ახალგაზრდა მეღვინე, რომელიც პაპის გზას ადგას და უკვე საკუთარი ბრენდის მფლობელია

რამდენი წლისაა ჩვენი სტატიის გმირი, თუ მას საკუთარი მეღვინეობა და, მასთან ერთად, ყველის ბიზნესიც აქვს?

ჯემალ ხატიაშვილი წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ტიბაანიდანაა. 14 წლის იყო, როდესაც პირველად თავად დაწურა ღვინო, შემდეგ დააძველა და შედეგით იმდენად კმაყოფილი აღმოჩნდა, რომ საკუთარი ღვინისა და ყველის ბრენდი, „ბუტრანა“ შექმნა. ახლა უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, თავისუფალი დრო, თითქმის, არ აქვს: ბიზნესის თეორიულად შესწავლის შემდეგ მის უშუალო განხორციელებაზე (საკუთარ ოფისში) გადადის.

მისი ღვინის დაგემოვნებისას საშუალება გაქვთ, დააგემოვნოთ ყველი, რომელიც, როგორც ამბობენ, საუკეთესო გემოს ტოვებს აღნიშნულ ღვინოსთან ერთად. „ბუტრანა“ რამდენიმე ტიპის ყველს აწარმოებს, ერთ-ერთი საფერავის ღვინოში ძველდება, ასევე აქვთ თაფლში დამზადებული (ორ კვირამდე ინახება თაფლში) და თათარაში დავარგებული ყველიც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახეობა ბაზრისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, ახალგაზრდა მეწარმე შეჩერებას არ აპირებს და უახლოესი მომავლისთვის კიდევ სამი სახეობის ყველის დამატებას გეგმავს.

ბაზარზე, დაახლოებით, 1 წელია, ღიად გამოვიდა და მის ათვისებას საკუთარი რესურსებით ცდილობს.

მანამდე კი ბიჭი, რომელიც საკუთარი ბრენდის საერთაშორისო დონის ბრენდად ქცევასა და „ბუტრანას“ უძველეს ვენახებთან შატოს აშენებაზე ოცნებობს, საკუთარ თავზე „ქრონიკა+“-ის მკითხველს ესაუბრება:

_ ჯემალ, მოგვიყევი ცოტაოდენი შენზე.

_ 19 წლის ვარ, წარმოშობით ქიზიყიდან, სოფელ ტიბაანიდან, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მცირე საოჯახო ბიზნესი მაქვს. შევქმენი საკუთარი ბრენდი „ბუტრანა“, რომელიც აერთიანებს ღვინოსა და ყველს, სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებს, რომელიც კახეთში ერთ-ერთი უძველესია. ყველა ჩემი პროდუქტი ამ ვენახიდან იწურება და ყველიც ამ ღვინოში ძველდება, ამიტომ ჰქვია „ბუტრანა“.

მყავს 9 წლის ძმა, რომელიც საქმეებში მეხმარება ხოლმე. ოჯახით თბილისში ვცხოვრობთ, თუმცა პაპა და ბებო კახეთში მყავს. იქ ყოველ შაბათ-კვირას ჩავდივარ.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად პაპა ამაყობს ჩემით, უხარია, რომ მის გზას ვაგრძელებ.

ახლა მეორე კურსზე ვარ და სწავლის გაგრძელებას იმავე მიმართულებით ჰოლანდიაში ვაპირებ, თუმცა მანამდე მინდა, ჩემი ბიზნესი კარგად აწყობილი მქონდეს და მერე იქიდან გავაგრძელო საქმის წარმოება.

_ რატომ დაინტერესდი მეღვინეობით და რა იყო შენი შთაგონების წყარო?

_ დაინტერესება ოჯახიდან მოდის, რომელიც დიდი ხანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურ საქმიანობას ეწევა, კერძოდ, მევენახეობაში. ვფიქრობ, ამ სფეროს, მევენახეობის მიმართ დაინტერესება პაპის, ჯემალ ხატიაშვილის დამსახურებაა. მან მასწავლა ვენახის მოვლა და ქიზიყური ტრადიციული ღვინის დაყენება. ამის შემდეგ 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მარტომ დავწურე ღვინო, შევინახე და 3 წლის მანძილზე ვაძველებდი. გარდა ამისა, მევენახეობისადმი ინტერესი 15 წლის ასაკში პაპასთან ერთად ნაპოვნმა ქვევრებმა გააძლიერა, რომლებიც ჩვენი ვენახის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ.

