გაბრაზებული მოსახლეობა და ქუთაისის საკრებულოს ჩაშლილი სხდომა

ქუთაისში პოლიტიკურ ცხოვრებას მშვიდს ვეღარ ვუწოდებთ. მდგომარეობა, ერთი შეხედვით, თითქოს სტაბილურია, მაგრამ როდის ამოვარდება გრიგალი, არავინ იცის. საკრებულო მცირე მოდელია იმ რეალობისა, როგორშიც ქალაქის პოლიტიკური ცხოვრება დუღს.

ხელისუფლება მოქმედებს, ოპოზიცია კი თითოეულ ცალკე აღებულ მოქმედებაში კორუფციის ელემენტებს ხედავს და სწორედ ამიტომაც საკრებულოს სხდომებზე ზოგჯერ სიტუაცია ისე იძაბება, რომ ქანდარაზე შემომსხდარ მოქალაქეებს განცდა უჩნდებათ, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმს უყურებენ. ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს უმრავლესობის დეპუტატები ასრულებენ, ხოლო ეპიზოდებში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამწესებულნი. როგორც წესი, ყველა სერიის, ანუ სხდომის ფინალი წინასწარ ცნობილია: „ოცნება“ იმარჯვებს.

გასულ კვირას საკრებულოს მორიგი სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელსაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ადევნებდა თვალს, ნახევარი საათით შეწყდა. მიზეზი ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა მხრიდნ მათი კორპუსების წინ სკვერში კაფე-ბარ „ფლამინგოს“ მშენებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მოქალაქეები მერიის მხრიდან მეწარმისთვის მიცემული პირობის გაუქმებას მოითხოვდნენ და კონკრეტულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობის დაუშვებლობაზე აკეთებდნენ აქცენტებს. სიტუაციის განმუხტვას და მხარეთა შორის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა ქალაქის მერიის შეთავაზებული მემორანდუმი, რომელიც ამ უკანასკნელმა თეთრი მანდილივით ააფრიალა და რომელმაც, მისი განმარტებით, ურთიერთობის დარეგულირებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ეს მემორანდუმი გუშინაც გვქონდა გამზადებული. ჩემი მოადგილე ურეკავდა ბუხაიძის ქუჩის წარმომადგენლებს, რომ ამ ოთხმხრივი მემორანდუმისთვის გადაეხედათ და თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა გუშინ არავინ მოსულა. არ არის პრობლემა საკრებულოზე პირდაპირ ეთერში ამის განხილვა. ამ დოკუმენტის მიხედვით არავის ექნება შესაძლებლობა, მათ შორის, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებსაც, რაიმე ააშენონ იმ სკვერში“, _ განაცხადა საკრებულოს სხდომაზე შოთა მურღულიამ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობისთვის ნებართვა არ გაიცემოდა. მერის კონკრეტულ შეთავაზებას მოსახლეობამ უარით უპასუხა. მეტიც, ასეთ განცხადებას ხმაურიც კი მოჰყვა, რადგან მათ არ სჯერათ ქალაქის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების.

კაფე-ბარი „ფლამინგო“, რომლის აშენებაც ბუხაიძის ქუჩაზეა გათვალისწინებული, ამჟამად ქალაქის ცენტრში, კინო „საქართველოს“ გვერდით მდებარეობს. არსებული ტერიტორია, თავის დროზე, ობიექტს რამდენიმეწლიანი სარგებლობით გადაეცა. ვადა, რომლის განმავლობაშიც კაფე-ბარს კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა ეფუნქციონერა, უკვე კარგა ხანია, გასულია, თუმცა მერიის მოთხოვნას ტერიტორიის განთავისუფლების შესახებ „ფლამინგოს“ მეპატრონის მხრიდან უარი მოჰყვა. გარკვეული დავის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოსავალი მოძებნა და ბიზნესმენს საქმიანობისთვის მისთვის სასურველი, ალტერნატიული ადგილის გადაცემა შესთავაზა, სადაც იგი საქმიანობას გააგრძლებდა. „ფლამინგოს“ მეპატრონემ ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ სკვერზე შეაჩერა ყურადღება და მერიამაც 300 კვ.მ. ფართობის ამჟამად 25-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებაც მიიღო. რატომ ვერ მოახერხა მერიამ იმ ტერიტორიის ყოველგვარი დათმობის გარეშე დაბრუნება, რომელზედაც საქმიანობის უფლება მეწარმეს ამოეწურა და რატომ გახდა იგი ვალდებული, მისთვის ახალი ადგილი შეეთავაზებინა, ეს უკვე ცალკე თამაა. თუმცა როგორც ქალაქის პირველმა პირმა განმარტა, დავა შესაძლებელია, დროში გაიწელოს, რაც ამჟამად კაფეს მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობას გააჭინაურებს, რასაც, თავის მხრივ, კინო „საქართველოს“ მეპატრონე მერიისგან დაჟინებით ითხოვს.

