გადაყრილი ატამი, გაგორებული კომბოსტო და ქსენოფობია, კორუფცია, როგორც მშობლიური ბუნაგი

სერიოზულად რომ შეხედო იმ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ან უნდა გაგიჟდე, ან გულმა გგლიჯოს, ანდა წნევამ.

ესაა ქვეყანა, სადაც ამორტიზებულია თანაგრძნობა! იმას არ ვგულისხმობ, რომ გავცივდით, თანაგრძნობა არ შეგვიძლია და არავის ვუთანაგრძნობთ, არა! ვგულისხმობთ იმას, რომ ვუთანაგრძნობთ იმას, ვინც არ იმსახურებს და გვკიდია ის, ვინც ღირსია ჩვენგან თანადგომისა და გულშემატკივრობის. ესაა ქვეყანა, სადაც სძულთ ის, ვინც არ უნდა სძულდეთ და ფეხქვეშ ეგებიან იმათ, ვისაც უნდა მტრობდნენ! ესაა ქვეყანა, სადაც მიწა უცხოელზე გასაყიდად არ ემეტებათ, მაგრამ ემეტებათ მტრისთვის _ თან მუქთად! ესაა ქვეყანა, სადაც იმას სთხოვენ მთავრობას, რასაც არ უნდა სთხოვდნენ და არ სთხოვენ იმას, რასაც კატეგორიულად უნდა მოითხოვდნენ მისგან! ესაა ქვეყანა, სადაც ვერ ყიდიან ატამს იმ ფასად, როგორც უნდათ, ესაა ქვეყანა, სადაც მხოლოდ სამშობლო იყიდება სარფიანად!

ესაა ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები ამომრჩევლის გულის მოგებას კი არა, ამ გულის გახეთქვას ცდილობენ! მოკლედ, არ ვიცით, ვის თანავუგრძნოთ, ვინ გვძულდეს, ვინ გვიყვარდეს, ვის ვებრძოლოთ, რა ვაპროტესტოთ და ამ ყველაფრის მერე უსინდისოდ გვნებავს კარგი ცხოვრება და დალაგებული სახელმწიფო. ეს რომ ასეა, არც ისტორიული ექსკურსიაა საჭირო და არც, თუნდაც, რაღაც გარკვეული, ვრცელი დროის მონაკვეთში მომხდარი მოვლენების ანალიზი. ამისთვის ეს ერთი კვირაც კმარა! მე მოგახსენებთ ამ რამდენიმე ფაქტს და თავად მიხვდებით, რომ მარჯვედ ვერ ვართ და უფრო მეტიც, თუ ასე ვაპირებთ ცხოვრებას და აზროვნებას, არც უნდა ვიყოთ კარგად!

ბოლოდან დავიწყებ:

