ბადრი ჯაფარიძე: „ამ ვითარებას, რაც საქართველოშია, მშვიდობა არ ჰქვია“ 

ირინა მაკარიძე

სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ის მიერ საქართველოს მმართველი ელიტისთვის სანქციების დაწესებაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამზადისზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:

_ პირველ რიგში, ეს სანქციები არ არის მხოლოდ ვიზის შეზღუდვა. ეს არის, პრაქტიკულად, ამ ადამიანების არასასურველ პირებად გამოცხადება შეერთებული შტატებისთვის და დასავლური სამყაროსთვის. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხელისუფლების 30-მდე პირი არის სანქცირებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფება არის სანქცირებული. ასეთი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა კი არა, რაც გვაქვს მიღწეული, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეს ყველაფერი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ ეს არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება, პრაქტიკულად, გადამწყვეტია იმ თვალსაზრისით, რომ თუ „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, საქართველო ემშვიდობება ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივას. პირიქით თუ მოხდა, რისი აბსოლუტური შესაძლებლობაც არსებობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან რეალური შანსი, რომ 2025 წლის ივნისში გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს ხმას, შესაბამისად, ეს ყველაფერი თუ გადაითარგმნა საარჩევნო შედეგში, რისი დიდი მოლოდინიც მაქვს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, დაუვოვნებლივ, რეფორმების განხორციელება უნდა დავიწყოთ.

_ ვიდრე სანქციების შესახებ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, გაკეთდა არაერთი გაფრთხილება და განცხადება დასავლეთისა და კონკრეტულად აშშ-ს მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ არაფერი გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“ და რის და ვის იმედად წავიდა დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებაზე?

_ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება წელსაც ნაკარნახევი იყო იმავე მოტივებით, რაც ჰქონდა შარშან. მათ სურდათ ეს კანონი მიეღოთ და ამით დაგვეკარგა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი, თუმცა  შარშან ხალხის პროტესტმა უკან დაახევინა ივანიშვილს. სწორედ საზოგადოების პროტესტმა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, პრაქტიკულად, გამოიწვია უზარმაზარი ინტერესი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის, მისი მნიშვნელოვანი წევრების _ გერმანიის, საფრანგეთის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი საზოგადოების თავგანწირული პროტესტით „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. გვახსოვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმდროინდელი განცხადება: „საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“. ცხადია, ქართველი ხალხის პროტესტმა გაუხსნა საქართველოს შანსი, მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შარშან თუ კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღების ჩაგდება უნდოდა „ქართულ ოცნებას“, რისი საშუალებაც მას საზოგადოებამ არ მისცა, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 ჩაითვალა შესრულებულად. წელს უკვე მოლაპარაკებების დაწყების ჩაშლის სურვილი იყო ამის მიზეზი, რომ ამ კანონის მიღებით გამოერიცხა ნებისმიერი შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებების შესახებ.

ჩნდება კითხვა, _ რატომ? გათვლა კეთდება იმაზე, რომ საქართველომ დაკარგოს ეს პერსპექტივა, დაკარგოს პარტნიორები და დარჩეს პირისპირ რუსეთთან. ამ შემთხვევაში უკვე ცხადია, რომ რუსეთის დავალება იქნება შესრულებული და რუსეთისთვის სასურველი ვითარება _ შექმნილი. რუსეთთან პირისპირ დარჩენა რას ნიშნავს საქართველოსთვის, ჩვენ ეს 250 წლის განმავლობაში ნანახი გვაქვს _ ეს არის საქართველოს სრული ოკუპაცია. არ არის აუცილებელი, ეს მოხდეს იარაღით, ეს შეიძლება მოხდეს იდეოლოგიურად. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს ხდება „რბილი ძალის“ გამოყენებით _ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს დასავლეთის, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობა. ეს რუსეთის ფედერაციის აპრობირებული მეთოდია, შესაბამისად, გათვლა არის, რომ ევროკავშირმა ხელი ჩაიქნიოს ჩვენს ქვეყანაზე, ჩათვალოს, რომ ჩვენ ვერ შევდექით, როგორც სახელმწიფო, რომ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია დასავლურ სამყაროში გაწევრიანების. შედეგად კი ჩვენ დავრჩეთ პირისპირ ჩვენს აგრესიულ მეზობელთან, ჩვენი ქვეყნის მეხუთედის ოკუპანტთან. ეს არის გათვლა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი.

