ბაჩუკი ქარდავა: „ეს კონსტიტუცია არის „ქართული ოცნების“ პარტიული წესდება ხელისუფლებაში დასარჩენად!“

ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი _ ბაჩუკი ქარდავა:

 

_ ბატონო ბაჩუკი, საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალ რედაქციას ისტორიული დოკუმენტი უწოდა. მისი განცხადებით, მახინჯი კონსტიტუცია შეიცვალა დახვეწილი კონსტიტუციით, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსსა და ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომრეს? თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ?

_ პარლამენტის თავმჯდომარეს ვეთანხმები, რომ ისტორიული დოკუმენტია, მაგრამ არა კარგი, არამედ სამარცხვინო და ყველაზე თავხედური, რაც კი შეიძლებოდა ცვლილებები განხორციელებულიყო საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაში. არ მინდა, ეს ზოგად ფრაზად დარჩეს და რამდენიმე სიტყვით ავხსნი: დღეს ჩვენი კონსტიტუციით, 2017 წელს, დავაკანონეთ, ფაქტობრივად, ამომრჩევლისთვის ხმის უფლების წართმევა იმ კონტექსტში, რომ საქართველოს მოქალაქეებს წაერთვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე _ მაშინ, როდესაც „ვენეციის კომისიას“ და ქართველ ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო განხილვების დროს შესთავაზა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ყველაზე სამართლიანი სისტემაა და რომელიც რეალურად ასახავს ამომრჩევლის განწყობას პარლამენტში მომავალი ხელისუფლების დაკომპლექტებისას, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ, ეს შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის მითითების შედეგად და შემოგვთავაზა ისევ ის სისტემა, რომელიც საშუალებას არ იძლევა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით დამკვიდრდეს ხელისუფლების ცვალებადობა. როგორც წესი, მაჟორიტარი დეპუტატები არიან ყურმოჭრილი მონები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურებიან, ისინი ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადაბარგდებიან ხოლმე, მაგრამ დიდი ფინანსური რესურსის პირობებში, რომელიც „ქართული ოცნების“ პატრონს აქვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნების“, ანუ ხელისუფლების შეცვლა ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ეს ხალხის განწყობაზეა დამოკიდებული და მათი განწყობა უკვე ისეთია, რომ, ალბათ, 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას“ ეს სისტემაც ვერ უშველის, მაგრამ, ისინი ცდილობენ პირდაპირპროპორციულად იმისა, როგორ ეცემა მათი რეიტინგი, ხელოვნური ბერკეტები შექმნან ხელისუფლებაში დასარჩენად. ამისთვის გამოიყენეს დოკუმენტი, კანონთა კანონი, კონსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის შეთანხმების საგანი უნდა იყოს, თუ როგორ ვიცხოვროთ. კონსტიტუცია ერთ ადამიანს და ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას მოარგეს. ამ კონსტიტუციას შეიძლება ვუწოდოთ არა ქვეყნის მთავარი კანონი, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიული წესდება ხელისუფლებაში დასარჩენად.

_ კონსტიტუციის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია „ვენეციის კომისიის“ შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ერთი დასკვნა გადმოაგზავნა, შეფასება აზრთა სხვადასხვაობას მაინც იწვევს. ხელისუფლებისთვის ის დადებითია, ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის კი _ კრიტიკული შენიშვნებით სავსე. თქვენ როგორ წაიკითხეთ „ვენეციის კომისიის“ შეფასება?