მთელი ინტერნეტი ააქოთა „იუთუბზე“ ატვირთულმა წუთნახევრიანმა ვიდეომ სათაურით: „ახალგაზრდა ფერმერმა ატამი ვერ გაყიდა და მდინარეში გადაყარა“. ამ ვიდეოში ტალიკ-ტალიკი ყმაწვილი ყუთებით მდინარეში ყრის საუკეთესო ატამს და გზადაგზა ჩხუბობს. „შეხედეთ რა, ატამს, შეხედეთ პროსტო“. შეხედავ და, მართლაც, საუკეთესო ატამია და ამდენად, იქნებ, ერთი შეხედვით, გულიც მოგიკვდეს, როდესაც ამბობს: „და ეს უნდა ღირდეს ყუთი ლარი, ამათი დედა ვატირე“. მართლაც რთულია, როდესაც რგავ, ახარებ, უვლი _ სხლავ, წამლავ, კრეფ… ხარჯავ ფულს, დროს, ენერგიას, ნერვებს _ ყოველდღე შიშით აჰყურებ ცას, რომ არ დაგისეტყვოს, არ მოგიყინოს, გამოივლი ამ ყველა განსაცდელს, ბოლოს და ბოლოს, მოიწევ მოსავალს, მოკრეფ და იმდენადაც ვეღარ ყიდი, რაც დაგიჯდა მისი წამლობა, საერთოდ მოყვანა. მაგრამ შე კაი კაცო, რომ ამდგარხარ, იმ ხარჯზედ კიდევ ხარჯი დაგიმატებია ტრანსპორტირების, მიგიტანია მდინარესთან და წყალში ყრი ამ საღ ატამს, თან როგორც ამბობ, წინა დღესაც გადაგიყრია, დღესაც ყრი და ხვალაც აპირებ გადაყრას, ასე რომელ ხარჯებს ფარავ? ან რა ხეირს ნახულობ? ან გულს რას იბინძურებ ბოღმით, ან გარემოს რად აბინძურებ მდინარეში ხილის ჩაყრით? ლარად თუ გაყიდდი იზარალებდი და ახლა რომ ყრი, მოგებას ნახულობ? ესაა ფერმერობა, ჯინაზე არგაყიდვა? მაგრამ აქ რამდენიმე გარემოებაა საინტერესო, _ ერთი ის, რომ ეს არაა, უბრალოდ, გულმოსული კაცის ნამოქმედარი. გულმოსული გადაყრიდა, მაგრამ ამ ყველაფერს კამერით არ გადაიღებდა და ხმაურიანი წარწერით „იუთუბზე“ არ ატვირთავდა. ცხადია, რომ მან საპროტესტო აქცია მოაწყო, დაახლოებით, იმ ტიპის, ვაზს რომ ჩეხდნენ ადრე. ამ პროტესტის პოლიტიკურ, სოციალურ მოტივებს ვიდრე შევეხებით, ამავე ვიდეოში ისმის ერთი ფრაზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. ბიჭი ყვირის: „ღორებიც კი აღარა ჭამენ“. არადა, შეხედავ ატამს და აშკარად საღია, შესაძლოა, ვიზუალურადღაა საღი, თან ასე შორიდან, თვალის შევლებით და ისე უკვე წამხდარია, მაგრამ სანამ წახდებოდა, მანამ გეჭმია ღორებისთვის, მანამ გაგეყიდა იმ ფასად, რამდენადაც იყიდებოდა? ან მოიცა, თუ ღორებიც აღარ ჭამენ, რაღას ითხოვ? რას გვაყვედრი, რომ შრომობ? ჩვენთვის შრომობ? ვისი ბრალია, რომ შენ ბაზრის მოთხოვნებისთვის თავი და ბოლო ვერ გაგიგია და ისე მოგყავს, თანაც იმდენი, რამდენსაც ვერ ყიდი? ან რომ ყრი, ამდგარიყავი, მადლი მოგესხა, ან უპატრონო ბავშვთა სახლისთვის მიგეტანა, ან მოხუცთა თავშესაფრისთვის, ან ახლობლებისთვის ჩამოგერიგებინა და თუ მაინც არავისთვის გემეტებოდა, არაყი გამოგეხადა! მაგრამ არა, ადგა და წყალში გადაყარა! მთავრობა ამას არ უხსენებია, მაგრამ სწორედ მთავრობის ბოსტანში