განათლების სისტემა საქართველოში და მის მიღმა

ცხოვრების წესისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა ინდივიდუალურია. განსხვავდება თითოეული ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობა, მიზნები და ამოცანები. განსხვავდება სისტემები. მიუხედავად ამ სხვაობებისა, საინტერესო და საჭიროა, ისინი ერთმანეთს შევადაროთ. მიზეზი, შეიძლება, იყოს მოტივაცია და არსებული მაგალითებით სარგებლობა.

დაწყებითი და საშუალო განათლების ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომობაზე დღეს ჩვენს ქვეყანაში არაერთი ადამიანისგან მოისმენთ. უმაღლესი განათლების მიღება გარკვეულ მოცემულობებზეა დამოკიდებული. სამეცნიერო სფერო კიდევ მეტს მოიცავს და ამ ყველაფრის ხარისხი, უპირველესად, განათლების სწორ და ეფექტიან სისტემაზეა დამოკიდებული. როგორია ქართული განათლების სისტემა ევროპულ და ამერიკულ განათლების სისტემასთან შედარებით?

გიორგი გახელაძე _ განათლების ექსპერტი:
_ მსოფლიოში იშვიათია განათლების ისეთი ცენტრალიზებული სისტემა, როგორიც საქართველოშია. ეს არის საბჭოთა ხისტი მემკვიდრეობა. განსაკუთრებით, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენი მეცნიერების, პროფესორებისა, თუ სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის დონე, თუ საშუალოდ შევადარებთ ამავე სფეროების ევროპელ და ამერიკელს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება. უკეთესი სურათია უმაღლესი განათლების სისტემაში, თუმცა ხაზს ვუსვამ, შედარებით. ჩვენ გვაქვს მეცნიერთა ჯგუფების გარკვეული კუნძულები, რომლებიც არიან როგორც ევროპული, ისე ამერიკული დონის და რომლებიც მოქმედებენ და ფუნქციონირებენ საქართველოში. სამწუხაროდ, სკოლის მასწავლებლებში ასეთი ნაწილი ერთეულებს ითვლის. რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემას, მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესურის პროდუქტიულობა ცოდნის იმ დარგებში, რომლებშიც მოღვაწეობენ. გამოვლინდა რამდენიმე კუნძული, რომელიც, ასე ვთქვათ, ფეხს უწყობს თავის დარგში ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს. საქართველოში მოქმედი ათი ყველაზე მსხვილი და რეიტინგული უნივერსიტეტის პროფესორებიდან, რომლებიც საერთო პროფესურის ნახევარზე მეტს შეადგენენ, სულ არის, დაახლოებით, პროფესორთა ათი სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც საშუალო ევროპულ დონეზეა პროდუქტიული საკუთარ სფეროში.

_ უცხოეთში განათლებამიღებულ ქართველს აქვს თუ არა უპირატესობა იმ ქართველთან, რომელმაც განათლება საქართველოში მიიღო?
_ აქ, სახვათა შორის, არ არის ერთგვაროვანი სურათი. გააჩნია დარგსა და სფეროს. სამწუხაროდ, ეს უპირატესობა არანაირად იგრძნობა დასაქმების ისეთ სფეროებში, რომელიც საჯარო სამსახურსა და, ზოგადად, საჯარო სფეროს უკავშირდება. კერძო სექტორში უფრო მეტად ფასობს ეს უპირატესობა. საჯარო დასაქმების სფეროში, სამწუხაროდ, არ აქვს პრიორიტეტი უცხოეთში განათლებამიღებულ ქართველს. ეს ტენდენცია სამარადჟამო არ არის და მუდამაც არ ყოფილა. მოყოლებული, სადღაც, 2010 წლიდან დღემდე ეს ტენდენცია შეინიშნება. მანამდე კერძო სექტორიც აფასებდა ამას და საჯარო სექტორიც.