_ რა ახსნა აქვს, როგორც თქვენ ამბობთ, ამ მოღალატეობრივ,  ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს? თქვენი აზრით, რატომ შეიძლება აკეთებდეს ამას ქვეყნის ხელისუფლება?

_ ჩვენ ვიცით სხვა ქვეყნებიც, რომელთა ხელისუფლებებიც ანალოგიურად იქცევიან, ბოსნია-ჰერცოგოვინა არის ამის მაგალითი, რომლის ლიდერიც არის პუტინისტი. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა არ იყოს ინტერიგრებული ევროკავშირთან. შესაბამისად, ნანახი გვაქვს რუსეთის ეს ქმედებები იქ, სადაც გასდის. ამდენად, ეს უნიკალური არ არის, რუსეთისადმი ასეთ დაქვემდებარებულ ხელისუფლებებს ჩვენ სხვაგანაც ვხედავთ. დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ხელისუფლება იმ პრინციპით არის შექმნილი, რომ სრულად დამორჩილებული იყოს ბიძინა ივანიშვილს, _ სრულად, უპირობოდ, უსიტყვოდ. ნებისმიერი მისი დავალება შეასრულოს დღევანდელმა „ქართული ოცნების“ შემადგენლობამ, ყოველგვარი კრიტიკისა და შეპასუხების გარეშე. ეს მათი არჩევანია, ასეთი არჩევანი გააკეთეს. ეს ძალაა, რომელსაც კრიტიკული აზრი მათი დამფუძნებლის, მისი დავალებების მიმართ არ გააჩნია. ამ პრინციპით არიან ეს ადამინები დღეს შერჩეულები ხელისუფლებაში. ვინც იყვნენ კრიტიკული აზრის მატარებლები, ყველა ჩამოიშორეს. 2012 წლის შემდეგ ვისაც კი განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველა განდევნეს, შეავიწროეს, ჩამოაშორეს ხელისუფლებას, ეს ხორციელდებოდა გეგმაზომიერად. ახლა დარჩენილი არის შემადგენლობა, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს პარტიის დამფუძნებლის ყველა დავალებას.

_ რაც შეეხება ივანიშვილს, 29 აპრილის გამოსვლაში მან ღიად ისაუბრა მის გეგმებსა და იმაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნებამდე ქართული საზოგადოების დაღლასა და გამოფიტვას. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ გეგმის განხორციელებას?

_ რაც შეეხება ივანიშვილის გამოსვლას, ეს იყო გამოსვლა ადამიანის, რომელიც არის შემოქმედი ამ ანტიქართული, ანტიევროპული პოლიტიკის. პირდაპირი თავდასხმა იყო ჩვენს უახლოეს პარტნიორებზე, რომლებიც არიან გარანტორები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის. პარტნიორებზე, რომლებიც ქართველ ხალხს 30 წელზე მეტია, გვერდით უდგანან, რომელთა წყალობით ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა ამდენი განსაცდელის გადალახვა. ასეთ პარტნიორებს დაესხა თავს და ღიად მისცა მიმართულება მისდამი დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“. ისინიც მყარად დგანან ამ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ მიმართულებაზე, რომ მოახდინონ ჩვენი ქვეყნის იზოლირება, მეგობრები წარმოაჩინონ მტრებად, ხოლო ერთ აუგს არ ამბობენ ოკუპანტის პოლიტიკაზე, რომელმაც ამდენი ქართველი იმსხვერპლა და ყოველდღიურად ცდილობს წაართვას ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი, ვგულისხმობს რუსეთის ფედერაციას. ამ დროს ეს ადამიანები გვესაუბრებიან იმაზე, თურმე  სუვერენიტეტის საფრთხე მომდინარეობს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გარანტორები არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების. ეს არის ყველაფრის თავდაყირა დაყენება. ჩანს, რომ კარგად შეისწავლა ბიძინა ივანიშვილმა ჯორჯ ორუელის ნაწარმოები, იქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ თეთრზე უნდა თქვა შავი, მაღალზე _ დაბალი, იქაც არის „დიდი ძმა“, რომელიც ყველას უყურებს, ყველას უსმენს, მაგრამ ადამიანებს არ ხვდება. ვფიქრობ, ძალიან ყურადღებით და სკრუპულოზურად არის შესწავლილი. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ჯორჯ ორუელის ნაწარმოების, „1984“-ის რეალობაში ჩვენს ქვეყანაში, სადაც გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა.