ისროლა ატმის კურკა: „ნამუსი აღარ არის, რა“. ამ მთავრობას ნამუსი მართლა არ აქვს და ამ ატამივით გადასაყრელია, მაგრამ რა შუაშია, ამ შემთხვევაში, მთავრობა? ეს ამ ბიჭმა წელს მოაწყო ეს ატმიანი პერფორმანსი, მაგრამ წინა წლებში იგივე ხდებოდა, იგივე ოთარ დანელიას დროს, ჩუმლაყში მთელი ამბები იყო, ზოგი ბაღებში ტოვებდა ატამს მოუკრეფავს, ზოგი რას ამბობდა, ზოგი _ რას და ყველა მთავრობისგან ითხოვდა პასუხს. ვიღაც იმასაც გაჰკიოდა, რუსეთში ვეღარ გაგვაქვს, აი, თქვენი ნატოო. ანუ რა გამოდის? ჩვენ, ყველამ, ჩვენ უსაფრთხოებაზეც უნდა ვთქვათ უარი, რომ კერძო ფერმერმა სარფიანად მიჰყიდოს ნატაშებს ატამი, გარდა ამისა, ჩვენი გადასახადებით შევსებულმა ბიუჯეტმა სუბსიდირება სუბსიდირებაზე სტენოს მათ წამგებიან ბიზნესს. რათა, შვილო, რათა? მე იმისთვის ვშრომობ, რომ შენ დედალივით გაკეთდე? შენ ჩემთვის იაფად ატამი არ გემეტებოდეს და მე გიფინანსო შენი კერძო მეურნეობა? ან მთავრობას რომ თითებს უტრიალებ და ატმის გაჩეხვით იმუქრები, რას იმქურები? ან რით ემქურები? რომ ხმას აღარ მისცემ? მოიცა, ის მთავრობა შეიშნოვეთ, რომელმაც დიდი მაცივრების შენება დაიწყო ქვეყანაში, სწორედ იმისთვის, რომ ეგ მალფუჭებადი ხილი შეგენახათ და მაშინ გაგეყიდათ, როცა კარგი ფასი ექნებოდა? არა, ადექით და უფასო ფულზე და ხუთ-ხუთ მილიონზე დახარბებულებმა სხვას მიეცით ხმა. ახლა, გინდა, ატამი ყარეთ და გინდა, მაგ ატმის კურკა ყლაპეთ. ამდენი წელია, ეს პრობლემა გიდგათ და რა ვერ გაიგეთ? _ ადექით და თქვენც ის მოიყვანეთ, რაც უფრო გაიყიდება. ვიღაც დგას და გაჰკივის, _ მარტო ატამი მაქვს გაშენებული 2 ჰექტარზე და ვერ ვყიდიო! რატომ გააშენე მარტო ატამი, სხვა ხილმა კურკა გთხლიშა? ან ამ ბავშვური ჯიბრით ვის აშინებთ, ატამს გავჩეხო. შენია და გინდა გაჩეხე და გინდა დარგე, გინდა მდინარეში ყარე, მაგრამ ეს მთავრობა რომ ვარგოდეს, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგ ატამივით გადასაყრელი არ იყოს, კარგ ჯარიმებს ზურგზე უნდა გკიდებდეს გარემოს დაბინძურებისთვის. მთავრობა რომ ვარგოდეს, ყველგან ისეთ პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებდა, რაც დღევანდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააფიქსირა აგროდაზღვევასთან დაკავშირებით. დააზღვიეთ და აგინაზღაურდებათ, ისე არანაირი დახმარება არ იქნებაო. მართალი გითხრათ და გამიკვირდა ეს ეული გამონათება. მთავრობა რომ ვარგოდეს, თანმიმდევრული იქნებოდა _ შექმნიდა პირობებს და არ გააწუწკებდა ხალხს დახმარებებით. მაგრამ მაგათაც იციან, რომ პირობების შექმნა არ ფასდება, ფასდება ფულის დარიგება, იმიტომ რომ იმ ფულით „მერსედესს“ მოახტები და ცას მადლობას ეტყვი ხოშიანი სეტყვისთვის.

