„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ

სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და იურისტი პროკურატურას მიმართავენ. ისინი 2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო სააქციო საზოგადოების დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ.

ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროსთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა 19 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, სააქციო საზოგადოების წევრებმა მთავარ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართეს. თავის მხრივ, პროკურატურის განმარტებით, მიმდინარეობს გამოძიება და, ამ ეტაპზე, სააქციო საზოგადოებას, რომელსაც 19 მილიონის ზიანი მიადგა, დაზარალებულად ვერ ცნობენ.

„ეს არის გაუგებარი ქმედება, რომელიც პროკურატურისგან იყო მოულოდნელი. ამ პასუხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროკურატურაში ფიქრობენ, რომ 95 კაცისგან შემდგარი სააქციო საზოგადოება, რომელსაც მთლიანად გაუნადგურდა ქონება, არ ყოფილა დაზარალებული. აქციონერების სრული შემადგენლობა მთავარ პროკურორს მიმართავს, აღკვეთოს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ მიმართ გაურკვეველი მოქმედებები და უზრუნველყოს ობიექტური გამოძიება.

ჩვენ უკან ათეულობით ადამიანი და ასეულობით ოჯახი დგას. იმედი გვაქვს, პროკურატურა გაითვალისწინებს სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს მოთხოვნებს და დროულად მოხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სააქციო საზოგადოებამ ფიქრი დაიწყოს შემდგომ ნაბიჯებზე“, _ აცხადებს ადვოკატი.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს, 21 თებერვალს კი მათ დამწვარ „ბავშვთა სამყაროსთან“ შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა დიდხანს არ უშიმშილიათ.

აპრილის დასაწყისში დაზარალებულები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს პოზიცია მოისმინეს. დაზარალებულებს შორის აზრი ორად გაიყო _ ნაწილი თანახმა იყო, ერთჯერადად 3-ათასლარიან კომპენსაციაზე, ნაწილი კი _ არა. მოგვიანებით, ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას დასთანხმდნენ.

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“ „ბავშვთა სამყაროს“ იურისტს, ადვოკატ ვაჟა მაისურაძეს ესაუბრება:

_ სამწუხაროდ, დანაშაულიდან 5 თვის თავზე საუბარი იმაზე გვიწევს, რომ სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყარო დაზარალებულად ცნობილი არ არის. ეს ძალიან სამწუხარო, სამარცხვინო მდგომარეობაა და, შესაბამისად, გამოძიების კომპეტენცია და ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება.

_ რატომ არ არის დღემდე სააქციო საზოგადოება დაზარალებულად ცნობილი?

_ რამდენად აბსურდულიც არ უნდა იყოს, ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედებები. ცხადია, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს და, ამ დროს, შესაბამისი მოქმედებებიც ტარდება. თუ ეს შემადგენლობა არ არის, მაშინ თეორიულად არც დაზარალებულები არსებობენ.

ცუდი ისაა, რომ, მოგეხსენებათ, დაზარალებულად არცნობა გვიზღუდავს საპროცესო უფლებებს. შესაბამისად, შესაძლებლობა არ გვეძლევა, საქმის მასალებს გავეცნოთ, საჭიროების შემთხვევაში წარვადგინოთ მტკიცებულებები და გამოძიების ესა თუ ის მოქმედება გავასაჩივროთ.

ამავდროულად, სოციალურ ფონს ქმნის, რომ სადაზღვევო კომპანიამ გადახდა, შეიძლება, გამოძიების დასრულებამდე გააჭიანუროს. მოგეხსენებათ, ბიზნესში ყოველი დღე დამატებითი ზარალია,

ამიტომ სახელმწიფოსგან ელემენტარული მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელს უშლიან.

_ რატომ არის მხარე დაზარალებული?

_ რაც მოხდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და განადგურდა არა მარტო ე. წ. მოვაჭრეთა და კერძო მეწარმეთა საქონელი, არამედ განადგურდა და დასანგრევია ნაგებობა, სავაჭრო ცენტრი, რომელიც სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ საკუთრება გახლავთ.

ანუ ზიანის ფაქტი სახეზეა და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

რაც შეეხება ამ ზიანის თანხას, ესეც გამოძიების ფარგლებში მათ მიერ, დაახლოებით, 19 მილიონ ლარად მიჩნეული და შეფასებულია. აქაც ზიანის ფაქტი სახეზეა და ამას ვერ გავექცევით.

