გაიყვანეს თუ არა აფგან მუხთარლი სამთაწყაროდან?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის  143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს და აცხადებს:

,,კატეგორიულად ვგმობ ამ ფაქტს. გეტყვით პირდაპირ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი და ნამდვილად ყველა დაინტერესებული ვართ, იმდენად დადგინდეს ჭეშმარიტება, რომ არანაირი კითხვის ნიშნანი არ დარჩეს. მესმის რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას, რადგან თავიდანვე ცხადია, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი საელმწიფოს ინტერესები შეილახა. კატეგრიულად გამოვრიცხავ აქ როგორც შინაარსობრივად ისე, რაიმე სხვა ფორმით ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას, რადგან ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის”.

ფაქტი კი ერთია დღეს რასაც ვხედავთ: აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში: ,,რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა”.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

ახლა კი ვერსია, რომელსაც ,,ქრონიკა+“ ექსკლუზიურად ავრცელებს კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით:

აფგან მუხთარლი ფაქტია, რომ ოფიციალური გამშვები პუნქტიდან არ გადაუყვანიათ, ანუ ის გადაიყვანეს იმ გზით, სადაც შეეძლო ავტომობილს გავლა, მაგრამ გამშვები პუნქტი ოფიციალურად გაუქმებული იყო. ასეთი კი ერთი გვაქვს დედოფლისწყაროს რაიონში – სოფელ სამთაწყაროში.

ალაზნის მდინარეზე გადასასვლელი ხიდი 2004 წლის მერე გაუქმებულია, ორივე მხარეს მესაზღვრეები დგანან. ხიდზე ვეღარ გადადის მძიმე ტექნიკა და სატვირთო ავტომობილები, განსხვავებით ერთი გამონაკლისისა – შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე. ამ ხიდზე არ არსებობს ვიდეოკონტროლი, მოსახლეობა ქვეითადაც გადაადგილდება და უფრო მეტიც, ამ ხიდზე ხშირად პასპორტის გარეშეც მოძრაობენ. ეს სიმართლეა და გადამოწმების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები დარწმუნდებიან კიდეც.

რა ხდება ხიდის იქით? –  მეორე მხარეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო. კერძოდ, ბელაქნის რაიონი და მისი პირველი სოფელი იორმუღალოა. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ბელაქნის რაიონში დააკავეს ჟურნალისტი.

,,ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გზა – თბილისი -დედოფლისწყარო -სამთაწყარო – იორმუღალო გაიარა ჟურნალისტმა, რომელიც ორ შემთხვევაში მოახერხებდა ამ მარშრუტის გავლას, ან ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, ან სუსში უნდა ემუშავნა.

 

მაკა მოსიაშვილი