„გაბერილ შტატებს შევამცირებ და მერიის მანქანებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გავყიდი“

რას აპირებს გოგი წულაია მერად არჩევის შემთხვევაში?

 

„დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობისა და არა მარტო მერობის კანდიდატი, გოგი წულაია, იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს განეკუთვნება, რომელთა დანახვა ტელეეკრანსა თუ გაზეთის ფურცლებზე სიამოვნებს ყველას, პარტიისა და შეხედულების განსხვავებულობის მიუხედავად.

 

ვერცხლისწყალივით მოძრავია, მოხდენილი იუმორისა და ხშირად, თავგანწირვამდე მისული შეუპოვრობის გამო, ყოველთვის პოპულარული იყო. „დროშა ვერ დაკიდენ“ კი ინტერნეტში ბომბივით გასკდა. ინტერვიუსთვის გვიან დავურეკე. არც მომრიდებია, რადგან გოგისთან პირველი ინტერვიუ 13 წლის წინათ ჩავწერე, როცა პარლამენტის წევრი გახლდათ.

 

_ ბატონ გოგის ცხელი „ფეჩივით“ მხურვალე სალამი, რავა ხარ, კაცო, რამდენი ხანია, არ შევხმიანებივართ ერთმანეთს.

_ რომელი ხარ, ვერ გიცანი.

ვინაობა ვუთხარი და იყვირა:

_ აჰ, შენი დავიწყება რაფრა შეიძლება. რავა ხარ, რავაა საქმეები?

_ ჩვენ რა საკითხავი ვართ, შენ რავა ხარ, ფრონტის წინა ხაზზე და ავანგარდში? ერთი რამე უნდა გკითხო, ეს დროშა რომ ვერ დაკიდენ, ნაჭერი არ ეყოთ, თუ ტვინი?

_ ტვინი არ ეყოთ, ტვინი! ტვინი და ნამუსი არ ეყოთ! ფეხებზე კიდიათ ყველაფერი. აპა, რაგბის მოედანი და ტრიბუნები სავსე იყო ხალხით, მაგენი ყველა იქ იყო და ერთს არ მოსვლია ჭკუაში, დროშისთვის შეეხედა.

_ ასფალტს ისევ აგებთ ქუთაისის ქუჩებში?

_ ანგრეულია ყველაფერი და ჩემი დაგებული ასფალტი რას ეყოფა. ისე, რა ვქნა, თუ ასეთი პერფორმანსები არ მოვიფიქრე, სხვანაირად ყურს არ აპარტყუნებენ. რო არაფერმა გაჭრა, ვიფიქრე, თუ ესენი ქვეყნის სასაცილო არ გავხადე, არაფრის გამკეთებლები არ არიან-თქვა და ე, მაშინ მოვიფიქრე პირველად ქუჩაში თევზაობა, ასფალტის დაგება…

_ თევზაობას რომ შეუდექი შუა ქუჩაში, ნიშნიანიძეს პორტის აშენების იდეა ხომ არ აწაპნეთ?

_ ვაი, დედაია! რა დროს ნიშნიანიძეა! მაინც, რატომ თვლიან ამომრჩეველს ასე გონებასუსტად? რატომ უყობიან ასეთ ზღაპრებს? რაის პორტი! პორტი კი არა, გზა ვერ გაყავთ და წყალი არ მოდის „კრანში“. ოპერაციას ვერ უკეთებენ მომაკვდავ ადამიანს, იმას ვერ ეხმარებიან და პორტი აკლია, სწორედ. სისულელეა, მეტი არაფერი.

_ შენ რატომ უნდა მოგცეს ხმა ქუთაისელმა ამომრჩეველმა?

_ მიტო, რომ მე მაშინ ვამბობდი და მაშინ ვყვიროდი, როცა ეგენი ხმას არ იღებდნენ. არჩევნები რომ მოადგათ, ახლა გაახსენდა ზოგიერთს… მაინცდამაინც კენჭიზა უნდა გამოჩნდე ხალხთან? მოსულიყავი და გებრძოლა მანამდე! მე სულ აქა ვარ, სულ ვიბრძოდი, სულ ვყვიროდი, ჩემს ბარე ორ ქმედებას სასიკეთო შედეგი მოჰყოლია ამ ქალაქისთვის. ალბათ, ამიტომ უნდა მომცენ ხმა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, წესით და კანონით ასეა.

_ ვთქვათ და თბილისში გაიმარჯვა კუკავამ, ქუთაისში _ წულაიამ. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?

