ახმედ ჩატაევის ჯგუფი რუსი ტურისტების აფეთქებას, რუსეთი კი საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას აპირებდა?!

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ათი დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი, ისევ აცხადებს, რომ დაკვირვების ეტაპზეა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთი პირი იდენტიფიცირებულია და ის გაეროს მიერ მსოფლიო ტერორისტების შავ სიაში შეყვანილი ტერორისტი, ახმედ ჩატაევია. დანარჩენი ორი პირის იდენტიფიკაცია, სუს-ის ინფორმაციით, ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან მათ თან მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ. თუმცა სუს-ის პიარი, ნინო გიორგობიანი, იქვე აზუსტებს, რომ ლიკვიდირებულ პირთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით და ეს ინფორმაცია, მოგვიანებით, მექა ხანგოშვილის მეუღლემაც დაადასტურა, ბინა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დაბინავდნენ, ნამდვილად პანკისის ხეობის მცხოვრებ თინა გაორგაშვილს ეკუთვნის. ის ე. წ. სანდო ბინაა და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე ქირავება. ამ ბინაში ცხოვრობდა ცნობილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის მამიდაშვილი. ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ ბინა რამდენჯერმე გაიჩხრიკა, მაგრამ იქ იარაღის არსენალი არ აღმოჩენილა.
პანკისის ხეობა ქართული სპეცსამსახურისთვის ფრთხილი თემაა, წლების განმავლობაში ხეობაში, ძირითადად, ანტიტერორისტული ცენტრი მუშაობდა და ლაფანყურის სპეცოპერაციის მერე სიტუაციაც სრულად კონტროლდებოდა.
ბალანსი, ერთგვარად, მაშინ დაირღვა, როცა გურამ გუმაშვილის ორგანიზებით პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანა დაიწყო და პარალელურად იქ საბრძოლო მოქმედებების დროს გურამ გუმაშვილის შვილი დაიღუპა.
ისლამური სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრმა ახალგაზრდების სრულმასშტაბიანი გაყვანის ორგანიზება ვერ მოახერხა, ამიტომ გაბრაზებულმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც პანკისის ხეობის მცხოვრებლებს ამუნათებდა, _ რატომ არ მოდიხართ სირიაში საბრძოლველადო?!
ამავე პერიოდში პანკისის ხეობაში „შესვლას“ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ცდილობდა. იმის გათვალისწინებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი, მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა, ინტერესიც სრულიად გასაგები იყო.
2014 წლის ზაფხულში პანკისის ხეობაში შეიარაღებულ ჩეჩენთა ჯგუფი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ანტიტერორისტულ ცენტრს მეცხვარეებმა მიაწოდეს. ეს ის დროა, როცა კავკასიონზე თოვლი არ დევს და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელები ღიაა. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ექვსკაციანი ჯგუფიდან ერთი კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეს ტელეფონით უკავშირდებოდა. „მოდულის“ შენობაში დიდი გარჩევების შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თავი იმით იმართლა, რომ ჩეჩნები ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების ფარგლებში დამატებითი ჩვენებების მისაცემად შემოიყვანეს. ცხადია, ეს ვერსია სინამდვილესთან ახლოსაც არ იყო, მაგრამ ხელისუფლება სკანდალის გახმაურებას მოერიდა, სპეცოპერაციის ჩატარებაზეც უარი ითქვა და ექვსი შეიარაღებული ჩეჩენი ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაცილეს სარფის საბაჟომდე.
პანკისის ხეობა საჯილდაო ქვად კიდევ ერთხელ სუს-ში უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილის დანიშვნის შემდეგ გადაიქცა. გოგაშვილი პანკისში საკუთარი ბიძაშვილის შვილის, გიორგი კევლიშვილის დანიშვნას ცდილობდა, მაგრამ, საბოლოოდ, სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური, ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. კევლიშვილი სამცხე-ჯავახეთში გაამწესეს.
ახმედ ჩატაევის ჯგუფის შემოყვანასთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ისევ ჯგუფის შემოყვანის დროსა და მიზნებს ეხება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯგუფი ორი თვის წინათ სარფის საბაჟოს გავლით ქართული პასპორტებით შემოიყვანეს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა და ისინი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააბინავეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის ლიდერებს საქართველოში უნდა გამოეზამთრათ და ადრე გაზაფხულზე დაღესტანში უნდა გადასულიყვნენ. ისინი კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ და მათი მოკავშირე გარე სამყაროსთან იყო დაკავებული საედ დუდაევი.
ახმედ ჩატაევი საქართველოდან 2013 წელს გაემგზავრა. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ მან ქართულ ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, განსაკუთრებული მტრობა და პრეტენზიები ქართველ სამართალდამცველებთან არც ჰქონია. ერთადერთი მუქარის წერილი ანტიტერორისტულ ცენტრში ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ გამოაგზავნა. ჩატაევი ირწმუნებოდა, რომ ბორჩაშვილს სირიაში ახალგაზრდების გაყვანის ორგანიზებაში ბრალი არ მიუძღოდა და მის განთავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტული აქტით იმუქრებოდა. ჩატაევის მუქარის მიუხედავად, აიუფ ბორჩაშვილი, ცხადია, პასუხისმგებლობას ვერ გაექცა, ის ქართულ ციხეში სასჯელს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის იხდის.
