ბიძინას დაზოლილი ინციტატუსი

ავიხირეთ, ბრძენ კაცს „ბუტკაში“ შევყავართო. თურმე, რა მწარედ ვცდებოდით, მგონი, ბრეზენტგადაფარებულ დახლზე გვყიდის და ვერ გაგვიგია. ისე დაგვწერეს ჯვარი „გაზპრომზე“, მუდოსავით ხმაც არ ამოგვაღებინეს.

ბიძინა ხეებს იქით-აქეთ დაატარებს და თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, ამერიკელებს რომ არ უდგათ ნაკლები განსაცდელი _ ტრამპი რომ მექსიკის დიდი კედლის მშენებლობის ჟინითაა შეპყრობილი. აქ კონსტიტუციაში იმას გვიწერენ, ვინ ვისთან უნდა იგორაოს და ამ შემთხვევაშიც, იმით თუ დავიმშვიდებთ თავს, რომ ტრამპი აბორტებს ებრძვის და მალე, ალბათ, ეგეც აკრძალავს ბუსუსიან პრეზერვატივებს, რაც ჩვენ უკვე გამოგვატარა ბიძინა-მოსემ 2030 წლამდე გადაჭიმულ უდაბნოს გზაზე.

ან ამ საერთაშორისო პარალელებს მოვეშვებით და თავს ისევ ადგილობრივი წარმოების „სიბრძნით“ დავიმშვიდებთ. აგერ გამოვიდა კვირიკაშვილი და გვამცნო, _ ქვეყანა ძალიან კარგ პირობებში არისო. დიახ, მიუხედავად სოციალური ფონისა, ქვეყანა ძალიან კარგ პირობებში არისო, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ლარი 60-65%-ით გაუფასურდა, ქვეყანა მაინც ძალიან კარგ პირობებში არისო. ჩვენც რაღა დაგვრჩენია? მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინოთ!

არა, ყველაფერი გავიგე, ჭირსაც წაუღია სოციალური ფონიც და 65%-ით გაუფასურებული ლარიც, მაგრამ რანაირად ვართ კარგ პირობებში, როდესაც ღამის კლუბებში ქართველებს არ გვიშვებენ? ამას ეძახის ბატონი კვირიკაშვილი კარგ პირობებს? თუ ბოზებში წელს გვიპირებს წაყვანას და ჯერ არ გვიმხელს, სიურპრიზად უნდა? სარკაზმი იქით იყოს და მართლა ამათ აჟრიალებთ თუ ჩვენ გვაჟრიალებს, ამ ყველაფერს რომ ვისმენთ და მთელი ქვეყანა „ტუფლებიდან“ სინქრონულად არ ვხტებით?

5,5 მილიონად აეროსმიტი რომ ჩამოჰყავთ, ის მაინც გაგვაგებინონ, ქვეყანას ულხინს თუ უჭირს? თუ უჭირს, რა გვეაეროსმიტება და თუ გვილხინს, რა ხალხის სამსახურებიდან გამოყრა აუტყდათ? აა, ბიუროკრატიულ აპარატს ამცირებენ? და დევნილებს რომ შემწეობას უხსნიან? ამით რას ამცირებენ? რას არ ვიცი და ეგ ყველამ ვიცით _ ვის ამცირებენ და სულში აფურთხებენ! სამარცხვინოა ყველა ის ვარიანტი, რომელიც სუბარის სამინისტრომ მოამზადა! ერთ-ერთი ვარიანტით მათ, ვისაც 165 ლარზე მაღალი შემოსავალი აქვთ, 45-ლარიანი შემწეობა გაუუქმდებათ. მეტი ცინიზმი გაგიგიათ? ე. ი. ადამიანს თუ 170 ლარი აქვს, ისეთი მაძღარი ყოფილა, რომ ის ძუნძგლიანი 45 ლარი ღიპად და ღაბაბად დაედება! ამ ლიმიტის დაწესების შემთხვევაში, 26 ათას დევნილს გაუუქმდება შემწეობა და წელიწადში 14 მილიონზე ცოტა მეტი დაიზოგება! ვერაფერს იტყვი, კარგი დანაზოგია, ამ ფასად ბებიაჩემისდროინდელ ვარსკვლავსაც წამოაყენებ საფლავიდან და კონცერტს ჩაატარებინებ! ლიმიტის მეორე ვარიანტად 400 ლარი აქვთ დასახელებული, ანუ შემწეობა გაუუქმდებათ მათ, ვისაც 400 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. ამ ლიმიტის დაწესების შემთხვევაში 18 600 დევნილს გაუუქმდება შემწეობა _ წელიწადში 10 მილიონზე ცოტა მეტი დაიზოგება. ლიმიტის მესამე ვარიანტი 700 ლარია, ანუ შემწეობა გაუუქმდება მათ, ვისაც 700 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. 700 ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 11 200 დევნილს ჰქონია და ამ გზით 6 048 000 ლარზე მეტს ვერ ზოგავენ. მეოთხე ვარიანტი ათასლარიანი ლიმიტია და, ამ გზით, 6 ათას დევნილს მოუხსნიან შემწეობას და მხოლოდ 3 240 000 ლარს დაზოგავენ.