ვიღაცას ხილის ჩამბარებელ პუნქტთან აქვს პრეტენზიები, _ ატამს გვიხარისხებენო; ვიღაც გაჰკივის, _ საკონსერვო ქარხნები უნდა გაიხსნასო. ვინ უნდა გახსნას? ვინმე კერძო ბიზნესმენს, ინვესტორს რომ სარფიანად მოსჩვენებოდა და სდომოდა, გახსნიდა კიდეც, არ გახსნა და ვინ უნდა გახსნას? უცხოელის შემოშვება თქვენ არ გინდათ და შინაურს თქვენ არ უნდიხართ. გეკითხებით, ვინ უნდა გახსნას, მთავრობამ? თქვენ ფერმერობა გინდათ თუ კოლმეურნეობა?

ან ასე უგულოდ რომ ყრი ნაშრომს წყალში, ამით მხოლოდ იმას ამტკიცებ, რომ არანაირი ფერმერი, გლეხი არ ხარ! ერთი კადრია ყურადსაღები: ოქროსავით ატამს დაუნანებლად ყრის, შემთხვევით მუყაოს ნაფლეთი გადაჰყვება, სწვდება და უკან იღებს. შე კაი კაცო! ეგ მუყაოს ნაგლეჯი დაგენანა და რასაც მთელი წელი უვლიდი და შეჰხაროდი, ის არ დაგენანა?

აი, ასეთი გლეხობა ტეხავს! და არა ის, რაც ბრძანა გირჩმა ჯაფარიძემ,

_ სოფლები უნდა დაიცალოს, გლეხობა უნდა ტეხავდესო. ამას ჩვენ გარდა არავინ გეტყვითო. რაც მთავარია, თან ამას გვაყვედრის, თავს გვაყვედრიან, თუ 25 ათას ხელმოწერას ვერ მოვაგროვებთ, არჩევნებში მონაწილეობა არ გვიღირსო. მართლა და ნუ გაგიჟდები! კახელი ატამს მაყვედრის, _ ამის მოყვანა არ ღირსო, ეს, კიდევ, იმას _ არჩევნებში მონაწილეობა არ მიღირსო! არ გიღირთ და ნუ გიღირთ, ამ ჩემს ატამს და ამ ჩემს გირჩს! ის მოიყვანს ატამს და ის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვისაც უღირს და რაც მთავარია, ვინც მაგ სისულელეებს არ როშავს. გლეხობა კი არა, მასე აზროვნება ტეხავს. ტეხავს სოფლებში ხალხის იძულებით დამაგრებაც და ტეხავს ეგეც _ როცა ხელოვნურად გნებავს სოფლების დაცლა! დიახ, ერთნაირად ტეხავთ ექსპრემიერი ღარიბაშვილიც და თქვენც, „ექსნაციონალო“ ჯაფარიძევ. სხვათა შორის, ჯაფარიძეს საკადრისი პასუხი გასცა ფერმერმა ბექა გონაშვილმა, ვისაც არ დაგეზარებათ, მოიძიეთ ინტერნეტში და წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ გლეხობა არ ტეხავს! შრომა არ ტეხავს! ტეხავს მექრთამეობა! ტეხავს, მაგრამ აღარც კი ვიცი, ტეხავს კი ამ ქვეყანაში მექრთამეობა? ქრთამის აღებაზე დაიჭირეს „ოცნების“ დიდი მორალისტი, ახალგაზრდა, „უშტატო“ ჩინოვნიკი, ოდესღაც ნიკა მელიასგან დაჩქმეტილი ოთო აბესაძე და რა ატყდა? ქორმა რომ წიწლილი წაიღო და ატყდა გნიასი, გამოჩნდნენ მოკეთეებიც, რომლებიც უტიფრად გვანამუსებდნენ, _ არ გებრალებათ ახალგაზრდა ბიჭი ციხისთვისო? ჯერ ერთი, ასაკის გამო ვინმეს ციხისთვის შებრალება აშკარად ქოცური ნოუჰაუა, თან ისეთი, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ გაივრცელებენ, თორემ არც ირაკლი ჩხვირკიაა მოხუცი, უდანაშაულოდ რომ ჩააყუდეს ციხეში და არც დათო ხარშილაძეა პენსიაზე, ნარკოტიკი რომ ჩაუდეს და მრავალი წელი ციხისთვის გაწირეს. ან მოიცა, ახალგაზრდა ცოდოა ციხისთვის და მოხუცი _ არა? თუ ასე „ლეტ სოროკ“ ტიპები გემეტებით მარტო ციხისთვის? პატრიოტი, მტრის რისხვა რომა შამათავა არავის შებრალებია ციხისთვის, თან უდანაშაულოდ და მე, თურმე, ვიღაც უშტატო გაუმაძღარ ჩინოვნიკზე უნდა დამეწვას ძვლები, თანაც ფაქტზე გამოჭერილზე! ხელფასს ხელფასად, დანამატს დანამატად, პრემიას პრემიად იღებდა და ზედ ქრთამებს აყოლებდა, რომ ეგვიპტეში ენავარდა პირამიდებთან და ჩვენ უნდა გვებრალებოდეს? უნდა გვებრალებოდეს ჩინოვნიკი, რომლისნაირები ქვეყანას უკან, იმ კორუფციის ჭაობისკენ მიაქანებენ, საიდანაც ძლივს ამოვბობღდით? ყველას ისეთი ებრალება და ისეთის მიმართაა სოლიდარული, როგორიც თვითონაა! დიახ, თქვენ არასოდეს გაასაღებთ ქვეყნის მტერს და ამიტომაც გკიდიათ რომა შამათავა და თქვენ გებრალებათ აბესაძე, იმიტომ რომ მასავით ქაფავდით, ქაფავთ, ან მოქაფავთ, როგორც კი შანსი მოგეცემათ. დიახ, ნერვი არ გიტოკდებათ არაერთ უდანაშაულოდ დაჭერილზე და გოდების კედელს თავს ურახუნებთ თქვენნაირის სამართლიანად დაჭერის გამო!