2016 წელს ახმედ ჩატაევის სახელი სტამბულის ათათურქის აეროპორტში მოწყობილ ტერორისტულ აქტს დაუკავშირდა, როცა სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 240-ზე მეტი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
მოგვიანებით, ისლამური სახელმწიფოს ლიდერებს შორის გაჩნდა ეჭვი, რომ ახმედ ჩატაევი რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი იყო, რადგან ერთ-ერთი შეტაკებისას ბატალიონი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, სრულად განადგურდა, თავად კი უვნებლად გადარჩა.
მართალია, დაზუსტებული ცნობები ჩატაევის რუსებთან თანამშრომლობის შესახებ არ არსებობს, მაგრამ გამორიცხვითაც არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
იყო თუ არა ჩატაევის ჯგუფის საქართველოში შემოყვანა რუსული სპეცსამსახურების გეგმის ნაწილი? ამ კითხვაზე „ქრონიკა+“-ის წყარო დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, თუმცა ამბობს, რუსები მუდმივად ამტკიცებდნენ რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, ტერორისტთა ბაზები არსებობს. ბოლო ასეთი განცხადება სერგეი ლავროვმა ერთი წლის წინათ გააკეთა. ამ განცხადების მერე პანკისის ხეობა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად მოინახულა.
ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ ახმედ ჩატაევის ჯგუფის ამოცანა მხოლოდ გამოზამთრება არ იყო და მათ შესაძლებელია, ლარსთან ტერორისტული აქტიც კი მოეწყოთ, რუსი ტურისტები აეფეთქებინათ, რაც რუსეთს საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას მისცემდა. არაა გამორიცხული, სწორედ ეს იყო იმ ჯგუფის ამოცანაც, რომელმაც ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა და ისინი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურის დავალებას ასრულებდნენ.
თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ცალკეული ვარაუდებია და რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ამ მიმართულებით „ქრონიკა+“ არ ფლობს.
ფაქტია, რომ საედ დუდაევის დაკავების მერე ანტიტერორისტული ცენტრი ოფიციალურად იღებს იმ ინფორმაციას, რასაც, სავარაუდოდ, არაოფიციალურად ფლობდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში თავად ჩეჩენი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა. სპეცოპერაციის დეტალებზე „ქრონიკა+“ დაწვრილებით უკვე წერდა. ჩვენი ინფორმაცია მექა ხანგოშვილის მეუღლემ ირიბად დაადასტურა. ახმედ ჩატაევი მზად იყო, ჩაბარებოდა ქართველ სამართალდამცველებს, ის ითხოვდა დერეფანს, დაკავებული საედ დუდაევის განთავისუფლებას და ერთ მეგზურს, რომელიც მათ უსაფრთხო ადგილამდე მიაცილებდა. სპეცოპერაცია სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო, რომელსაც სკანდალურად ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი _ „ხარება“ ხელმძღვანელობდა.
შეტაკებისას სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, ვანო გოლაშვილი დაიღუპა, შტურმის რამდენიმე მცდელობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სპეცსამსახურის გარკვეული წარმომადგენლების ამოცანა იყო ახმედ ჩატაევის ფიზიკური ლიკვიდაცია და მისი ბინაში გამოწვა, რომ ცხედრის იდენტიფიკაცია არ მომხდარიყო. ხანძარი ნამდვილად გაჩნდა და სწორედ ამის გამო ჩატაევის თანმხლებ ორ პირს ალმოდებული ბინის დატოვება მოუწია. მათი ლიკვიდაცია შენობის გარეთ მოხდა, თავად ახმედ ჩატაევი კი თინა გაორგაშვილის ბინაში დაიღუპა.
ჩეჩნური სათვისტომოს წარმომადგენელი უმარ იდიგოვი ადასტურებს, რომ ჩატაევი ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს, რომ მისი ლიკვიდაცია სჭირდებოდათ იმ პირებს, რომლებმაც მისი ჯგუფი საქართველოში შემოიყვანეს, რადგან ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში საველე მეთაური მოყვებოდა, ვინ და რა მიზნით შემოიყვანა საქართველოში 22 ნოემბრის დილას, როცა უკვე ცხადი გახდა, რომ სპეცოპერაცია ჩიხში შევიდა. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ცენტრის სპეცდანიშნულების რაზმი „შავნაბადა“ გამოიძახეს და სწორედ მან დაასრულა ოპერაცია. მოხდა ორი შეიარაღებული ტერორისტის ლიკვიდაცია და ბინების სრული გაწმენდა და შემოწმება.
სპეცოპერაციის გამოძიების საქმეში ამერიკული მხარეც ჩართულია. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იარაღის წარმომავლობას უკავშირდება. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერორისტების კუთვნილი ავტომატის მჭიდები შემთხვევის ადგილიდან მოპარულია და ის სულ სხვა ადგილას ინახება. ამის დასტურად წყარომ ტელევიზიას ავტომატების მჭიდების ფოტოებიც მიაწოდა.
არის თუ არა იარაღი ქართული შეიარაღებიდან? ეს კითხვა სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უპასუხოდ დარჩა. ავტომატების მჭიდებზე სპეციალური ნომრებია ამოტვიფრული, რომელიც გამოძიებას საშუალებას მისცემს, იარაღის წარმომავლობა დაადგინოს. გამოძიებამ ასევე უნდა უპასუხოს კითხვას, საიდან გაჩნდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იარაღის არსენალი? ტერორისტებმა ის საზღვარზე ასევე არალეგალურად შემოიტანეს თუ ადგილზე შეიძინეს? უპასუხო კითხვები ბევრია და იან კელის ნაცვლად ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მოვიპოვოთ, რა მიზნით შემოიყვანეს საქართველოში ახმედ ჩატაევის ჯგუფი.

ელისო კილაძე