ბენიამენ კოსა: „თუ მაინც გამოჩნდება გარდამავალი საათი, სპონტანურობას მივენდობი“

 

ბევრი ადამიანი გინახავთ, რომელიც თავისი არსებობის (საუკუნის) პირველ მეხუთედს ფილოსოფიის ათვისებაში ატარებს? უკვე ერთი წიგნის, „ებრაელის“ ვტორია და მეორის წერის პროცესშია. ფსევდონიმით წერს და მას უკვე ნამდვილი სახელით კი არა, სწორედ ასე იცნობენ _ ბენიამენ კოსა.

საკუთარი თავი იპოვა, მაგრამ სრული თავისუფლება მისთვის მიუღწეველია (არა მხოლოდ მისთვის, ზოგადად). საკმაოდ ფუნდამენტურად მიმოიხილავს მიმდინარე პრობლემებს საქართველოში და განსაკუთრებით იმას, რაც ხელოვნებაშია. ამბობს, რომ ნეპოტიზმმა და პოპულიზმმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი ჩვენ ირგვლივ, რაც ხელს უწყობს არაკომპეტენტურობის ზეიმს საქართველოში.

თუ მზად ხართ, რომ ფილოსოფიური განწყობით წაიკითხოთ მისი ინტერვიუ და მთელი თქვენი აზროვნების ხარისხი დაანახოთ საკუთარ თავს, მაშინ, გირჩევთ, რომ აუცილებლად გაეცნოთ მის ინტერვიუს „ქრონიკა+“-თან.

მაშ, ასე! ჩვენი დღევანდელი სტუმარია ფილოსოფოსი, 22 წლის მწერალი, ახალგაზრდა, გარკვეულწილად,  მისტიკური და საღად მოაზროვნე ბენიამენ კოსა.

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე (ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ? სახელი ბენიამენ კოსა რატომ აიღე (თუ ნამდვილი სახელია?) რამდენი ხანია, ატარებ?

_ მიუხედავად იმისა, რომ ტვინის 85% წყალია, თავს უფლებას ვაძლევ, ჰომოსაპიენსად ვიწოდებოდე. დაბადების მოწმობიდან თუ ავითვლით, 22 წლის გამოვდივარ. ებრაელი ვარ. ჩემი მთავარი საქმე, ამ ეტაპზე, თვითგანვითარებაა. ნამდვილი სახელი ლაშა მქვია, ხოლო რაც შეეხება ფსევდონიმ ბენიამენ კოსას, დაახლოებით, 2 წელიწადია ვატარებ და პირველ წიგნზე მუშაობის პროცესში შეიქმნა, რადგან ფსევდონიმს ამოფარებული მწერლის ამპლუა ყოველთვის მხიბლავდა და, ამავდრულად, ამ სახელს განსაკუთრებული დატვითვა ჰქონდა ჩემთვის. კოსა ჩემი გვარის _ კოსიაშვილის შემოკლებული ვერსიაა.

_ როდიდან დაინტერესდი წერით?

_ უმრავლესობისგან განსხვავებით, ბავშვობაში უთვალავი ლექსით თავს ვერ ვიწონებდი დეიდებთან და ბიძიებთან, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ მწერლობა და ხელოვნება მუდამ ჩემში იყო. წერა მაშინ დავიწყე, როდესაც, მეტ-ნაკლებად, გავაცნობიერე რიგი საკითხები, რამაც ქაოსიდან ამბივალენტურობის გავლით ტრანსცენდენტურ პროტესტამდე მიმიყვანა. ასე და ამრიგად, მწერლობამდე დემოკრატიის, კანონიერებისა და სამართლებრივი კულტურის მართლშეგნების, მართლცნობიერების, სოციალ-ფსიქოლოგიურმა ასპექტებმა და ხელოვნების სიყვარულმა მიმიყვანა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეგზისტენციალიზმმა და ჰუმანიზმმაც ითამაშა გარკვეული როლი.

_ როდის და რატომ გადაწყვიტე წიგნის დაწერა? რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ სიმართლე რომ ვთქვა, წიგნის დაწერა სპონტანურად, 3 წლის წინათ გადავწყვიტე, დაახლოებით, ღამის 4 საათზე. რაც შეეხება ინსპირაციას, ეს უკანასკნელი იყო, ისევ და ისევ, სოციუმის სახის ანალიზი საკუთარ თავთან, რამაც იმდენად ნეგატიური ასახვა ჰპოვა, რომ გაჩნდა იდეა, დამეწერა წიგნი არსებული გაუკუღმართებული რეალობის შესახებ. ჩემს საქმეს მარტო ვაკეთებ.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ მთავარი სირთულე მაინც იმ გარემოს ზუსტი შესწავლა იყო, სადაც სიუჟეტი უნდა განვითარებულიყო, კერძოდ, ქალაქ ლაიპციგის ყველა ბაღის, ქუჩის, შენობისა თუ მიყრუებული ადგილის ცოდნა.

