ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტები

ბუნებისა და ადამიანის მეგობრობაზე ბევრი თქმულა, ბევრიც დაწერილა და ბევრიც მოგვისმენია, თუმცა ადამიანების მიერ მასზე ზემოქმედებასა და ბიომრავალფეროვნების გაუფრთხილებლობაზეც _ არანაკლები.

ჩვენი ყველა ქმედება, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, აუცილებლად გადის ჩვენსავე ცნობიერებაზე. ადრეულ ასაკში უფრო მარტივად შეგვიძლია ათვისება, განვითარება და ათვისებულის გააქტიურება. ამ მიზეზებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სიახლეები დაიგეგმა.
11 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის შენობაში საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ბოტანიკურ ბაღს დღემდე არაერთი პროექტი უწარმოებია, 2018 წლის მიმდინარე პროგრამები პერმანენტული და სისტემური ხასიათით გამოირჩევა დანარჩენთაგან. გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, უშუალოდ ჩაერთონ ბაღში მიმდინარე საქმიანობებში.

თამაზ დარჩიძე _ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი:
„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა მთელ კავკასიაში. ბოტანიკური ბაღი წლებია, რეფორმირების საკმაოდ რთულ გზას გადის. ეს გზა, თითქოს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუსრულებელიც კი გახდა, მაგრამ განვითარება, ცვლილება, ბუნებრივია, ყოველთვის იყო დამახასიათებელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის და ეს დღესაც გრძელდება, ვფიქრობთ, ბოტანიკური ბაღის სასიკეთოდ. ეს იმიტომ, რომ ინერგება სიახლეები, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გლობალური მასშტაბის ბოტანიკური ბაღების გამოწვევებთან და მათ ამოცანებთან. აი, ამ ცვლილებების კვალდაკვალ დაიგეგმა ახალი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც არ ეხება არც ინფრასტრუქტურას, არც კოლექციებსა და ა. შ. და რომლებიც, თავის მხრივ, საინტერესოა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო სტრატეგიით აღიარებული გახლავთ განათლების როლი ბოტანიკური ბაღების მუშაობის თვალსაზრისით. გადაშენებადი სახეობის გრძელვადიანი შენარჩუნების გარანტი არის გარემოსდამცველი და ბიომრავალფეროვნებაზე ცნობიერების მქონე ახალგაზრდა თაობა, ანუ საზოგადოება, რომელსაც ესმის მცენარეთა მრავალფეროვნების არსი. სწორედ ასეთ საზოგადოებას შეუძლია, შეინარჩუნოს ბიომრავალფეროვნება მომავალი თაობებისთვის. ბოტანიკური ბაღების როლიც, ამ მიმართულებით, სწორედ ამ ძირითად პრინციპებს ეფუძნება და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საზოგადოების, ახალი თაობის ჩართულობას ბაღის საქმიანობებში იმ გლობალური მიზნებისა და ამოცანებისთვის, რასაც ემსახურება ბოტანიკური ბაღი. მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ჩართულობა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი.
მიმდინარე წელს გვაქვს ოთხი ახალი პროექტი. ეს გახლავთ სასწავლო-შემეცნებითი ტურები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ორგანიზებული ჯგუფების სახით მიიღონ ინფორმაცია ბაღის შესახებ და რამდენიმე, საკმაოდ შემეცნებითი საათი გაატარონ მის ტერიტორიაზე; მეორე პროექტი გახლავთ საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის; მესამე _ საჯარო ლექციები აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებზე; და მეოთხე გახლავთ კონკურსი „ეკომონადირე“, რომელშიც რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს, რათა უკეთ შეისწავლონ ჩვენი ქალაქის ურბანული ბიომრავალფეროვნება.
საგანმანათლებლო პროგრამების კვალდაკვალ ბოტანიკურ ბაღში იქმნება ეკოლოგიური განათლების ჯგუფი, რომელიც შეივსება ახალგაზრდა მოტივირებული, კვალიფიციური კადრებით, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პოტენციალის რეალიზაციას და ხელს შეუწყობენ მეტი მოქალაქის ჩართულობას ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში.
ბოტანიკური ბაღები არის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვს ცოცხალი მცენარეების კოლექციები სამეცნიერო-რეკრეაციულ-საგანმანათლებლო-კონსერვაციული მიზნებით. ეს არის დოკუმენტირებული კოლექცია, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ამ მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა არის ბოტანიკური ბაღების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება. ეს დიდძალი მასალა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ამ ცოდნის გასაზიარებლად ისევ ბიომრავალფეროვნების დაცვის სასიკეთოდ. ბუნებრივია, წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღი განსხვავებული პრიორიტეტული მიმართულებებით საქმიანობდა და დღეისთვის მისი მისია სტრატეგიული გეგმით არის ჩამოყალიბებული და მისი არსი მცენარეთა შესწავლა და მათი გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გახლავთ ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს წევრი ორგანიზაცია 1998 წლიდან. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური მასშტაბით მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვის საკითხში. ზოგადად, განათლების საკითხები ბოლო რამდენიმე ათეული წელია, აქტუალურია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები, უფრო მეტად, მიმართულია კოლექციების შექმნაზე, სამეცნიერო საქმიანობაზე, მაგრამ ძალისხმევა მიმართულია ამ დიდი დაგროვილი ცოდნისა და რესურსის მიმართვაზე ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი განათლების მხარდასაჭერად. განათლება ბოტანიკურ ბაღებში გულისხმობს ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების ჩართულობას ბაღის საქმიანობაში, რათა გაიგონ ის ინფორმაციები, რაც ეხება გადაშენების პირას მყოფ ფლორას, იშვიათ მცენარეთა კონსერვაციას, ბუნებაში მათ დაბრუნებას, კოლექციების შექმნის პროცესს, თვითონ დეკორაციული მებაღეობის არსის გააზრებასა და თითოეული მცენარის მნიშვნელობის შემეცნებას. ბოტანიკური ბაღების ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისი რესურსები აუცილებლად უნდა აითვისონ მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივმა მთავრობამ და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანომ, რაც თავისთავად გულისხმობს ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერას.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი საგანმანათლებლო პროექტებს აქამდეც ახორციელებდა. უკვე 2018 წლიდან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას, უშუალოდ, საჯარო სკოლებთან, განათლების სამინისტროსთან, რესურსცენტრებთან, რათა მოსწავლეთა რაც შეიძლება დიდ რაოდენობას მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ჩვენს პროექტებში.
სასწავლო-შემეცნებითი ტურები არ იქნება ჩვეულებრივი ექსკურსია. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ის ადგილები მოინახულონ, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ადამიანები, უნივერსიტეტის პროფესორები, ბოტანიკური ბაღის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თემები საკმაოდ მრავალფეროვანია. სპეციალიზირებული კადრების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა მებაღეობის სკოლის აღდგენაში, რომელმაც პროფესიული განათლება უნდა მისცეს სპეციალისტებს“.