მარიამ ჩიბუხაიამ განათლება ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში მიიღო. ესტონეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული დაფინანსების მეშვეობით ეს პროგრამა მოძებნა და ისე გააგრძელა სწავლა:
_ ბევრია საფეხური, რომელიც უნდა გაიარო, რადგან არაერთი დოკუმენტაცია გჭირდება, როგორც არაევროპული ქვეყნის მოქალაქეს. ყველაზე რთული და დამღლელი ეგ პროცესია, ალბათ. რადგან ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების დარგში, ძალიან მინდოდა, სამაგისტრო პროგრამა კომუნიკაციების მენეჯმენტის კუთხით გამევლო, ტალინის უნივერსიტეტის პროგრამამ კი ამის საშუალება მომცა.
აქ პრაქტიკულ განათლებას უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. არ არსებობს ტრადიციული გამოცდები. ესეები, კვლევითი ნაშრომები და პროექტები ყველაზე მნიშვნელოვანია. მახსოვს, თბილისის სახელმწფირო უნივერსიტეტში გვერდებს ვიზეპირებდი, რომ მაღლივში ამეტანა და მერე არც არასოდეს გამომეყენებინა. აქ ყველაფერი პრაქტიკაზეა. არავინ გთხოვს თარიღებისა და სახელების დამახსოვრებას. პირადად ჩემთვის, აქაური სისტემა უფრო მოსახერხებელია. მახსოვს, ადრე შვიდ გამოცდას ერთ კვირაში გვაბარებინებდნენ. აქ ყველაფერი სტუდენტზეა მორგებული. თითო სემესტრი ორ ნაწილადაა დაყოფილი და საგნები ეტაპობრივად გემატება. რა თქმა უნდა, დღეს განათლება და ე. წ რეზიუმე ბევრს მეტყველებს და, ალბათ, უფრო სასურველ კანდიდატს გხდის, თუმცა უპირატესობა არ ვიცი, რა სახით შეიძლება მიენიჭოს ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ განათლება უცხოეთში მიიღო. საზღვარგარეთ წასვლა არ არის ნებისმიერი ქართველისთვის ხელმისაწვდომი. ეს იმიტომ, რომ აქ სწავლა ძალიან ძვირია, თუმცა არსებობს დაფინანსების არაერთი პროგრამა, რომელიც ხარჯებს გიმცირებს. ერთს ვიტყვი, რომ ესტონეთის პედაგოგები ევროპის მასშტაბით არიან ცნობილები. ძალიან აქტიურები არიან, მუდამ ახალ ნაშრომებსა და კვლევებს აქვეყნებენ და ევროპის არაერთ უნივერსიტეტში მიწვეულ პროფესორებად მუშაობენ. ასეთი აქტიური მხოლოდ ერთი-ორი პროფესორი მახსენდება საქართველოდან.

