განათლების არაფორმალური მეთოდები და მათი ეფექტიანობის ხარისხი

კონკრეტულ პიროვნებაში განათლების იდეის არსებობა მისი განვითარების გარკვეული ეტაპია. განათლების მიღება ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერი მეთოდითაა შესაძლებელი. საკუთარი სირთულეებით, დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლებითა და მრავალფეროვნებით ის აზროვნებისა და წინსვლის უკიდეგანო ბადეს ქმნის. გარდა ფორმალური განათლებისა, მისი არაფორმალური მეთოდებიც არსებობს.

როგორ განმარტავს არაფორმალურ განათლებას ჩივილ ენციკლოპედიური ლექსიკონი?
პირველი განსაზღვრებით, არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა. შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა. სხვა განმარტებით, არაფორმალური განათლება ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამაა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. მის მესამე მნიშვნელობას რაც შეეხება, ის არის პროფესიული განათლება (გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა), რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

სიკო ჯანაშია _ განათლების ექსპერტი:
_ საქართველოში არაფორმალური განათლება დიდად განვითარებული არ არის. უფრო მეტად განვითარებული კონკრეტული მიმართულებებია, მაგალითად, სპორტი, ცეკვა და ა. შ. არჩევანი ძალიან შეზღუდულია. ახალგაზრდებისთვის ძალიან ცოტაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულებები (განსაკუთრებით ქალაქის გარეთ). ძალიან ცოტაა ცენტრი, კლუბი, სადაც ისწავლება კონკრეტული მიმართულებები. მსგავსი დაწესებულებები, უფრო მეტად, განვითარებულია ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში. რეგიონებში ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. ცოტაა ისეთი დაწესებულება, სადაც, მაგალითად, შესაძლებელია ტექნოლოგიების შესწავლა, ინჟინერია ან სპორტის ნაკლებად განვითარებული სახეობები. საერთოდ, ტერმინი „არაფორმალური განათლება“ ტერმინის დონეზეც არ არის განვითარებული. არსებობს ორგვარი არაფორმალური განათლება: პირველი უფრო მეტად დაგეგმილია; მეორე განმარტებით კი შემთხვევით ხდება განათლების გავრცელება. ეს უკანასკნელი საერთოდ დაუგეგმავია. მაგალითად, იმ გაგებით, რომ ადამიანს კვალიფიკაციას არ ანიჭებს. თუნდაც, ცეკვის წრე ან განათლების სახლში მიღება _ მაგალითად, როცა უფროსი თაობა უმცროს თაობას ასწავლის სოფლის მეურნეობას. ეს საერთოდ არ არის დაგეგმილი საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ესეც არაფორმალური განათლებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რადგან არაფორმალური განათლების ღირებულება ძალიან დაბალია, ადამიანები იმასაც კი ვერ აცნობიერებენ ხოლმე, რომ როცა, მაგალითად, სახლში იღებენ გამოცდილებას, ამით ისინი ავტომატურად იღებენ განათლებას. უნდა არსებობდეს წახალისების პროგრამები სახელმწიფო დონეზე, რომლებიც ხელს შეუწყობს არაფორმალური საგანმანათლებლო ჯგუფების ჩამოყალიბებას რაც შეიძლება ფართოდ საქართველოში და მაქსიმალურად სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში უნდა გაჩნდეს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება არაფორმალური მიმართულების განვითარებას. მაგალითად, სკოლებსა თუ სხვა მსგავს საგანმანათლებლო სივრცეებში არსებობს გამოუყენებელი სივრცეები, სადაც შესაძლებელია, სასწავლო პერიოდის შემდეგ, მათი გამოყენება შეკრებისა და შესწავლისთვის. საჭიროა მსგავსი ჯგუფების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი იქნება ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში, სამოქალაქო განათლების კურსში იმის ინტეგრირება, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რა განათლებას იღებენ ისინი ოფიციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების გარეთ“.

