ბერწი ოცნება

ვაჟა-ფშაველაზე 27 წლის ბიჭი მოკლეს, მოკლეს საჯაროდ, ღიად, ისე როგორც მარკესთან _ ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა…

ჯერ იყო ჩხუბი, იქ მცხოვრებლებს ხმა ესმოდათ, შემდეგ ხედავდნენ, როგორ გარბოდა ბიჭი ბავშვებით სავსე მოედნისკენ. ხედავდნენ, როგორ მისდევდნენ. ხედავდნენ, როგორ შევარდა ბავშვებით სავსე მოედანზე. ხედავდნენ, როგორ ჩაცხრილეს. ათჯერ ესროლეს _ მხრის, ყელისა და მუცლის არეში. ხედავდნენ, როგორ ჩაიკეცა და როგორ ცურავდა სისხლში, როგორ წაიყვანეს საავადმყოფოში და შემდეგ უკვე ყველამ გაიგო მისი გარდაცვალება. ეს მოხდა შაბათს, კვირას კი… კვირას ახალი გამოცხადებული ქრონიკა გათამაშდა, ამჯერად დაჭრის. გურამიშვილზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მსოფლიო ტურნირი ტარდებოდა ძალისმიერ სამჭიდში. როგორც აცხადებენ, ჯერ იყო შელაპარაკება სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს შორის, შემდეგ თავდასხმა _ როდესაც ახალგაზრდები უნივერსიტეტიდან გამოდიოდნენ. იყო სროლაც, დანების ტრიალიც და შედეგი _ 4 ახალგაზრდა დაჭრილი, ორი სპორტსმენი და ორი გულშემატკივარი. ერთ-ერთ სპორტსმენს „სხეულის ზედა ნაწილში, მათ შორის, ყელის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობა“… ამას ქართულად დაჭრა კი არა, დაკვლა ჰქვია. ბედად, სპორტსმენი ბეწვზე გადარჩა.

ეს იყო ამ შაბათ-კვირას. ცხადია, ამ შემაძრწუნებელი ფაქტების გვერდით ფერმკრთალდება კიდეც შემთხვევა, როდესაც შაბათ-კვირასვე, კერესელიძეზე მოხუც ქალს ნიღბიანები თავს  დაესხნენ და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა წაართვეს.

გეკითხებით თქვენ, თქვენს „რუჩკებს“ რომ არ ენდეთ, თქვენი „რუჩკებით“ რომ გაცვივდით და ზოგმა ფარგალიც რომ წაიღეთ, უფრო კოხტად შემოგეხაზათ 41, რას აკეთებს თქვენი რჩეული და ნაოცნებარი ხელისუფლება?! რას აკეთებს მინისტრი მღებრიშვილი იმის გარდა, რომ გეკეკლუცებათ სტატისტიკით?! ახლა მაინც ხვდებით, თქვენ და თქვენი შვილები მისთვის რომ მხოლოდ სატისტიკა ხართ?! ეს იყო თქვენი ოცნება?! თუ, უკაცრავად, თქვენი ოცნების მწვერვალი ის იყო, გენახათ, როგორ ხარხარებს თქვენი რჩეული დეპუტატი ენძელა? თუ იმაზე ოცნებობდით, როდის ჩახვიდოდით აბაზანასავით გაწყობილ მეტროში? ეშმაკს გაფიცებთ, ის მეტროა, რომლის სურათებიც ახლა გავრცელდა მედიით? ჩაცმული ჩასვლა რომ უხერხულია?