სანდრო ტაბატაძემ ბაკალავრიატის ერთი სემესტრის მანძილზე „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში ისწავლა:
_ შემოთავაზებული ვერსიებიდან ჩეხეთის გამოცდილება ჩემი კვლევის სფეროსთან (ევროსკეპტიციზმი, პარტიული პოლიტიკა, ულტრამემარჯვენეობა) საკმაოდ ახლოს იყო როგორც გეოგრაფიულად, ისე _ წარსული გამოცდილებით. გარდა ამისა, ჩეხეთი ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო სახელმწიფოა ძლიერი აკადემიებითა და სასწავლო გარემოთი.
პირველყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თუ საქართველოში აქცენტი კეთდება რაოდენობაზე (რაც ფინანსური რესურსების სიმწირის გამოა), ჩეხეთში ერთმნიშვნელოვნად მთავარია ხარისხი. შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო მეტად ჩართულობითი და საინტერესოა. გარდა ამისა, საქართველოში ერთი და იგივე სასწავლო მასალების დასწავლა და ჩაბარება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს მაშინ, როცა მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) ცოდნა ყოველდღიურად იქმნება. სტუდენტები ყველა საგანში თავად ქმნიან კვლევით ნაშრომებს, დოკუმენტებს, სასწავლო პროდუქტებსა და სხვ. ორგანიზებულობის მხრივ ჩეხური გამოცდილება საუცხოოა. ერთიანი, ეფექტიანი საინფორმაციო სისტემა, მკაცრი წესები და დროში რელევანტური სასწავლო მასალები ნამდვილად დადებით გავლენას ახდენს სტუდენტის შემეცნების პროცესზე.
_ რაიმე მიმართულებით ქართული განათლების სისტემას თუ აქვს უპირატესობა ამ ქვეყნის განათლების სისტემასთან?
_ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მყარი თეორიული გამოცდილებაა. ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ნამდვილადაა შესაძლებელი, კვლევის სფეროს ლიტერატურას გავეცნოთ, თუმცა დიდი ნაწილი მაინც არაა ქართულ ენაზე და მიმდინარე კვლევითი შედეგები ჯერ კიდევ არაა სილაბუსებში შეტანილი, როგორც წესი. ვფიქრობ, კერძო დამსაქმებელმა უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა მისთვის უპირატესი ის ადამიანი, ვინც საზღვარგარეთ ისწავლა. მისი ნებაა, რა ნიშნით შეარჩევს კადრს (და ეს არ იქნება დისკრიმინაციული). რაც შეეხება საჯარო სამსახურს, მგონია, რომ მთავარია პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა-ჩვევები, რაც, ცხადია, უცხოური განათლების მიღებისას გაცილებით მეტია (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უცხოა და ახალი გამოცდილებაა), თუმცა, შეიძლება, საქართველოში მიღებული განათლებით სტუდენტს უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდეს, ვიდრე უცხოეთში დამთავრებულს და პირიქითაც. ცხადია, ჩეხი პედაგოგების უმრავლესობას უფრო ახალი და თანამედროვე გამოცდილება აქვს _ თავად ქმნიან ევროპული დონისა და მნიშვნელობის სასწავლო პროდუქტებს.
საქართველოში თანაბარი შესაძლებლობები განათლების შესახებ (და ყველასთვის ხელმისაწვდომია უცხოეთში სწავლაც) მითია. მართალია, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც განსაკუთრებული მონაცემების მქონე სტუდენტებს აფინანსებს (და ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა), თუმცა სხვადასხვა შედეგის ფესვები არ შეიძლება მხოლოდ სხვადასხვა გონებრივ შესაძლებლობებში ვეძებოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადრეული ბავშობიდან (5-6 წლიდან) იწყება, ამიტომ თანაბარი სასტარტო პირობები სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს.