ანუ ოთხი ვარიანტი დადეს, რომელიც გაუვათ, იმას გაიტანენ. იქნება პროტესტი? მეოთხეს მიაწვებიან, არ იქნება? ეგრევე პირველში ჩააგდებენ! კიდევ უფრო ცინიკურია სუბარის სამინისტროს მიერ შემოგდებული მეორე ალტერნატივა. ამ მეორე ალტერნატიული ვარიანტით, დევნილთა შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს დევნა, მეორე თაობის დევნილებს კი შემწეობა მოეხსნებათ. და იცით, რატომ ყოფილა ეს კარგი? ყოველწლიურად აღარ მოიმატებს 5 ათასით ეს რიცხვი და ყოველწლიურად შემცირდება ეს რიცხვი 2 ათასი კაცით _ წლიურად ხომ ისედაც აკლდება 2 ათასი ადამიანი გარდაცვალების გამო… გესმით, თქვენ? უხარიათ, ხალხი იხოცება და ყოველ წელს 2-2 ათასი მოგვაკლდებაო! ამ მეორე ვარიანტით კი, წლიურად, 34 მილიონი დაიზოგება.

ამათ რომ უსმინო, თურმე, მხოლოდ ისინი დაზარალებულან, ვისაც უშუალოდ შეეხო დევნა და იმათ, ვინც დევნილობაში დაიბადა და ბავშვობა ივერიის „კოლოფებში“, ან, კიდევ, უარეს პირობებში გაატარა, ნეტარებაში უცხოვრიათ!

არანაკლებ ცინიკურია მესამე ალტერნატივაც, თურმე, შემწეობა უნდა მოეხსნათ მათ, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, და მიეცეთ მხოლოდ მათ, რომლებიც ჯერ არ დაკმაყოფილებულან ამ განსახლებით. ჭერი ჭამოს ამ ხალხმა?

ჯერ 45 ლარი რა არის და მერე ამის მოხსნა? ან ეს ღირსების შემლახველი პროექტი რა ტვინში მომწიფდა? ერთი ხელით ამას აკეთებს ბატონი სუბარი და მეორე ხელით არ გაინტერესებთ, რითაა დაკავებული? ამ დღეებში, რუსთაველზე, ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გიორგი (გიბო) ჯაფარიძე, საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლზე გადავიდა და შეეჯახა ტაქსს. დაიღუპა ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა გოგონა და ახლა, როგორც ცოტნე გამსახურდია წერს, სწორედ სუბარის დიდი მცდელობის შედეგად გაუსვლელობის ხელწერილით გაუთავისუფლებიათ! ანუ თუ სუბართან დაახლოებული პირი ხარ, რაც გინდა ქენი და მოიმოქმედე და თუ არა, იმ საბრალო გოგონასავით ზედ რუსთაველზე მიგასრესენ და დამნაშავეს გაუსვლელობის ხელწერილის ამარა გაუშვებენ! მთავარია, ლორთქიფანიძეს ღილი არ შეაწყვიტო, თორემ ციხეს გახეხინებენ. ამას ეძახით თავისუფალ სუნთქვას? ეს იყო თქვენი ოცნება? ესაა სახელმწიფო? ამ სისტემაში გრძნობთ თავს კომფორტულად? და თუ ეს ჭაობი განიჭებთ კომფორტს, არ კითხულობთ, ვინ გამოდიხართ? დაგუგლეთ მაინც, ვინ ცხოვრობს ჭაობში კომფორტულად, სანამ ვინმეს პირში მოუხლია მწარე სიმართლე!

