ბანკების გაკოტრების ანატომია

ყველა ეტაპზე, ბანკების გაკოტრების პროცესში, ხელისუფლების მიზნების გამტარებელი აღმოჩნდა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი _ „საქართველოს ეროვნული ბანკი“, რომლის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების შესრულებას შეუწყო ხელი.

თითოეული ბანკის ჩამორთმევისა და ბიზნესების გაკოტრების საქმეში იკვეთება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი. ბანკების გაკოტრებას აერთიანებს ერთი სამოქმედო გეგმა, _ ბანკებში დანიშნული დროებითი ადმინისტრაციები. ბანკების ხელოვნურად გაკოტრების პროცესში ქადაგიძე ყველა პროცესის აქტიურ მონაწილედ გვევლინება. სქემაში „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და სს „საქართველოს ბანკი“ ძალოვან უწყებებთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ.

„სტანდარტ ბანკი“

„სტანდარტ ბანკმა“ (ყოფილი „აგრობიზნესბანკი“) „ეროვნული ბანკისგან“ 1999 წლის 10 იანვარს ლიცენზია მიიღო. 2015 წლამდე მას ჰყავდა ორი აქციონერი: შპს „ფინანსური ინვესტიციების მართვის კომპანია“ და შპს „სტანდარტ კაპიტალ საქართველო“.

აქციონერების გარდა „სტანდარტ ბანკის“ მფლობელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ჯგუფი, ხოლო მართვას ახორციელებდა „სალფორდი“. 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა „სტანდარტ ბანკს“  CAMEL სისტემის მიხედვით მეორე კატეგორია მიანიჭა (აღნიშნულ სეგმენტში ყველაზე მაღალი კატეგორია).

ამავე წელს დაიწყო იმ სქემის განხორციელება, რომელსაც „ქრონიკა+“ თავისი ჟურნალისტური გამოძიების პროცესში გაშლის. კერძოდ, 2007 წლის ბოლოს, 2 ნოემბრიდან, „ეროვნული ბანკის“ ეგიდით მოითხოვდნენ შეეწყვიტათ საქმიანი ურთიერთობა ბანკთან. ამ კამპანიის მსვლელობისას ფიზიკური კლიენტების 72%-მა და სახელმწიფო ორგანიზაციების 22%-მა დახურა თავიანთი ანგარიშები ბანკში.

შედეგად, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა, 2007 წლის 24 ნოემბერს გამოსცა განკარგულება #414 სააქციო საზოგადოება „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ. განკარგულებაში ნათქვამი იყო, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 30-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლების თანახმად, დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც იფუნქციონირებდა 2007 წლის 24 ნოემბრიდან 2008 წლის 24 იანვრის ჩათვლით.

დროებითი ადმინისტრაციის (ჯგუფში სამი კაცი შედიოდა) ხელმძღვანელად დაინიშნა იმდროინდელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, გიორგი ქადაგიძე. მისი დანიშვნისთანავე შეჩერდა ბანკის მთლიანი უფლებამოსილება.

არადა, ბანკების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევით, „სტანდარტ ბანკი“ აკმაყოფილებდა „ეროვნული ბანკის“ ყველა სათანადო მოთხოვნას. „სალფორდის“ შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ეს ქმედება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.

ეს არ ყოფილა ერთჯერადი „ანგარიშსწორების“ ფაქტი.  მიზანმიმართული კამპანია აგორდა „სალფორდის“ მართვის ქვეშ მყოფ სხვა კომპანიებზე. ერთ-ერთი მიზეზი კი ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც „სალფორდის“ კლიენტი იყო.

აქ ერთი ფაქტია კიდევ ნიშანდობლივი: ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლას ასე ადვილად არ შეეგუა ბანკის იმდროინდელი გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდარიშვილი (რომლის მიმართაც მაშინვე სისხლის სამართის საქმე აღძრეს) და 28 ნოემბერს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ღიად აცხადებდა არაკეთილსინდისიერი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან. კალანდარიშვილი ასახელებდა სახელებსა და გვარებს. კერძოდ, ჯერ კიდევ, 2007 წლის 6 ნოემბერს დაიწყო ზეწოლა ცნობილ და მსხვილ კლიენტებზე ბანკში ანგარიშის დახურვის მოთხოვნით და რომ მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის მერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები.