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოპულარობით სარგებლობ?

_ თუ ჩემსა და სოციუმს შორის არსებულ ურთიერთობას გადავხედავთ, რაც უფრო წინ მივდივარ და წარმატებას ვაღწევ, მით უფრო იზრდება ადამიანების რიცხვი ჩემ გარშემო. ამ ადამიანებს შორის კი ხშირად არიან ისეთებიც, რომლებმაც ადრე უარმყვეს. ეს ფაქტი ჩემთვის უფრო მეტად გულდასაწყვეტი და საწყენია, ვიდრე გასახარი, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში მათ შორის ვეძებდი ღმერთს და საბოლოოდ სიტუაციური ცნობიერება შემრჩა ხელთ. შესაბამისად, ამ პოპულარობამ უფრო მეტად დამანახა ადამიანის არახატოვანი ბუნება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ნეგატიურობის მიღმა ბევრი კარგი მეგობარი და ახლობელი შემძინა.

_ წერის გარდა რას აკეთებ?

_ აქტიური მკითხველი ვარ და ზოგჯერ ვუკრავ კიდეც.

_ ახალ წიგნზე თუ მუშაობ?

_ დიახ და გამომდინარე მისი სიუჟეტიდან, ამ ეტაპზე, ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნაშრომს?

_ ღრმად მწამს, არ არსებობს ობიექტური რეალობა და თითოეული ადამიანი ყველაფერს სუბიექტურ ჭრილში აღიქვამს, ამდენად, არ მგონია, რომ ვინმე ობიექტურად აფასებს ჩემს ნაშრომებს. თუმცა მაინც მაქსიმალურად კომპეტენტურად ჩემი უახლოესი მეგობრები აფასებენ.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ განსაკუთრებულ სიამოვნებას ჩაის რიტუალური მომზადების პროცესი მანიჭებს.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ დრო არ მენანება ნაყოფიერად ხარჯვისთვის, როცა ვხვდები, განვლილ წუთებს შეუძლია, გამოიღოს შედეგი, ან ეს უკანასკნელი უკვე შედეგის წინაპირობაა.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ კარგი კოგნიტური განვითარების მქონე ადამიანისთვის, როგორც საქმეში, ისე ყოფით ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფსიქიკური, ფილოსოფიური, მენტალური, სულიერი და საზოგადოებისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ეფექტიანობის ზრდა.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ არ მიმაჩნია, რომ ადამიანი მხოლოდ კარგი, ან მხოლოდ ცუდი ბუნების მატარებელია, აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც ყველა ადამიანშია და იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელნი პიროვნების სუბიექტურ აღქმაზე არიან დამოკიდებულნი და მეტად პირობითი ცნებებია, ჩემთვის ადამიანში ყველაზე დასაფასებელი ამ ფაქტის აღიარება და საკუთარი თავის ისეთად მიღებაა, როგორიც რეალურად არის, თავისი დადებითითა და უარყოფითით. ადამიანში ყველაზე ღირებული სწორედ ის უნარია, საკუთარი თავი დაინახოს სუბიექტური ობიექტურობით.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია (რა გქონდა ასეთი?)

_ მინანია და დღესაც ბევრ გადაწყვეტილებას ვნანობ, რომელმაც დამაზიანა მე და ატკინა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. საკმაოდ გრძელი სია გამომივა.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ გაღიზიანებით არაფერი მაღიზიანებს, თუმცა არის ფაქტები, რომლებიც დიდად არ მხიბლავს, არ მომწონს არაჰუმანური ცნობიერება და სოციუმის დამოკიდებულება რიგ საკითხებთან.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ გადაჭრით ვიტყვი: ფილოსოფიისთვის არ მენანება არც დრო, არც ენერგია და, ალბათ, არც არაფერი ჩემი რესურსებიდან.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ბოლო პერიოდში თითქმის არც მრჩება და არც ვიტოვებ თავისუფალ დროს და თუ მაინც გამოჩნდება გარდამავალი საათი, რომელიც არ დამიგეგმავს, აბსოლუტურ სპონტანურობას მივენდობი და ველოდები, საით წამიღებს ქარი.

_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ ზოგადად, არ მიყვარს საქმისადმი სპორტული მიდგომა, არც შეჯიბრებებია ჩემი სტილი, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, თუმცა, რა თქმა უნდა, რასაც ვაკეთებ, მინდა, კარგად და ხარისხიანად ვაკეთო, ხოლო რაც შეეხება მაქსიმალიზმს, ვცდილობ, ვიყო, თუმცა რამდენად გამომდის, არ ვიცი.

