ბრძოლა გავლენებისთვის

პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის კარზე სახეზეა.

კლოუნადად ქცეულმა კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარი აქტივისტების პარტიაა და ყველა რეგიონში კონსტიტუციის განხილვაზე დარბაზი საჯარო მოხელეებით და ალაგ-ალაგ მყეფარე ხმოსნებით იყო სავსე. ხმოსნებს, ძირითადად, ოპოზიციის გამოსვლის დრო ხმაური, სტვენა და წამოძახილები ევალებოდათ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფრაზა, _ თქვენ რომ ხალხს ხოცავდით? ამ ფრაზების მოსმენა, ძირითადად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს უხდებოდათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განხილვაში მონაწილეობაზე იმთავითვე უარი თქვა.

ქუთაისში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვას პირადად ვესწრებოდი. დარბაზში, ერთი მხრივ, სამხარაძე-გოგაშვილის „შპანა“ იყო მობილიზებული როზა ლორთქიფანიძის ძმისშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის ორგანიზებით, მაგრამ რადგან მათი გადაღება მობილური ტელეფონით დავიწყე, დესტრუქციას აშკარად მოერიდნენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის ასევე საპატიო ადგილას იჯდა თავად როზა ლორთქიფანიძეც. ერთი მყვირალა ხმოსანი ჩემს უკანა რიგში იჯდა. სერგი კაპანაძის გამოსვლისას ადგილიდან წამოხტა, ხელების ქნევით ყვირილი დაიწყო, _ ხალხს რომ ხოცავდით, ახლა რას ითხოვთო? ხმოსანს იქვე ვკითხე, _ შემახსენე, ერთი, სადაური ხარ და რომელი რეჟიმის მსხვერპლი იყავი-მეთქი? აშკარად მიცნო და პოლემიკაში გამოყოლა გადაიფიქრა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, რეჟიმის მსხვერპლი, სინამდვილეში, საჯარო მოხელე და სპორტული ააიპ-ის თანამშრომელი, მალხაზ რატიანი ყოფილა.

მქუხარე ტაშით, დაზეპირებული ფრაზებით და შეკითხვებით, პრეზიდიუმში მსხდომი დეპუტაციის პათოსით და პარლამენტის თავმჯდომარის დემაგოგიით შეკრება ნამდვილად ჰგავდა კომუნისტური პარტიის ყრილობას. როგორც გაირკვა, მოქალაქეებს, რომლებიც კონსტიტუციის ცვლილებებზე აზრს გამოთქვამდნენ, რეალურად კონსტიტუციის პროექტი წაკითხული არც კი ჰქონდათ. ამავე შეხვედრაზე სიკვდილით დასჯის აღდგენა და სპეცსამსახურების კიდევ უფრო გააქტიურება მოითხოვეს. არადა, სუს-ი ზედმეტად აქტიურია, მათ შორის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაშიც.

სახელისუფლებო წრეებს შორის დაპირისპირება ქუთაისში თვალნათლივ იგრძნობა. გივი ჭიჭინაძე ფორმალური გუბერნატორია. მის მიმართ აგრესიას აშკარად მხოლოდ იმიტომ არ გამოხატავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია. საპარლამენტო არჩევნების წინ სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილმა ქუთაისში მაჟორიტარებად საკუთარი კანდიდატურები ვერ გაიყვანა, სამაგიეროდ, „სტუკაჩი“ ნამდვილად იპოვა ვიცე-გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიას სახით. ეს ქალაქელი ბიჭი ტაბიძის ქუჩაზე ათენ-აღამებს სუს-ის უფროს ქაფიანიძის კაბინეტში. სწორედ გიორგი ჭიღვარიას რეკომენდაციით  მოხვდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი „ქრონიკა+“-ის არარსებული წყაროების სიაში.

„ანტრიკოტას“ ქუთაისთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის პოსტზე გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურას  ლობირებს მისივე მეორე ხელისბიჭის, დიტო სამხარაძის რეკომენდაციით. მეორე მხრივ, მერად კენჭისყრის სურვილი მოქმედ მერს, შოთა მურღულიასაც აქვს. გოგაშვილსა და ქაფიანიძეს მურღულიაზე სხვა კომპრომატები, როგორც ჩანს, არ გააჩნიათ და „ქრონიკა+“-თან დაპლიუსებით ცდილობენ მოქმედი მერის დისკრედიტაციას.