ციტირება კალანდარიშვილის მიმართვიდან:

„20 ნოემბერს… ფინანსური მონიტორინგის… სამსახურის უფროსმა ბანკის მენეჯმენტს გამოუცხადა, რომ მას დავალებული აქვს „სტანდარტ ბანკის“ „თემის“ კონტროლი და მოითხოვა დეპოზიტართა სრული სია, რომელზედაც შემხვედრი მოთხოვნა მიიღო, რაც გულისხმობს ბანკისთვის დეპოზიტარების მოთხოვნის მიზნით წერილობით მიმართვას, საფუძვლის მითითებით. ამაზე დაცინვის ტიპის პასუხი მივიღეთ.

იმავე დღეს არასამუშაო საათებში ბანკის ფინანსური დირექტორი აყვანილ იქნა კუდ-ის მიერ. იგი მიიყვანეს ბანკში, სადაც განუმარტეს, რომ თუ მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ არ გადასცემდა დეპოზიტების მფლობელთა სრულ სიას, ეს მომდევნო დღის სამუშაო საათებში გამოიწვევდა პოლიციის მხრიდან ე. წ. სპეცოპერაციის ჩატარებას… უნდა აღინიშნოს, რომ საუბრის მიმდინარეობისას ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 30-მდე „სამართალდამცველი“ ორგანოს წარმომადგენელი იმყოფებოდა…

შედეგად, დეპოზიტართა სია „სამართალდამცველებმა“ კანონის უხეში დარღვევით წაიღეს. სიის მიღებისთანავე სახელმწიფო „სამართალდამცველების“ მხრიდან დაიწყო უწყვეტი ზარები ბანკის მეანაბრეებთან, რომელთაც ისევ და ისევ მოუწოდებდნენ დეპოზიტების სასწრაფოდ გატანისკენ. მიუხედავად ამისა, ბანკი ინარჩუნებდა ფინანსურ სტაბილურობას“.

ბუნებრივია, „სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდარაშვილის წინააღმდეგობას ასე ადვილად ვერ შეეგუებოდნენ და მის წინააღმდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ კალანდარაშვილზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ უკავშირდებოდა მის საბანკო საქმიანობას.

ამონაწერი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანებიდან (საქმე #11ბ/15944):

„2007 წლის 11 აპრილს სააქციო საზოგადოება „სტანდარტ ბანკის“ პარტნიორი, აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მითითებით, ქ. თბილისში, სულხან-საბას ქ. #4-ში მდებარე კაფე-ბარ „შარმში“, დაახლოებით, 15 საათზე შეხვდა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახალხო ბანკის“ ერთ-ერთ აქციონერ ირინა ჯინჭარაძეს და პირისპირ საუბრის დროს შესთავაზა, განეხორციელებინათ დასახელებული საბანკო დაწესებულებების შერწყმა. იმავდროულად, იგი ყოველმხრივ შეეცადა, ირინა ჯინჭარაძე დაერწმუნებინა, რომ ასეთი გარიგება ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით ძალზე ხელსაყრელი და მომგებიანი იყო.

ირინა ჯინჭარაძემ ირაკლი რუხაძეს აუხსნა, რომ თავად გეგმავდა საკუთარი წილის მხოლოდ ნაწილის გასხვისებას, რისთვისაც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებებს მართავდა საფრანგეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბანკის წარმომადგენლებთან. ამასთანავე, მან ირაკლი რუხაძეს უთხრა, რომ ზემოაღნიშნულ წინადადებას განიხილავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობდა „საქართველოს ეროვნულ ბანკთან“ არსებული სადავო საკითხების მის სასარგებლოდ მოგვარებაში.

ირინა ჯინჭარაძის თქმით, მითითებული ბანკის მუშაკებმა სს „საქართველოს სახალხო ბანკში“ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაუსაბუთებლად დააკისრეს მას 729 823 ლარის ოდენობის ჯარიმა, აუკრძალეს ცალკეული საბანკო ოპერაციების წარმოება, ფაქტობრივად, დაბრკოლება შეუქმნეს MASTERCARD-ის პლასტიკური ბარათების გამოშვებაში და ა. შ., რითაც შეგნებულად შეაფერხეს მისი ნორმალური ფუნქციონირება.

ისარგებლა რა ამ გარემოებით, ირაკლი რუხაძემ განიზრახა ზეგავლენით ვაჭრობის გზით უკანონო ქონებრივი სარგებლის მიღება, რისთვისაც მან ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე ირინა ჯინჭარაძე დააჯერა, რომ გაერკვეოდა შექმნილ ვითარებაში, რის შემდეგაც, შეძლებისდაგვარად, დაეხმარებოდა „საქართველოს ეროვნულ ბანკთან“ წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში.