ამ ფონზე, დაზარალებულად არცნობის მიზეზი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს მხოლოდ ის საპროცესო შეზღუდვები, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

_ თვითონ გამოძიება რა ეტაპამდეა მისული და რას ელოდებით?

_ რადგან დაზარალებულებად ცნობილი არ ვართ და გამოძიების მასალებზე წვდომა არ გვაქვს, შესაბამისად, ჩვენთვის ძნელი სათქმელია, თუ რა ეტაპზეა მიმდინარე გამოძიება.

საწუხაროდ, ფაქტი სახეზეა, რომ დამნაშავე გამოვლენილი არ არის. ამ დამნაშავის გამოვლენა და მისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კი თვითონ სააქციო საზოგადოების უმთავრესი ინტერესია.

თუ გამოძიება იმ ვერსიას განიხილავს, რომელიც თითქოს ჭორის დონეზე დატრიალდა აქციონერთა, ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მენეჯმენტის მხრიდან ასეთი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობაზე, ეს ძალიან სამარცხვინო და უპერსპექტივო პროცესია.

ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამაზრზენი დანაშაული ვიღაც უსახლკაროს მიერ ჩადენილი არ არის. ვფიქრობთ, რომ დამნაშავე ამ დროს სერიოზულ მიზანს ისახავდა, ანუ ხანძრის მიზანი არ შეიძლებოდა ამ ხალხის გამწარებით სადისტური ტკბობა ყოფილიყო. მიზანი, ალბათ, საზოგადოების პარალიზება და მისი ქონების ხელში ჩაგდება იქნებოდა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ კომერციული თვალსაზრისით, ეს ადგილი საუკეთესოა. ქალაქის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

_ მაშინ რა ძალები შეიძლება იდგნენ ამის უკან, თქვენი მხარის პოზიცია როგორია?

_ ჩვენ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება გაგვიჭირდება. ეს რომ შეგვეძლოს, საჯაროდ და სიამოვნებით განვაცხადებდით. ასევე გამოძიებასაც ამასთან დაკავშირებით წერილობით ინფორმაციას მივაწვდიდით.

ალბათ, ეს არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც შესაბამისი ფინანსური რესურსები აქვს.

_ მიზანი ობიექტის ხელში ჩაგდება იყო?

_ რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავთ. არიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგრამ მაინც გამოვრიცხავთ, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი ხალხის გამწარება, ამის ხარჯზე რაღაც ტკბობისა და სიამოვნების მიღება ყოფილიყო.

_ რაც შეეხება გამწარებას, ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების დღევანდელი მდგომარეობა როგორ შეიძლება, განვიხილოთ?

_ ვინც სახელმწიფომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ისინი ე. წ. გარე მოვაჭრეები, ანუ ქვემოიჯარეები იყვნენ, რომლებსაც პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონიათ ბავშვთა სამყაროსთან. თავად ბავშვთა სამყაროს მოიჯარეებს (აქ 187 მოიჯარე და 93 აქციონერია) სახელმწიფოსგან დახმარება არ მოუთხოვიათ, რადგან არსებული რეალური მდგომარეობიდან გამოდიან. ეკონომიკურად აქტიური ხალხია და ისევ საკუთარი თავის იმედი აქვთ და არა სახელმწიფოს დახმარების.

ამ ხალხში, აქციონერებსა და მოიჯარეებში ასეთი დათქმა, მყარი განწყობაა, რომ ისევ თავიანთი შესაძლებლობებით, ამ ადგილზე ისევ სავაჭრო ცენტრი ააშენონ. ამას თავიანთი სახსრებით, საჭიროების შემთხვევში მოზიდული სახსრებით, ყოველგვარი საკუთრების უფლების დათმობის გარეშე გააკეთებენ.

ანუ ეს აქტიური ხალხია, რომელსაც მხოლოდ ხელის არშეშლა სურს. ამ შემთხვევაში მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოძიების დროულ და ობიექტურ განხორციელებაში უნდა გამოხატულიყო.

თვითონ დამნაშავის გამოვლენაც ერთგვარი მორალური კომპენსაცია იქნებოდა. და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ამ ზარალს დამნაშავე ან დამნაშავეთა ჯგუფი ამოიღებს.

_ ამ ყველაფერზე აქციონერები რას ამბობენ?

