ბრძოლას შვილებით ვიგებთ!!!

2017 წლის 13 მარტს თბილისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის დროს ნარკოტიკების ჩადებით დააკავეს ჩემი შვილი და „ქრონიკა+“-ის თანამშრომელი, დავით ხარშილაძე. გამოძიებამ გვითხრა, რომ დავით ხარშილაძემ გამოძიებისთვის დაუდგენელი პირისგან, დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. ამ პაკეტებით იგი  თბილისის ცენტრში გადაადგილდებოდა და პოლიციამ ბოჭორიშვილის ქუჩაზე დააკავა.

დაკავებულ დავით ხარშილაძეს ბრალი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წაუყენეს და მას 8-დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს გამომძებელ ზურაბ ქუმელაშვილს, რომ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაეგზავნა. ბრალდების მხარეს 13 მოწმე ჰყავს, აქედან ორი პოლიციელი, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემს შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ორიც საქმის გამომძიებელი და დანარჩენი _ ექსპერტები.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძემ, კუკური წივწივაძემ, 13 მარტს პატაკი დაწერა, რომ ჩემი შვილი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია, რომ ამ დღეს ის აუცილებლად იქნებოდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე, სადაც მას აუცილებლად თან ექნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

კუკური წივწივაძე ამტკიცებს, რომ დავით ხარშილაძე აუცილებლად იქნებოდა იმ ქუჩაზე, სადაც ის დააკავეს, მაშინ როცა ჩემმა შვილმა არ იცის, რა დროს და როგორ მოხვდება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შუადღისას ის „ქრონიკა+“-ის ოფისიდან ლომბარდში მიდის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ პოულობს, გზას მორკინალის გვერდით მიჰყვება, ჩიხში შედის, მანქანის გასაჩერებელ ადგილს პოულობს, მანქანიდან გადმოდის და პოლიციელების ალყაშიც ხვდება.

ფაქტი ერთია: დავით ხარშილაძემ იცოდა, რომ „ქრონიკა+“-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ძალოვან უწყებასთან, _ ჩვენ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვამხელდით სუს-ის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს, ჩვენი ოფისი მუდმივი დაკვირვების ობიექტი იყო, მუდმივად ხორციელდებოდა თვალთვალი და ჩვენი უკანონო მოსმენა. ისიც ვიცოდით, რომ დათოსთვის რაიმე ტიპის პროვოკაციის მოწყობა იგეგმებოდა, ამიტომ იმდენად ვფრთხილობდით, რომ საცხოვრებლად ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოვიდა. მუდმივად აკონტროლებდნენ მისი გადაადგილების მარშრუტს, მოიხელთეს კიდეც შედარებით მიყრუებულ ადგილას, სადაც დააკავეს და ნარკოტიკები ჩაუდეს.

გამოძიება ჩემი კუთვნილი ავტომანქანით არ დაინტერესებულა, რომლითაც ჩემი შვილი დაკავების მომენტში გადაადგილდებოდა. დაკავებული სასწრაფოდ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს, ავტომანქანა კი შემთხვევის ადგილზე დატოვეს, ისე რომ არც დაულუქავთ და არც გაუჩხრეკიათ. ისევე როგორც გამოძიება არ დაინტერესებულა ჩემი შვილის კუთვნილი მობილური ტელეფონით, _ ის შემთხვევის ადგილას სხვა პირად ნივთებთან ერთად დალუქეს, მოგვიანებით კი ადვოკატს გახსნილ მდგომარეობაში გადაეცა.

სისხლის სამართლის საქმეში ორი პოლიციელის ჩვენების გარდა არც ერთი სხვა მტკიცებულება არ დევს, მათ შორის, არც აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, არ არსებობს დავით ხარშილაძის დაკავების კადრები, რომელიც დაადასტურებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა თან და ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