_ „ვენეციის კომისიას“ თავისი მკაფიო პოზიცია, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, დაფიქსირებული აქვს არა მხოლოდ ერთ, არამედ ყველა დასკვნაში, რომელიც მან ბოლო პერიოდში გამოაქვეყნა საქართველოსთან და, კონკრეტულად, კონსტიტუციასთან მიმართებით. მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მათი პოზიცია და ის აბსოლუტურად თანხვედრია ქართული საზოგადოების განწყობებთან, პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულებებთან და არასამთავრობო სექტორის ხედვებთან. იქ გარკვევით წერია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმა სამწუხარო და დასანანი იყო „ვენეციის კომისიისთვის“. ამ შემთხვევაში, წაკითხვის პრობლემა კი არ არის, პრობლემა ის არის, უკვე ძალიან ბევრ ტყუილს ნაჩვევი ხელისუფლება ჯიუტად რომ იმეორებს ტყუილს, ცრუობს და უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს სირაქლემის პოზას ჰგავს. მათი არავის სჯერა, არც ქვეყნის შიგნით და უკვე საერთაშორისო დონეზეც, არც „ვენეციის კომისიაში“. დამერწმუნეთ, მათ „ვენეციის კომისიაში“ არც ჩაესვლებათ, იმდენჯერ მოატყუეს ეს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „ვენეციის კომისია“ ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, სხვათა შორის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წინაშე აყენებდა საკითხს, რომ საქართველო ისე ვითარდება დემოკრატიის კუთხით, რომ მისი მონიტორინგიდან მოხსნაც კი შეიძლებაო, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს დღეს „ვენეციის კომისიის“ განწყობა, რომლის ხელმძღვანელი, ბატონი ბუკიკიო, საქართველოში ჩამოვიდა, აქ ერთი უთხრეს და აეროპორტში სხვა ინფორმაცია დააწიეს, ხოლო როცა სამშობლოში ჩავიდა, იქ აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი დახვდა. ხელისუფლებამ უკვე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც გაიტეხა სახელი და მას ჰქვია მატყუარა ხელისუფლება, რომელიც მოვლენებს ვერ ნიღბავს. ცუდი, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ კონსტიტუციამ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას ცუდის შენიღბვის ნიჭიც კი არ აღმოაჩნდა და უნიათოა.

_ კიდევ ერთი უცნაურობა, რაც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ხდება ის არის, რომ ახლა მმართველი გუნდიც ითხოვს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს: „უმრავლესობამ პრეზიდენტს განსხვავებული ფორმატით შეხვედრა შესთავაზა. ჩვენ პრეზიდენტს კონკრეტულად შევთავაზეთ ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და „ვენეციის კომისიის“ ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად, ვეტოს უფლება გამოიყენოს. საქმე ეხება ორ საკითხს: როგორც მოგეხსენებათ, ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე _ ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ პრეზიდენტი ამ სახით გამოიყენებს ვეტოს, ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი“. თქვენ როგორ ახსნით ამ უცნაურობას?

_ ეს უცნაურობა ძალიან მარტივად ასახსენელია. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ბონუსი, რომელიც 2024 წელს ეხება და არა დღევანდელი საქართველოს კონსტიტუციას, იმ შემთხევვაშია, თუ 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა. იმედი მაქვს, ბონუსი იქნება თუ არა კონსტიტუციაში, ეს არც ირაკლი კობახიძისა და არც პარლამენტის ამ შემადგენლობის გადასაწყვეტი არ გახდება იმიტომ, რომ უკვე ყველამ ვიცით _ ეს კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების განწყობაც, რომელიც კონსტიტუციას იღებს და იმ საღამოსვე, რამდენიმე საათში აკეთებს განცხადებას და პრეზიდენტს სთხოვს, დაადე ვეტო იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განვახორციელოო, აქედან ჩანს, თუ რა დოკუმენტი მიიღეს, მაგრამ აქ საუბარია ბარიერზე და ბლოკებზე, მათ სურთ, რომ ფოჩიანი კანფეტები გადმოაგდონ და ვითომ ამით შეარბილონ, ან შეანელონ ის აგრესია, რომელიც ნელ-ნელა გროვდება ქართულ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმის გამო, რასაც კონსტიტუციას უშვრებიან. ეს არასოდეს ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი, პრიორიტეტული საკითხი იყო 2020 წელსვე პარლამენტის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნება. მეორე _ მათი ეს განცხადება იმას ჰგავს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას სხვას სთხოვენ და ისიც ისე კი არ უნდათ გამოსწორდეს, რომ რეალური შედეგი დაიდოს, პრობლემა მოიხსნას და პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს, არამედ სურთ, ისევ თავიანთ სასარგებლოდ ჩასწორდეს კონსტიტუცია, რომ „ვენეციის კომისიაში“ მათი შელახული სახელი აღდგეს. კომისიას ბოლოს უკვე დაჰპირდნენ, რომ 2020 წლისთვის დავტოვებთ მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ ბარიერს დავწევთ და ბლოკებს გავუშვებთო. აი, ამ სახის შენარჩუნებისთვის უნდათ ახლა გამოიყენონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. მინდა, ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე _ პრეზიდენტის ინსტიტუტზე _ რატომაც უნდა იყოს ის არჩეული პირდაპირი წესით, რადგან იგი კონსტიტუციის დაცვის ერთადერთი მთავარი გარანტია. ამდენად, პრეზიდენტმა არ უნდა მისცეს უფლება „ქართულ ოცნებას“, მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის და თამაშებისთვის გამოაყენებინოს თავი, არამედ რეალურად უნდა დაიცვას კონსტიტუცია. მისთვის ცნობილია წინასწარი შეთანხმება და თქვენთან შემიძლია გავახმოვანო: იმ 5-პუნქტიან მოთხოვნას, რომელიც ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთობლივად შევიმუშავეთ და რომელსაც, სხვათა შორის, „ვენეციის კომისია“ მხარს უჭერს, მთლიანობაში ვეტო უნდა დაედოს და ეს ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი, ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაცია გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში ეს კონსტიტუცია იქნება რეალურად ერთპარტიული და ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი.