ის, რომ სუს-ის უფროსის მოადგილეს ნერვებმა უმტყუნა, ეს ჯერ ჩემი შვილის უკანონო დაკავებით გამოჩნდა, მერე უკვე სააგენტო „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის, გიორგი მამაცაშვილის მხრიდან „მხილების კამპანიის“ დაწყებით. ამ კამპანიაში გოგაშვილი მარტო არ არის, მას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები, კერძოდ კი ზვიად ჯანყარაშვილი უმაგრებს მხარს.

რატომ გიორგი მამაცაშვილი?

„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ნუგზარ ფოფხაძის ფუჭმა დაპირებებმა და ჩემ წინააღმდეგ კულუარულმა ბრძოლებმა ძალიან დაღალა. მას და გოგაშვილს ფოფხაძისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა აქვთ გადახდილი. შედეგად კი ვერაფერი მიიღეს. სწორედ ამიტომ ყოფილა ჯანყარაშვილის დაჟინებული მოთხოვნა, ბრძოლის ველზე ჩემ წინააღმდეგ თავად „რეპორტიორი“ შემოსულიყო. ალბათ, შორს არც ის დროა, როცა ჯანყარაშვილ-გოგაშვილი მიხვდებიან, რომ ფოფხაძე მათ, უბრალოდ, აბოლებს და ფულს სძალავს. ვერანაირ შედეგს „მხილების“ კამპანია ვერ გამოიღებს. მე ჩემი სიმართლე მაქვს და ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში ამ სიმართლის სჯერა. არც ჟურნალისტობაზე უარის თქმას ვაპირებ და არც გაზეთის გამოცემის შეჩერებას.

„ქრონიკა+“-ის მსგავსად, ე. წ. კახელების კლანსა და სოსო გოგაშვილსაც ერთნაირად უშლის ნერვებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე. ისინი მას პირად მტრად აღიქვამენ. ხვედელიძის წინააღმდეგ გოგაშვილმა ერთი ძველი აგენტი, ვეტერათა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე, გია ბერძენაძე შემოიყვანა.

ვინ არის გია ბერძენაძე?

პირველად ის ჩემს არეალში 2007 წელს გამოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში მისი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რეზო ჩაკვეტაძემ, ვიდეოჩანაწერი გამოაგზავნა. ამ ჩანაწერში ის სამხედრო პოლიციასა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ამხელდა. კონკრეტულად, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის მერე სამხედრო პოლიციამ მერვე პოლკის ტერიტორიაზე ყოფილი სამხედროები მიიყვანა, ყველა მათგანი დაკითხა და იდენტური ჩვენებები დააწერინა, რომ ბადრი პატარკაციშვილის დავალებით გოგა ხაინდრავა კიტოვანის ყოფილ  გვარდიელებს აგროვებდა, მათ იარაღის შესაძენად ათი მილიონი დოლარი გადასცა და სამხედრო გადატრიალებისთვის მზადება მიდიოდა, ანუ ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დაკითხულ სამხედროებს შორის იყო გია ბერძენაძეც, რომელმაც გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლა, ჩვენი შტაბისა და გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა და მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 4000-ლარიანი გირაო მას „კუდმა“ გადაუხადა და ამის მერე არავის გახსენებია არც მისი იარაღის უკანონო ტარება და არც „ოპოზიციონერობაში“ შეუშლია ვინმეს ხელი. გია ბერძენაძე დღეს ღრმა პათოსით გვაუწყებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია. 2007 წელს სოსო გოგაშვილი ფარშის დისტრიბუციით იყო დაკავებული და ბუნებრივია, მაშინდელი პოლიტიკური კულუარები მისთვის უცხო ხილია. სამაგიეროდ, მას სუს-ში აგენტურის არქივი დახვდა, რომელსაც აქტიურად იყენებს ხან „ქრონიკა+“-ის, ხანაც გელა ხვედელიძის წინააღმდეგ.

კუდ-ის ძველი „სტუკაჩი“ გია ბერძენაძე აცხადებს: გელა ხვედელიძეს სადმე რომ შეხვედროდა, აუცილებლად სცემდა.

როდის იყო, კაცი ვინმეს ცემას აპირებდა და ამისთვის საგაზეთო ინტერვიუები სჭირდებოდა?

სად იყო გია ბერძენაძე თავისი პრეტენზიებით მაშინ, როცა გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილე გახლდათ?

რამ შეუშალა ხელი, ენახა და ურთიერთობები გაერკვია მასთან თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ?

რატომ ამბობდა პირად საუბრებში, რომ გელა ხვედელიძის ძმასთან მეგობრობს?