_ რით დაიწყე საკუთარი ბრენდის შექმნა და რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ 17 წლის ასაკში საკუთარი ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, როდესაც ხსენებული 3 წლის დაძველებული ღვინო გავხსენი. მერე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გავასინჯე და დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამან გამიჩინა სურვილი, შემექმნა ბრენდი, რომელსაც თავდაპირველად „ხატიაშვილების მევენახეობა“ დავარქვი, შემდეგ კი _ „ბუტრანა“. ერთია სურვილის ქონა და მეორე _ განხორციელება _ ამაში პაპა და ინტერნეტი დამეხმარა. არაქარხნული მეთოდით ღვინის ჩამოსასხმელად ინვენტარის ყიდვა დამჭირდა, რომლისთვისაც ჩემი დანაზოგი გამოვიყენე, თავიდან ასევე სირთულე იყო ეტიკეტირება, ბრენდის წარმოება, ეს ყველაფერი ჩემით, ინტერნეტის საშუალებით გავიგე.

რამდენიმე ფესტივალზე გამოვედი და მეტის კეთების სურვილი გამიჩნდა, _ როცა ვნახე, რომ ტურისტები და მომხმარებლები მოდიოდნენ და ჩემს ღვინოსა და ყველს ყიდულობდნენ და მოსწონდათ _ სტიმულს მაძლევდა.

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საკუთარი ღვინის ბრენდის მფლობელი ხარ?

_ იმის საწყისი მომცა, რომ გავფართოვდე და ვიყო ღვინისა და ყველის ერთობლივი ბრენდის ერთადერთი მფლობელი საქართველოში.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ალბათ, იმას, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, _ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც საზოგადოებაში საყვარელი ყველისა და ღვინის ასოცირებას გამოიწვევს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს შრომას ვიღაც აფასებს და მოწონს ის, რასაც შენი ხელით ქმნი.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ პირველ რიგში, საკუთარი შრომა არ მენანება და მიზნების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. კიდევ, ოჯახის წევრებისთვის არაფერი მენანება, რადგან საქმისადმი სიყვარული მათ მასწავლეს.

_ რა არის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის?

_ რა თქმა უნდა, ხარისხი, რომელიც ჩემი ბრენდის შედეგებს განაპირობებს.

_ და რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში, რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ ვფიქრობ, ერთგულება, პატიოსნება და მადლიერების გრძნობა ყველაზე ღირებულია ადამიანში.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ როდესაც ადამიანი ვერ ხედავს შენს დამოკიდებულებასა და ყურადღებას.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ დრო არ მენანება საკუთარი საქმისთვის, სწავლისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ვტკბები თავისუფლებით, პირველ რიგში, დახარჯულ ენერგიას აღვადგენ, რაც, ძირითადად, ძილში გამოიხატება, ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ვერთობი, ან ბუნებაში გავდივარ. ცოტა ხნით ყველაფრისგან ვისვენებ, ვწყდები.

_ მაქსიმალისტი ხარ?

_ მაქსიმალისტი, რასაკვირველია, ვარ, რადგან ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გამოვიყენო არსებული რესურსები. არ მომწონს, როდესაც რაიმე სათანადოდ არაა გაკეთებული.

_ რა მუსიკას უსმენს ხოლმე ახალგაზრდა მეღვინე?

_ პაროვ სტელარი მომწონს ყველაზე მეტად.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ უკეთესის იმედს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ, რომ საკუთარი ბრენდი „ბუტრანა“საერთაშორისო დონის ბრენდი გახდეს და „ბუტრანას“ უძველეს ვენახებთან ავაშენო შატო ძველებური ქართული მარნით, სასტუმროთი და ვერანდით.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.

_ ფილმი „ველურ პირობებში“ (Iნტო თჰე ჭილდ), რადგან ეს პერსონაჟი ცდილობს, ნებისმიერ ფასად მიაღწიოს თავისუფლებას და საკუთარი მიზნებისთვის ყველაფერზე უარს ამბობს: საყვარელ ადამიანებზე, ფულზე, ქონებაზე და თავისუფლებისთვის იბრძვის, ეს უკანასკნელი კი მგონია, რომ დღეს არავის აქვს.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?

_ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, ადამიანური თვალსაზრისით იდეალურები ჩემი მშობლები, პაპა და ბებო არიან. ისინი საქმისადმი სიყვარულით, შრომისმოყვარეობით, რიგით ადამიანებთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ ზოგადად, ბევრი პრობლემაა, მაგრამ აღვნიშნავდი განათლების დონეს, აზროვნებას. ხალხს, უბრალოდ, მიზნები და სურვილები არ გააჩნია. გარდა ამისა, მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ დამწყებ ბიზნესმენებს.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ვისვენებ, როდესაც ლექციები არ მაქვს. განსაკუთრებით მიყვარს ბუნება და მთაში ყოფნა. საყვარელი ადგილი არის კახეთი, სოფელი ტიბაანი და სოფელი ხორნაბუჯი. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩავდივარ. ბავშვობის წლები იქ გავატარე და ძალიან მიყვარს. ასევე მთა, სადაც ყველაზე მეტად ვისვენებ და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი არის ბორჯომი.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ უდიდესი სიამოვნება. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. სულ ცოტა ხნის წინ ყველის ინდუსტრიაში ორი ახალი სახეობა შევქმენი: თათარაში დავარგებული და ქვევრის რქაწითელში დავარგებული ყველი, შედეგი კი მსიამოვნებს.

ზოგადად, სიამოვნებისთვის ვცხოვრობ, ვისიამოვნო მე და ვასიამოვნო საყვარელი ადამიანები.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ არა, ჩემი აზრით, თავისუფალი დღეს არავინაა. სულ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული და როცა ეს ასეა, თუნდაც, ფინანსურად, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხარ.

_ შენთვის რა არის თავისუფლება?

_ თავისუფლება ჩემთვის არის საკუთარი სურვილების განხორციელება და მისი სრულყოფა; დამოუკიდებლად ცხოვრება, რაც დღეს ძალიან რთულია. საერთოდ, რთულია იყო თავისუფალი.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ვფიქრობ, ახლა ცხოვრების საწყის ეტაპზე ვარ და კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ მთლიანად, 100%-ით _ არა. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ მარტო ის შესაძლებლობა არ მაქვს, რასაც ახლა ვაკეთებ.

_ რამე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ არა მგონია, უბრალოდ, საკუთარ ამბიციებს და მიზნებს ვემსახურები.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ამბციური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რაც ჩაფიქრებული მაქვს, აუცილებლად მივაღწევ. ჩემი ოცნების ასახდენად ვიბრძვი, რომელიც  „ბუტრანას“ უძველეს ვენახებთან შატოს აშენებას გულისხმობს.

_ რა არის შენთვის ცხოვრების აზრი?

_ საკუთარი თავის სრულყოფა და რეალიზება.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, მაქვს, ამის შანსი ყველას აქვს, მთავარია, იშრომო და შენი საქმე არ დაიზარო, წარმატება აუცილებლად მოვა. ვფიქრობ, რომ მე ჯერ წარმატებული არ ვარ.

_ რა გეიმედება?

_ ის, რომ ხვალ დღევანდელ დღეზე უკეთესი იქნება.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ოჯახის წევრებისა და მეგობრების.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ ერთგულება.

_ რომ არა ჯემალ ხატიაშვილი, ვინ იქნებოდი?

_ არ მიფიქრია, მომწონს საკუთარი თავი და ვმუშაობ, რომ უკეთესი ვიყო.

_ და მაინც, ვინ არის ჯემალ ხატიაშვილი?

_ ჯემალ ხატიაშვილი ერთი ჩვეულებრივი, 19 წლის ბიჭია, რომელიც სწავლობს და, ამავდროულად, საკუთარი ღვინისა და ყველის ბიზნესი აქვს. ცდილობს, სიახლეებით იცხოვროს და არ დასჯერდეს იმას, რასაც უკვე მიაღწია.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინდა ევროკავშირის სტანდარტის დანერგვა ყველის საწარმოში და საფირმო მაღაზიის გახსნა თბილისში. ალბათ, შემდეგ წლებში, შორეულ პერსპექტივაში, პირველი ღვინისა და ყველის ბარ-რესტორანსაც გავხსნი.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და საკუთარი თავის რეალიზება იმ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ და იზიდავთ. მართალია, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ შრომას აუცილებლად მოაქვს სასიამოვნო და შესაბამისი შედეგი. ორიენტირებულები იყავით მუდმივ განვითარებაზე.

 

ახალგაზრდა მეწარმე კვლავ გააგრძელებს მუშაობას საკუთარ თავზე, ღვინოზე, ყველზე და ეცდება, რომ ის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში გახდეს ცნობილი _ მარტო მისი კი არა, ქვეყნის სახელიც უფრო გაიცნონ, ვიდრე ახლაა.

მან მიზანი დაისახა, იბრძოლა და შედეგიც მიიღო, 19 წლის ბიზნესმენი შეჩერებას არ აპირებს. ის ქართულ საქმეს ემსახურება.

გაიცანით, ეს ჯემალ ხატიაშვილია.

 

ნინო ტაბაღუა