დღევანდელ ქართულ რეალობაში, არაფორმალური განათლების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი სტუდენტების მხრიდან იგრძნობა. საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის ისინი აქტიურად ეძიებენ ტრენინგებსა და მსგავს შეხვედრებს.

მარიამ ბიძინაშვილი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. სტუდენტობის პირველივე წლიდან ის აქტიურად ცდილობს, იყოს ჩართული არაფორმალური განათლების სივრცეში: „მეტ-ნაკლებად, იგეგმება ისეთი სემინარები და ლექციები, რომლებიც კონკრეტული სპეციალობების განვითარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო სწავლება საკმაო გამოცდილებას იძლევა, არაფორმალური განათლება კიდევ სხვა გარემოებებს უწყობს ხელს _ ეს არის დისკუსიების შესაძლებლობები იმ ადამიანებთან, რომელთა მომავალი კოლეგები ჩვენ თვითონ ვართ. კონკრეტული ისტორიები, შემთხვევები და მოცემულობები, რომლებსაც მსგავს სივრცეებში ვიღებ, საშუალებას მაძლევს, ვიაზროვნო მეტად პროფესიონალურად, წარმოვიდგინო ეს კონკრეტული ამბები და გადავწყვიტო, მსგავს შემთხვევაში მე როგორ მოვიქცეოდი. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები აჩქარებს ყოველი ადამიანის შემთხვევაში პროფესიულ ზრდასა და განვითარებას, თუმცა უკეთესია, თუკი არაფორმალური განათლება და მისი გრაფიკი მორგებული იქნება საუნივერსიტეტო სწავლებასთან და სტუდენტი შესაბამის ხელშეწყობას იგრძნობს. თუკი უნივერსიტეტები თავადაც უფრო მეტად უზრუნველყოფენ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, ეს იქნება კიდევ უფრო იდეალური ვარიანტი. ხშირია ისეთი ტრენინგი, როდესაც მის მონაწილეებს უცხოელ კოლეგებთან და, შესაბამისად, უცხოურ გამოცდილებასთან უწევთ ურთიერთობა“.

გარდა სტუდენტებისა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ. ის, რომ მსგავს განათლებას ასაკობრივი შეზღუდვა არ ახასაითებს, სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იფიქრონ, იაზროვნონ და საკუთარი მიზნები უკეთ ჩამოაყალიბონ.

გიორგი სანიკიძე, დაახლოებით, 13-14 წლის იყო, როდესაც აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის პროექტში მონაწილეობა: „ყოველთვის მინდოდა, მქონოდა საშუალება, ტრიბუნასთან ვმდგარიყავი და საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი სხვადასხვა გლობალურ და აქტუალურ საკითხზე, თუმცა ვერ წარმომედგინა, რომ ამას სტუდენტობამდე შევძლებდი. თავდაპირველად, დავიწყე დებატების შესწავლით და საკმაოდ წარმატებით დავასრულე მისი საწყისების შესწავლა. უკვე მზად ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მოდელირებასა თუ დებატტურნირში. ახლა უკვე, ბევრი გამარჯვებისა და ცოტა დამარცხების შედეგად, არაფორმალური განათლების პროექტებმა კარგ სპიკერად და მოდებატედ მაქცია, რაც, თავისთავად, გულისხმობს იმას, რომ შემიძლია საკუთარი პოზიციის თამამად, არგუმენტირებულად და ყოველგვარი კომპლექსების გარეშე დაფიქსირება.
ამასთან ერთად, პროექტებმა ძალიან დიდი ცოდნის ბაზა მომცა საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკისა თუ სამართლის მიმართულებით. არაფორმალური განათლების გარეშე რთულია თანამედროვე სამყაროში თავის დამკვიდრება, რადგან ის ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას უვითარებს ახალგაზრდებს. სხვადასხვა სახის გამოცდილების მიღების შემდეგ ახალგაზრდები მარტივად ირჩევენ მომავალ პროფესიას. შედეგად, არაფორმალური განათლება ქმნის ჯანსაღ თაობას. ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთოს არაფორმალური განათლების პროექტებში, რადგან აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობა მათი წარმატების საწინდარია. წარმატებული და ჯანსაღი თაობა კი წარმატებულ და ჯანსაღ სახელმწიფოს გულისხმობს“.