რამ გააბრაზა სინამდვილეში გია ბერძენაძე? იმან ხომ არა, რომ გელა ხვედელიძემ ის გოგაშვილის მსგავსად „ქართული ოცნების“ ოფისს არ გააკარა, იცოდა რა მათი კავშირები „კუდთან“?

გელა ხვედელიძე თანამდებობიდან და, შესაბამისად, „ქართული ოცნებიდან“ ოთხი წლის წამოსულია. თუ ბერძენაძე ასეთი შეუცვლელი პროფესიონალი იყო, რატომ არ გაიკარა გვერდით ხელისუფლებამ?

მაგრამ ბერძენაძე „სტუკაჩის“ სტატუსს ვერ გასცდა და მისი საგაზეთო ინტერვიუ პატარა კაცის ბაქიბუქია. უფრო ზუსტად, კაცი ამ შეფასებაში სრულიად ზედმეტი სიტყვაა. ასე მხოლოდ არაკაცები იქცევიან!!!

გელა ხვედელიძემ საჯაროდ, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით შესთავაზა მას შეხვედრა. როგორ მოიქცევა ბერძენაძე? რა დიდი გამოცნობა მაგას უნდა _ რა თქმა უნდა, დაიმალება!!!

„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ გოგაშვილის სკანდალებით უკვე ყველა დაიღალა, მას უკვე გადაუკეტეს ბიზნესები და შესაფერის მომენტს ელოდებიან თავდაცვის სამინისტროში გადასაყვანად. „ანტრიკოტას“ თანამდებობიდან დემონსტრაციულად არ ხსნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ქრონიკა+“-ს და ჩემს სახელს არ დაუკავშირდეს.

გაცილებით უფრო მასშტაბური და საინტერესოა დაპირისპირება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის. ლაშა თორდია „ნაცებიდან“ პორტირებული „ქოცია“. ის ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად შარდენზე სცემა. თორდია აცხადებს, რომ ეს თავდასხმა მერიაში მიმდინარე შემოწმებასა და ფარცხალაძის მიერ შეღავათიანი პირობებით შეძენილ მიწის ნაკვეთს ეხებოდა. ინტერვიუში ის აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნეპოტიზმის ნიშნები.

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე?

ის ყოფილი მთავარი პროკურორია, რომელმაც თანამდებობა ე. წ. ბოტასების სკანდალის გამო დატოვა. ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, მას ბერა ივანიშვილთან ნათელ-მირონობა აკავშირებს. რამდენად შეძლებდა ლაშა თორდია დამოუკიდებლად დაეწყო შემოწმება ფარცხალაძის მიერ შეძენილ მიწებთან დაკავშირებით? ან როდის მერე გახდა იგი ასეთი გულადი, რომ საჯარო ინტერვიუების მიცემას ბედავს ოთარ ფარცხალაძეზე და ნეპოტიზმზე? რატომ არ აკეთებს აქცენტს დავით ნარმანიაზე, რომელიც საჯარო პირი და, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულის ერთი მხარეა და რატომ აპელირებს მხოლოდ კერძო პირზე?

„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ლაშა თორდია, რეალურად, უჩა მამაცაშვილის პატრონაჟის ქვეშაა, მას ხშირად ხედავენ საპარტნიორი ფონდში, ის უჩა მამაცაშვილს ინფორმაციას აწვდის მიმდინარე შემოწმებებზე და მისგან შესაბამის დავალებებს იღებს. თავის მხრივ, უჩა მამაცაშვილი სრულად აკონტროლებს სუს-ს და ანტიკორუფციულ სამსახურს, ასევე აკონტროლებს კახელებისა და გოგაშვილის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ვერ აკონტროლებს პროკურატურას, რადგან აქ ფარცხალაძის მეშვეობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კონტროლი მოქმედებს. ამასთან, ოთარ ფარცხალაძე სერიოზულ ინფორმაციას ფლობს ბიზნესწრეების ფინანსური საქმიანობის, გავლენის სფეროებისა და წილების შესახებ, მათ შორის, რეალური ინფორმაცია აქვს სუს-ის უფროსისა და მისი მოადგილის ბიზნესსაქმიანობაზეც.  ოთარ ფარცხალაძე საკუთარი ინფორმირებულობით და პირდაპირი კავშირებით ბიძინა ივანიშვილთან, პირველ რიგში, სწორედ ამ ჯგუფისთვისაა საფრთხე. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ლაშა თორდია უჩა მამაცაშვილის დავალებით აგროვებს ინფორმაციას და კომპრომატებს ოთარ ფარცხალაძეზე. თუ ფარცხალაძე წითელ ხაზებს გადაკვეთს და ბიძინა ივანიშვილს მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, საპასუხო კომპრომატებიც მზად იქნება, რომელსაც პარალელურ რეჟიმში მაგიდაზე დაუდებენ ბიძინა ივანიშვილს.

