილვაზე მოწმედ მოიწვია.

პირველი მოწმე სწორედ სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი იყო. „ქრონიკა+“-მა გაცილებით ადრე გაარკვია, რომ რამაზ თარაშვილი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ჭიკაიძის დროს, თამაზ თამაზაშვილის პირადი რეკომენდაციით და საკმაოდ სოლიდური ქრთამის სანაცვლოდ დაინიშნა, მისი მეტსახელია „შტანგა“. ადამიანები, რომლებსაც მასთან სხვადასხვა დროს უმუშავიათ, ამბობენ, რომ ის იმ პოლიციელების კატეგორიაა, ფულისა და თანამდებობის სანაცვლოდ ყველაფერზე რომ აწერენ ხელს. ბუნებრივია, ნარკოტრასების შექმნასა და „დაკრიშვაში“ გამოცდილ თამაზაშვილს ამ თანამდებობაზე სწორედ მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი სჭირდებოდა. მიუხედავად არსებული ინფორმაციებისა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რამაზ თარაშვილის დაკითხვის სრული ვიდეომასალა არსებობს და მას სწორედ დღეს შევთავაზებთ სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

რამაზ თარაშვილმა ზუსტად არ იცის საკუთარი თანამდებობის სრული დასახელება; იბნევა, როცა ადვოკატები საკუთარი სამსახურის ზუსტი მისამართის დასახელებას სთხოვენ; არ ახსოვს სამსახურებრივი მანქანის ფერი; არ იცის, რა გზით მივიდა დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას; არ იცის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილება; არ იცის, ვინ შექმნა ოპერატიული ჯგუფი და რა ფუნქციები ჰქონდათ მის თანამშრომლებს; არ ახსოვს თანამშრომლების გვარები; გაახსენდა, რომ კერძო საქმეზე იმყოფებოდა თბილისის მერიასთან, რაციაზე დაუძახეს, რომ დავით ხარშილაძემ გაქცევა დააპირა და შემთხვევის ადგილზეც იმიტომ მივიდა, მაგრამ იქაურობა მალევე დატოვა, რადგან სიმშვიდე იყო მაშინ, როცა შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ფირზე ჩანს, რომ რამაზ თარაშვილის ავტომანქანა ყველაზე ბოლოს გადის ბოჭორიშვილის ქუჩიდან; პოლიციის მაღალჩნოსანს არც ქუჩის დასახელება ახსოვს, არც მდებარეობა. სადღაც სპორტის სასახლის უკანო, _ იმეორებდა დაჟინებით.

არადა, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ რამაზ თარაშვილი, როგორც წესი, დაკავების ადგილზე არასოდეს გადის, იმ ერთეული გამონაკლისების გარდა, როცა საქმე ნაკოტიკების ჩადებას ეხება. კონკრეტულ სიტუაციაშიც, როცა დავით ხარშილაძე დააკავეს, ჩხრეკის შედეგად მას, ცხადია, არაფერი აღმოაჩნდა. სწორედ ამ დროს დაუძახეს რაციაზე რამაზ თარაშვილს და მან ბოჭორიშვილის ქუჩაზე ჩასადები ნარკოტიკების ორი პაკეტი მიიტანა, რომელიც ზაქარია ვასაძემ სწორედ მისი ავტომანქანიდან გადმოიტანა და ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო.

სხვათა შორის, რამაზ თარაშვილს, რომელსაც ორი სასწრაფო დახმარება ეჯდა პროცესზე, პროკურორების _ დავით მესტვირიშვილისა და ვაჟა თოდუას სახით, ყველასთვის მოულოდნელად, წამოსცდა, რომ სწორედ ორი პააკეტი ფხვნილი ამოუღეს დავით ხარშილაძეს ქურთუკის ჯიბიდან. თარაშვილის ამ წამოცდენას ჩემი შვილის რეპლიკა მოჰყვა, _ დიახ, ორი პაკეტი ფხვნილი მოიტანეთ, ჩამიდეთ და ერთი პაკეტი მოგვიანებით სწორედ პოლიციის სამმართველოს შენობაში შემიცვალეთ აბებითო.

რამაზ თარაშვილის დაკითხვა, თითქმის, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს დარბაზი დატოვა, უკვე პირადად ჩემს კითხვებზე მოუწია პასუხების გაცემა:

_ კითხვა მაქვს თქვენთან, მიპასუხეთ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი, ხართ თუ არა თანახმა, ჩაიტაროთ ნარკოტესტირება და თმის ღერი ჩააბაროთ ლაბორატორიული კვლევისთვის?