_ აი, ახლაც აქციონერთა მორიგი კრება მიმდინარეობს. განწყობა ისეთია, რაზეც მოგახსენეთ, ეს ადამიანები ისევ საკუთარი თავის იმედად არიან. თუკი პროცესები ასევე გაგრძელდა და სახელმწიფოსგან არათუ სამართლებრივი და მორალური თანადგომა (აქ მატერიალურზე აღარ არის საუბარი), პირიქით, ხელშეშლა ექნება (და მათივე მიმართულებით ბრალეულობის გადმოტანის მცდელობა), ეს უკვე უკიდურეს აღშფოთებას გამოიწვევს და იძულებული გახდებიან, სხვა ღონისძიებებს მიმართონ.

სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ სამართლებრივ და საპროცესო მოქმედებებს ძალა არ აქვს, სახელმწიფოც ამასვე გვიდასტურებს. მაშინ ეს ხალხი უკვე სხვა ღონისძიებებზე იფიქრებს და საპროტესტო აქციებსაც არ მოერიდება.

_ ხსნა საპროტესტო გამოსვლებია?

_ სხვა გზას თუ არ დაგვიტოვებენ, გამოსავალი რა რჩება? თუ სახელმწიფო სამართლებრივ პროცესში არ ჩაგვრთავს და ასე ცალ კარში ითამაშებს…

ამიტომ არის სამარცხვინო, რომ დღემდე დაზარალებულად ცნობილი არ ვართ, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელსაც გამოძიება ვერაფრით გაექცევა. ადრე თუ გვიან, მოუწევს ამ რეალობის აღიარება.

მაგრამ აქ დროის საკითხია და ყოველი წუთი დამატებითი ზარალია ისედაც გაწამებული საზოგადოებისთვის.

_ რაში აწყობთ სააქციო საზოგადოების დაზარალებულად არცნობა?

_ არ მსურს ის აზრი განვავითარო, თუ რა სამართლებრივ მიზნებს შეიძლება ისახავდნენ, მაგრამ რაც სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება, როგორც აღვნიშნე, დაზარალებულად არცნობა გვიზღუდავს საპროცესო უფლებებს. შესაბამისად, გამოძიების მასალებთან წვდომა არ გვაქვს, დამატებით მტკიცებულებებს ვერ წარვადგენთ, რაღაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ვერ მოვითხოვთ, რაღაც გადაწყვეტილებებს ვერ გავასაჩივრებთ…

რეალურად, ამ პროცესში გარედან მაყურებლის როლში ვართ. ეს საკითხის წმინდა სამართლებრივი მხარეა და არასამართლებრივზე არ მსურს ფანტაზიების განვითარება. თუმცა აქაც შეიძლება რეალური სათქმელი გვქონდეს.

_ ამ დროისთვის „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე რა მდგომარეობაა?

_ ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენის თეორიული შანსიც კი აღარ დარჩა. ასევე მისი ჩამოქცევის საფრთხე არსებობდა, ამიტომ პირველსავე დღეებში ოპერატიულად შემოღობეს. ოღონდ იქ ადამიანების შეღწევა გამორიცხული იყო, რომ რამე უბედურება არ მომდარიყო.

ეს შემოღობვაც ხარჯებს უკავშირდებოდა და ესეც სააქციო საზოგადოების სახსრებით გაკეთდა. შემდეგ ტენდერი ჩავატარეთ და დაზიანებული შენობის დემონტაჟსა და ნარჩენების გატანაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია მუშაობს.

ამოცანა და საზოგადოების განწყობაა, რომ დროულად განთავისუფლდეს ტერიტორია სამშენებლო ნარჩნებისგან და ისევ თავიანთი სახსრებით დროულად დაიწყონ მშენებლობა, რათა აქ ისევ ნორმალური ობიექტი აღდგეს, სადაც ასეულობით ადამიანი კვლავ დასაქმდება და სახელმწიფოს ხელის შემყურე არ იქნება; ქუჩაში ვინმეს დახმარების იმედით დგომა არ მოუწევს.

_ აღდგენითი სამუშაოები სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება?

_ ცხადია, რადგან აქ უამრავი ორგანიზაციული საკითხია გადასაწყვეტი. თანხების მობილიზება იქნება საჭირო, ამას სოლიდური დანახარჯები დასჭირდება, _ რამდენიმე მილიონი. ამ ყველაფერს დრო უნდა, დრო კი ბიზნესზე უარყოფითად მუშაობს.

 

გელა მამულაშვილი