მაია ტორაძე _ უნივერსიტეტის პროფესორი:
„ნებისმიერი განათლება, უმაღლესი თუ პროფესიული, მუდმივად საჭიროებს განვითარებას, ამდენად, ტრენინგები, რომლებიც დარგში არსებული სიახლეების გაცნობასა და პროფესიულ დახელოვნებაზეა ორიენტირებული, კარგი საშუალებაა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. საქართველოში რამდენიმე მიმართულებით უკვე კარგადაა ფეხმოკიდებული არაფორმალური განათლება, მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ასევე სხვადასხვა პროფესიული დაოსტატების სერტიფიცირებული კურსები. ის უნდა არსებობდეს და კიდევ მეტადაც განვითარდეს. თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს ტრენერები _ მხოლოდ „ფეისები“ კარგი ტრენერები სულაც ვერ იქნებიან. ამ კურსების წაყვანას სჭირდება მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც მსმენელებს დარგში შემოსული სიახლეები უნდა გააცნონ. თუ ის იმავეს ასწავლის, რასაც უმაღლეს სასწავლებლებშიც მშვენივრად ართმევენ თავს, ტრენინგი საჭირო არ არის“.

ნინო მოდებაძე _ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, გენდერული საინფორმაციო პორტალის რედაქტორი:
„არაფორმალური განათლება უმნიშვნელოვანესია როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე _ საზოგადოებისთვის. ეს არის განვითარების, პროგრესისა და დემოკრატიის დამყარების ერთ-ერთი საფუძველი ნებისმიერ ქვეყანაში. კვლევები აჩვენებს, რომ განათლების 60%-ზე მეტი სწორედ არაფორმალური გზით განათლებაზე მოდის. უკვე დიდი ხანია, ვმუშაობ არასამთავრობო სექტორში და ჩემი სპეციალიზაციაა ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები.
ჩვენი ორგანიზაცია (ქალთა საინფორმაციო ცენტრი) მრავალი წელია, ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, ლექციებს, საჯარო დისკუსიებსა და საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვხედავ შედეგს, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება გენდერული თანასწორობის იდეის მიმდევარი. არაფორმალური განათლება და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანია ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე, იმის საფუძველიც გახდა, რომ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალთა შრომითი და პოლიტიკური უფლებები, დღეს ქვეყანაში პრიორიტეტულია. არაფორმალური განათლების ეფექტიანობა ყველაზე კარგად ახალგაზრდებში ჩანს. ის არ ზღუდავს ახალგაზდრებს აკადემიური მოსწრების მიხედვით, პირიქით, ხელს უწყობს ძლიერი მხარეების გამოკვეთას ახალგაზრდებში. რაც შეეხება უარყოფით მხარეს. უნდა აღვნიშნო, რომ არაფორმალური განათლების აქტივობებს, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციები უწევს ორგანიზებას და, შესაბამისად, სწორედ ისინი განსაზღვრავს გეოგრაფიულ არეალს, თემატიკასა და ა. შ. რაც ყველაზე მთავარია, მსგავსი პროექტები ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი მაინც არ არის. ქვეყანაში არაფორმალური განათლება უნდა იყოს ინტეგრირებული ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ადამიანების განვითარებას. ქვეყანაში კვალიფიციური კადრებისა სიმცირეა, რომლებიც არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობენ. ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ქალთა საკითხებზე მომუშავე კადრებს“.