ენძელა კი ხარხარებს ფერდობზე დაშვებული ფატიმასავით (კინოფილმი „ფატიმა“), მაგრამ თქვენ თუ გეხარხარებათ ამ ცხოვრების შემყურეს? როდესაც ერთ დღეს ერთ ახალგაზრდას კლავენ ბავშვებით სავსე მოედანზე და მეორე დღეს 4 ახალგაზრდას ჭრიან? რა ვიცი, ადრე ფრიად სუსტი გულის პატრონები იყავით და გაჰკიოდით, რომ ბიჭებს ხოცავენ ქუჩაში და ახლა რა მგლის მუხლი და ქვის გული შეიბით? ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე გეკითხებით, _ ეს იყო თქვენი ოცნება? ან, იქნებ, იმაზე დაფიქრდეთ, რა ახარხარებს ენძელას? რას ფარავს და რეალურად, რას ამხელს ამ ხარხარით? იმას ხომ არა, რომ დღეს უკვე არაფორმალურ მმართველობასთან კი არა, მისტიკურ მმართველობასთან გვაქვს საქმე?

აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ ქვეყანას, ცხადია, არაფორმალურად, მაგრამ მართავს ბიძინა ივანიშვილი, ახლა კი უკვე ესეც აღარ ვიცით, ისევ ბიძინა ივანიშვილი გვმართავს თუ სხვა. ეს მისტიკური რეალობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აგერ უკვე კვირაზე მეტი გავიდა, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა და საზოგადოებამ ჯერაც ვერ გაიგო, სინამდვილეში რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს. ერთი მხრივ, არის კულუარული ცნობები, რომ მას ინსულტი აქვს და გერმანიაში მკურნალობენ და მეორე მხრივ, ასევე, ზეპირი ცნობები, რომ იგი ჯანმრთელადაა, მაგრამ არც ეს ცნობებია განმტკიცებული მტკიცებულებებით. კაცზე, რომელზეც ყველამ ვიცოდით, რომ ეწევა ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იკვებება ჯანმრთელად, დღეს ყველა მეორე გვიმტკიცებს, რომ ამ დღეებში მასთან ყავა დალია, ან გვიყვებიან, რომ ელაპარაკნენ და იცინოდა… იცინოდა იმაზე, თუ როგორ უხარიათ მისი ავადმყოფობა…

ისტორიულად ასე ხდებოდა, _ როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავადაა, ან მისი სიცოცხლე საფრთხეშია, თუ ეს გავრცელებული ცნობები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მეფე დაუყოვნებლივ ჩნდებოდა ხალხის წინაშე _ მოედნებზე, ბაზრებზე, სხვა ხალხმრავალ ადგილებში, რომ გაეფანტა გავცელებული ჭორი. დღეს საამისოდ არსებობს მომენტალური საშუალება _ გამოჩენა ტელევიზიით, ლაივში. ამის საშუალებას უკვე არათუ ტელემედია, სოციალური მედიაც იძლევა _ ფეისბუკის ლაივის სახით.

და ახლა, როცა ეს არ ხდება, ასპარეზზე რჩება ორად ორი ვერსია, რომ იგი ან მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, ანდა ეს ყველაფერი თავად მის მიერაა ინსპირირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის რომ ეს ვინმე სხვას აეგორებინა, მას შეეძლო ერთი გამოჩენით მყისიერად დაესვა წერტილი ამ კაკაფონიისთვის.

და თუ სხვამ ააგორა და ის მაინც არ ეჩვენება საზოგადოებას, რა გამოდის? ხარობს იმაზე, თუ როგორ უხარია ვიღაცას მისი ავადმყოფობა და როგორ მწარედ გაუცრუვდება იმედები? კი მაგრამ, თუ ეს ასეა, გიფიქრიათ, რას ფიქრობს იგი თქვენზე, _ მის ერთგულ მხარდამჭერებზე, გულშემატკივრებზე? თუ ერთ ნაწილს უსაფუძვლოდ უხარია მისი ავადმყოფობა და შემდეგ მწარედ დაიცინება, მანამდე, მის გამოჩენამდე, მეორე ნაწილს ხომ გული შესტკივა მასზე? მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ მწარედ მოგატყუათ თქვენ, მე მაინც არ მგოინია, რომ იგი ასე სასტიკად გექცევათ.