მეორე ვერსიით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის, რას საქმიანობს მისი უახლოესი გარემოცვა. მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეც. მისივე იდეა იყო, უჩა მამაცაშვილს ახლოს ჰყოლოდა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა, რომ ასე გაეკონტროლებინა მათი პოლიტიკური გეგმები, რადგან ივანიშვილისთვის რეალური საფრთხე ახლა „ნაცებზე“ მეტად კახელების დაჯგუფებაა.

მესამე ვერსიით, ოთარ ფარცხალაძეს თავიდანვე მოზომილი ჰქონდა მისი სფეროები: ბენზინი გაზი, დიზელი გადაზიდვები; რაც შეეხება მიწებს, ეს ოპერაცია მან გუნდის გარეშე ჩაატარა, სწორედ ამიტომ შეუშვეს გენერალური აუდიტორი მერიაში შესამოწმებლად და ფარცხალაძის წინააღმდეგ სკანდალის აგორება მას დაევალა.

ორივე სცენარში ლაშა თორდია სწორედ ხელისუფლების ერთი შტოს დავალებების შემსრულებელია, მას მწვანე აუნთეს როგორც შემოწმებისას, ისე საჯარო განცხადებების გაკეთების დროს, რაც საბოლოო ჯამში, ოთარ ფარცხალაძის სრულ დისკრედიტაციას ემსახურება.

აუდიტის სამსახურს თუ მაინცდამაინც მიწების სკანდალი აინტერესებს,  თბილისის მერიაში ბევრად უფრო საინტერესო კომბინაცია მოხდა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის მიწებთან დაკავშირებით, რასაც გენერალური აუდიტორის მხრიდან შემოწმება არ მოჰყოლია, ისევე როგორც მიწების ყველაზე ხმაურიანი  სკანდალი უკავშირდება სწორედ სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილს, _ მას ცოლისდის სახელზე 1 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს გაფორმებული.

არც ისაა გამორიცხული. რომ აუდიტის სამსახურის მერიაში შემოწმებაზე შესვლა პირდაპირ უკავშირდებოდეს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანიას ხელმეორედ კენჭისყრის სურვილს. როგორც უკვე გაცხადდა, თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრა ძალიან უნდა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს, აუდიტის დასკვნა შეიძლება ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდეს, მოქმედ მერს არჩევანის გაკეთება მერის სავარძელსა და პროკურატურას შორის მოუწიოს.

დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები გაურკვეველი ვადით გადაიდო. გიორგი კვირიკაშვილის მოხსნა გადაწყვეტილი იყო და მის ადგილზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ინიშნებოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მისი საყვარელი დეიდაშვილის ფრთის გაძლიერებას მოერიდა და ამიტომაც ფიქრობს, რომ კვირიკაშვილი პოსტზე გარკვეული ვადით ისევ დატოვოს. მით უფრო იმ ფონზე, როცა თეთრ სახლში სწორედ კვირიკაშვილი დაიბარეს და მას, როგორც ამბობენ, საკმაოდ მკაცრი მესიჯები გამოატანეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან. ერთ ვერსიად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაც განიხილება. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად უპრეცედენტო აქტი გამოსცა. სახელმწიფო მდივანს 90 დღის ვადაში დაევალა, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ სიტუაცია შეისწავლოს. 2018 წელს „პენტაგონი“ 45 მილიარდით ზრდის სამხედრო ხარჯებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან კომპრომისებს არ აპირებს.

საქართველოს მერე რუსეთი, რუსეთის მერე უკრაინა _ თეთრი სახლის პოზიცია და მესიჯები საკმაოდ მკაფიოა.

როგორც ჩანს, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ისევ სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან. ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე ამ დიდ პოლიტიკურ თამაშში? ის საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან, ლამის, ცივი ომის მადგომარეობაშია. როგორც ჩანს, ივანიშვილი რუსებს დანაპირებს ვერ შეუსრულებს _ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ასეთი მარტივი სულაც არ იქნება.

საქართველოს აშკარად ცხელი ზაფხული ელის წინ _ როგორც

პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

 

ელისო კილაძე