„ქრონიკა+“ პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მფარველობაში ძალოვანი უწყება ამხილა. მათ შორის გაახმოვანა, რომ „ბიო“ ინტერნეტით იგზავნება და სუს-ისთვის ამ კომბინაციის აღკვეთა და განეიტრალება რამდენიმე საათის საქმეა. ჩვენი ბრალდებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალასა და გურჯაანში სპეცოპერაცია სასწრაფოდ ჩაატარა და 13 გრ ჰეროინის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა. დაკავების მომენტში ასევე ოპერატიული მასალა გაავრცელეს, რომელიც ნარკოტიკების შეძენის ფაქტს ადასტურებდა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაცია თავისი მნიშვნელობით ძალიან სასაცილოა, რადგან იმ დასახლებაში ყოველ მეორე ოჯახში იყიდება ჰეროინი. თუ ფონიჭალაში შედიხარ და ნარკობარონ „დიგოშას“ არ იჭერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა სპეცოპერაცია ფარსია. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ „დიგოშა“ ძალოვანი უწყების მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მას აკრძალვები, როგორც წესი, არ ეხება.

რა მოხდა, რეალურად, ბოჭორიშვილის ქუჩაზე?

„ქრონიკა+“-თან კავშირზე ერთ-ერთი თვითმხილველი გამოვიდა, რომელიც პირადად შეესწრო დავით ხარშილაძის დაკავების პოლიციურ ოპერაციას. მიმოწერაში, რომელიც მე უკვე გამოძიებას გადავეცი, თვითმხილველი მოწმე მიყვება, რომ დაკავებისას ჩემი შვილი სცემეს, რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი უგონოდ იყო, პოლიციელებს იმდენად შეეშინდათ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებასაც აპირებდნენ. ის ყვიროდა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. თვითმხილველი მოწმე ასევე ყვება, რომ ისიც ითხოვდა ჩხრეკის პროცესზე დასწრებას, მაგრამ პოლიციელებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ნარკოტიკები ჩაუდეს და სასწრაფოდ წაიყვანეს. როგორც ჩანს, ადგილზე სახელდახელოდ შედგენილი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შემდეგ პოლიციის შენობაში გადააკეთეს, მაგრამ იმდენი მაინც ვერ მოიფიქრეს, რომ თუნდაც დროში ეს ყველაფერი ერთმანეთს დამთხვეოდა.

ჩხრეკისა და დაკავების ოქმის მიხედვით, დავით ხარშილაძის დაკავების ოპერაციას სამი პოლიციელი ესწრება: ზურაბ ვასაძე, რომელმაც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჩემს შვილს ნარკოტიკები ჩაუდო და ზაქარია ჩიბირაშვილი, რომელმაც ჩემი შვილი სცემა. ადგილზე იმყოფებოდა, ასევე, ზურაბ ქუმელაშვილიც, რომელიც დოკუმენტებს ადგენდა. ეს არის და ეს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დაკავების ადგილზე, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, არც ერთი სხვა პირი, მათ შორის, არც სამოქალაქო, არ იმყოფება.

ფირის ფრაგმენტი, რომელიც კვირას „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავრცელდა, ცხადზე ცხადად ადასტურებს, რომ გამოძიება გვატყუებს. დავით ხარშილაძის უშუალოდ დაკავების ადგილზე, ფირის მიხედვით, ექვსი პირი იმყოფება, ერთიც ოდნავ მოშორებით, რომელიც მობილური ტელეფონის მეშვეობით დაკავების კადრებს იღებს. კადრში ასევე ჩანს დაქოქილ მდგომარეობაში მყოფი ახალი მოდელის ჯიპი. ამ მოდელით შს სამინისტროს მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან, ანუ დავით ხარშილაძის დაკავებას ადგილზე თვალს ადევნებს მაღალი იერარქიის პოლიციელი. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ დაკავების სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე სისო გოგაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა.

დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმის ნამდვილი კურიოზი იმ ქურთუკის ისტორიაა, რომელშიც მას ნარკოტიკები ჩაუდეს. გლდანის ციხეში შესვლისას პოლიციის თანამშრომლები მას ეუბნებიან, რომ ქურთუკს საპყრობილეში მაინც არ შეატანინებენ, ხდიან მას და მიაქვთ. ხუთდღიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატები არჩილ ჩუბინიძე და ვალერი გელბახიანი პრესკონფერენციას ატარებენ და ვარაუდობენ, რომ მოპარული ქურთუკი გამოძიებამ, შეიძლება, დნმ-ის კვალის გასაყალბებლად გამოიყენოს. მხოლოდ ამის შემდეგ ადვოკატს გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი უკავშირდება და პირადი შეხვედრისას სთხოვს, დავით ხარშილაძის ქურთუკი ჩაიბაროს, რაზეც, ცხადია, უარს იღებს, ანუ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ჩემი შვილის ქურთუკი, რომელზეც გამოძიება გვიმტკიცებს, რომ ჯიბიდან ნარკოტიკი ამოუღეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩაუდეს, სადღაც, რომელიღაც სეიფში, დაულუქავ მდგომარეობაში ინახება.

