გამგებლების ჩხუბი ხაშურში – რატომ სცემა გიორგი გურასპაშვილმა მალხაზ გონგლაძე?!

zogii

ხაშურის რაიონი მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია. „ქრონიკა+“-ის მკითხველმა კარგად იცის, რომ ეს რაიონის ხელმძღვანელობის, პირველ რიგში კი, მისი მაჟორიტარი დეპუტატის _ ვალერი გელაშვილის დამსახურებაა. აქ ამჟამადაც დიდი ამბავი დატრიალდა. როგორც გვატყობინებენ, ხაშურის რაიონის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა და ქვიშხეთის გამგებელმა, მალხაზ გონგლაძემ რესტორანში ერთად იქეიფეს, გარეთ გამოსულებს შელაპარაკება მოუვიდათ და ერთმანეთს დაერივნენ.

თვითმხილველთა თქმით: რაიონის პირველმა პირმა აშკარად დასჯაბნა სოფელ ქვიშხეთის თავკაცი _ გამგებელი გონგლაძე ისეთი ნაცემი იყო, თურმე, ფეხზე ვერ დგებოდა, გიორგი გურასპაშვილი კი, ვითომც არაფერი, მეორე დღეს ჩეხეთში წავიდა. ხაშურლები ამბობენ, რომ მათი ხელმძღვანელების საქციელი უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმას არ იკლებენ, ახლა კი ყოველდღიურად ხელჩართული ბრძოლებიც დაიწყესო. თანაც ეს უკვე მეორე შემთხვევა ყოფილა. მოკლედ, „პურისა და სანახაობის“ პრინციპიდან გამომდინარე, რადგან პურს ვერ აწვდიან, რაიონის თავკაცები სანახაობასღა სთავაზობენ ხაშურლებს. პრინციპში, გამგებლების ჩხუბი ცუდი სანახავიც არ უნდა იყოს. ადამიანი, ზოგადად, ისეა მოწყობილი, რომ უყვარს სეირის ყურება და გართობა. თუმცა ხაშურლები იმასაც ამბობენ, რომ როცა მათი რაიონი საერთოდ არ ვითარდება და უამრავი პრობლემა აქვს, სეირის საყურებლად ნაკლებად სცხელა ვინმეს. ამიტომაც ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან რაიონის თავკაცთა საქმიანობის შესწავლას ითხოვენ: დროა, თბილისში დაინტერესდნენ, თუ ვის ხელშია დღეს რაიონი, რა ხდება საერთოდ ამ ქალაქში და როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა?! _ ასეთი პოზიცია აქვს დღეს ხაშურელთა უმრავლესობას.

რაც შეეხება გამგებელთა ორთაბრძოლას, რაიონის ოფიციალური პირები ამ ფაქტზე საუბრისგან თავს იკავებენ… თუმცა ცნობილი გახდა, რომ ნაცემ ქვიშხეთის გამგებელს, მალხაზ გონგლაძეს, სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს და მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გამგებელი ცივ უარზეა, მისი გაშვება ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

აი, ასეთი სიტუაციაა დღეს რაიონში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მოგვარებაზე იზრუნოს, ერთმანეთს თავპირს ამტვრევს.

ხაშურლების თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც ასეთი სიტუაციის გამო ყოველთვის მოგებული გამოდის, მათი მაჟორიტარი დეპუტატი, ვალერი გელაშვილია. ვინაიდან რაიონის თავკაცები ერთმანეთთან ჩხუბს არიან გადაყოლილი, არავინ კითხულობს, რას საქმიანობს გელაშვილი, რომელიც მღვრიე წყალში თევზის ჭერის ნამდვილი ოსტატია და თითქმის ნახევარი ხაშურის ქონება მუქთად ჩაიგდო ხელში. მისი ბოლო სარფიანი შენაძენის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი. თავის დროზე, „ნაცების“ მიერ გასხვისებული ხაშურის კინოთეატრი, რომელიც წინა ხელისუფლებამ `ვისოლს~ მიჰყიდა, უკან გამოისყიდა. რის გაკეთებას აპირებს კინოთეატრში, კაცმა არ იცის. ხაშურში სხვა კინოთეატრი არ არსებობს და თუკი გელაშვილი შენობას პროფილს შეუნარჩუნებს, ხაშურლებისთვის ურიგო არ იქნება. იმასაც ამბობენ, გელაშვილი ხაშურლებისთვის კარგს არაფერს გააკეთებს, ეტყობა, მაგ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავსო. რაც შეეხება კინოთეატრის მიმდებარედ გაშენებულ სკვერს, გამგეობა ამ სკვერს აღარ უვლის, არადა, ის, ჯერ კიდევ, სახელმწიფო ბალანსზეა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გასხვისებას აპირებენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ასევე ვალერი გელაშვილი იყიდის, მანქანების მისადგომი ადგილი რომ ჰქონდეს კინოთეატრს.

