„ბატონ ბორელს რუსეთი ესაუბრებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პირით“

თამუნა მჭედლიშვილი

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პროგრესის განხილვა ევროინტეგრაციის გზაზე და აზრების გაცვლა როგორც ფართო საგარეო პოლიტიკის, ასევე რეგიონული საკითხების ირგვლივ.

ბორელის რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა _ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო; იგი შეხვდა პრემიერ-მინისტრს და გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია; ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გამოიყენა შესაძლებლობა და გაესაუბრა საქართველოს პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.

სწორედ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის, მიმდინარე შიდა პოლიტიკური დინებების, 12 პუნქტის შესრულება-არშესრულების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისა და „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყების შესახებ ესაუბრა „ქრონიკა+“ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის, „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერ სერგო ჩიხლაძეს:

_ ბატონო სერგო, როგორ შეაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში და იმ დამტკბარ ურთიერთობებს საქართველო-ჩინეთს შორის მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორების მიმართ საქართველოს ვალდებულებები აქვს შესასრულებელი, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად, ნატოს კონკურენტი ქვეყნის _ ჩინეთის მეგობრად გამოვაცხადეთ თავი?

_ ჩინეთში ვიზიტი, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, ჩინეთთან პარტნიორული თანამშრომლობა, მაგრამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის პრობლემა. სტრატეგიულ პარტნიორობას რომ შევეხოთ, ერთი ის, რომ ჩინეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, ასევე სხვა სახის ურთიერთობები, ისე როგორც სხვა დიდ ქვეყნებთან,   როგორიცაა ინდოეთი და სხვა, ამას არავინ ეწინააღმდეგება, პირიქით, ასეთი ურთიერთობა ისედაც იყო საქართველოს საგარეო სპექტრში, მაგრამ აქ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე! სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან! სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, განსაკუთრებით, თუ ჩავიხედავთ თვითონ ხელშეკრულებაში, დავინახავთ, რომ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღიარებულ კურსთან. საქართველოს კონსტიტუციაში რაც წერია, ამასთან მოდის უშუალოდ წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ ჩინეთის სტრატეგიული ინტერესი აბსოლუტურად სხვაა, მას აქვს თავისი უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობის დოქტრინა, რომელშიც არანაირად არ შედის ნატოსტან ან ევროკავშირთან ისეთი სახის ურთიერთობა, როგორიც საქართველოს უნდა, რომ ჰქონდეს. განსაკურთრებით, უსაფრთხოების დოქტრინა არ მოდის თანხვედრაში. ჩინეთი არის, ფაქტობრივად, კონკურენტი, რბილად რომ ვთქვათ, აშშ-სთან კონკურენტულ ურთიერთობაშია ბევრ საკითხში, ეს მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში ჩვენს პოლიტიკურად გაცხადებულ საგარეო კურსთან. ხელისუფლება ყოველდღიურად იფუჭებს ურთიერთობას შტატებთან, ევროკავშირთან… სწორედ ამ დროს პრემიერ-მინისტრი დემონსტრაციულად აფორმებს პარტნიორობას ჩინეთთან. ჩინეთს, თავის მხრივ, რუსეთთან აქვს საკმაოდ მეგობრული და რბილი ურთიერთობა. ანუ ეს ფაქტი პირდაპირ, ტექნიკურად ეწინააღმდეგება ჩვენს გაცხადებულ ინტერესებს, ხელშეკრულების პუნქტებს. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა ჩინეთთან, მეორე მხრივ, არის საჯარო პოლიტიკური დემარში, _ ჩვენს კურსს პროდასავლურიდან ნელ-ნელა ვცვლით რუსულ-ჩინურისკენ. ეს არის ძალიან სახიფათო. დეტალებში თუ შევალთ, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხით, ჩინეთი თავის სადავო ტერიტორიას, ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ჩინეთის ნაწილად განიხილავს, აი, ამაზე აწერინებს ხელს ღარიბაშვილს ხელშეკრულებაში ჩინეთი, სამაგიეროდ, იგივეს არ დებს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით! აქაც კი კაბალურ ხელშეკრულებას აწერს ხელს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჩინეთთან ხელშეკრულება არის პრობლემატური თავისი შინაარსით _ ჩინეთისკენ და რუსეთისკენ გადახრა და დაშორება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. პირდაპირ გეტყვით, როდესაც ვხვდებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოსა და საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მათი შეშფოთება  და ამ ნაბიჯის არმოწონება აშკარაა. 

_ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, მოასწრებს თუ არა „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას დათქმულ ვადებში? „ქართული ოცნება“ „გვიმტკიცებს“, რომ 12 პუნქტი შესრულებულია…

_ დარწმუნებული ვარ, რომ 12 პუნქტის შესრულება „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის. ის კი არა, რომ ვერ მოასწრებს ვადებში შესრულებას, არა, უბრალოდ, არ აკეთებს არაფერს. პირიქით, აზიანებს. ანუ ჩვენ თუ ავიღებთ 2022 წლის ივნისის მდგომარეობას, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად და დღევანდელ მდგომარეობას, ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით არათუ რამე გაკეთდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა სიტუაცია. იგივე სასამართლოს რეფორმის კუთხით მდგომარეობა გაუარესდ. დასავლეთმა მოსამართლეები დაასანქცირა პოლიტიკური თუ სხვა სახის კორუფციის გამო. ასეთი მოსამართლეები კი „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გამიჯნა, არამედ დააწინაურა ისინი. სააარჩევნო კოდექსის მიხედვით, პირიქით,  უარესი ნაბიჯი გადადგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით, მედიის მიმართულებით, პოლიტიკური პატიმრების კუთხით, _ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებითაც „ოცნება“ არათუ ასრულებს, არამედ აუარესებს სიტუაციას, რატომ? იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი მოუწყოს. რა თქმა უნდა, არ გააკეთებს. ისედაც, 15 თვე გავიდა პირობების მოცემიდან და შესრულებული, ასე თუ ისე, არის სამი პუნქტი, ყველაზე მარტივი, მხოლოდ ტექნიკურად აღიარების გარდა რომ არაფერი სჭირდება… იგივე ომბუდსმენის არჩევა, რის შესახებაც ვფიქრობ, რომ არ არის შესრულებული ეს პუნქტი, _ ამ ადამიანის არჩევა იმ პრინციპებით, როგორც იყო ჩადებული ვალდებულებებში, არ მომხდარა. ცხრა ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი პუნქტია დარჩენილი შეუსრულებელი. პროგრესის მაგივრად ამ დარჩენილი პუნქტების რეგრესი გვაქვს სახეზე. რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. 

_ როგორ შეაფასებთ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს საქართველოში? მან საჯაროდ დააფიქსირა _ 12 პუნქტი შესასრულებელია! სტატუსი არ გაიცემა საჩუქრად, იმიტომ, რომ ავტომატურად მეკუთვნის! ჯოზეფ ბორელმა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრა, რომ, ფაქტობრივად, ოროსანი მოსწავლეები ხართ და თქვენს ჩავარდნას მასწავლებელს ნუ დააბრალებთო, _ ასეთი მკაფიო და კრიტიკული იყო პრესკონფერენციის დროს ბორელის შეფასება.

_ პოლიტიკური საკითხი, _ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, _ ფაქტობრივად, მიღებულია, ამას უნდა გაფორმება. შენ ის მინიმალური პაკეტი უნდა აჩვენო, რომ მოგცენ დასტური. ჩავთვალოთ, რომ ეს სტატუსი პოლიტიკურად გადაწყვეტილია. უბრალოდ, ამას სჭირდება იმის ჩვენება, რომ შენ ვალდებულებებს და მოთხოვნებს ასრულებ. თუ წესებს არღვევ და ვალდებულებებს არ ასრულებ და მაინც ამბობ, ავტომატურად მეკუთვნისო, ასე არ გამოვა _ აი, ეს ითქვა საჯაროდ ბორელისგან. ამიტომაც შესაძლებლობა არის, კარი არ დახურულა და, საბოლოო ჯამში, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ _ „ქართული ოცნებით“ თუ „ქართული ოცნების“ გარეშე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი პასუხი იქნება გარკვეული პირობებით, ასევე ვალდებულებებით. თუ შენ ნებისმიერ შემთხვევაში რეფორმებს არ ატარებ და პროგრესი არ გაქვს, თავისთავად სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ხდები. სტატუსი რატომ გვინდა? იმიტომ, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი. „ქართული ოცნება“ ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე, სტატუსზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. სტატუსი გარკვეული დათქმითაც რომ მოგვცენ, ამ დათქმებს ასრულება ხომ უნდა? დარჩენილ 9 პუნქტს შესრულება ხომ უნდა? ამას „ქართული ოცნება“ ხომ არ გააკეთებს? შესაბამისად, ამოცანა არის, რომ რუსეთთან მოთანამშრომლე ძალა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან მომავალში კოალიციურმა, მრავალპარტიულმა, პროდასავლურმა მთავრობამ ძალიან სწრაფად ჩაატაროს ეს რეფორმები.