_ რა ჟანრის, ვის მუსიკას უსმენ ხოლმე?

_ მოსმენით შეიძლება, ყველაფერს მოვუსმინო, მაგრამ ჩემი მუსიკალური ალბომი შემოიფარგლება კლასიკით: ბეთჰოვენის, მოცარტის, ჰაიდნის, ბახის, ტარტინის ჩამოთვლით შორს რომ არ წავიდე, თითქმის ყველა კლასიკოსის ნაწარმოებით. ამის გარდა, 70-იანების ლეგენდარულ როკ ჯგუფებს ვანიჭებ უპირატესობას.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ წინა დღის გამოცდილებას და ახალ იდეებს, თუმცა ზოგჯერ უბრალოდ თენდება და მეტი არაფერი.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვშიშობ, რომ ოცნება თავისი არსით მოკლებულია რეალურ საფუძველს და მისგან შორსაცაა, მე კი რაღაც დონეზე საკუთარ თავს არ ვაძლევ ამის უფლებას. ოცნების ქონას ვამჯობინებ, მქონდეს მიზანი.

_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, არის ჰაინრიხ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვა“ და გმირი, რომელსაც მგონია, რომ ვგავრ, ამავე ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჰანს შნირია.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ მისაბაძი მაგალითი არც თუ ისე ბევრი მყავს, რამდენიმე ჩემი მეგობარი და ერთი-ორი ადამიანი ისტორიიდან. მათ შორის განსაკუთრებული კი იმანუელ კანტია, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე გაწონასწორებული და რეფლექსირებული პიროვნებაა კაცობრიობის ისტორიაში.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ პრობლემების მთელი წყებაა საქართველოში, თითქმის, ყველგან, განსაკუთრებულად კი ხელოვნების სფეროში არსებული გარღვევები მაწუხებს. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ პრობლემა არა შემოქმედში, ანუ იმ ადამიანში, ვინც ამა თუ იმ სახის ნაწარმოებს ქმნის, არამედ პროდუქტის შემფასებელშია. ჩვენდა სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდები, თუნდაც მწერლობაში, მყარად მოიკიდა ფეხი ნეპოტიზმმა და პოპულიზმმა, რის გამოც ისეთი წიგნები იბეჭდება, რომლებიც არაფრის მომცემია მკითხველისთვის და ამაში პასუხისმგებელნი, მხოლოდ და მხოლოდ, რედაქციები არიან. არ შეიძლება, ამ უკანასკნელში არაკომპეტენტურობის ზეიმი იყოს, რაც გამოიხატება თუნდაც იმით, რომ რამდენიმე თვით იტოვებენ ნაწარმოებს და შემდეგ წაუკითხავად აგზავნიან პასუხს, საინტერესო კი ისაა, რომ რედაქტორს არც ნაწარმოების სახელი ახსოვს და არც _ მწერლის, ეს კი რედაქტორის ცუდი მეხსიერების ბრალი კი არა, წაუკიხავი ნაწარმოების შედეგია. ან პოლიტიკური ცენზის მიხედვით ბეჭდავენ, ან არ ბეჭდავენ მას, რასაც თან ერთვის არანაირი ხელშეწყობა შემქმნელის მიმართ. ასევე ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია თარგმანები, რომლებიც საშინლად დამახინჯებული, აზრს აცდენილი და მწერლის რეალურ სათქმელს მოკლებული ფორმით გამოდის. ამის ყველაზე დიდი მაგალითი ბოლო პერიოდში დოსტოევსკის ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნებია. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენცია, ფილმების წიგნად დაბეჭდვა, რაც უსამართლობის შეგრძნებას მიჩენს, რადგან ამდენი კარგი ქართველი მწერალი რჩება წიგნის გარეშე. საბოლოო ჯამში კი ხელოვნებისადმი მარკეტინგული მიდგომა საერთოდ კლავს ხელოვნების იდეას. ყველაზე დიდი მარაზმი კი ის არის, რომ ბოლოს, სწორედ იმ ადამიანებს აქვთ პრეტენზია ხელოვნების გაფუჭებაზე, ვინც უშუალოდ ამ პროცესს უწყობს ხელს.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ რადგან ხელოვნებაზე გავამახვილე ყურადღება, ამ საკითხს გავშლი:

პირველ რიგში, აუცილებელია რედაქციების კომპეტენტური პირებით შევსება (რა თქმა უნდა, ყველა რედაქციაზე არ ვსაუბრობ), შემდეგ კი აუცილებელია, ნაწარმოები შეფასდეს იდეის, აზრის, ღირებულებისა და ცნობიერზე გამავალი საჭიროების მიხედვით და არა მარკეტინგული გათვლით, ან ნაცნობობით.

