ბერდია სიჭინავა: „რეჟისორი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს, არის ბიძინა ივანიშვილი“

გიგა გელხვიიძე
რას ფიქრობენ შოვის ტრაგედიაზე და როგორია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინასაარჩევნო სამზადისი? ვის მიიჩნევენ მთავარ მოწინააღმდეგედ და წავა თუ არა გახარიას პარტია დათმობაზე საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ალიანსთან დაკავშირებით?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ მდივან ბერდია სიჭინავას:
_ ბატონო ბერდია, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ იმ პროცესებზე, რომლებიც გასულ კვირას შოვში განვითარდა, _ ისევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარდა ბუნებისა? რა ბრალეულობა აქვს ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაში?
_ ძალიან მძიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქვეყანაში, რამაც ჩვენი ბევრი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე დიდი ტრაგედია არც კი მინახავს. ჩემი სამძიმარი ამ ოჯახებს.
ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს თემა ყველაფერზე მაღლა დგას _ ხელისუფლებაზეც, ოპოზიციაზეც, კერძო თუ საჯარო სექტორსა და მოქალაქეზე იმიტომ, რომ აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, მათ უსაფრთხო ცხოვრებაზე. აქ არ არსებობს მიზანი, რომელიც შეიძლება განსხვავებული გვქონდეს ოპონენტებს. ყველას ინტერესებში შედის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამისგან დაზღვეული არავინ არის. ღმერთმა დაგვიფაროს და ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი ჩინოვნიკის შვილიც შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსს სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანის ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდეს. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიზანშეუწონლად მიგვაჩნია პოლიტიკური შეფასებების გაკეთება ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან, მით უმეტეს, ჯერ პროფესიული დასკვნები უნდა დაიდოს. თანაც, დაღუპულები ჯერ კიდევ დაკრძალულებიც არ არიან, დაკარგულებს ჯერ კიდევ ვეძებთ… ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, აქვს კითხვები. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა კითხვებით მიმართა საქართველოს მთავრობას. კიდევ ერთხელ ვემიჯნებით პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენებას. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ და ამიტომ მოვისმინოთ ყველა ის პასუხი კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აწუხებს, მათ შორის, თქვენც, მეც, ჩინოვნიკსაც და ა. შ. სანამ ქვეყანა გლოვობს, მიუღებელია პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა ამის დრო აუცილებლად მოვა და დაისმება ყველა მძიმე კითხვა. ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცეს და შესაბამისად დაიგეგმოს პოლიტიკური დღის წესრიგი, რათა ხვალ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს და ჩვენი შვილები არ აღმოჩნდნენ ანალოგიურ მდგომარეობაში.
_ აქტიური განხილვის თემაა ვერტმფრენები, რომლებიც სამაშველო სამსახურს რეალურად არ გააჩნია და რომ არა სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენები, კიდევ უფრო დაგვიანდებოდა გადარჩენილების გამოყვანა. ხელისუფლებამ, როგორც თავად აცხადებს, ჯერ კიდევ გასულ წელს დადო ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან ვერტმფრენების შეძენის შესახებ, თუმცა ისინი არ ჩანს. შოვის ტრაგედიამდე მოიკითხა თუ არა ეს საკითხი ოპოზიციამ?
_ ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, თუ კარგად მახსოვს, ერთი თუ ორი ვერტმფრენი იყო სასაზღვრო დაცვის განკარგულებაში. შსს-ში ჩვენი მუშაობის პერიოდში ეს რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი სამაშველო ოპერაციებისთვის, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სპეციფიკის ვერტმფრენები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული. ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში ჩაანაცვლებდნენ ამ ვერტმფრენებს. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია და კვლავაც გვექნება კითხვები.
_ კვლავ აქტიურია ოპოზიციური ალიანსების საკითხი. ამ დროისთვის რამდენადაც არის ცნობილი, კონსულტაციები მიმდინარეობს თქვენს გუნდსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ სახეებს შრის. რა ფაზაშია ეს მოლაპარაკებები?
_ მოლაპარაკებები ხმამაღალი ნათქვამია და ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, ალბათ, მათგან უნდა მოისმინოთ განმარტებები. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან რამე ბლოკის ან კოალიციის შექმნას ჩვენი პარტია არ გეგმავს. იმისთვის, რომ ერთიანი ფორმით წარვმდგარიყავით 2024 წლის არჩევნებზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ასეთი საკითხი არ განხილულა. რაც შეეხება კონსულტაციებს, არავისთან საუბრის კომპლექსი არ გვაქვს და ვერც გვექნება. გიდასტურებთ ერთადერთ გარემოებას, რომ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკებით, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებს. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, სამუშაო პროცესი. ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ალიანსში არ შევა და 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავალთ. თუმცა რაღაც ტიპის მოლაპარაკებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე რომელიმე დამოუკიდებელი პერსონის მიმართ ხმამაღლა განვაცხადებთ.
