ბრძოლა გამარჯვებისთვის! _ რა გეგმები აქვს ნიკა გვარამიას?

მიხეილ ხაჩიძე

„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მსოფლიო დონის რეზონანსული ქეისი გახდა. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერის ამბავი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში არაერთგზის მოექცა.
„ოლიგარქი, ევროკავშირი და არასასურველი ტელევიზია“, _ სწორედ ამ სათაურით პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა Faz-მა გვარამიას საკითხს, ჯერ კიდევ, პატიმრობის პერიოდში ვრცელი მასალა მიუძღვნა. როგორც გერმანელი ჟურნალისტი სტატიაში წერს, ევროკავშირის ნეგატიური გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა ჟურნალისტის, მედიამენეჯერისა და საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეარხის თანამფლობელის პატიმრობა. მაგრამ მისი საქმე ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებისთვის, როგორც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება. მართლაც, გვარამიას საქმე არის ევროკომისიის 12-პუნქტიანი დავალების ნაწილი, რომელიც გადაეცა საქართველოს მთავრობას მოსამზადებლად. მეშვიდე პუნქტი აქ მედიის თავისუფლებას ეხება.
ოფიციალურად, გვარამია ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ცოლს პარკში ძაღლის გასასეირნებლად ტელევიზიიდან მანქანა ათხოვა. თუმცა ევროპარლამენტი და ქართული ოპოზიცია მას პოლიტიკურ პატიმარად მიიჩნევდა. აცხადებდნენ, რომ გვარამია რუსეთისა და თბილისში მისი მარიონეტული ხელისუფლების მძევალი იყო; იმიტომ, რომ გვარამია, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, მართავდა ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამოუკიდებელ ტელეარხ „მთავარს“; მისმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს პრორუსული მთავრობის ფარული დახმარება მოსკოვისთვის უკრაინის კონფლიქტში და მოსკოვის გავლენა მთავრობაზე; ვრცელი სატელევიზიო რეპორტაჟების ციკლი მომზადდა კორუფციაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და პუტინის ოლიგარქის საქმეებზე, რაც, რასაკვირველია, „ოცნების“ მმართველობას დისკომფორტს უქმნიდა.
1-წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 22 ივნისს გვიან საღამოს, ყველასთვის მოულოდნელად, შეიწყალა. რამდენიმე საათშივე, უკვე 23 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მედიამენეჯერს რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ტაშითა და შეძახილებით შეეგებნენ.
პატიმრობის პერიოდში მე, როგორც „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუ გერმანული მედიისთვის ჩავწერე.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში გვარამია ამბობდა, რომ საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ის გამოთქვამდა იმედს, რომ ერი უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებს.
„უკრაინის ომმა ცხადყო ყველაფერი. უკრაინის გამარჯვება კიდევ უფრო ამძაფრებს გამყოფ ხაზს ისტორიის ნათელ და ბნელ მხარეებს შორის და აჩვენებს, ვინ სად დგას. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოში ავტომატურად ვერ შეცვლის სიტუაციას. საქართველოს მომავლის გასაღები არც კიევშია, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში. ეს არის აქ, საქართველოში და მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, ჩვენი ქვეყანა წარმართონ ნათელი მომავლისკენ ან სამუდამოდ დატოვონ ბნელ აწმყოში“, _ განაცხადა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფმა გვარამიამ.

რა გეგმები აქვს? სად ხედავს საკუთარ თავს? როგორ აპირებს რეჟიმის დასამარცხებლად ბრძოლას? როგორი იყო ციხეში განვლილი პერიოდი? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-მა ახლა უკვე პატიმრობიდან სულ ახლახან გამოსულ ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

_ ნიკა, ციხით დავიწყოთ. მოგვიყევით იმ პერიოდზე: რა გამოიარეთ, როგორ გადიოდა დღეები იქ, რას აკეთებდით და ა. შ.?