მაგრამ ამაზე როგორ დაგძრახოთ, ისიც კი ვერ გაგირკვევიათ, ვინ შლოპანც-შორტიანი მტერია და ვინ ჩადრ-ჩალმიანი მოყვარე. „სტუმარმასპინძლის“ ავტორის დაბადების დღეზე ყველაზე ტოლერანტი მეფის გამზირზე გამოცვივდით და საქართველოს სტუმრებს შეუტიეთ. ამ „ქართული მარშის“ ავტორებს რაც ამოძრავებთ გასაგებია, მაგრამ რამდენი მიცვივდა და გაიტლაკუნა? არ აპროტესტებთ იმას, მტერი, რუსი, მიწას რომ გვაგლეჯს ლუკმა-ლუკმად და აპროტესტებთ თურქებს, არაბებს, აფრიკელებს _ ყველას, რუსის გარდა. თურმე, ნუ იტყვით და ქალაქში შაურმის სუნი რომ დგას, ეგ გაწუხებთ. არც ერთი უცხოელი ბიზნესმენი არაა ის კახელი, ატამი რომ მოჰყავს, რომელსაც ვერ ყიდის. საღდება ამ ქალაქში შაურმა და იმიტომ ხსნიან! საღდება და მერე როგორ! ამიტომაცაა ქალაქში ამდენი საშაურმე და უკაცრავად, ერთი რამ ვერ გავიგე, ქალაქში შაურმის სუნი გაღიზიანებთ და ხახაში რომ იგდებთ, მაშინ ცხვირია შვებულებაში თუ ახლა, როცა ამას აპროტესტებთ _ სინდისია შვებულებაში? დავით აღმაშენებლის ხატი მკვდარი ბაბუათქვენის სურათივით რომ დაგიჭერიათ და დაატანტალებთ სწორედ მიგრანტების _ გერმანელების აშენებულ გამზირზე, ის მაინც იცით, რომ მაგ მეფეს ერთი ცოლი სომეხი ჰყავდა, მეორე _ დედოფალი გურანდუხტი _ ყივჩაღი? ბებიამისი ოსთა მეფის ასული იყო, დიდი ბებია _ ვასპურაკანის მეფის ასული? სწორედ მაგ მეფემ საქართველოში 45 ათასი ყივჩაღი მეომარი ჩამოასახლა დედაწულიანად! და სწორედ ეგ მეფე იყო გარანტი ამ ქალაქში მუსლიმთა უსაფრთხოდ ცხოვრების, მეტიც, _ მათ ბევრად ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა, ვიდრე ქართველებს!

მაგრამ არა, თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ, როდესაც არც იცით, რის გამო უნდა გძულდეთ ადამიანი და როგორც ქადაგად დავარდნილი უცნობი აღმსარებელი იტყოდა, _ გაგორებული ხართ როგორც ბოსტანში კომბოსტო…

 

რეზო შატაკიშვილი