21 წლის ქეთი ჭუაძემ ერთი სემესტრის განმავლობაში ესპანეთში ისწავლა:
_ 20 წლის ვიყავი, მესამე კურსზე. თსუ-ში ვსწავლობ ესპანური ფილოლოგიის განხრით, ასე რომ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, რაც, გარკვეულწილად, აუცილებელიც იყო ჩემი განვითარებისთვის. ესპანეთში განათლების საფეხურები ოდნავ სხვადასხვაგვარადაა დაყოფილი. ასე, მაგალითად: მაგისტრატურა იქ ერთწლიანია. ოღონდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ესპანეთის ფარგლებში საუნივერსიტეტო პროგრამები საგრძნობლად განსხვავდება კიდეც. იქ ყოფნისას ქართულ განათლების სისტემას საკმაოდ ბევრი უპირატესობა მოვუძებნე (ვგულისხმობ საუნივერსიტეტო განათლებას). სტუდენტისთვის (რამდენადაც უნდა უარყოფდეს ამას), უმჯობესია, საგნის სრული ქულა სხვადასხვა აქტივობაზე იყოს გადანაწილებული (სემინარზე აქტიურობა, შუალედური გამოცდა, ფინალური გამოცდა…), ვიდრე საგნის სრული ქულა ფინალურ გამოცდაზე იყოს დამოკიდებული (საკუთარი უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ უკმაყოფილო ვარ ასეთი სისტემით), თუმცა შეფასების ასეთი სისტემა ყველა საგანზე არ ვრცელდებოდა. ლექტორების დიდ ნაწილს კომუნიკაცია არ ჰქონდა აუდიტორიასთან, ანუ შეიძლება რაიმე ნაწარმოები მოეცათ წასაკითხად, მაგრამ შემდეგ ლექციაზე, სტუდენტებთან ერთად, არ განეხილათ. ყველა ლექტორს არ ვგულისხმობ. ჩემი აზრით, უცხოეთში განათლებამიღებულ ქართველს არ უნდა ჰქონდეს დასაქმების დროს უპირატესობა იმ ქართველთან, რომელმაც განათლება საქართველოში მიიღო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე იქ ყოფნით (ისიც გასათვალისწინებელია, რომ ესპანურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების მიღება ენის გაუმჯობესებისა და, ზოგადად, ესპანური კულტურის უფრო ახლოს გაცნობისთვის), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში განათლებამიღებული, ბეჯითი, მოტივირებული სტუდენტი ნაკლებად უნდა დაფასდეს. დღესდღეობით ევროპის ბევრი (და არა მხოლოდ) უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტებთან. ასე რომ, ბევრად მეტი საშუალება გვაქვს ამ მხრივ, ვიდრე _ ადრე. რადგან საქმე უცხოენოვან სწავლებას ეხება, რა თქმა უნდა, სტუდენტი ან ინგლისურ ენას უნდა ფლობდეს, ან იმ ენას, რომელ ქვეყანაშიც სასწავლებლად მიდის. ამ შემთხვევაშიისიცაა გასათვალისწინებელი, რომელენოვან პროგრამებზე გამოაცხადა მიღება მასპინძელმა უნივერსიტეტმა. ბევრ სტუდენტს აქვს შანსი, მსგავსი გამოცდილება მიიღოს. შეიძლება, ძალიან ბევრი ლექტორი მოიძებნოს ესპანეთში, რომელიც საკუთარი ქვეყნის ენისა და ლიტერატურის საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია და ეს არც არის გასაკვირი. აღვნიშნავდი ქართველი ლექტორების საკმაოდ კარგ ცოდნას, გამოცდილებასა და სწავლების მეთოდიკას.