ესაა, ხომ კარგი პირობები, როგორც ბატონმა კვირიკაშვილმა გვიბრძანა, _ ქვეყანა არის ძალიან კარგ პირობებში. ბატონ კვირიკაშვილს, ეტყობა, თავისი თავი ჰგონია ქვეყანა და თვითონ რომ კარგ პირობებშია, ჰგონია, რომ ქვეყანაა კარგ პირობებში. ეს ლუდოვიკურ სტილში, ფოლკლორულ სტილში კი, _ მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო, მაგის ამბავი ეგრეა. თვითონ რომ არიან განცხრომასა და ნეტარებაში, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა ასე მაძღარია. ეს კვირიკაშვილი მარტო მაშინ რომ ხტება მანქანიდან, როდესაც ვიღაცას დაინახავს მანქანაგაფუჭებულს და მარტო უნივერსიტეტის წინ, მიწისქვეშაში რომ ეშვება ორფეოსივით, ეგებ, ისედაც გაიარ-გამოიაროს ქვეყანაში, ან, ბოლო-ბოლო, მინა ჩაწიოს და გამოიხედოს, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომლის პრემიერ-მინისტრობაც დააბრალეს და რომელიც ჰგონია, რომ ძალიან კარგ პირობებშია. ან იმ ბრძენმა კაცმა, ხეებს რომ იქით-აქეთ „ატასავებს“, ხეების ნაცვლად თვითონ გაიაროს ქვეყანაში, ნახოს, რა დღეშია ხალხი. ქვეყანაში გაიაროს, ხალხში გაიაროს და არა ისე, როგორც წინასაარჩევნოდ მოიარა ქვეყანა _ თეატრებში რომ მართავდა მონოსპექტაკლებს.

ადრე თუ ფორმალურად მაინც ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები და თავის მრველს თავის მიერვე ხელდასხმული მარგველაშვილი აარჩევინა (რეალურად დაგვინიშნა პრეზიდენტი), ახლა, უკვე, ესეც ეზარება და უნდა, რომ ჩვენ, ხალხმა კი არა, პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. ხედავთ მაინც, რა მაღალი წარმოდგენა აქვს თქვენს ბრძენ კაცს თქვენზე? ან სხვას რას ელოდით? ეგ ნიცშეს არ ცნობს ავტორიტეტად და თქვენ, ვინც ასკილივით თავს უქნევთ, რამედ ჩაგაგდებდათ? გამოვიდა აგერ ვინმე თალაკვაძე ჩიპოლინოსავით და გვამცნო, _ ჩვენაო, უკვე რეალურად საპარლამენტო მოდელი გვაქვს ქვეყანაშიო და ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ეს უნდა აისახოს, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო მოდელიო, პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისიო. თუ ახლა ესენი დღევანდელი პრეზიდენტის ფუნქციასა და როლს გულისხმობენ, მაშინ პარლამენტმაც არ უნდა აირჩიოს, კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ვინ უკეთ ქსოვს და ვინ უკეთ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეში. ახლა, ალაგ-ალაგ, მშვიდობაში, ვეტოს მიხოც დაადებს, როგორც იმ ანეკდოტშია, მაროს საფლავს რომ აწერია, _ დაგადო მიხომ.

მოკლედ, აღარც პრეზიდენტი იქნება ჩვენი ასარჩევი, პარლამენტს აარჩევინებს და ვინძლო საქმე იქამდეც არ მივიდეს, როგორც კალიგულამ თავისი ცხენი ინციტატუსი შეიყვანა სენატში, ისე არ შეიყვანოს ბიძინამ თავისი ზებრაც და როგორც კალიგულამ ინციტატუსის კონსულად დანიშვნა მოიწადინა, ისე არ მოიწადინოს ზებრის პრეზიდენტად არჩევა. მე შენ გეტყვი და ნიცშე წამოხტება საფლავიდან და შეეკამათება, ან პარლამენტში მისი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეჰბედავს რამეს.

სხვა რას უნდა ელოდო ქვეყანაში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილს შეუძლია მებრძოლს, გმირს მკვლელი უწოდოს და პასუხად დამსახურებულ ლაფს რომ მიიღებს, აქეთ მედია დაადანაშაულოს, არასწორად გაიგესო და მეტიც, ჟურნალისტი მიალანძღოს, ზრდილობა იქონიეო. „არ ვიცი, გია ცერცვაძეს რაში სდებენ ბრალს ეს არ ვიცი, არ შეიძლება იყოს აფხაზეთში ბრძოლა ან უკრაინაში ბრძოლა ინდულიგენცია. ეს არ არის რაღაცისგან პასუხისმგებლობის თავის არიდების საშუალება“, _ ასე ბრძანა სიტყვა სიტყვით და ისიც ბრძანა: „რუსეთთან, მკვლელების ნაწილში, მე ვფიქრობ, უნდა ვითანამშრომლოთ“…

კიდევ, მედიამ, ჩვენ გავიგეთ რამე არასწორად? რომელ მებრძოლსაც რუსეთი საქმეს შეუთითხნის, უნდა ავდგეთ და საჯიჯგნად მივუგდოთ? გმირები პუტინს მივგვაროთ სასაკლაოზე და ჩვენ ზაქარიების ამარა დავრჩეთ? ბარემ, ჩვენც ხელი მოგვხვიეთ და ერთად მიგვგვარეთ პუტინს და აქ მარტო თქვენ დარჩით და ერთად იტლინკავეთ აეროსმიტის 5,5-მილიონიან კონცერტზე!

 

რევაზ შატაკიშვილი