_ სხვაგან რა მოხდება, ვერ გეტყვი, მარა, ქუთაისი რომ უკეთესად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ და თბილისსაც რომ ეშველება, ესეც მჯერა. ეს ჩემი ქალაქი იმხელა ჩიხშია შესული, ამას არ ეყოფა არც ოთხი და არც ათი წელი, მაგრამ წინსვლა რომ დაიწყება, რაღაცები რომ შეიცვლება, ამას ნამდვილად შევძლებ და გავაკეთებ. თუ ქვეყანას ძლიერი ქალაქები ჰყავს, ის ქვეყანა წარმატებულია.

_ ერთი რამ დამიზუსტე, გენაცვალე, _ საკრებულოს წევრად იყრი კენჭს, თუ მერის თანამდებობაზე?

_ ორივეგან.

_ რაი?

_ სიის პირველი ნომერიც მე ვარ საკრებულოში და მერის თანამდებობისთვისაც მე ვიბრძოლებ.

_ ანუ უზურპაციას ეწევი?

_ არა, კაცო! კანონმა მოგვცა საშუალება. თუ გაგეხარდება, შენ მასე ჩათვალე, _ უზურპაცია გავაკეთე.

_ ისე, საიდან უფრო მეტ საქმეს გააკეთებ _ საკრებულოდან, თუ რასაკვირველია, უმრავლესობით მოხვედით თუ მერობიდან?

_ ჩემნაირი ადამიანი უფრო საკრებულოში უნდა იყოს, მაგრამ საქმის კეთების საშუალება მერს მეტი აქვს. ამიტომ მერობიდან მეტს გავაკეთებ, თუმცა საკრებულოც მექანიზმია, აიძულო არა მარტო მერი, არამედ, ცენტრალური ხელისუფლებაც, რომ რაღაცები შეცვალო და გააკეთო.

_ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან როგორ ითანამშრომლებ?

_ რავარც ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში თანამშრომლობენ, ზუსტად ისე. კანონი უნდა მართავდეს ქვეყანას, ქალაქებსაც და ადამიანებსაც. აღარ გვეყო ამ ევროპისკენ ცარიელა ყურება? აქ ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მართვისკენ და დემოკრატიისკენ, რავარც იქ. ევროპაში შესვლა თვითმფრინავში ჩაჯდომა და იქ გაფრენა კი არ არის! აქ რომ აითვისებ და შეითვისებ ევროპის საუკეთესო ღირებულებებს, ეგ არის. ევროპაში შესვლა ქუთაისში პორტის აშენებით არ უნდა დაიწყო, ხალხს მიხედე ჯერ, გზა გოუკეთე, წყალი მიუყვანე, გაათბე, ჩააცვი, შიმშილით ნუ მოკლავ, ადამიანურად ემსახურე. ჩვენ კი… ციყვი რომ სულ ერთ წრეზე ტრიალებს ბორბალში, ისე ხომ არ უნდა ვიყოთ.

_ სხვათა შორის, ბატონმა რეზო მიშველაძემ დაწერა რომანი „ციყვი ბორბალში“, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.

_ ოოო, ვულოცავ სულით და გულით, ეგ რა კაი რაღაცა მითხარი. ერთი ქართველი ნობელის პრემიის მფლობელი ხომ გვინდა? ეს იქნება საქართველოს დიდი წინსვლა!

_ გოგი ბატონო, როგორ ფიქრობთ, გამარჯვების რა შანსები გაქვთ?

_ მიმაჩნია, რომ მაქვს. იცი, შენ, ძაან მოძრავი ვარ, სულ ადამიანებთან ურთიერთობაში ვარ, მაღაზიაში გინდა, ბაზარში გინდა, ქუჩაში გინდა. მანქანით არ დავდივარ მაინცდამაინც. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შანსი მაქვს. ორი კვირაა კიდევ წინ, ეგენი ახლა თუ რამეს წაახდენენ თუარა, კაის არაფერს იზამენ. ესეც გაზრდის შანსს.

_ თუ გაგიყალბეს?

_ თუ გამიყალბეს? ვიცი, როგორ დავიცვა ხმები. პირველი _ საერთაშორისო ორგანიზაციები და მეორე რჩება _ ქუჩა! როცა ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, ის მოწოდებას არ დაემორჩილება, თავხედია და მიტომ. თავხედობის უებარი წამალია აქციები და ქუჩა. თუ ხალხი მზად იქნება, თავისი ხმები დაიცვას და ვფიქრობ, ამისთვის მომწიფებულია, არაფერს გამოვრიცხავ. აბა, თავხედობის წამალს აფთიაქში არავინ ყიდულობს. თავხედობისა და თავნებობის შემაკავებელი მობილიზებული ხალხია.

_ გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის მერი გოგი წულაია პირველ სამ თვეში რას გააკეთებს?

_ შევწყვეტ უკანონო მშენებლობებს ცენტრში, სკვერებში მოვიწვევ სპეციალისტებს და ექსპერტებს, რათა შედგეს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. აუცილებელია იმის დადგენაც, რა რაოდენობას შეიძლება მიაღწიოს ტურისტების რიცხვმა და რას ვახვედრებთ მათ. აი, საუნივერსიტეტო ქალაქს რომ ვამბობთ, რა თანხები დაჯდება და, რეალურად, რამდენ ადამიანს დაასაქმებს, რა შემოსავლებს მოგვცემს. გავარკვევ, ტექნიკური დარგების რამდენი სპეციალისტი მყავს ქალაქში და მრეწველობის რომელი დარგების აღდგენა-აღორძინებაა შესაძლებელი; ამას დათვლა უნდა, გოგი წულაიას ჯადოსნური ჯოხი კი არ აქვს, რომელსაც დაარტყამს და ყველაფერს შეცვლის. ამას დიდი მუშაობა უნდა, ახლა ნულია. პირველივე წერილი იქნება ეკონომიკის სამინისტროში, ქალაქის ყველა მიტოვებული ქონების გადმოცემას მოვითხოვ, რომელიც უბედურდება და ფეხებზე ჰკიდია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ეკონომიკის სამინისტროს. მერე ისე კი არ ვიზამ, რომ ახლა მამაღმერთი ვარ და მე ვწყვეტ ყველაფერს, არამედ პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ. მიტოვებული შენობები უამრავია ქუთაისში. ძალით გაბერილ შტატებს შევამცირებ და მერიის მანქანებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გავყიდი. მერიას სულ ოთხ მანქანას დავუტოვებ. ესენი არავისზე არ იქნება გაპიროვნებული, მორიგე მანქანები იქნება. მერი ხარ, ვიცე-მერი ხარ თუ საკრებულოს თავმჯდომარე, კეთილი ინებე და შენით მოდი სამსახურში. ვერ გავიგე, მე რატომ უნდა მომიყვანოს სახელმწიფო მანქანამ?! მაშინ მასწავლებლებიც მოიყვანოს, ჩვენზე ნაკლებ საქმეს აკეთებენ!? მოვედი, დავჯექი კაბინეტში. შეხვედრაზე დამჭირდა წასვლა? ვრეკავ ქვევით, რომელი მანქანაც იქნება თავისუფალი, ის წამიყვანს. წავედი, ჩავატარე შეხვედრა, მოვედი, ავედი და დავჯექი. დამთავრდა სამუშაო? შესრულდა ექვსი საათი, წადი სახლში. ესენი, თურმე, 12 საათამდე სხედან კაბინეტებში და ამათი გაკეთებული საქმე არავის უნახავს ჯერ. 11 საათზე რას აკეთებ, ერთი, მაგ კაბინეტში, 6 საათამდე არაფერი გაგიკეთებია?! ამას ჰქვია მოჩვენებითობა. დაამთავრე მუშაობა, წაი დროზე სახლში. შენი საკუთარი მანქანა თუ არ გყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტია აგერ, უდაბნოში ხომ არ ხარ? ისე, ველოსიპედი იქნება კაი, მარა, ფიზიკურობა არ მიწყობს ხელს… ჰე, რა გაცინებს, არც შენ მყავხარ დიდი საროს ტანის და ველოსიპედზე დასაჯდომი.

 

ააა, ასე სიცილში დავამთავრეთ საუბარი. არადა, ორივე მართულები მართლები ვიყავით: მე ველოსიპედზე მჯდარი გოგი წულაია რომ წარმოვიდგინე, ის მაცინებდა, ის კი ჩემს შესაძლო ველომრბოლელობაზე ხითხითებდა. ერთი კი ცხადია: ქართულ პოლიტიკაში კი არა, საქართველოს ყველა სოფელში რომ იჯდეს ერთი გოგი წულაია, აქეთ შემოვიდოდნენ ევროპა და ევროპელები, მაგრამ რა ქნას, ჯერჯერობით, ერთადერთი და განუმეორებელია.

ზაალ ნემსაძე