_ თქვენ საუბრობდით, ხალხის დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას, თუმცა არ გასჭირვებია „ქართულ ოცნებას“, საკუთარ დამსახურებად გამოეცხადებინა ეს და აგრძელებს თავის პროპაგანდისტულ ხაზს, რომ „ღირსებით შევლენ ევროპაში“. აშშ-ს რევოლუციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ, გამოგონილ მტერს, „გლობალური ომის პარტიას“ კი ომში ჩათრევის მცდელობაში. უნდა ვაღიაროთ, ამით მოსახლეობის ნაწილისთვის ტვინის გამორეცხვას წარმატებით ახერხებენ. ხშირად გაიგონებთ, ომს ურჩევნიათ, ისევ არსებული ხელისუფლება დარჩეს. როგორ აპირებთ ამ პროპაგანდასთან დაპირისპირებას?

_ როგორც ვთქვი, ჯორჯ ორუელის ნაწარმოებიდან ნასესხები იდეებით იბრძვის „ქართული ოცნება“ _ ომზე თქვას, რომ მშვიდობაა, მონობაზე, რომ ეს თავისუფლებაა, ხოლო უმეცრება არის ძალა. ეს არის ხაზი, რომელსაც ისინი ცდილობენ გაატარონ. მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი რამ „ქართული ოცნებისთვის“: ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ძალადობას, განსაკუთრებით ის თაობა, რომელიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადა, რომელიც არასდროს შეეგუება თავისუფლების დაკარგვასა და არ შეეგუება ასეთი ტიპის მმართველობას, როდესაც საზოგადეობას თავს ახვევენ გაუკუღმართებულ იდეებს, რომ თურმე ჩვენი სუვერენიტეტის დამცველები არმოადგენენ საფრთხეს, ხოლო ოკუპანტი არის მეგობარი. ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახერხებდნენ დახმარებოდნენ ათასობით მოქალაქეს, ეს არის თურმე გადატრიალების მცდელობა. ეს უზარმაზარი დახმარება, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, ასიათასობით მოქალაქე იღებდა სარგებელს მისგან, ეს მხარდაჭერა არის, თურმე, მტრობა!.

ეს არის გებელსის ტიპის პროპაგანდა და იმ ტიპის პროპაგანდა, რომელიც ჯორჯ ორუელის ნაწარმოებშია აღწერილი, როცა ყველაფერი საპირისპიროდ, გაუკუღმართებულად წარმოჩნდება, მაგრამ ამ თაობასთან ეს არ მუშაობს. ამ საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ეს სიცრუე არ ჭრის, მით უმეტეს, ამ ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ რა ძალადობრივი ქმედებებიც დაატრიალა, ეს არ არის მშვიდობა. ამ ვითარებას, რაც საქართველოშია,  მშვიდობა არ ჰქვია. ამიტომ არის, რომ თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, ეს ძალა ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, მაშინ საზოგადოება დამშვიდდება, აღარ იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული ეს დაპირისპირება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვინც „ქართული ოცნების“ მავნებლურ იდეებს არ იზიარებს, ის არის „მტერი“, „მოღალატე“, ასეთ ტერმინოლოგიას იყენებს. შესაბამისად, ვიდრე ეს ძალა არის ხელისულფებაში, ჩვენ არ გვექნება მშვიდობა, გვექნება ასეთი, უკიდურესად დაძაბული ვითარება საზოგადოებაში, მუდმივი რყევა ქვეყნის. ვხედავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ რყევების ინსპირირება. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ამიტომ ეს ზღაპრები, რომ „ქართული ოცნება“ არის გარანტი მშვიდობის ჩვენს ქვეყანაში, აღარ მუშაობს. ყველამ  ნათლად დაინახა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის ინსპირატორი დაძაბულობის, ქვეყნის რყევის, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებიდან გადაყვანის, კონსტიტუციით განსაზღვრული მიმართულების შეცვლის მოსურნე, რომელიც ასრულებს მოსკოვის გეგმას, ქვეყანა აქციოს შეუმდგარ სახელმწიოფოდ. „ოცნების“ პროპაგანდა აღარ მუშაობს, რადგან მან აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როგორც მოძალადე ხელისუფლებამ, რომლის წაქეზებითა და მხარდაჭერით უმოწყალოდ უსწორდებიან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, პატრიოტებს. დავით ქაცარავა არის ამის ნათელი მაგალითი, რომელიც იდგა დიდ დისტანციაზე პოლიციიდან, გაიტაცეს და უმოწყალოდ გაუსწორდნენ. ცემის დროს მას ახსენებდნენ, რომ ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელია და ზრუნავს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები გრძნობდნენ ყურადღებას. ასეთი ხელისუფლება უკვე ვეღარ შეძლებს „გაყიდოს“ თავისი პროპაგანდისტული ნარატივი, რომ თითქოს ის არის მშვიდობის გარანტორი ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობის გარანტორი ჩვენს ჩვეყანაში არის ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი საზოგადოება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა კი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.

_ რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის ვექტორის ცვლილებას, გვახსოვს როგორ მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი განხილვის გარეშე, განაცხადა ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც გარკვეული დროის შემდეგ მოყვა ანაკლიაში ჩინურ-სინგაპურული კომპანიის გადაწყვეტილება. რას იტყვით?

_ ჩინეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მორიგი პროპაგანდისტული სიბინძურეა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია მტრად მოიხსენიებს ჩინეთს, ეს არის სიცრუე. ჩინეთი არის გლობალური მოთამაშე, ეკონომიკით მეორე ქვეყანა მშოფლიოში, შესაბამისად, ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ძალიან საჭიროა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. აქედან გამომდინარე, ამისთვის ხელის შეწყობა, რა თქმა უნდა, არის კარგი. მაგრამ კითხვები გაჩნდა შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმდა ჩინეთთან ხელშეკრულება, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო აღიარებს ერთ ჩინეთს, ტაივანს არ აღიარებს ცალკე სახელმწიფოდ, ერთი ჩინეთი ამას ნიშნავს, აღიარებს როგორც ჩინეთის ნაწილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებაა საქართველოს მხრიდან, განსხვავებულია იმისგან, რა ხედვაც აქვს შეერთებულ შტატებს. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია, უნდა ელოდე, რომ ჩინეთიც ასევე მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, რომელიმე განცხადებით, ან თუნდაც სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში აისახებოდა ეს, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა. ჩინეთის მიერ დეოკუპაციის პროცესის მხარდაჭერა იქნება დამატებით უმნიშვნელოვანესი ზეწოლის ინსტრუმენტი რუსეთზე, მაგრამ ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ ცალმხრივად საქართველოს განცხადება, რომ ის ერთიან, ერთ ჩინეთს აღიარებს და ამ დროს იმავე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი  დეოკუპაციასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ამან გამოიწვია კრიტიკული შეფასებები სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის მიმართ. მეორე _ გაეროში ბოლო კენჭისყრისას ჩინეთმა თავი შეიკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ამ დროს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, ცალსახად და არაერთხელ და ამჯერადაც მხარი დაუჭირა დევნილების დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ურცხვ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში რა უნდა ეთქვა? _ ვინ არის ჩვენი მტერი, მართლაც ჩვენი ერთგული პარტნიორი, ვინც მხარს უჭერს ჩვენი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნებას? ჩვენი პარტნიორების მიმართ მადლიერების ნაცვლად ჩვენ რა მოვისმინეთ ჩვენი ხელისუფლებისგან? _ ჩინეთის თავშეკავება ჩვენთვის მხარდაჭერას ნიშნავსო. წარმოგიდგენიათ?!! აქ ჩანს სწორედ „ქართული ოცნების“ ორპირობა, საკითხების გაუკუღმართებულად წარმოჩენა. რეზოლუციას რომ მხარი დაუჭირეს შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, იაპონიამ… ამის შესახებ არაფერი თქვეს და განაცხადეს, რომ ჩინეთის თავშეკავება ჩვენთვის მხარდაჭერას ნიშნავსო!

_ რაც შეეხება საარჩევნო სტრატეგიასა და კონფიგურაციებს, საუბარი არის ერთობაზე, მაგრამ გიორგი გახარიას განცხადებაზე „ლელოსთან“ თანამშრომლობის მზადყოფნაზე, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა, რატომ?  