ამის შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, საკუთარი ჩანაფიქრი გაანდო სს „სტანდარტ ბანკის“ დირექტორ გიორგი კალანდარიშვილს.

თავის მხრივ, გიორგი კალანდარიშვილმა იმ იმედით, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ეკატერინე გალდავასთან ახლობლური ურთიერთობის გამოყენებით შეძლებდა სს „საქართველოს სახალხო ბანკისადმი“ დაწესებული ცალკეული შეზღუდვების გაუქმებას, ანგარების მოტივით გადაწყვიტა ზეგავლენით ვაჭრობაში თანამონაწილეობა, რის გამოც მან ირაკლი რუხაძეს უყოყმანოდ აღუთქვა დახმარება, რითაც შემატა მას მეტი გაბედულება და, შესაბამისად, განუმტკიცა დანაშაულის ჩადენის სურვილი.

ამ მიზნით, ირაკლი რუხაძე და გიორგი კალანდარიშვილი წინდაწინ შეკავშირდნენ, გაინაწილეს როლები და, დროის განსაზღვრულ პერიოდში მოქმედებისთვის, ჩამოაყალიბეს სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი.

წინასწარგანზრახულის სისრულეში მოსაყვანად გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა ეკატერინე გალდავას, რა დროსაც ცდილობდა დაეყოლიებინა იგი სს „საქართველოს სახალხო ბანკის“ სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, რაც აუცილებელი იყო ირინა ჯინჭარაძისთვის ირაკლი რუხაძის შესაძლებლობების დასამტკიცებლად… “

ამ სრულიად აბსურდული ბრალდების შემდეგ ქადაგიძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო: „რაც უფრო დროული იქნება „ეროვნული ბანკის“ გადაწყვეტილება, ჩაერიოს კომერციული ბანკის რეგულირების საკითხში, მით უფრო დაცულია მეანაბრეებისა და კრედიტორების ინტერესები“.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა, ვინაიდან მომავალში ზუსტად ამ ფრაზით და ამ სქემით მიუდგებიან კიდევ რამდენიმე ბანკს.

როგორც იმდროინდელი მასობრივი საშუალებები იუწყებოდნენ,    დროებითი ადმინისტრაციის შესვლიდან სამ დღეში გაისტუმრეს 20 მილიონი ლარის ვალდებულება. რა თქმა უნდა, არ დასმულა ის კითხვა, თუ ვის ან რის ხარჯზე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. არადა, დროებითმა ადმინისტრაციამ 23 მილიონი ლარის ბანკთაშორისი სესხი აიღო და რეგულარული 10-მილიონიანი ფონდი  გამოიყენა. საერთო ჯამში, 50 მილიონამდე დაგროვილი თანხით მოხდა ბანკის წინაშე ხელოვნურად დაგროვილი ვალდებულებების გასტუმრება.

განხორციელდა თუ არა ზეწოლა ბანკის მეანაბრეებზე, ამის გარშემო გამოძიება არ ჩატარებულა. მიზეზად მოიტანეს ის, რომ მეანაბრეებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

„თბილკრედიტბანკი“

 

ყველას კარგად გვახსოვს ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის დროს, როგორ განაცხადა მან პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან „თბილკრედიტბანკზე“, რომ მე ამ ბანკს მიწასთან გავასწორებო. ორ კვირაში „თბილკრედიტბანკში“ დაიწყო ანაბრების გატანა, აქციონერებზე ზეწოლა და ა. შ. საბოლოო ჯამში, ბანკი გაკოტრდა და მისი აქტივები „საქართველოს ბანკს“ გადაეცა.

 

„ინტელექტბანკი“

 

გიორგი ქადაგიძეს ძალიან არ მოსწონს, როდესაც მას „ინტელექტბანკის“ პრეცედენტს ახსენებენ.

ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ვცდილობთ, აღნიშნული სქემა გავშფროთ, აქ დეტალურად უნდა მოვიყვანოთ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ  „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე მომზადებული კვლევა.

ციტირება აღნიშნული კვლევიდან:

„საქმეზე შესწავლილი მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 10 თებერვალს, ზუსტად 10 წლის წინათ, მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტ რომან გოცირიძის, სებ-ის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელ, დღეს სებ-ის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შედეგად, ქართულ საბანკო სისტემაში პირველი მასშტაბური დანაშაული ჩაიდინეს: სს „ინტელექტბანკში“ შეჭრა, ბანკის გაკოტრება და სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მისი სს „საქართველოს ბანკისთვის“ გასხვისება.

