გაზაფხულზე პრემიერი შეიცვლება?!

„ქრონიკა+“-ის მიერ ათი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო და, კონკრეტულად, ძალოვან უწყებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, განცხადებით გამოეხმაურა და გვამცნო, რომ უახლოეს მომავალში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
აღმოჩნდა, რომ ის, რაც იცოდა „ქრონიკა+“-მა, არ იცოდა გიორგი კვირიკაშვილმა.
გუშინ მან საგანგებო ბრიფინგზე სისტემური და საკადრო ცვლილებები თავად გაახმოვანა.

„რევოლუციური არა, მაგრამ საინტერესო ცვლილებებია“, _ ასე აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს ექსპერტები.
პრემიერის განცხადება თბილისის არჩეული მერის, კახი კალაძის მიერ მერის მოვალეობის შესრულებას დროში დაემთხვა. კალაძის ბენეფისი არ შედგა, ის მთლიანად სამთავრობო ცვლილებებით გადაიფარა. როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ კალაძის დამოუკიდებელი თამაშები „ოცნებაში“ ძალიან აშინებთ, საფუძველს მოკლებული არ არის. უახლოესი ერთი წელი არა, მაგრამ სამომავლოდ კალაძის ირგვლივ გარკვეული ძალების მობილიზაცია, როგორც ჩანს, მაინც განხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატთა გარკვეული ნაწილი სწორედ კალაძის გუნდის წევრები არიან. „ოცნების“ ძველ და ახალ გუნდს შორის დაპირისპირება გარდაუვალია.
სამთავრობო ცვლილებებმა მკაფიოდ გამოაჩინა, რომ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ნარჩენები მთავრობის შემადგენლობას საბოლოოდ ჩამოაშორეს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საგარეო დაზვერვის შეფი დავით სუჯაშვილი, კრიზისების მართვის საბჭოს სრული შემადგენლობა, _ სწორედ ექსპრემიერის გავლენების სფეროა. ამ სამთავრობო გადაადგილებებით პოსტების დატოვება ასევე მოუწიათ იმ პირებს, რომლებმაც თანამდებობა მეგობრების პოლიტიკური ღალატის საფასურად მიიღეს. ვიქტორ დოლიძესა და გიგლა აგულაშვილს სამინისტროები საერთოდ გაუუქმეს, ერთი ყოფილი თავისუფალი დემოკრატია, მეორე კი ყოფილი რესპუბლიკელია.
შს მინისტრის შემცვლელად სამთავრობო კულუარებში არჩილ თალაკვაძეს მოიაზრებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი „ოცნების“ ე. წ. ახალ გუნდს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს პოსტი გიორგი გახარიამ დაიჭირა. გახარიას ოპონენტები, ცხადია, მას რუსულ წარსულს, რუსულ განათლებას გაუხსენებენ, მაგრამ იმას ვერ იტყვიან, რომ ახალი შს მინისტრი ხელისუფლებაში რომელიმე კლანს წარმოადგენს, ან რაიმე ვალდებულებები აქვს პოლიციურ წრეებთან. ის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. გახარიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. მას, სისტემურ ცვლილებებთან ერთად, მოუწევს სამინისტროს ბალასტისგან განთავისუფლება, ბოლო დროს გახმაურებულ ჩადებებში მონაწილე მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან ჩამოშორება და გამოუძიებელი საქმეების ბოლომდე მიყვანა. თუ გიორგი გახარია ამ პოსტზე წარმატებული იქნება, გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის შემცვლელიც კი გახდეს.
მეორე პირი, რომელიც, ასევე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება, საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძეა. ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის „ლუბიმჩიკია“, ფინანსთა მინისტრობიდან პრემიერობამდე კი არც ისე გრძელი გზაა.
ის, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება, ამის შესახებ „ქრონიკა+“ უკვე წერდა. მართალია, კვირიკაშვილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ უარყოფს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ათიოდე დღის წინ ასევე დაჟინებით უარყოფდა ძალოვან უწყებებში ცვლილებებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქრონიკა+“-ის წყარო ამჯერადაც მართალია.
იგივე წყარო გვეუბნება, რომ გიორგი კვირიკაშვილს ადრე გაზაფხულზე შეცვლიან და ის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. მოქმედი პრემიერი უკვე ფიქრობს მის მემკვიდრეზე. მართალია, სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, კვირიკაშვილის მეგობარია, მაგრამ პრემიერი საკუთარ შემცვლელად იდეალურ ვარიანტში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, ზურაბ ალავიძეს მოიაზრებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ალავიძეს დედა ჰყავს კვირიკაშვილი. მამუკა ბახტაძეც და გიორგი გახარიაც არა მხოლოდ კვირიკაშვილისთვის, არამედ ალავიძისთვისაც ზედმეტი თავის ტკივილია.
სამთავრობო ცვლილებების პარალელურად, თბილისის არჩეული მერი, კახი კალაძე, მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მან საზოგადოებას ვიცემერები წარუდგინა, ხვალ ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „მრეწველ“ ზურაბ ტყემალაძის შვილი, გიორგი ტყემალაძე იქნება, არადა, ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ამ თანამდებობაზე საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მარიკა დარჩია მოიაზრებოდა. დარჩიამ იმდენი სისულელე ილაპარაკა სატელევიზიო დებატებში, ის სასწრაფოდ გადამალეს. გიორგი ტყემალაძეს, გარდა იმისა, რომ წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე იყო, სხვა დამსახურებაც აქვს კახი კალაძის წინაშე, _ სწორედ მისი დახმარებით შეძლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კახი კალაძემ სიტუაციის დალაგება და არჩევნების პირველივე ტურში მოგება.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეორე ტურში. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა დიდ ქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გამონაკლისი აღმოჩნდა ოზურგეთი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უმრავლესობის ლიდერის ჩათვლით, ბეგლარ სიორიძეს ეხმარებოდა და ადგილზე იმყოფებოდა, არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ, გაიმარჯვა.
ასევე, საინტერესო სტრუქტურული ცვლილებაა სუს-ისა და საგარეო დაზვერვის გაერთიანება. პარლამენტმა მთავრობის წარდგენით ეს სტრუქტურული ცვლილება უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი სუს-ის უფროსი ხელახლა დაინიშნება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად გადავა, ხოლო მის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს. თანამდებობას დატოვებს სკანდალურად ცნობილი სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი. მან ბოლო პერიოდში გახმაურებული სკანდალების გამო სახელისუფლებო ვერტიკალში საკუთარი თავი უკვე ამოწურა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გოგაშვილი მაქსიმალურად ვაჭრობს და დაკარგული გავლენების სანაცვლოდ, ცდილობს, თანამდებობა მაინც შეინარჩუნოს.
ქართულ პოლიტიკურ დაფაზე მთავარი ფიგურებით ისევ ბიძინა ივანიშვილი თამაშობს.

ელისო კილაძე