_ „ლელოსთვის“ მთაავრი არის, რომ რუსული ხელისუფლება იქნეს ჩამოშორებული ქვეყნის სადავეებს, ამავდროულად, მნიშვნელოვანია არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მოქალაქეებთან გვქონდეს მაქსიმალური სიხშირით კონტაქტები, რომ გავაცნოთ ჩვენი პროგრამა, გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს 1000 ლარამდე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, როგორც კი „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფებას. შემდეგი 4 წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას 200 ათასი სამუშაო ადგილი, ასევე უნდა შემოვიღოთ ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდებისთვის, რადგან მთავარი საფრთხე დღეს ამ ქვეყნისთვის არის ახალგაზრდების გადინება. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. ამას შევძლებთ მხოლოდ რეფორმების გზით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ამავდროულად, ახალგაზრდებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, ანაზღაურებადი სტაჟირებით, და რაც მთავარია, საქართველოს თავდაცვის აქტის მიღებით, რომელიც გამიზნულია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შეჩერებისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვართ ფოკუსირებული. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან თქვა, რომ ის დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში და აქ სპეკულაციები გამორიცხული არის. ეს პარტია მარტო მონაწილეობს არჩევნებში და ამდენად, ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. ზოგადად, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ და ის არჩევნების გზით უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, ცხადია, წარმატებას ვუსურვებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას „ქართული ოცნების“ გამოისობით დღეს უდგას ეგზისტენციალური საფრთხე, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ ძალას ვუსურვებ წარმატებასა და 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს: არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალს, როგორც ერთადერთ გზას, ალტერნატივა არ გააჩნია, არ დარჩეს 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხმები არ დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, ყველას უნდა ესმოდეს პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომ თუკი ოდნავ მაინც საფრთხეს ხედავს, რომ დარჩება 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა, მოძებნოს საკუთარ თავში ძალა, უნარი, გაბედულება, რომ გადაჯგუფდეს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ამ გზით გამორიცხოს რისკი ხმების დაკარგვის.

_ საუბარი იყო, რომ ივნისის ბოლოსთვის უკვე ეს კონფიგურაციები გარკვეული უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ ასეთი არ ჩანს. არ არის საჩქარო? 

_ ალბათ, უფრო ივლისის ბოლოსთვის… დარჩენილია ერთი თვე მოლაპარაკებების დასრულებისთვის.

_ „ახალის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ თქვენთანაც აქვთ კომუნიკაცია ამ საკითხზე. რომელ პარტიებთან  ერთად შეიძლება გიხილოთ?

_ არ დავაკონკრეტებ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან გვაქვს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო ერთობლივი პლატფორმა იყოს შეთავაზებული ჩვენი ამომრჩევლისადმი. ამისთვის დრო არის დარჩენილი. ვფიქრობთ, საკმარისია ერთი თვე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ყველა, რა ფორმით, როგორ შედის ამ არჩევნებში. მთავარი ამოცანაა და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ დარჩეს ხმები 5-როცენტიანი ბარიერის მიღმა. არ აქვს არავის ფუფუნება, რომ გარისკოს. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ სურვილი, ოცნება, რომ დაიკარგოს ბევრი ხმა, პარლამენტს გარეთ დარჩეს ბევრი პოლიტიკური სუბიექტი, რაც მას დამატებით ხმებს შემატებს.

_ ერთობის მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, გადაწყვეტილების მიღება ჭირს, რატომ ხდება ასე?

_ რა ინფორმაციაც მაქვს, ყველას ძალიან კარგად ესმის ეს საფრთხე, დანარჩენი უკვე მოლაპარაკების უნარზეა დამოკიდებული. ასევე ეს სწრაფად უნდა განხორციელდეს, ერთ თვეში, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს ეს პროცესი. რაც მთავარია, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება რამდენიმე  კოალიცია, ორი-სამი პოლიტიკური ცენტრი ალბათ და აღარ იქნება  ის ორპოლუსიანი რეალობა, რაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად აწყობს. მინდა, იმედი გავუცრუო, ასეთი რამე არ მოხდება.

_ მაინც გკითხავთ ერთიან სიაზე.

_ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც დამყარებულია ორპოლუსიანობაზე _ თუ არ აძლევ ხმას „ქართულ ოცნებას“, მაშინ ხელისუფლებაში ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დაიმსხვრა. ამ ნარატივის ყველაზე ეფექტიანი დამსხვრევა იქნება ის, რომ ჩამოყალიბდება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი. ამით მთავრდება მათი მცდელობა, რომ ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყი მიაწებოს. უკვე მიიღო გროტესკული ხასიათი ამან, რომ ყველას, ვინც მათ აკრიტიკებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებენ, დაწყებული ევროპარლამენტარებით, დამთავრებული შეერთებული შტატების კონგრესმენებით.  მომავალი არის კოალიციური მმართველობა. კოალიციური ერთობა შედგება იმ პოლიტიკური ძალების შედეგად, რომელიც მიიღებს ქართველი ხალხისგან მხარდაჭერის მანდატს.