_ მოსალოდნელია თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგეგმილ ორმაგ თამაშში ახალი მანიპულაციები, მორიგი ტყუილი თავის მართლებები 12 პუნქტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით?

_ ის, რომ შენ არ მიიღებ სტატუსს და დაიხურება საკითხი, ასეთი რამ გამორიცხულია. პირობები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შესასრულებელი. ასევე ძალიან მკაფიო ფორმულირება იქნება ყველაფრის. „ოცნებას“ არ გამოუვა ასეთი ამბები.

ღარიბაშვილის უტიფრობები, რაც მან ისაუბრა ბორელთან, უკვე ყველამ იცის ევროპაში და აღარავის უკვირს. ევროპელები, ამერიკელები სხვა მენტალობისანი არიან და თავიდან ვერ იჯერებდნენ ამათ ასეთ უტიფრობებისა და საზიზღრობის ხარისხს, მაგრამ უკვე ძალიან კარგად გაიცნეს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, როცა საჯაროდ საუბრობს მაღალი დონის პირი, ევროკავშირიდან ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული მათი ტყუილები.  ბორელთან შეხვედრის დროსაც მოიტყუა უტიფრად ღარიბაშვილი. როდესც უთხრეს, რომ 9 პუნქტი ჯერ კიდევ შესასრულებელია, ჯერ თქვა, რომ ყველაფერი შესრულებული გვაქვსო და მერე თვითონვე თქვა, რომც არ შევასრულოთ, მაინც უნდა მოგვცეთ სტატუსიო. აი, ეს არის რუსული ყაიდის უტიფრობა. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონ ბორელს რუსეთი ესაუბრებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პირით. მერე კი იგივე გაიმეორა რუსეთმა უკვე პაპუაშვილის პირით. ასე რომ, ეს ყალთაბანდობა არ გაუვათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ხალხსაც უნდა ვუთხრათ, რომ 2024 წლის დეკემბერში არაფერი არ იწყება და არც მთავრდება, იმიტომ რომ ევროკავშირმა გვითხრა, თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი. უბრალოდ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩავატარებთ რეფორმებს. მეტიც: როდესაც ამ ქვეყანას ეყოლება ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფლად არჩეული ხელისუფლება, იმდენად სწრაფად გატარდება რეფორმები, რომ არათუ კანდიდატის სტატუსზე, არამედ უკვე შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, გვექნება პრეტენზია, რომ სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ, როგორც იყო ჩადებული მიშელის განცხადებაში. ეს რეალობა იქნება, ოღონდ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეს ვერ მოხდება, რადგან „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც რუსეთზეა ორიენტირებული. რუსეთისა და ევროპის ხაზები არ იკვეთება, ესენი ორი პარალელური მხარეა და პარალელური ხაზები არასოდეს იკვეთება.

_ თქვენ პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ… როგორ ფიქრობთ, შეიწყალებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს? და კიდევ, თითქოს თქვენი გაერთიანება _ „გამარჯვების პლატფორმა“ _ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უარს იტყვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მართალია?