_ გამატარეთ.

_ ბოლოს ვინ დააკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის? ეგ ხომ თქვენი საქმეა?

_ ძალიან ბევრი რეალიზატორი დავაკავეთ.

_ ვინ დააკავეთ ბოლოს, კონკრეტული გვარი და სახელი მითხარით.

_ (პასუხი არ აქვს).

_ „შტანგა“ ვინ დაგარქვათ?

_ დამანებე თავი.

_ არა, არ დაგანებებ. პასუხი გამეცით, ხართ თუ არა თანახმა, ნარკოტესტი ჩაიტაროთ?

_ (ხელებს იქნევს).

_ ნარკოტესტზე თანახმა ხარ? მითხრეს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ.

_ არ ვარ მომხმარებელი.

_ თმის ღერს ჩააბარებთ?

_ ყველაფერს ჩავაბარებ.

_ როდის?

_ გამატარე (ცდილობს, ხელით მომიშოროს).

_ ხელი ჩაწიე. მე უფლება მაქვს, კითხვა დაგისვა. ნარკოტესტს როდის ჩააბარებ?

_ ჩაბარებული მაქვს.

_ თმის ღერზე გეკითხები, „შტანგა“ ვინ დაგარქვა?

_ ქალბატონო, დამანებეთ თავი.

_ არ დაგანებებ.

_ თქვენს შვილს ჰკითხეთ და გეტყვით.

_ ჩემს შვილს რა ვკითხო, „შტანგა“ ვინ დაგარქვა?

თამაზაშვილს რამდენი გადაუხადე, თანამდებობაზე რომ დაენიშნე?

_ სისულელეს მეუბნებით.

_ არ გეუბნებით სისულელეს. თმის ღერს როდის ჩააბარებ?

_ ჩავიტარებ, როცა საჭირო იქნება, უმოკლეს დროში.

_ და ნარკორეალიზატორებს რატომ არ იჭერ?

_ ვიჭერთ.

_ მაგალითად, ვინ დაიჭირე ბოლოს?

_ უამრავს ვიჭერთ.

_ „დიგოშას“ რატომ არ იჭერთ, თქვენი „ბარიგა“ რომ ზის ფონიჭალაში?

_ კარგით, რაა, არ გრცხვენიათ?

_ მე უნდა მრცხვენოდეს? ნარკოტიკების რეალიზაციით შემოსული ფულით შენ ცხოვრობ და შენი მინისტრი და მე უნდა მრცხვენოდეს?

_ შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ.

_ „დიგოშას“ რატომ არ იჭერ, შსს-ს ოფიციალურ „ბარიგას“?

_ ყველა რეალიზატორი იქნება დაკავებული.

_ „დიგოშას“ რატომ არ იჭერ? თქვენი „ბარიგაა“.

_ მოგვეცით ინფორმაცია და დავიჭერთ.

_ „დიგოშა“ არის ფონიჭალაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რეალიზატორი კამერებთან გაძლევთ ინფორმაციას.

_ მომეცით ინფორმაცია, მარტო სახელით ინფორმაცია არ არის.

_ შენი თანამშრომლები რას აკეთებენ? გადაამოწმონ, მაგრამ მერე ფულს ვინ მოგიტანს?

_ რა ფულს, რაებს კადრულობთ, არ გრცხვენიათ?

_ მე უნდა შემრცხვეს? საჯაროდ გეუბნები: „დიგოშა“ არის თქვენი ბარიგა…

 

რაკი რამაზ თარაშვილმა და მისმა „ოპერატიულმა ჯგუფმა“, ანუ ჩამდებების ბრიგადამ, არ იცის „დიგოშას“ სახელი და გვარი, „ქრონიკა+“ სიამოვნებით დაეხმარება მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური აგენტისა და ნარკორეალიზატორის ვინაობის დადგენაში და საჯაროდ გადავცემთ მის სახელსა და გვარს: „დიგოშა“ _ იგივე ვივად გუსეინოვი. მომდევნო ნომერში კი შემოგთავაზებთ კონკრეტულ ფაქტებს, როგორ აშანტაჟებდა შსს „დიგოშას“ და „ბუბლიკას“ მეშვეობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს და როგორ აიძულეს ეროვნებით თურქი ბიზნესმენი, საქართველო დაეტოვებინა.

 

ელისო კილაძე