2006 წლის თებერვალში ხელისუფლებამ, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მონაწილეობით და სებ-ის დღევანდელი ხელმძღვანელის, გ. ქადაგიძის უშუალო ჩართულობით, იერიში მიიტანა ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და მომგებიანი ბანკის კაპიტალზე, რაც დასრულდა იმით, რომ დაახლოებით 36 საათში, სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის მეშვეობით, სს „ინტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გასხვისდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ქართული საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად, სწორი დასკვნები გაეკეთებინა და სამოქალაქო პროტესტი გამოეხატა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რამაც ჯაჭვური რეაქცია იქონია საბანკო სისტემაზე შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ორგანიზაციის კვლევით, სს „ინეტელექტბანკის“ მიმართ იკვეთება გიორგი ქადაგიძის ბრალეულობა, ვინაიდან „ეროვნული ბანკი“ ყველა საშუალებით ცდილობდა, სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს.

2006 წლის 10 თებერვალს სს „ინეტელექტბანკში“ შევიდა „ეროვნული ბანკის“ მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობდა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველა დოკუმენტი მიუთითებს, რომ „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო.

მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში ბანკის თანამშრომლები ჩაკეტილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარითა და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხადასხვა დოკუმენტზე. მოგვიანებით, ბანკის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და დაჭერები დაიწყო, რითაც მხარე იძულებული გახდა, უარი ეთქვა დავის სასამართლო წესით გაგრძელებაზე“.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ კვლევისას უამრავი დოკუმენტი და ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა. 2006 წლის თებერვალში ხელისუფლებამ, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მონაწილეობით და სებ-ის დღევანდელი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის უშუალო ჩართულობით, იერიში მიიტანა ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და მომგებიანი ბანკის კაპიტალზე, რაც იმით დასრულდა, რომ დაახლოებით 36 საათში „ინტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გასხვისდა.

ლონდონის საფონდო ბირჟა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტრუქტურაა. რიგი ქართველი ექსპერტებისა თანმხდება, _ ლონდონის ბირჟას რომ სცოდნოდა, რომელი ბანკების გაკოტრების ხარჯზე შედგა „საქართველოს ბანკი“ და ვის ქონებაზე დგას იგი, მის აქციებს არაკონტინენტურ ბაზარზე არ შეუშვებდა.

2006 წელს, როდესაც „საქართველოს ბანკმა“ მოინდომა, თავისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაეტანა, იგი სრულიად მოულოდნელი დილემის _ ბირჟიდან გამოძევების საფრთხის წინაშე დადგა. მიზეზი _ ბანკების საქმე! რომელთა გაკოტრების თემაში, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკი“ მონაწილეობდა. მხოლოდ 2015 წელს ვიხილეთ კვლევა, სადაც ოთხი ბანკის გაკოტრების სქემაში „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონაწილეობდა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, _ მე ვაპატიე ბატონ ქადაგიძესო. გაკოტრებული ბანკების აქციონერები არაფრის პატიებას არ აპირებენ ქადაგიძისთვის.

არადა, ბევრმა არც იცის, რომ „საქართველოს ბანკის“ ამერიკან ექსპრეს ბარათი და მასტერქარდი, ერთ-ერთი გაკოტრებული ბანკის _ „ინტელექტბანკის“ პროდუქტია. მეტიც, „ინტელექტბანკამდე“ საქართველოს ბანკს არ ჰქონდა საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული არც ერთი ბანკომატი.

„ინტელექტბანკის“ ერთ-ერთმა აქციონერმა, შალვა წაქაძემ, 2013 წლის 6 თებერვალს პროკურატურაში საჩივარი შეიტა. თავიდან პროცესები ნორმალურად წარიმართა, აქციონერები დაკითხეს. აქციონერების განმარტებით, ქონება, რომელიც მათ წაართვეს, არსად წასულა _ ის დღესაც „საქართველოს ბანკის“ უკანონო მფლობელობაშია. არ გასულა დიდი ხანი და საქმე თაროზე შემოდეს. ამ ბანკის საქმე ახალმა ხელისუფლებამ ასე დაასრულა.