_ ციხეში დრო, ჩემი დაკვირვებით, ყოველ შემთხვევაში, სწრაფად გადის. მთავარი, რაც უნდა გააკეთო, პირველი: უნდა შეეგუო სწრაფად, გაიცნო შენი, ასე ვთქვათ, გარშემომყოფი სამყარო, პირველ რიგში, საკანი, მიხვდე, სად რა არის, სად რა უნდა განათავსო, როგორ უნდა დაალაგო, რამდენ ხანში ერთხელ და ა. შ. მერე, ციხის მაღაზიაში იყიდება, პირობითად, მაცივარი და ტელევიზორი, ესეც უნდა გააკეთო. მნიშვნელოვანია კავშირი გარე სამყაროსთან. მაცივარში ბევრი შესანახი კი არაფერი მქონდა, პრინციპში, რადგან ცოტას ვჭამდი, მაგრამ მაინც საჭიროა. და რაც მთავარია, რუტინა უნდა გაიჩინო, უნდა მოუფიქრო შენს თავს რუტინა-ყოველდღიურობა, რომლითაც დაკავდები. ძალიან არ უნდა დაიტვირთო თავი ვალდებულებებით, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაცები, რასაც დაიგეგმავ სავალდებულო გასაკეთებლად.
_ რა იყო თქვენი რუტინა ციხეში ყოფნის პერიოდში?
_ ჩემი რუტინა შედგებოდა კითხვისგან, ვუყურებდი ახალ ამბებს, თუმცა ვცდილობდი, რომ ტელევიზორი, ასე ვთქვათ, ზედმეტად არ გამომეყენებინა, ანუ მთლიანად არ გადავრთულიყავი ტელევიზიაზე და ეს, პრინციპში, მარტივად გამომივიდა, რადგან როცა კითხვას ვიწყებ, მერე შეიძლება ისე დაღამდეს, რომ ვერც მიხვდე, არც ვჭამო პირობითად და არაფერი სხვა არ გამახსენდეს. ასეთი დღეებიც იყო, რა თქმა უნდა.
ჩემთვის საინტერესო მეორე გამოწვევა, რაც მე მოვიწყვე და თავს დავავალე, ეს უკვე ვალდებულებითი ნაწილი იყო _ წონაში დაკლება. პირველ რიგში, შაქარი და პური ამოვიღე ყველანაირი რაციონიდან. როცა დავიკელი, მერე უკვე ცოტ-ცოტას ვეპარებოდი, მაგრამ რამდენიმე თვე, თუ ნახევარი წელი, საერთოდ არ ვიღებდი და ვჭამდი 18-საათიანი შუალედით.
_ როგორ მოახერხეთ ამ განრიგში ჩაჯდომა?
_ თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე მივეჩვიე და ძალიან მარტივი გახდა, დავიკელი 25 კილო. რამე უნდა მეკეთებინა, რაღაც გამოწვევა უნდა დამეგეგმა ჩემი თავისთვის, მე არ შემიძლია გამოწვევების გარეშე. ეს გამოწვევა კარგია იმითაც (წონასთან ბრძოლა), რომ დინამიკაშიც ხედავ შედეგს, რამდენად უმკლავდები. სამედიცინო ოთახში არის სასწორი და შეგიძლია ყოველდღე გადაამოწმო, როგორ იმუშავე. ამიტომ ეს გამოწვევა ძალიან მჭირდებოდა, არა მხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ ჩემი, რაღაცნაირი, ფსიქოლოგიური სტაბილურობისთვის.
ასე იყო, პრინციპში, მეტი განსაკუთრებული არაფერი. მთავარია, რომ მოლოდინები არ შეიქმნა, რომ გარეთ იქნები ძალიან მალე. რადგან ეს მოლოდინები, როგორც წესი, არ შეესაბამება სიმართლეს და ამას გარდა, იმედი და ბრაზი ყველაზე ცუდი თანამგზავრებია ციხეში, არ შეიძლება არც ერთი და არც მეორე. უნდა იცხოვრო ისე, რომ შეეგუო ფაქტს: იმდენი ხანი იჯდები, რაც მოგისაჯეს. თუ სხვა რამე მოხდება, ხომ კარგი, თუ არადა, უნდა იფიქრო სწრაფად ადაპტირებაზე. გარე სამყაროზე უნდა იფიქრო რაც შეიძლება ნაკლები.