ასევე, აუცილებელია მომხმარებლის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, თითოეული მათგანის აზრი და კრიტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში მკითხველთა უმრავლეობა პასიურ მდგომარეობაშია. ამ ყველაფერთან ერთად კი აუცილებელია, რომ თავად შემქმნელი იყოს ობიექტური საკუთარი თავის მიმართ და მანამ არ გადაწყვიტოს ნაწარმოების რეალიზება, სანამ არ დარწმუნდება, რომ მოწოდების სიმაღლეზეა. საბოლოო ჯამში, ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პრობლემაზე, გვეკისრება ჩვენ _ საზოგადოებას.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ დასვენება უფრო მაშინ გამომდის, როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემი საქმე არის ჩემი მე, ჩემი პიროვნება.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ სამყაროში არ არსებობს თავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება და მას მხოლოდ გარკვეულწილად მინიჭებული თავისუფალი არჩევანი აქვს. შესაბამისად, მართალი რომ დავრჩე საკუთარ თავთან, მხოლოდ იდეის დონეზე შეიძლება ვიყო თავისუფალი, თუმცა რეალურად ასე არ არის. ბევრჯერ მომისმენია ჩემ გარშემო ადამიანებისგან, რომ ისინი თავისუფალი არიან, თუმცა ამის არგუმენტირება ფილოსოფიურ დონზე შეუძლებელია და საბოლოოდ, ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ თავისუფლება ჩემთვის ის გადასაადგილებელი სივრცეა, რომელსაც მოცემულობა მაძლევს.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ მწვერვალის რა გითხრა, მაგრამ მთის დასაწყისში ვდგავარ არც თუ ისე მსუბუქი ტვირთით.

_ საკუთარი თავი იპოვე (ამ კითხვის პასუხი განსაკუთრებით მაინტერესებს)?

_ საკუთარი თავი ვიპოვე, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცი, როგორია დღეს ბენიამენი, რა სურს, რატომ სურს, რას აკეთებს, რატომ აკეთებს, როგორ აკეთებს და როგორ უნდა გააკეთოს. ან შეიძლება ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ ვიპოვე ის, იმის გათვლისწინებით, რომ ადამიანი მუდმივად ცვლადი და ზრდადი არსებაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ ჩემი ღრმა რწმენით, რაღაც მისია ცხოვრებაში მაქვს, ისევე როგორც ყველა ადამიანს. მთავარია, ეს მისია იგრძნო.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ არ ვიბრძვი, პაციფისტი ვარ 🙂

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი დაწყებული ღრმა წარსულიდან დღემდე, რადგან როგორც უკვე ვთქვი, ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ ყველაფერმა ისეთად მაქცია, როგორიც ვარ. რაც შეეხება ქვეყანას, თავს ვერ მივცემ უფლებას, მხოლოდ ჩემი სუებიქტური გადასახედიდან რაიმე შევცვალო.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ ცხოვრების აზრი მომავალია.

_ გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ სიმართლე რომ გითხრა, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ფრიად ეგზისტენციალური მდგომარებაა ახლა საქართველოში და ამ კითხვაზე პასუხი მე თვითონაც არ ვიცი.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებ?

_ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ორი რამ მძულს: ეს არის პოლიგამია და სიტუაციურობა. არასდროს გადავლახავ ამ ორ წითელ ხაზს, ჩემთვის ეს საკუთარი თავის ღალატის ტოლფასია.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ ამ კითხვაზე კოსტიტუციით მონიჭებულ დუმილის უფლებას ვიყენებ.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ ვაპირებ, ბოლომდე გავყვე ფილოსოფიას და დავასრულო შემდეგი წიგნი.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ალბათ, მაინც უფრო წარსულზე.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ორი-სამი განსაკუთრებული მეგობრის, ახლობლებისა და, რა თქმა უნდა, კარმის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ ადამიანის ხსნა, ისევ და ისევ, საკუთარ თავშია, ხოლო სიმშვიდე ჩემთვის მუსიკას მოაქვს და ცოტა კანონდარღვევასაც.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_  Hello darkness, my old friend

I’ve come to talk with you again.

_ ვინ ხარ რეალურად და ვისთან ხარ ნამდვილი ლაშა?

_ ყველასთან ვცდილობ ვიყო ის, ვინც ვარ. ზოგადად, არ მიყვარს საკუთარი პიროვნების შელამაზება.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ უბრალოდ, ვიყოთ ჰუმანურები და პატივი ვცეთ ერთმანეთს.

  1. S. იმდენი მაინც შევძლოთ, რომ ნაგავი ქუჩაში არ დავყაროთ, რიგი დავიცვათ, „ზებრა“ დავინახოთ და ასე შემდეგ.

 

ნინო ტაბაღუა