მერიის გადაწყვეტილება მოსახლობამ აქციებით გააპროტესტა. მათ არც ბიზნესმენს მისცეს საშუალება, აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე სახის სამუშაოები ეწარმოებინა. ჯერჯერობით, პროცესი შეჩერებულია, მაგრამ როგორ დასრულდება საბოლოოდ, არავინ იცის.

რაც შეეხება შეთავაზებულ მემორანდუმს, როგორც კულუარებში საუბრობენ, მხარეების ხელმოწერის აუცილებლობა იმ ინფორმაციამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც თავად მოსახლეობას სურს აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოება. თუკი ეს მართლა ასეა, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მერიას ყოველგვარი მემორანდუმის ხელმოწერის გარეშე დაიცვას კანონი და არ დაუშვას იქ რაიმე სახის მშენებლობა? სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მოსახლეობასაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს და პროტესტის გრძნობა მაშინაც უნდა უჩნდებოდეს, როცა სკვერს, რომელიც ამ სახელს, მათივე წყალობით, უკვე პირობითად ატარებს, არსებულ მდგომარეობაში უყურებენ.

 

შეურაცხყოფილი დეპუტატი

ატეხილი ხმაურის ფონზე საკანონმდებლო ორგანომ, მართალია რთულად, მაგრამ სხვა საკითხების განხილვაც მოახერხა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საბიუჯეტო ცვლილება გახდა. ამ ცვლილებით ქალაქის ბიუჯეტი 2 346 800 ლარით გაიზარდა. როგორც სხდომაზე ქალაქის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ განმარტა, ცვლილების მიზეზი რეგიონული განვითარების ფონდიდან  მიღებული თანხებია. ქავთარაძისვე ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტს პრივატიზაციიდან 3 150 000 ლარი შეემატა.

საბიუჯეტო ცვლილებების გაშიფვრისას გაირკვა, რომ დამატებით 100 000 ლარს მიიღებს მერიის სარეზერვო ფონდი, რაც ვიცე-მერის განმარტებით, მოქალაქეთა მხრიდან მომართვიანობის მატებითაა გამოწვეული. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ნატო ქათამაძის მხრიდან პროტესტის მიზეზი გახდა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სარეზერვო ფონდის გაზრდა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ქათამაძემ საარჩევნო სვლები დაინახა ასევე პროგრამა „კორპუსთან“ დაკავშირბით განხორციელებულ ცვლილებაშიც. დეპუტატის ასეთი მოსაზრება მიუღებელი აღმოჩნდა მისი კოლეგა გელა გაბადაძისთვის, რომელმაც ქათამაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰვა და სხდომის თავმჯდომარეს დაცვის გამოძახება და „ნერვებმოუთოკავი“  დეპუტატის დარბაზიდან გაყვანაც მოსთხოვა. უნდა ითქვას, რომ ქათამაძე ხშირად აპროტესტებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რის გამოც იგი, ასევე, ხშირად ხდება სიტყვიერი თავდასხმის ობიექტი.

