ბატონი გოგაშვილი და ყმები საჯარო სამსახურიდან

საქართველოზეა ნათქვამი, ვერა და ვერ გაიმართა, ვერ გასწორდა წელშიო, ეს ქვეყანა აირია, შემოგვადნა ხელშიო… ვირი მუშაობს და ცხენი ჭამსო.

ჰოდა, ასე ამბავი სოსოს მეურნეობებისა… მოსავლისა, ჭირნახულისა, ავ-კარგისა, მუშისა და ბელადისა…

ნათქვამია, მუშა უნდა მუშაობდეს და მეომარი _ მუშაკობდესო, ჰოდა, ჩვენი სოსო მუშაკობს, ქიზიყელი გლეხები კი მის მამულებში მუშაობენ… სოსო დიდი კაცია, ის დრო აღარ ახსოვს ყარფუზის ბაღებს რომ უვლიდა… ახლა მის ხელთაა ქვეყანა და ქვეყანას კიდევ, მიხედვა უნდა. თუ მეფეს სძინავს, ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებით, ამიტომ სოსოც ფხიზლად არის და ქვეყანასაც ღრმა ძილითა სძივნას, ისე სძინავს, რომ გამოღვიძებისა არაფერიც ეტყობა.

სოსოს მამულებში კი მუქთა მუშები მზეს ეხვეწებიან, მეტად ნუღარ დააჭერ, ისედაც მშივრებს კუჭი გვიხმება და შენი სიცხე უფრო მეტად დაგვწვავსო. მართალია, უფასო მუშას პური არ დაეყვედრებაო, მაგრამ უფასოსაც გააჩნია, თუ მუშა მუქთაა, მაშინ მისთვის აღარც არაფერი ემეტება ბატონს. მუშას _ საჭმელი, მუქთას _ არაფერიო, _ ასე ამბობენ ქიზიყში. და რადგან ეს ქიზიყური წესია, მუშამ იჯავროს სიგრძე დღისა და სიცხე მზისა… ან რაა, თუ მუშაც დააპურა, საწვავიც იყიდა, ტექნიკაც დაიქირავა, მაშინ რაღა მოგება უნდა ნახოს ბატონმა?! მარტო შემოსავალი კაცს არ გაამდიდრებს, თუ დაზოგვამაც ხელი არ შეუწყოო, ჰოდა, ზოგავს სოსო ბიუჯეტს, მეტი რაღა ქნას? ქვეყნისას კი არა, საკუთარ ბიუჯეტსა ზოგავს, თორემ ქვეყანა რაა, მართლა მისი კი არ არის, უბრალოდ, ახლა გულს უხარია და იცის, რომ ქვეყნიდან სარგებელი მოდის…

ამიტომ რადგანაც მუქთა წიწაკა შაქარზე ტკბილიაო, რაც ქვეყნიდან მუქთაა, ყველაფერში ხეირია, სოსოც ჭკვიანია, იცის, როგორ უნდა დაიყენოს ხეირი და ხეირობს… იყო დრო, თავად მუშაობდა სხვებთან დღიურ ანაზღაურებაზე, თაკარა მზეზეც იწვოდა, მაგრამ ეს დრო ადრე იყო, ახლა უკვე აღარ არის… ახლა ბატონია, ბატონი!.. თუ არ გაგიგიათ, იცოდეთ: „ცხენი თუ არ ამუშავე _ ბატონია“.

 

მგელს მგელი დაერქვა, თორემ ტურამ ქვეყანა ამოაგდო

 

ამასობაში, მთელი ერი ბიძინას ემდურის, _ ეს რა გვიქნა? რა დღეში ჩაგვაგდო, ქვეყანა შპს საქართველოდ აქცია და არავინ ვადარდებთო. რეალურად კი ქვეყანა ბიძინამ, ძირითადად, ქიზიყელებს ჩაუგდო, ჯერ ღარიბაშვილ-თამაზაშვილს აჯიჯგნინა. ჯამში კი შპს საქართველოს დირექტორად სოსო გოგაშვილი დაგვიტოვა, _ კაცი, რომელიც 2013 წლის გაზაფხულამდე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო. ახლა სამი ვატიკანის ხელა მამულები აქვს. მამულები, თორემ იმასაც თავად არ უვლიდეს.

ქიზიყში მუქთა მუშახელს ღარიბაშვილის მამა არასდროს იყვანს. მუქთა მუშახელით მოსავლის აღება გოგაშვილს, პარლამენტარ ირაკლი შიოლაშვილსა და თამაზ თამაზაშვილს ახასიათებთ. ამ სამი ბატონიდან კი ყველაზე ხელმომჭირნე გოგაშვილისა და შიოლაშვილის მოურავები არიან. მოურავებიც უცხო არ ჰყავთ, საკუთარი მამები დაასაქმეს. მუშახელი კი საჯარო სამსახურის სპეციალისტები, სპეციალისტების ქმრები, მამები, მამამთილები და შვილები არიან.

 

ჩემი „მუშა“ რესპონდენტი მომიყვა:

_ დილით 5-ზე უკვე მანქანა რომ ჩამოივლის, მივდივართ, ხან სათოხნია, ხან _ გასაფურჩქნი. მარცვლეულს მექანიზაციის ცენტრიდან გამოყვანილი ტექნიკით იღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესდეს, აბა, იხდიან ფულს გოგაშვილები, ან თამაზაშვილები?

_ არა?

_ რა თქმა უნდა, არა!

_ ახალა რას იღებთ?

_ ყარფუზისა და ნესვის სეზონია და იმის დაკრეფა გვაქვს დავალებად!

_ რომ არ იმუშაოთ?!

_ ჩემს რძალს გამოუშვებენ სამსახურიდან…

_ გიხდიან რამეს?

_ არა, რა უნდა გადამიხადონ? რძალს ხომ მისაქმებენ!

_ სად მუშაობს?

_ ბაგა-ბაღებში.

_ საჭმელს ვინ გაჭმევთ?

_ ჩემი დედაკაცი ჩამილაგებს, სხვას სხვისი დედაკაცი და თან მიგვაქვს.

_ თვითონ თანამშრომლებიც მუშაობენ?

_ კი მუშაობენ. ახლა ბაღებს დაითხოვენ 20-ისთვის და მერე ბაღის მასწავლებლებიც იმუშავებენ.

_ იცი, რა მაინტერესებს, მოსავალი როგორია?

_ შარშანდელივით კარგი მოსავალი არაა, მაგრამ არც ცუდი ითქმის. ვისაც მიწა ბევრი აქვს, იმისთვის მაინც კარგია. წელს გოგაშვილს ცოტა დაესეტყვა ვენახი, მაგრამ სადაზღვევო აუნაზღაურებს.

 

ასე ყოფილა ამბები, მთელი ეს ქვეყანა _ სესხი და ვალიაო, ოჯახის ერთი წევრი თუ დაგისაქმეს, სამაგიეროდ სამი წევრი ბატონის მამულში მუშაობს, მაგრამ ბატონს ერთი რამ ავიწყდება, _ რეგვენს ნაჩუქარი მუქთა რომ ეგონა.

 

მაკა მოსიაშვილი