_ იყო თუ არა შემოთავაზება „ნაციონალური მოძრაობისგან“?
_ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ენმ-სთან არანაირი ტიპის კონსულტაცია არასდროს არ ჰქონია, არც ამ ეტაპზე ექნება და არც _ მომავალში. ჩვენი ამოცანა არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადყოფნა. ჩვენი მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯამურად ვერ აიღონ 50%. ეს არის ჩვენი უნივერსალური ფორმულა და თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია გაიზიარებს, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ. ხაზს გავუსვამ, რომ ვითანამშრომლებთ და ეს არ ნიშნავს პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებას, საერთო სიასა და ა. შ.
ჩვენი პოსტულატის მიხედვით, ეს ნაცქოცური კინკლაობა უნდა დასრულდეს, რადგანაც პოლარიზაცია ყველაზე მეტად ასუსტებს ქვეყანას. ჩვენი მიზანია მომავლის პოლიტიკის კეთება. 2024 წელმა უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი.
_ გარკვეულწილად ცნობილია მთავარი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა. რამდენად ეფექტინად შეიძლება იმუშაოს მან საზოგადოებაში?
_ არ არსებობს ამ ქვეყანაში დაპირება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს არ გაუციათ. ჩვენი მოქალაქეების წინაშე ძალიან მწვავედ დგას სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, უმუშევრობა, ინფლაცია, განათლების სისტემა, ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან და მიგრაციის კატასტროფული მაჩვენებლები. ეს საკითხები არის ძირითადი და, ბუნებრივია, ყველა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში ხვდება. თუმცა მოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომელი პოლიტიკური პარტიის მიერ გაცემული დაპირება არის შესრულებადი და რომელი შეიძლება იყოს პოპულისტური. ჩვენი პოლიტიკური პარტია დაპირებების გაცემას დიდი სიფრთხილით ეკიდება, რადგანაც გაცემული დაპირება უნდა იყოს შესრულებადი და ნდობის ხიდი უნდა იყოს მდგრადი. მოქალაქეებთან ჩვენი კავშირი ყველაზე ძვირფასია. შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უნდა გავამართლოთ.
_ რა არის თქვენი მთავარი სამოქმედო გეგმა?
_ ზემოთაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მიზანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაციონალებმა“ და „ოცნებამ“ ჯამურად ვერ აიღოს 50%, რაც იქნება იმის გარანტი, რომ 2024 წლიდან ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნება. ორი პოლიტიკური პარტიისა და ორი ადამიანის დაპირისპირება უკან ხევს ჩვენს ქვეყანას, ამას შევაჩერებთ და ახალ პოლიტიკურ აქტორებს მიეცემათ ასპარეზი, მიიღონ დაბალანსებული მმართველობა.
2024 წლის არჩევნებისთვის გვექნება სამი ძირითადი საკვანძო საკითხი:

  1. ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა (სოციალური უთანასწორობა ყველა სფეროში იგრძნობა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შემცირდეს სოციალურად დაუცველთა რიცხვი ქვეყანაში). საშუალო კლასი უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკური წინსვლა თვალსაჩინო გახდეს;
  2. კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა _ პოლიტიკური კორუფცია ყველა მიმართულებით არის გამეფებული და საერთაშორისო კვლევებიც ამას ადასტურებს. უკვე სამომხმარებლო დონეზეა დასული კორუფციის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს უკარგავს ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივას. კორუფციასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლეების დასანქცირების შესახებ. შესაბამისად, პოლიტიკური კორუფცია უნდა აღმოიფხვრას და ისეთი ძლიერი ანტიკორუფციული სამსახური უნდა შეიქმნას, რომელიც დაბალანსებულად, ყველას ინტერესის გაუთვალისწინებლად, გამოიძიებს კორუფციულ საქმეებს. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი პოლიტიკურ კორუფციას, როგორც ვაჭრობის ერთ-ერთ ჩრდილოვან ფორმას;
  3. სამართალდამცველი სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, იგი არ იქნება ჩამოკიდებული პოლიტიკურ ვერტიკალსა და მის ნებაზე. სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდება იმ პოლიტიკური გავლენებისგან, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძის სინდიკატის სახელით არსებობს ამ სისტემაში.
    გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება პენსიების ზრდა, დეოკუპაციის საკითხი, რომლის სტრატეგიაც არ გააჩნია ამ ხელისუფლებას და სამწუხაროა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეიქმნა დეოკუპაციის საბჭო. ხშირად საუბრობენ ხოლმე გამთლიანებაზე, თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთთან მეგობრობით და პოლიტიკური ფლირტით ეს არ მიიღწევა.
    მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ევროინტეგრაციის თემა. ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კონსტიტუციური დათქმით იქნება გამყარებული, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი იყოს უზრუნველყოფილი.
    _ 20 ივნისი შეიძლება თუ არა იქცეს მთავარ დაბრკოლებად გიორგი გახარიას პარტიისთვის?
    _ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება აქვს, პირდაპირ რომ ვთქვათ, რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობებს ატარებს, ეს ყოველთვის ასეა. 20 ივნისის დროს გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის არის ადამიანი, რომელიც არასოდეს გაჰქცევია პასუხისმგებლობას, _ არც 20 ივნისს და არც სხვა კრიზისული პერიოდების დროს, როცა იგი ხელისუფლებაში იყო. მესმის, რომ 20 ივნისი ადამიანების ნაწილისთვის ასოცირდება ფიზიკურ დაზიანებასთან და ეს ბუნებრივია, ჩვენ ამ პასუხისმგებლობით ვართ სწორედ ოპოზიციაში. თუ ადამიანები იტყვიან, რომ 20 ივნისი არის ისეთი დაბრკოლება მათთვის, რომ ჩვენ ხმა არ უნდა მოგვცენ, ბუნებრივია, ისინი ხმას არ მოგცემენ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, 20 ივნისს რეალურად რა ხდებოდა, იციან ის, რომ გიორგი გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, იცავდა სახელმწიფო ინსტიტუტს ძალადობრივი შტურმისგან. მე ვემიჯნები ნებისმიერ სხვა ტიპის შეფასებას. ეს იყო გულწრფელი პროტესტი და მე ამ პათოსს ვიზიარებდი, თუმცა შემდეგ ყველამ ვნახეთ, რაში გადაიზარდა ცალკეული უპასუხისმგებლო ჯგუფის წევრების მხრიდან ეს მდგომარეობა და ამის გამო დაზარალდნენ ადამიანები. ჩემი შეხედულებები არ მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლემიკაში შევიდე დაზარალებულებთან. ეს არის ძალიან დიდი ტვირთი ჩვენი გუნდისთვის და ამ ტვირთით ვართ პოლიტიკაში. თუმცა მე შემიძლია გაგახსენოთ IღI-ს კვლევები, სადაც ნეგატიური მაჩვენებელი ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ვიყავით, იმაზე ნაკლები აქვს, ვიდრე _ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. დაახლოებით 30%-ზე მეტი აქვთ მათ და ჩვენ გვაქვს მხოლოდ 4%. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცით, _ პოლიტიკაში ჩვენი პასუხისმგებლობებით და ჩვენი შეცდომებით ვართ. ადამიანური თემაა, თუ მუშაობ და პასუხისმგებლობას იღებ რაღაცების გაკეთებაზე, შეცდომებიც მოგდის, თუმცა მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, პოლიტიკოსი არის თუ არა გულწრფელი მათთან ურთიერთობაში. ამიტომ თუ რამე შეგვეშალა და მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ამის გამო ხმა არ უნდა მოგვცენ, ნუ მოგვცემენ. თუმცა არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად გვიჭერენ მხარს და ადამიანები, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე დაგვიჭირეს მხარი, დაახლოებით, 140 000-ს აჭარბებდნენ. შესაბამისად, ეს არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ პარტია იყოს პოლიტიკაში.
    _ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ უშვებთ თუ არა იმის ალბათობას, რომ „ოცნება“ კვლავ ეცდება არჩევნების მიტაცებას?
    _ ბუნებრივია, ეს შესაძლებლობა არსებობს და ის ძალიან რეალისტურად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს: მან ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მიისაკუთრა, მათ შორის, შარლ მიშელის ხელშეკრულებაში არსებული შეთანხმების ნაწილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევის ის წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, მაღალი კონსენსუსით და ლეგიტიმაციით აგვერჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ ვნახეთ, როგორ კიდევ ერთხელ გადაახიეს თავზე ეს შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. შესაბამისად, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, მიიტაცოს ძალაუფლება და ხელისუფლება, მათ შორის, ნებისმიერი მანიპულაცია გამოიყენოს იმისთვის, რომ მისთვის სასურველი საარჩევნო შედეგები დაიწეროს. ჩვენი მიზანია, ვთხოვოთ ევროკავშირს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ეუთო-ოდირს, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ ამ ქვეყანაში, რომ დაზღვეული ვიყოთ ისეთი უხეში ჩარევებისგან, რომელიც საარჩევნო შედეგზე მოახდენს გავლენას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამ გზაზე ისინი ემეგობრებიან რუსეთს, ატარებენ მის პოლიტიკას. არა მხოლოდ პრორუსები არიან, ამის კომპლექსიც აწუხებთ უკვე და ჩინეთში დადიან მის გადასაფარად, რომ მხოლოდ პრორუსები არ დაერქვათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იმის მოლოდინიც უნდა არსებობდეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლებაში მათი დარჩენის ერთ-ერთი შემსრულებელი ინსტიტუტი შეიძლება გახდეს.