ფატი მამიაშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი (I) ბლოკის“ დამფუძნებელი:
„ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია, რომ არაფორმალური განათლება, რაც ტრენინგებსა და სემინარებს გულისხმობს, ძალიან ეფექტიანი და მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როცა მეცნიერებები ცოტა ჩამორჩება იმ საჭიროებებს, რასაც სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი საჭიროებს. ვგულისხმობ იმას, რომ მეცნიერება მაინც ისეთი სფეროა, რომ მუდმივად უნდა მუშაობდეს. ტრენინგები და სემინარები, ნებისმიერი მიმართულებით, უფრო მეტად ინფორმაციულია, თუნდაც, ონლაინსწავლების შემთხვევაში. ადამიანს დრო ეზოგება, განათლებას იღებს საკუთარი კოლეგებისა და პარტნიორების წრეში, უუმჯობესდება კომუნიკაცია და სწავლებაც უფრო ინტერაქტიული და შედეგის მომცემია. არაფორმალური განათლება იმიტომ არის მნშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ახალ პროფესიულ წრეს იძენ, მას საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებ. ტრენინგები სწორედ ამ პირად გამოცდილებებზეა დაყრდნობილი და გარდა თეორიული სავარჯიშოებისა პრაქტიკულ მოცემულობებსაც გულისხმობს, რაც უფრო დამაჯერებელია.
თუმცა მსგავს სწავლებებს უარყოფითი მახასიათებლებიც აქვს: მაშინ, როცა ტრენინგები ამდენად მოდური გახდა, ის შემოსავლის წყაროდაც იქცა. ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ტრენინგ/სემინარებს ატარებენ არაპროფესიონალი და არაკვალიფიციური ადამიანები და იმ ტრენინგმოდულებსა და მასალებს ეყრდნობიან, რომელსაც ტრენერი მას მაშინ ურიგებს, როდესაც თავადაა ტრენინგის მონაწილე. არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, კომპანიები (უმთავრესად, არასამთავრობო სექტორი) აცხადებს ვაკანსიებს. ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ ტრენინგი არაკვალიფიციურმა კადრმა ჩაატაროს. მისი გამოცდილება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ნაკლებად ეფექტიანია. ამ დროს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც არ არის იმ ცოდნის საპირწონე, რაც ამ ტრენინგით შეიძლებოდა მიღებულიყო. არაფორმალური განათლება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი მას პროფესიონალი ატარებს და ის შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. მიღებული გამოცდილება ადამიანს ბევრ ნაბიჯს უმარტივებს. რაც უფრო ხშირად ესწრები მსგავს სწავლებებს, მით მეტ გამოცდილებას იღებ“.

იმის გამო, რომ არაფორმალურ განათლებას არ ახასიათებს ასაკობრივი თუ სხვა სახის შეზღუდვები, ის ხელმისაწვდომია ადრეული პერიოდიდანვე. რაც უფრო მეტ ტრენინგსა და სემინარში მიიღებს ადამიანი მონაწილეობას, მით მეტად გაუმარტივდება საკუთარი პიროვნებისა და აზროვნების ჩამოყალიბება. მსგავს შეხვედრებში აქტიურად ჩართულობით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ წარმატებისკენ ჩვენი თითოეული ნაბიჯი. გარდა იმისა, რომ სწავლების არაფორმალური მეთოდები პიროვნულ დონეზეა ეფექტიანი, საერთო ჯამში, ის ადამიანების ქვეყნის, შემდგომ კი საერთაშორისო დონეზე წინსვლის გარანტიაა. პიროვნება პროფესიონალად სწორედ საკუთარი პროფესიული გამოცდილების, შეცდომებისა და აქტიურობის საფუძველზე ყალიბდება. ამისთვის კი უპირველესია თეორიული და პრაქტიკული ნაბიჯებისა და მათთან დაკავშირებული მოცემულობების შერწყმა და განვითარება.

მარიამ ტიელიძე