_ საკანში მარტო იყავით? გარშემო ხალხთან კონტაქტის საშუალება გქონდათ?
_ კი, საკანში მარტო ვიყავი. ეს ხომ, ასე ვთქვათ, სატუსაღოა, დახურული რეჟიმის. პატიმრებთან კომუნიკაცია არ გაქვს, გარდა იმათი, ვინც საჭმელს არიგებს. პირველი ნახევარი წელი ერთი იყო, მეორე ნახევარი წელი კი მეორე და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი ციხეში, იმიტომ რომ სოციალიზაცია გაქვს მათი მეშვეობით.
_ რაც შეეხება ბადრაგსა და ციხის ექიმებს, მათთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
_ ბადრაგს რაც შეეხება და ექიმებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი გადაცდომა არ ყოფილა მათი მხრიდან. პირიქით _ ურთიერთობაში ძალიან სწრაფად შევედით, ამას მეგობრობას ვერ დავარქმევ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი ურთიერთობები გვქონდა. მედდებთან რაც შეეხება, მათთან განსაკუთრებულად, _ ისინი ყველაზე მზრუნველი ხალხია იქ და შესაბამისად… სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა მათი მონახულება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შინაგანაწესით აკრძალული აქვთ მათ ყოფილ პატიმრებთან ურთიერთობა და მეშინია, რამე არ დავუშავო, თორემ ძალიან მინდა მათი ნახვა.
_ ვინ და რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?
_ ბავშვები მენატრებოდა ყველაზე მეტად. ჩემი მეუღლე _ სოფო თვეში ერთხელ შემოდიოდა. ბავშვებსაც შეეძლოთ შემოსვლა, მაგრამ ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმა რომ არ მიეღოთ, სჯობდა, არ შემოსულიყვნენ. ბავშვები უზომოდ მენატრებოდნენ, სოფო ფოტოებსაც მიგზავნიდა და ვხვდებოდი, რომ სწრაფად იზრდებოდნენ, ორივე ისეთ ასაკშია, ზოგადად, რომ სწრაფად იზრდებიან. პატარები დავტოვე და უკვე დიდები დამხვდნენ. ძალიან მწარეა, როცა ბავშვები უშენოდ იზრდებიან, მწარეა და ძალიან დიდი მონატრებაა.
თუ რა მენატრებოდა _ ეს იყო შემწვარი კარტოფილი და ღვინო, არაფერი სხვა საერთოდ (იღიმება).
მენატრებოდა მეგობრებიც, „მთავარი არხიც“, ბევრი რამე, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფ შვილებს.
ციხის სიმწარე იცით, რა არის? _ სანამ იქ ვიყავი, ორი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვალა! სიმწარე ის არის, რომ შენ მათ უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებ. ერთ შემთხვევაში შემეძლო გამოვსულიყავი, განცხადებას თუ დავწერდი, გამომიყვანდნენ, მაგრამ ბადრაგის თანხლებით და ხელბორკილებით. გადავწყვიტე, არ გავსულიყავი, დამატებითი დისკომფორტი რომ არ შემექმნა ჩემი გამოჩენით. მაგრამ ასეა, ეს ძალიან დიდი სიმწარეა, როცა გლოვის სრულფასოვანი შესაძლებლობა არ გეძლევა.
_ როგორია ნიკა გვარამიასთვის თავისუფლება?