ნინო ჭალაგანიძე _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჟურნალისტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი:
_ კარგი განათლება იმთავიდან დღემდე პრიორიტეტულია როგორც ცოდნის მიღების მსურველებისთვის, ისე _ მათი მშობლებისა და დამსაქმებლისთვისაც. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია ამ სფეროში მიმდინარე მუდმივი რეფორმები და ოპტიმიზაციისკენ სწრაფვა. თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმა გააზრებულად, კვლევების საფუძველზე და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაიგეგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესის მცდელობა უნიათო ექსპერიმენტს უფრო დაემსგავსება, რომელიც ყველაზე მტკივნეულად პედაგოგებზე, მშობლებსა და თავად მოსწავლეებზე აისახება. ცოდვა გამხელილი სჯობს და ამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უარყოფით მაგალითებსაც ბლომად შეიცავს.
ალბათ, სწორედ აღნიშნული ფაქტორია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ, მცირედი შესაძლებლობის შემთხვევაშიც, ახალგაზრდები ყველა ძალით ცდილობენ, სწავლა უცხოეთში, უპირატესად კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში განაგრძონ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებსაც განათლების მიღება აშშ-ში სურთ, წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. ტრადიციული განათლების სისტემა, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, ახალი თაობის „თერგდალეულთა“ მიერ სამშობლოში ჩამოტანილი განათლების დამადასტურებელი ცნობები, რასაც დამსაქმებელი ყოველთვის კმაყოფილებით ხვდება, საკმარისი მიზეზია ახალგაზრდებისთვის, ცოდნის მოპოვებას საზღვარგარეთ შეეცადონ. სინამდვილეში, ჩვენი ქვეყანაც წლების წინათ, ჯერ კიდევ 2005 წელს, შეუერთდა ბოლონიის პროცესს, თუმცა ცვლილებები საგანმანათლებლო სფეროში გაცილებით ადრე, 1999-დან დაიწყო. მიუხედავად ნელი ტემპისა, მაინც დასაფასებელია ის პირველი ნაბიჯები, რაც ამ პერიოდში გაკეთდა.
ბოლონიის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში საკმაოდ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ცვლილებები გახორციელდა: შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და ისინი ევროპულ დონეს შეესაბამება; ქართული დიპლომი აღიარეს, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ქართველ პროფესიონალთა ევროპაში ინტეგრაციას; სხვადასხვა სპეციალობის პროგრამებით დაიწყო სტუდენტთა თუ პედაგოგთა მობილობა საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში…
გვერდს ვერ ავუვლით რამდენიმე მტკივნეულ საკითხს: ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორში დასაქმებისთვის დიპლომის არსებობას და კვალიფიკაციას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გამოცდილებაა. შესაბამისად, ბეჯითი სტუდენტი, რომელიც სწავლის პერიოდში ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული და არ მუშაობდა, თამაშგარე რჩება. მეორე უკიდურესობაა ბაკალავრის დიპლომის არასაკმარისი „წონა“. რიგ შემთხვევებში სტუდენტი იძულებული ხდება, სწავლების ორივე საფეხური დაასრულოს. შრომის ბაზარი „აიძულებს“ სტუდენტს, დამატებით ორი წლის განმავლობაში ისწავლოს, რის შემდეგაც შესაძლებელია იმ პოზიციაზე მუშაობის დაწყება, რაც ბაკალავრისთვისაც საკმარისი უნდა ყოფილიყო.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული „უცხოური დიპლომის სენი“, რაზედაც ზემოთაც ვისაუბრეთ. უცხოური დიპლომი აქ პროფესიონალიზმის პირდაპირპროპორციულად აღიქმება. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ასე არაა. ამასობაში, საქართველოში განათლებამიღებულ ახალგაზრდებს შორისაც ბევრია გამორჩეული. ჩვენ თავად თუ არ დავაფასებთ საკუთარ შრომასა და უნარებს, მუდამ დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
ქართული განათლების სისტემის უპირატესობაზე საუბარი მიჭირს. უპირატესი ისაა, რაც შენი ქვეყნის რეალობაზეა მორგებული და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. განათლების ოპტიმიზაცია ქვეყნის უკეთესი მომავლის ძირითადი მსაზღვრელია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იმ ძვრების შესახებ, რაც საქართველოში უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ხდება. მტკივნეულად, შეცდომებით, მაგრამ სისტემა მაინც ვითარდება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განათლება და ინოვაცია წარმოების მამოძრავებელი მთავარი ძალაა. ამდენად, საერთო ჯამში, პროცესი ნამდვილად დადებითადაა შესაფასებელი. სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში სამი ინსტიტუციაა ჩართული: ოჯახი, სკოლა (მათ შორის, უმაღლესი სკოლა) და საზოგადოება. ამ ტანდემის გეგმაზომიერი მუშაობის გარეშე პრიორიტეტებზე საუბარი შეუძლებელი იქნება.
საძიებო სისტემაში „უცხოური განათლება“ რომ ჩაწეროთ, დიდი რაოდენობის ისეთ ვებგვერდს ნახავთ, რომელიც უამრავ არჩევანს სთავაზობს ახალგაზრდებს, რათა განათლების რომელიმე საფეხური მაინც საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიღონ. რამდენად კარგია ან ცუდია არჩევანის ასეთი ფართო ასორტიმენტი, ალბათ, მაინც ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი მიდის უცხო ქვეყანაში სასწავლებლად, მაინც გარკვეულ ნიშნულს აღწევს იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომელიც საქართველოში მოდის სასწავლებლად. უპირველესად, სამშობლოს გარეთ სწავლის იდეას მაინც პიროვნული პრიორიტეტები და ხედვა განსაზღვრავს.

მარიამ ტიელიძე