რატი გელაშვილი _ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიური განათლების განყოფილება:
„საზოგადოების ზიანი ბუნებაზე გამოიხატება, ძირითადად, მდგრადი განვითარების პრობლემით, რომელიც ნათლად დგას დღეს ჩვენ წინაშე. საზოგადოების დაბალი ცნობიერება, ერთი მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე, ხოლო ბიომრავალფეროვნების კარგვა პირდაპირ ზემოქმედებს ბუნებრივ რესურსებზე. არსებობს გარკვეული ბერკეტი, რომ საზოგადოება გარდაიქმნას, რათა მან ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ბოტანიკურ ბაღებს შესაძლებლობა აქვს, ინფორმაცია მიაწოდოს ეკოლოგიური სისტემების მხრივ, დასვას ის ძირითადი აქცენტები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ზემოქმედებას დედამიწაზე და, რაც მთავარია, ასწავლოს მოსახლეობას, თუ როგორ არის შესაძლებელი მდგრადი განვითარება. პროგრამები გათვლილია ბავშვებზე, მოსწავლეებსა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანზე. ტრენერები დაკომპლექტებული იქნებიან გარემოსდამცველი სპეციალისტებით როგორც ბოტანიკური ბაღიდან, ისე _ მის ფარგლებს გარეთ“.

შალვა სიხარულიძე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი:
„როგორც ყველა დიდი ბოტანიკური ბაღისთვის, ისე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვისაც, საგანმანათლებლო ფუნქცია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ბაღში არასდროს ყოფილა ასეთი დიდი საგანმანათლებლო დეპარტამენტი. იმედია, ეს პროექტები ხელს შეუწყობს სწორი დამოკიდებულების შექმნას ბუნების მიმართ. მთავარი მაინც ის არის, ეს პროექტები მიმართული იყოს ბავშვების საგანმანათლებლო მიზნებისკენ. რა თქმა უნდა, ამ საქმიანობაში ჩაერთვება ბევრი სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის ადამიანი, მაგრამ ბუნების მიმართ სწორი დამოკიდებულება ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს. საბავშვო ბაღის ბავშვებიც უნდა იყვნენ ჩართულები შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში. ბოტანიკურ ბაღში დადებითი ტენდენციებია, მოვიდნენ ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული სპეციალისტები, ძალიან დიდი ენთუზიასტები და იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამაც წარმატებით განხორციელდება“.

გიგა გიგაშვილი _ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი:
„საგანმანათლებლო ღონისძიებების იდეა მთავარი წინაპირობაა, პირველ ყოვლისა, არსებული ბიომრავალფეროვნებისა და მისი განვითარებისთვის: თავისთავად, ეს ღონისძიებები ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის დონეზე ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ბავშვებს საშუალება ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ, უშუალოდ, პირველწყაროსგან“.

მარიამ ჩეფიჩაშვილი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი:
„რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ის დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მწვანე სივრცეა. ბაღის მისიაა, ხელი შეუწყოს მცენარეთა კოლექციის ბაღში თავმოყრას, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებით, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. სწორედ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წამოწყება, როგორც ეკოლოგებისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის, რადგანაც მათი ცნობიერება უფრო მეტად ამაღლდება გარემოს დაცვისა და მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ“.

უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიომ გარემოზე ზემოქმედება ისწავლა. დადებითად თუ უარყოფითად, ადამიანი მასზე ყოველდღიურად ზემოქმედებს. მოქალაქე ვალდებულია, ინფორმირებული იყოს ყოველი მისი ნაბიჯის სავალალო შედეგების შესახებ. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი საკითხები დღეს, XXI საუკუნეში, ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მცირე მასშტაბის ეკოლოგიური თუ გარემოსდაცვითი პრობლემა, შესაძლოა, გლობალურ პრობლემად იქცეს. საზოგადოების სწორად და აქტიურად ინფორმირებაა სწორედ ის გზა, რომელიც მოქალაქემ, გარკვეულ დონეზე მაინც, უნდა გაიაროს.

მარიამ ტიელიძე