მოქ. დავით ხარშილაძის დაკავების დროს დაკავების ოქმში გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი წერს, რომ დაკავებულის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მას დაზიანებები არ აღენიშნება. თუმცა საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს წინასწარი დაკავების საკანი, სადაც ჩემი შვილი მრავლობითი დაზიანებით მოათავსეს. სწორედ „კაპეზეს“ მიმართვის საფუძველზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე პოლიციელებს  ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ გოგაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებებით არიან დაკავებულები. გოგაშვილი უკმაყოფილოა, რომ პოლიციელებმა დავალება ჯეროვნად ვერ შეასრულეს, ხოლო შემსრულებელი მოძალადეები იმაზე წუხან, რაც გვითხრეს, ყველაფერი შევასრულეთ, ჩვენი დაცვის თავი თუ არ ჰქონდათ, რატომ დაგვავალეს ასეთი საქმეო? ხელისუფლება შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს აქტიურად ეძებს. ერთ ვერსიად პოლიციელების სამსახურებიდან განთავისუფლების საკითხს განიხილავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიჩუმის სანაცვლოდ ისინი თანხას ითხოვენ. მეორე ვერსიით შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც განიხილება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ჩადების აღიარება მოუწევთ.

ეს ვერსიები განიხილებოდა მანამ, სანამ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაკავების ადგილის ფირის ფრაგმენტი გავიდოდა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა კიდევ უფრო დამძიმდა. ერთია მოძალადე პოლიციელების დასჯა და მეორეა მტკიცებულებების ჩხრეკისა და დაკავების ოქმის გაყალბება. ბუნებრივია, მთავარ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი უნდა მივიღოთ, _ თუ დაკავების ადგილზე ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ არის ოქმში შეტანილი მხოლოდ ორი პოლიციელი? ვინ არის მეშვიდე პირი, რომელიც დაკავების კადრებს იღებდა? არის ის პოლიციელი, თუ სამოქალაქო პირი? თუ სამოქალაქო პირია, რატომ არ დაასწრეს იგი დავით ხარშილაძის ჩხრეკას?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებას საარჩევნო წელს განსაკუთრებით აშინებს მოძრაობა „არა ჩადებას“, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, მათ შორის, მომზადდა წინადადებათა პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ტიპის კომუნიკაციების მცდელობაა, რომ ჩვენ გავჩერდეთ და დაკავებულ დავით ხარშილაძისა და მიხეილ თათარიშვილის საქმეებს რამდენიმე ხანში მიხედავენ.

პირდაპირ და მკაფიოდ, საჯაროდ მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პოზიცია: ქართულ სახელმწიფოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში დავხმარებივარ და მომავალშიც დავეხმარები. ეს არასოდეს ყოფილა გარიგებისა და სპეკულაციის თემა!!!

ცალკეულ მოლაპარაკებებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან და უჩა მამაცაშვილის მსტოვრებთან არ ვაპირებ!!!

არ მიმიღია და არც მომავალში ვაპირებ ამ მოლაპარაკებების თემად განვიხილო ჩემი და გელა ხვედელიძის მეგობრობა. წინადადება ამ მეგობრობაზე უარის თქმის თაობაზე ასევე საჯაროდ იქნა უარყოფილი!!!

არ ვაპირებ ჩემი შვილის თავისუფლებით ვაჭრობას და საპასუხოდ გაზეთის, ან ჩემი პირადი პოზიციის დათმობას!!!

ჩემი შვილი, დავით ხარშილაძე, უდანაშაულოა, ის უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს!!!

 

ელისო კილაძე