ასევე საუბრობენ, რომ კინოთეატრის გარდა ხაშურის მაჟორიტარმა ხაშურის სტადიონიც შეისყიდა. აქაური ხალხის თქმით, თუკი გელაშვილი სტადიონს გაარემონტებს და მწყობრში ჩააყენებს, ამას მხოლოდ მიესალმებიან, ხოლო თუკი რამე სხვა ტიპის ობიექტის აშენება დააპირა, მთელი რაიონი გამოვა და სტადიონის დანგრევის უფლებას არ მივცემთო.

ერთი სიტყვით, რაც ხაშურის რაიონში არსებულ განუკითხაობაზე „ქრონიკა+“-მა სტატიები გამოაქვეყნა, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად ადეკვატური საქციელი იქნებოდა, მაჟორიტარი დეპუტატიდან მოყოლებული, ყველა აქაური ჩინოვნიკისთვის პასუხი მოეთხოვა… მაგრამ რად გინდა? _ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით, ან მიშა სააკაშვილის გზას ადგას და გაზეთებს საერთოდ არ კითხულობს, ანდა კითხულობს, ოღონდ სულაც არ ადარდებს ის შენიშვნები, რაზედაც გაზეთებში წერია.

ხაშურლები იმედს კი გამოთქვამენ, რომ ახალი მეპატრონე, ანუ ვალერი გელაშვილი, სტადიონსაც თუ კინოთეატრსაც პროფილს შეუნარჩუნებს, მაგრამ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს მსგავსი ხაშურული ისტორიები არ იძლევა. ადრე ხაშურის სპორტსკოლაზე რომ დავწერეთ, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ იყიდეს და მიითვისეს „ნაციონალებმა“ ეს შენობა, ერთ-ერთი მეპატრონე გახლდათ ვალერი გელაშვილიც. მაშინაც ოპტიმისტი ხაშურლები იმედოვნებდნენ, რომ მყიდველი შენობას გაარემონტებდა, პროფილს არ დაუკარგავდა და ხაშურელი ბავშვებისთვის დიდ მნიშვნელობას შეიძენდა მაღალ დონეზე მოწყობილი, ინვენტარით აღჭურვილი სპორტსკოლა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვევა, როცა შენობას ყიდულობდნენ, ბავშვებსა და მათ მომავალზე საერთოდ არავინ ფიქრობდა. ამ სპორტსკოლაში დამკრძალავი ბიურო გახსნეს, რომელიც ფუნქციონირებდა კიდეც და მერე საბანკეტო დარბაზის გაკეთებაც დაიწყეს. თურმე, თავიდანვე იმიტომ გაიყიდა, რომ ასეთი ჩანაფიქრი იყო და დაკრძალვის მომსახურება უნდა გაკეთებულიყო მაღალ დონეზე. ამის გამო ხაშურლები მაშინაც შოკში აღმოჩნდნენ და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დახმარებით რომ ვერ მოახერხეს სპორტსკოლის ბავშვებისთვის დაბრუნება, ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვდნენ შველას. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლით იმუქრებოდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და სპორტსკოლიდან დამკრძალავი ბიურო გაიტანეს. იმედია, კინოთეატრი თუ სტადიონიც სპორტსკოლის ხვედრს არ გაიზიარებს და ახალი მფლობელი მათ პროფილს შეუნარჩუნებს. რიგითი ხაშურლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს…

 

                                                                                                               დავით დევიძე