მგონია, რომ ეს ქოცელიტა გექცევათ ასე სასტიკად როგორც თქვენ, ისე დანარჩენ საზოგადოებას და არა ივანიშვილი. მშვენივრად უწყიან, რომ ივანიშვილის გარეშე მათ არჩევნებში ბევრი აღარავინ მისცემს ხმას და სწორედ ამის გამო არ აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და საგანგებოდ მალავენ რიტუალური ყავის სმებით და ათასგვარი შეთხზული ისტორიით. რჩება შთაბეჭდილება, რომ მზადაა, ყველა ენძელასავით ახარხარდეს, რომ არ დაინახოთ მათი ცახცახი. ამ სისასტიკეს ნიღბავს მათი ხახარი და ეს სისასტიკე სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამორიცხული არაა, ისინი არანაკლებ სასტიკად ექცევიან თავად ბიძინა ივანიშვილს. თავად განსაჯეთ, გავრცელდა ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა მონარქიის თემის გააქტიურება და მთელმა ქოცელიტამ აიტაცა იგი! ისე აიტაცეს და ისე შესძახეს „გაუმარჯოს მეფეს“, არც კი ჰქონდათ გარკვეული იმ მეფის მდგომარეობა, რომელმაც ისინი ასპარეზზე გამოიყვანა და ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი გახადა.

ის მაინც არ გაეჭვებთ, რატომ წამოიწია ამ მონარქიის თემამ სწორედ იმ ფონზე, როცა უცნობია ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა? ეს გეგმა ათი წლის წინათ შემოაგდო რუსეთმა, მაგრამ არ გაუვიდა მაშინ სააკაშვილთან, შემდეგ არც ივანიშვილთან გაუვიდა, როდესაც რაინდმა ვასაძემ სცადა ამ თემის გააქტიურება და ახლა ისევ აქტიურდება. აქტიურდება ივანიშვილზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს თემა ქოცურმა ელიტამ სწორედ ივანიშვილის ჯანმრთელობაზე გავრცელებული ცნობების გადასაფარად აიტაცა ასე შმაგად და ხარბად. არ მინდა მჯეროდეს, რომ ახლა, როდესაც რუსეთი მეფეს გვტენის, სწორედ ივანიშვილის ნაცვლად, ივანიშვილის მიერ წლების მანძილზე ნაკვებმა და ხელისუფლებაში მოყვანილმა ხალხმა ასე უეცრად და უაპელაციოდ უგანა მას და ისკუპა მეფის ნავში. თუ ეს მართლაც ჩაიდინეს, რა გასაკვირია, რომ ივანიშვილს სწორედ მათ შემყურეს დამართოდა ის, რაზედაც საუბრობენ მთელი კვირაა… ვერ წარმოვიდგენდი, თუ ივანიშვილი ჩემი დასაცავი გახდებოდა მათგან… მთელი სერიოზულობით მსურს მოგახსენოთ, რომ მე პირადად ისევ ივანიშვილი მირჩევნია თავისი პინგვინით იმ ზაქიჭამია ბაგრატიონების დაბრუნებას, რომლებმაც ქვეყანა რუსეთს ჩააბარეს. საქართველოში მონარქიის აღდგენას ერთადერთი არგუმენტი აქვს: ამდენ მასხარასა და ტ(რ)აკიმასხარას კი უნდა ჰყავდეს ერთი ცალი მეფე მაინც. ეს, რა თქმა უნდა, ღლიცინით, მეფის თემაზე ატეხილი სერიოზული ბჭობისა თუ ღლიცინის შემყურე კი ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი: საზოგადოება, ერთეული გამონაკლისების გარდა, ვერ აცნობიერებს, ვისი გეგმაა და რა საფრთხეს უქადის სახელმწიფოებრიობას მონარქიის აღდგენა. მონარქიისა და არა კონსტიტუციური მონარქიისა, რომელიც არასოდეს გვქონია. რაც არ გვქონია, რას აღადგენთ?