_ გადაადგილების თავისუფლებაა პრინციპში ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაც 4 წელია, არ მქონია. 3 წელი, ვიდრე ჩამსვამდნენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აკრძალული მქონდა, შესაბამისად, 3 წელი, პრაქტიკულად, თავისუფლება შეზღუდული მქონდა. ახლა უკვე თავისუფალი ვარ, ქვეყნის გარეთაც გავდივარ, მეგობრებსაც ვნახულობ, ვმოგზაურობ და ა. შ. შინაგანი თავისუფლება არასდროს დამიკარგავს, უბრალოდ, მართლა გადაადგილების თავისუფლება მქონდა შეზღუდული, რეალურად ამას უტოლდებოდა ჩემთვის ციხეში ყოფნა. ახლა შემიძლია თავისუფლად გადაადგილება, მოძრაობა.
_ პრეზიდენტის მიერ თქვენი შეწყალების შესახებ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონს ვკითხე, (ინტერვიუ მქონდა იმ პერიოდში „ქრონიკა+“-ისთვის). მან მითხრა, რომ ამ კარგი ნაბიჯით ზურაბიშვილი ევროპას სიგნალს უგზავნის, რომ თავისი წვლილი შეაქვს ევროკავშირთან დაახლოებაში. თქვენ რას ფიქრობთ, ნიკა, ზურაბიშვილის ამ ნაბიჯზე, რომ შევაფასოთ კიდევ ერთხელ?
_ პრინციპში, მე უკვე ვისაუბრე და ვთქვი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, _ ვფიქრობ, ზურაბიშვილმა ეს გააკეთა ქვეყნისთვის, რომლის ლიდერიც არის ის, რომლის პრეზიდენტიც არის და ამ თვალსაზრისით ეს ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ზუსტად ამ მიმართულებით იყო ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი…
_ მალევე წახვედით ევროპაში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ ევროდეპუტატებთან. ამ ღონისძიებებზე რომ მოგვიყვეთ, რა მთავარი მესიჯები გაჟღერდა და რა ტიპის დისკუსიები გაიმართა?
_ დახურულ კარს მიღმა შეხვედრები იყო, საჯაროდ სრულფასოვნად ამაზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა საუბარი იყო ბევრი და ყოვლისმომცველი. მათ შორის, აინტერესებდათ ჩემი გეგმები. აინტერესებდათ, რას ვფიქრობდი, იგივე სტატუსის საკითხთან და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ მმართველობასთან დაკავშირებით? მათი პოზიციებიც მოვისმინე, მათ კი _ ჩემი. ვფიქრობ, კარგი შეხვედრები იყო. მე კმაყოფილი ვარ და გამოხმაურებებიც კარგი იყო, მოგვიანებით, ევროპარლამენტარებისგანაც და პრესისგანაც. ასე რომ, მგონი, ძალიან სასარგებლო შეხვედრები გქვონდა. ამას გარდა, 3 ევროპარლამენტართან ერთად ბრიფინგი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მოვლენაა და მსგავსი პრეცედენტი არც მახსენდება საქართველოში. კიდევ ვაპირებ წასვლას, რა თქმა უნდა, უკვე ბრიუსელში ჩასვლას და ასევე ვაშინგტონში ვიზიტსაც ვგეგმავ.
_ რას ამბობენ ევროპელი პარლამენტარები თქვენთან და რა პერსპექტივები არსებობს ჩვენი ევროპული კურსისთვის?
_ მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპტიმისტურები უნდა ვიყოთ სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩემი შთაბეჭდილებაა. თუმცა ეს ევროპარლამენტის პოზიციაა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს კომისიისა და უკვე ევროპული საბჭოს პოზიციებისგან, მაგრამ რა გითხრათ, ევროპული საბჭო 27 ქვეყანაა და 27 ქვეყნის თანხმობა კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენია. ვფიქრობ, ალბათ, უარს არ გვეტყვიან, იმედი მაქვს, რომ უარს არ გვეტყვიან, მაგრამ სტატუსის საკითხი დაუკავშირდება 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე.
_ უკრაინაში ვიზიტზე რომ გვიამბოთ. ვიცით, რომ არახამიას მიწვევით ჩახვედით და უმნიშვნელოვანესი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეთ იქაც. მოგვიყევით ცოტა მეტი ამ საინტერესო ვიზიტის შესახებ.
_ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის კიევში ჩასვლა, ამაღელვებელიც, არ დაგიმალავთ. ახლა, ჩემი აზრით, სამყაროს ცენტრი კიევია და უკრაინა. გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძალიან საინტერესონი არიან ჩემთვის. დათოს რაც შეეხება, მე და დათოს ტემპერამენტიც მსგავსი გვაქვს და ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ზოგადად, ძალიან გონიერი და კარგი ბიჭია. სწრაფად შეუძლია საკითხების აღქმა და გადააზრება, დასკვნების გამოტანა. ჩვენ რაღაც გეგმები გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. უკრაინელებს ძალიან აინტერესებთ საქართველო. ჩემი ვიზიტი, რაც ნახეთ, ეს იყო ამის ერთი მეხუთედი, ალბათ, იყო ბევრი შეხვედრა, რომელზედაც ვერ მოვყვები ასევე, რადგან დახურულ კარს მიღმა იყო, მაგრამ ყველა ეს შეხვედრა გახლდათ ძალიან საინტერესო. ახლა კიდევ მივდივარ კიევში, თვის მეორე ნახევარში, უკვე დამოუკიდებლობის დღისთვის.
_ თქვენი აზრით, სააკაშვილის თემის შესახებ როგორ განვითარდება მოვლენები? რას ამბობენ უკრაინაში ამ საკითხთან მიმართებით? ალბათ, საკმაოდ ნაწყენებიც არიან „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკით (პოდოლიაკთან მქონდა ინერვიუ წინა ნომერში და ვიცი მათი პოზიცია, ზოგადად. თუმცა თქვენთან საუბრებისას როგორია უკრაინელების შეხედულებები?)…
_ ჩვენზე არ არიან ნაწყენები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მათთვის, იმის გამო, როგორც ის იქცევა, არის წითელი ხაზი, ეს ასე არის. და უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა, მათ შორის, ეკონომიკურიც, სრულფასოვანი ვერ იქნება, სანამ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს და სულ უფრო და უფრო შემცირებისკენ წავა ჩვენი კონტაქტები. ცხადია, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დაიმსახურა.
ქართველი ხალხი მათთვის ცალკე მდგომია და ხელისუფლება _ ცალკე მდგომი. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ქვეყანას წარმოადგენს ხელისუფლება, ძალიან ნაივური დამოკიდებულება გვაქვს და არასწორი ტექსტია, გინდაც ევროკავშირთან მიმართებით და გინდაც უკრაინასთან, რომ ხალხი იმსახურებს და ხალხს გვინდა, მაგრამ ხელისუფლება _ არა. ეს ასე არ არის. ხალხი რასაც იმსახურებს, ის ამას გამოხატავს არჩევნების გზით და არა მარტო ხმის მიცემის გზით, არამედ ხმის დაცვის გზით. ამიტომ ეს შეკითხვები ჩნდება უკრაინაშიც და ევროპარლამენტშიც. თუ თქვენ ამას იმსახურებთ და, მაგალითად, სტატუსი ამის გამო უნდა მოგცეთ, მაშინ დამსახურებას დადასტურება უნდა.
ხალხზე არ არიან ნაწყენები, მათ უბრალოდ უკვირთ, რომ ხალხის დამოკიდებულება და მთავრობის ასე დაცილებულია ერთმანეთს, მაგრამ მთავრობა არ იცვლება. ეს გასაკვირი ყოველთვისაა, მათ შორის, დასავლეთისთვისაც. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართველ ხალხთან ურთიერთობა ისეთივე სრულფასოვანი იქნება და შეიძლება კიდევ უფრო ახლო და საინტერესო თანამშრომლობის ფორმები მიიღოს, როგორც აქამდე იყო.
_ როგორია ნიკა გვარამიას გეგმები?
_ ნიკა გვარამიას გეგმები არის: ბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად, ნებისმიერ შემთხვევაში. რა ფორმებს მიიღებს ეს, ამაზე მართლა არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ახლა აბსოლუტურად არ ვკეკლუცობ ან არ ვიტყუები. მართლა არ მაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა გამორიცხვით არ გამოვრიცხავ არცერთ ფორმას ჩემი საქმიანობის.