    _ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე კრიტიკულ მომენტში სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილი კვლავ გამოდიოდა ღიად თავისი შექმნილი პარტიის მხარდასაჭერად. ახლაც იგივეს ელით?
    _ წინასწარ, სანამ ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა მინდა გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი, როდესაც სწორედ კრიტიკულ მომენტში თითქოს პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა მოიცალა იმისთვის, რომ თანამდებობიდან გადამდგარი გიორგი გახარიასთვის წერილი დაეწერა და მისთვის მოღალატე ეწოდებინა. ამიტომ როდესაც კრიტიკული მომენტები დაუდგება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება, თუმცა ის არც არსად წასულა, კულისებიდან აგრძელებს მართვას. თუ ჰგონია ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ზურგს ამოფარებული დარჩეს და ისე აკეთოს ანტიეროვნული საქმეები და ქვეყანას ისე შეუცვალოს საგარეო კურსი, თითქოს ამ ყველაფერში გარეული არ არის, ასე ვერ იქნება. მას აუცილებლად მოუწევს გამოჩენა. თუმცა მისმა გამოჩენა-არგამოჩენამ რამე სახის ძვრები რომ გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში, ამის მოლოდინი არ მაქვს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ის არსად წასულა და პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობს. მისმა ტელევიზორში გამოჩენამ რომ რამე გარდამტეხი გამოიწვიოს, არ მგონია. ყველამ კარგად იცის, რომ რეჟისორი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს, არის ბიძინა ივანიშვილი.
    _ კრიტიკულ მედიაზე და ზოგადად სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ, _ აქტიურად არის საუბარი ცენზურასთან დაკავშირებული კანონის შესაძლო მიღებაზე. შეიძლება თუ არა, რომ მმართველი გუნდი საკანონმდებლო კუთხით წავიდეს ამგვარ რეპრესიებზე?
    _ „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია უკევ მოსალოდნელი. ბუნებრივია, ისინი საზოგადოებაში ნერგავენ და ტესტავენ განწყობებს, თუმცა ძალიან მძიმე და კარგი გაკვეთილი მიიღეს მარტის აქციების დროს, რუსულ კანონთან დაკავშირებით. ახლა ცდილობენ, ისე გაყიდონ ეს კანონი, თითქოს ისინი ცილისწამებას ებრძვიან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რეალურად, რომ ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება და კრიტიკული კითხვის დასმა საკმარისი გახდება იმისთვის, რომ ვინმე პასუხისგებაში მისცენ ან დააჯარიმონ. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი, მით უმეტეს, რომ ჩვენი მონაპოვარი და დემოკრატიული სამყაროს მონაპოვარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჟურნალისტებიც და საზოგადოების წარმომადგენლებიც მუდმივად უნდა ვსვამდეთ კითხვებს და არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ამ დასმული კითხვის შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. დეზინფორმაციასთან თუ უნდა ბრძოლა ამ ხელისუფლებას, მაშინ ჯერ საკუთარ ტროლ-ბოტების ქარხანას მიხედოს. უმეტესწილად ეს ხდება პრემიერის მხარდასაჭერად. წარმოუდგენელია იმის ხილვა და გააზრება, თუ როგორ მუშაობდა ეს ქარხანა შოვის ტრაგედიის დროსაც კი, რომ ეს უბედურება რაღაც პოლიტიკურ განზომილებაში განდევნილიყო და გარდაცვლილი ადამიანებისთვის რაიმე დაებრალებინათ. თავად „ოცნებაა“ დღეს მთავარი ფეიკქარხანა, რადგანაც არ არსებობს არცერთი დაპირება, რომელიც ოცნება შეასრულა. არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. დღეს „ოცნების“ სიტყვას დაკარგული აქვს ფასი და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც იციან, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყველაფერზე წავა და ყველა სიტყვის უკან წამღებია, რომელზედაც შეთანხმება შეიძლება არსებობდეს.
    _ როდის შედის პარტია „საქართველოსთვის“ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში?
    _ სიმართლე გითხრათ, ძალიან აქტიური სამუშაო თვე გვაქვს, თუმცა ეს ღიად არ ჩანს. ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, მოქალაქეებთან შეხვედრებთან და პოლიტიკურ კონსულტაციებთან დაკავშირებით. აქტიური საარჩევნო კამპანია იქნება სექტემბერში, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მასშტაბურად წარდგება პოლიტიკურ ველზე.