უმეტესობაც, ვინც ეწინააღმდეგება ამას, ეწინააღმდეგება ისევ ეკონომიკური (ახლა მეფე შეგვანახინე), ან გემოვნებითი (რაღა დროს მეფეა) პოზიციიდან. ეს ორივე პოზიცია მართალია, მაგრამ ჭეშმარიტება ამ სიმართლეზე მაღლა დგას. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ „მონარქიის აღდგენა“ რუსული სპეცსამსახურების გეგმაა, რომელსაც ჯიპოსანი მღვდლებისა და ქოცელიტის ხელით ახორციელებენ. მივიღებთ მარიონეტ მეფეს, რომელსაც ქეჩოთი რუსეთი აათამაშებს და კიდურებს კი ადგილზე მღვდლები აუხვანცალებენ. მივიღებთ ფასადურ კონსტიტუციურ მონარქიას, რეალურად კი თეოკრატიულ ქვეყანას, საპატრიარქო ხელში ჩაიგდებს ქვეყნის მართვის სადავეებს!!!

მეფე მეფობს და არ მართავსო, _ ბრძანეს. თქვენი აზრით, ვინ უნდა მართოს ქვეყანა? დიახ, ბატონო, მღვდლებმა! მარიონეტ მეფეს მოახსენებენ, შენ მეფობაც იკმარე, მართვით ჩვენ ვმართავთო! გაიხვანცალებს და ციანიდიც არ დაახანებს. არ დაახანებს არც ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი. მაშინაც მაგ ბაგრატიონებმა მიგვცეს რუსებს და ახლა მაინც ნუ მისცემთ საშუალებას, ხელმეორედ მიგვცენ რუსებს. აი, ამიტომ მირჩევნია ბაგრატიონების (რეალურად კი მღვდლების) მმართველობას ისევ ივანიშვილის მმართველობა, თქვენ კი, მონარქიის აღდგენის იდეით ხბორებივით აკუნტრუშებულებს, მინდა გირჩიოთ, მეფეს რომ აიყვანთ ტახტზე, ზაქები გადამალეთ, მაგ თქვენს ბაგრატიონებს გენეტიკურად რა მადაც აქვთ, არ დაგავიწყდეთ. დიახ, თქვენ, ვინც ზვიადს ერთი „მერსედესი“ და მიშას ერთი ქიშმირის პალტო ძმრად ამოადინეთ, დადექით და უყურეთ მათ განცხრომას და კარის ინტრიგებს… ამ დღეებში ნორვეგიელმა მეგობარმა მომიკითხა. ვუთხარი, რომ მალე მეფე გვეყოლება.

მითხრა, _ გადაიღალე, ცუდად გძინავს, არეულ სიზმრებს ხედავ და ძილიდან სიზმრები მოგდევსო. დააჯერე ახლა ამას, რომ სიზმრებს ბევრად დალაგებულს ვხედავ, ვიდრე ცხადში ვცხოვრობ. ნორვეგიასაც ჰყავს მეფე, მაგრამ ჩემს მეგობარს სულ პაიკზე კიდია და არ დაიჯეროთ, რომ მისი ქვეყნის წარმატება მეფის ყოლითაა გამოწვეული.

ბევრს არ სჯერა, რომ მონარქიის აღდგენა რეალურია. მეც იმედი მაქვს, რომ თქვენი ეს ოცნებაც მეფის ყოლისა ისევე გაბერწდება, როგორც გაგიბერწდათ „უფასო ფულით“ გამდიდრების ოცნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ცდილობს ამას. არც იმას, რომ თქვენ არ ოცნებობთ მეფეზე… თქვენ ისევ ოცნებობთ, ენძელა ხარხარებს, ქუჩაში ბიჭებს ხოცავენ, თქვენს ნერვს, რომელსაც სიოც კი არხევდა, ახლა ქარაშოტიც აღარ ატოკებს…

 

რეზო შატაკიშვილი