_ როგორი მოლოდინი გაქვთ, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს?

_ ჩვენს თხოვნას პრეზიდენტის მიმართ და მის განწყობასაც თუ გავითვალისწინებთ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი 5-პუნქტიანი დოკუმენტის საფუძველზე შექმნის მოტივირებულ შენიშვნებს და ეს იქნება ვეტოს საფუძველი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები ადამიანის უფლებების ნაწილში დაემატოს, მაგრამ პრინციპული საკითხია 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ეს მის მოტივირებულ შენიშვნებში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება.

_ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციის კანონდარღვევით მიღებაზე საუბრობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მათი თქმით, კონსტიტუციის მიღებისას პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თუ ორი მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა „მიწა“, მესამე მოსმენისას წინ ჩაუმატეს სიტყვა _ „სასოფლო-სამეურნეო“, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას, რაც სერიოზული კანონდარღვევაა. ეთანხმებით თუ არა მათ და ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნა რეალურად შეასრულებს თუ არა თავის ფუნქციას?

_ მიზეზი და საბაბი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა ძალიან ბევრია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურად გადადგმული ნაბიჯების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ პარლამენტში და ამ შემადგენლობით ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. კი ბატონო, მესმის პარლამენტარების, ფრაქციების, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილები, ისინი ამ საკითხს აყენებენ და საზოგადებრივი აზრის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერი იმ თავხედობის გამოსასწორებლად, რაც 5 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, გამოსავალი ერთადერთია, რომ ქართული საზოგადოება დავრაზმოთ, არჩევნებამდე მაქსიმალურ პოლიტიკურ პრესინგში იყოს მმართველი პარტია, რომ მან კიდევ უფრო მეტი არ გააფუჭოს და 2020 წელს ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დროულად გავაცილოთ. მხოლოდ ხელისუფლებიდან მათი ჩამოცილებაა გამოსავალი. სხვა პატარ-პატარა ნაბიჯები მხოლოდ ტაქტიკაა, არ ვეწინააღმდგები, მაგრამ ხელისუფლების ძირეული ცვლილებების გარეშე რეალური პრობლემების მოგვარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ უქმნის ქვეყანას, შეუძლებელი იქნება.

_ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათლაშვილი პრეზიდენტისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა. მას სურს, პრეზიდენტმა გადადგომის თაობაზე გააკეთოს განცხადება და კრიზისული ვითარების შექმნით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე წამსვლელი?

_ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ლიდერების შეკრებაზე ეს საკითხი წამოიჭრა. პრინციპში, ამ საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავს ტაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ამიტომ რთულია, რეცეპტი გამოვწეროთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ გადადგომა საკმაოდ დიდი პოლიტიკური ნაბიჯია. თუმცა ის, რომ გადადგომაა საჭირო, რათა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა უქნა კონსტიტუციას „ქართულმა ოცნებამ“, ამის აუცილებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიომ უკვე იცის, რასაც აკეთებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა, უკვე ცნობილია.

თამარ ბატიაშვილი