 

არჩილ კაიკაციშვილი _ ბანკების ადვოკატი:

_ რატომ არ იძიებს ამას პროკურატურა, დღემდე არ მესმის. „ინტელექტბანკი“ 36 საათში იქნა „ანულირებული“. 2006 წლის 10 თებერვალს ბანკში „ეროვნული ბანკის“ მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია შევიდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ს რომ ვეძახდით) შეირაღებულ და ნიღბიან რაზმთან ერთად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ მან დაიწყო ბანკის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული გაკოტრება. სხვათა შორის, ყველა დოკუმენტი ამაზე მიუთითებს.

_ კონკრეტული ფაქტები დაგვისახელეთ.

_ მაგალითად, ბანკში შესვლისთანავე მათ შეცვალეს დაცვა და ორი დღე-ღამის განმავლობაში თანამშრომლები შენობაში ჰყავდათ ჩაკეტილი _ ვერც გარეთ გადიოდნენ და ვერ სახლში მიდიოდნენ. „ტყვეობისთვის“ რომ თავი დაეღწიათ, იმ დოკუმენტებს აწერდნენ ხელს, რასაც დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აწვდიდნენ. პარალელურად მათ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ. ეს მორჩა და უკვე ბანკის ხელმძღვანელებზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაჭერები.

_ რა იყო ყოველივე ამის მიზანი?

_ თავის დროზე, ჩვენ ანგარიშშიც მივუთითეთ ეს, რომ მიზანი იყო საბანკო სფეროში არსებული წონასწორობის დარღვევა, რათა ლიდერი გამხდარიყო „საქართველოს ბანკი“ და „ინტელექტბანკის“ მზარდი აქტივებისა და კაპიტალის განეიტრალება. იმიტომ, რომ მზარდი კაპიტალიზაცია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქციონერებისა თუ ბანკის დამფუძნებლების ბიზნესს წარმოადგენდა. კრიმინალი ის არის, რომ ამის შემსრულებელი აღმოჩნდა „საქართველოს ეროვნული“ ბანკი. მარტო „ინტელექტბანკს“ არ შეხებია ეს რეპრესიული მანქანა.

_ როგორ აპირებთ დღეს სამართლიანობის აღდგენას?

_ აქ სამი მონაწილე იკვეთება: „სახელმწიფო ეროვნული ბანკით“, მეორე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით, დაბოლოს, _  „საქართველოს ბანკი“. ფაქტია, „საქართველოს ბანკმა“ „ინტელექტბანკის“ მილიონიანი ქონება ერთ ლარად შეიძინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესაბამისი მტკიცებულებები დაიდო, „საქართველოს ბანკს“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გამოძევება ემუქრება.

 

ამ მოვლენებზე გიორგი ქადაგიძე დუმს და არ სურს ახსნა-განმარტების მიცემა.

მისი კომენტარი კი ასე გამოიყურება:

„2007-ში ზედამხედველობის გამოყოფა სხვა მიზეზით მოხდა. მაშინ საფინანსო სექტორი დაქსაქსული იყო: დაზღვევის რეგულატორი ცალკე იყო, ფასიანი ქაღალდების კომისია, ფინანსური მონიტორინგი _ ცალკე. გაჩნდა მათი გაერთიანების იდეა, რაც განხორციელდა კიდეც, თუმცა დრომ აჩვენა, რომ „ეროვნული ბანკის“ გარეშე ეს ძალიან არაეფექტიანი იყო. გაერთიანებასთან ერთად ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, ეროვნული ბანკი გახდა ფინანსური სტაბილურობის გარანტი და დღეს ეს ჩანაწერია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის საფუძველი. „ეროვნულის“ ფუნქცია არის მეანაბრეებზე ზრუნვა და ბანკის გაკოტრება მეანაბრის გაკოტრებას არ ნიშნავს _ ამ პრინციპით ვმუშაობ“.

 

ანუ ყოველივე იმით, რაც მოხდა, გიორგი ქადაგიძე კმაყოფილია! ყოველ შემთხვევაში, „ქართუ ბანკის“ გარდა არავისთვის დაუბრუნებიათ ქონება! პროკურატურას დანარჩენი არც ერთი საქმე არ გამოუძიებია და „საქართველოს ბანკი“ დღემდე რჩება უძლიერეს სახელისუფლებო ბერკეტად. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას „კაპიტალბანკის“ საქმე, რომელზედაც „ქრონიკა+“ თავის მტკიცებულებებს დადებს და ანგარიშს მოამზადებს?

ყველაზე დიდი აფერა და სისხლისსამართლებრივი დანაშაული „კაპიტალბანკის“ წინააღმდეგ გატარდა, რომელსაც „ქრონიკა+“ გამოძიებათა ცალკე ციკლს მიუძღვნის.

 

თამარ როსტიაშვილი