_ სპეკულაციები პოლიტიკაში ჩართვის შესახებ რამდენად მართალია?
_ როგორც გითხრათ, გადაწყვეტილება არაფერზე მაქვს მიღებული. მთავარია, ბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად და რეჟიმის დამარცხება. სადაც სწორად და ეფექტიანად ჩავთვლი ჩემს ბრძოლას, ვიქნები იქ.
_ „მთავარ არხთან“ როგორია ამ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა?
_ სარედაქციო მიმართულებით და ა. შ. საერთოდ არ ვერევი. ვცდილობ, დაფინანსება მოვუპოვო ტელევიზიას. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს ტელევიზია გახდეს ძველი „რუსთავი 2“, ანუ ისევ პირველი ტელევიზია მომავალი წლის პირველ ნახევარში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმ ბრძოლისთვის, რომელზედაც ვლაპარაკობ, ამისთვის კი რესურსებია საჭიროა. არა 120 მილიონი, რასაც „იმედი“ ხარჯავს, არამედ ამაზე ბევრად ნაკლები, მაგრამ იმაზე მეტი, რაც ახლა გვაქვს.
_ რა უნდა ვქნათ არსებული მძიმე ჩიხიდან გამოსასვლელად? როგორ უნდა დავრჩეთ ევროპულ გზაზე ან, უფრო სწორად, გადავარჩინოთ ჩვენი ევროპული მომავალი? რას ფიქრობთ, ნიკა?
_ ეგ არასწორი კითხვის ნიშნებია, ჩემი აზრით. რამე უნდა ვქნათ! ჯერ ერთი, აქედან დავიწყოთ, ზოგადად, რამის კეთებას უნდა მივეჩვიოთ… მაგრამ უნდა ვასხივებდეთ კომპეტენციას, გამბედაობას და, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაწყვეტილებებს. არა მგონია, რომ პასუხის გაცემის რეჟიმში ყოფნა არის სწორი. პასუხის გაცემის რეჟიმში მყოფი ხალხი ვერ იმარჯვებს. ისინი შეიძლება ანეიტრალებდნენ საფრთხეებს, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პასუხის გაცემის რეჟიმში შეიძლება იყოს ხელისუფლება, რადგან ის უკვე ხელისუფლებაშია და სტატუს კვო მისია. მაგრამ ვისაც სტატუს კვოს შეცვლა უნდა, ის არ შეიძლება, პასუხის გაცემის რეჟიმში იყოს. პირიქით, ის ტონის მიმცემი უნდა იყოს, პირიქით, ეს უნდა ვქნათ, პირველ რიგში, ყველამ.

პოლიტიკური რაკურსი და მნიშვნელოვანი ფაქტები:

▶ ბიძინა ივანიშვილი ქმნის პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. მას დასავლეთში მოსკოვის ოლიგარქად მოიხსენიებენ;
▶ ივანიშვილის მთავრობა ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ხოლო ცივილიზებული მსოფლიო შორდება რუსეთს;
▶ არც ისე დიდი ხნის წინათ მოსკოვმა და თბილისმა ორმხრივი ფრენები აღადგინეს, რის გამოც საქართველოს დასავლეთი სანქციებითაც კი ემუქრება.
▶ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, მიხეილ სააკაშვილი (55), მძიმე ლითონებით მოწამვლითა და პოლიტპატიმრის სახით სასამართლო პროცესის შემდეგ იმყოფება ციხეში;
▶ სიძულვილისა და ცილისწამების კამპანიები ნებისმიერი „ლიბერალურის“ ან „დასავლურის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს ინტერნეტში ტროლების ქარხნებისა და მთავრობის ან მოსკოვის შვილობილი კომპანიების მეშვეობით;
▶ ოპოზიციური მედია იკრძალება, კრიტიკულ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ან აპატიმრებენ.