_ არა, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც არასოდეს დაგვიშვია, რომ მის იმპიჩმენტს რამე პირობით დავუჭერთ მხარს. იმპიჩმენტს არ დავეთანხმებით. რატომ წამოიწყო იმპიჩმენტი „ქართულმა ოცნებამ“? ამისთვის საჭირო 100 ხმა ვერანაირად მოგროვდება, ეს ვერ მოხდება და რატომ წამოიწყო? გუშინ ბორელმა პირდაპირ თქვა, _ იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანონ. ჩვენ ხომ ვიცით 2022 წლის ივნისამდე, 2022 წლის დეკემბრამდე, ახლა ოქტომბერ-დეკემბრამდე, _ ყველა მნიშვნელოვანი თარიღის წინ, „ოცნება“ აკეთებს რაღაც ისეთს, რაც ამძიმებს სიტუაციას: გვარამიას დაკავება, მოსმენების კანონის მიღება, საზიზღარი თავდასხმები ევროკავშირზე და ახლა იმპიჩმენტი! ამის მთავარი მიზეზი არის ევროპისკენ მიმავალი პროცესების გზის დაზიანება, და მეორე, ქვეყნის შიგნით მოხდეს ძირითადი თემების გაბლარვა, გადაფარვა. აი, შოვის ტრაგედიიდან გადავიდეს ყურადღება სხვა თემაზე, პრემიერის ჩარტერებიდან და კორუფციიდან _ სხვა თემაზე და ა. შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში არ დავეხმარებით „ქართულ ოცნებას“. აქვე იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის ქალბატონი პრეზიდენტი არ გამხდარა სანიმუშო პოლიტიკოსი და არც მოსაწონი. პირდაპირ გეტყვით, არც 2018 წლის არჩევნები დაგვვიწყებია, არც მისი გამონათქვამები და პოზიციები 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არც მისი შეფასებები 1991-1992 წლის მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ დავეხმარებით ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც სიმართლეს ამბობს პრეზიდენტი ან სწორი პოზიცია აქვს, არ ვთქვათ, რომ ეს სიმართლეა! ამ წუთას ევროინტეგრაციასთან მიმართებით მას აქვს სწორი პოზიცია და ვამბობთ, _ ეს სწორია, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის ფანები ვართ ყველანი.

_ არ მიპასუხეთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ შესათანხმებელი აქვს ბიძინა ივანიშვილთან ეს საკითხი, ისე როგორც სხვა საკითხები?

_ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბევრი კითხვა გვაქვს. მას ივანიშილი არასოდეს დაუსახელებია, როგორც ამ ქვეყნის ძირითადი პრობლემა, არც  არასოდეს დაუგმია თავისი პოზიციები და არ გადაუხედავს ამ პოზიციებისთვის 2008 წელთან დაკავშირებით. მან თავისი ბერკეტი უნდა გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. თუ ის ამას იზამს, ის კითხვები, რაც საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს გვაქვს, გარკვეულწილად, გაქარწყლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჯერებ, რომ ის პრინციპულად აუმხედრდა ბიძინა ივანიშვილს.

_ ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ვოიაჟი ევროპაში საკუთარი ხარჯებით შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან, თუ ქალბატონმა პრეზიდენტმა სოლო თამაში წამოიწყო?

_ არა, არა, მე ვამბობ, რომ სწორი პოზიცია რაშიც აქვს, ჩვენ ამას აღვნიშნავთ, რომ ეს არის სწორი პოზიცია, მაგრამ ის, რომ კითხვებიც არსებობს, ესეც უნდა აღინიშნოს. ევროკავშირთან მიმართებით მისი საჯარო პოზიციები რაც ჩანს, ეს არის მისაღები და დასაფასებელი _ ეს არის რეალურად პოზიცია. 

_ ელენე ხოშტარიასა და „გირჩი- ზურა ჯაფარიძის“ პოლიტიკური  გაერთიანების შესახებ რას გვეტყით?

_ ეს არის ძალიან კარგი. მნიშნელოვანია ოპოზიციის ველზე კონსოლიდაცია _ 2016 წელს 20 პროცენტი რომ საერთოდ გაიბნა და დაიკარგა ოპოზიციური ხმების, ეს რომ არ მოხდეს.

ჩვენ უკვე გავერთიანდით და შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“ _ ენმ-სთან ერთად ეს არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია და გაძლიერდება, დაპატარავებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ველზე სხვა პარტიების კონსოლიდაცია და მივესალმები, რომ ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ეს ნაბიჯები გადადგეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ფლანგის კონსოლიდაცია მოხდა. დანარჩენი პარტიებიც თუ გადადგამენ მსაგვსს გარკვეულ მაკონსოლიდირებელ ნაბიჯებს, კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ ველზე იყოს ორი ან სამი ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ხმები დაიხლიჩოს, დაიკარგოს და ა. შ. პირიქით, ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ ამ ძალებმა გადალახონ ბარიერი, რათა შემდეგ საპარლამენტო კოალიციისთვის არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ჯამურად ოპოზიციამ დაამარცხოს რუსული „ქართული ოცნება“.