ნატო ქათამაძე არ იყო ერთადერთი, რომელმაც საბიუჯეტო ცვლილებები გააპროტესტა. სხდომაზე დამსწრე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ხმამაღალი შეძახილებით სხდომა გარკვეული ხნით შეაჩერეს. „პიჯაკის საქმეზე“ დაკავებულმა ნიკა ნარსიამ ქალაქის მერი ხალხის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დაცვის სამსახურს ნარსიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და ამ უკანასკნელსაც იძულებითი წესით მოუწია შენობიდან გასვლა.

 

ვინ შეჭამა სკვერი?!

„პრივატიზაციის ასე ჩატარება უმარტივესი გზით ყველას შეუძლია. სამწუხაროდ, ყიდით ყველაფერს, დაწყებული მწვანე ზოლიდან, დასრულებული ტროტუარების ჩათვლით, იქ მცხოვრებლების უკითხავად და ეს ქუთაისს პერსპექტივას უკარგავს. მომავალში ქალაქში საერთოდ აღარ დარჩება თავისულაფლი მიწა“, _ განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა, გია უკლებამ და ქალაქის მერს შენიშვნის სახით ტურისტული მიმართულებით ჩადებული თანხების შესახებ შეახსენა. დაპუტატის განცხადებით, თუკი მერია ამ თანხის დახარჯვას აპირებდა, უკეთესი იქნებოდა, იგი რაგბის ჩემპიონატის წინ აეთვისებინა და ქალაქი ჩამოსულ უამრავ სტუმარს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და არა გადათხრილი, არამედ მოწესრიგებული გზებით შეხვედროდა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, სამართლიანია ქალაქის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული პრეტენზიები მაშინ, როცა საუბარია სკვერების გასხვისებაზე. დეპუტატს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებულ სკვერებზე მითითებების გაკეთება, თავის მართლების საბაბით, უბრალოდ, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.

„ეს არასწორი მიდგომაა. ყველა ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს რაღაც კარგი და ცუდი. თუ თქვენ უკეთესი ხართ, მოსახლეობას ასეთ პასუხს ნუ გასცემთ და საკითხზე სერიოზულად იმსჯელეთ“, _ განაცხადა გოგისვანიძემ.

„სკვერიჭამია ხელისუფლების წარმომადგენლები ჭკუას ნუ გვარიგებენ. ყველაზე მეტი სკვერი თქვენ დროს გაიყიდა“, _ შენიშვნვას შენიშვნითვე გამოეხმაურა „ოცნების“ დეპუტატი, გია ქობალიანი, რომელიც წინა ხელისუფლების მხრიდან ქონების, მათ შორის, სკვერების გასხვისების კანონიერების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა და რომელმაც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დანაშაულის ნიშნების კვალს ვერ მიაკვლია.

უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციის ბრალდებას თავად ქალაქის მერიც, რომლის განმარტებითაც, პრივატიზაციიდან შემოსავლები არა სკვერების გასხვისებით, არამედ „Mკვადრატის“ მეშვეობით მოხერხდა, რომელიც ქალქში ახალ სასტუმროს გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის ადგილას ააშენებს.

 

ჭირი იქა, ლხინი აქა…

მიუხედავად ხმაურისა, ქუთაისის საკრებულომ, უმრავლესობის წყალობით, სხდომის მთავარი მიზანი შეასრულა და საბიუჯეტო ცვლილებები მაინც მიიღო. მორიგი ცვლილების შედეგად 50 000 ლარი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, 526 000 ლარი პროგრამა „კორპუსს“, 300 000 ლარი ქალაქის უბნებში სპორტული ტრენაჟორების დამონტაჟებას, ხოლო 22 000 ლარი საბავშვო ტრენაჟორების მოწყობას დაემატება. საბიუჯეტო ცვლილების ყველაზე მსხვილი კომპონენტი კი 1 მილიონი ლარია, რომელსაც საბინაო ფონდი ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისისთვის მიიღებს. ქუთაისის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მეშვიდედ განიცადა ცვლილება და იგი ამჟამად 66 747 700 ლარს შეადგენს, თუმცა თუ დარჩენილ დროს და აღებულ ტემპებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, წლის ბოლომდე კორექტირება ისევ გახდეს საჭირო.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე