„აქაურობის გარეშე მოვკვდები!“

სახლი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, განსაკუთრებული ზრუნვა რომ სჭირდებათ.
ადგილი, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყოველთვის უხარიათ შენი დანახვა და ერთობა, რომელსაც ყველაზე თბილი ადამიანები ქმნიან.
„ქრონიკა+“ სოციალური თერაპიის სახლს ესტუმრა.
ეს არის ადგილი, სადაც ზრდასრული სპეციალური საჭიროების მქონე პირები საქმდებიან. ადამიანები, რომელთაც უფლება აქვთ ჰქონდეთ თავიანთი საქმე და ის სოციალური გარემო, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ დასალაგებელი და მოსაწესრიგებელია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მათთვის ისეთი ვაუჩერული სისტემა აქვს შემუშავებული, რომელიც თითოეულ ადამიანზე დღეში 11 (!) ლარიან ლიმიტს გულისხმობს (!). დამეთანხმებით, რომ თანხის ეს რაოდენობა ცალსახად არ არის საკმარისი მათ უზრუნველსაყოფად! კონკრეტულად რას გულისხმობს დაფინანსების ამგვარი სისტემა, სად ვართ ახლა, რას წარმოადგენს სოციალური თერაპიის სახლი და რატომ ემუქრება იმ დაწესებულებას დახურვა, სადაც 50-მდე განსაკუთრებული საჭიროების და განსაკუთრებულად თბილი ადამიანი ცხოვრობს, ამამზე გიამბობთ…
სოციალური თერაპიის სახლი უკვე 28 წელია, არსებობს, ის პირველი მსგავსი დაწესებულება იყო ამიერკავკასიაში. თბილისში ის მეტროსადგურ “300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც ზემოთ აღვნიშე, იქ 50 ბენეფიციარი და 25 მომსახურე პერსონალია დასაქმებული.
სამუშაო დღე დილის 10:00 საათზე იწყება და იგი 8 ტიპის სახელოსნოში მუშაობას მოიცავს, ესენია: პრინტის სახელოსნო, სადაც შეთავსებული აქვთ პრინტი და ქსოვა; კრეატიული სახელოსნო; სტამბა-საამკინძაო; სამზარეულო; ბაღი; სანთლების სახელოსნო; სადურგლო და მეორადი გადამუშავების სახელოსნო.
სწორედ ზემოთჩამოთვლილ სივრცეებში იქმნება ის მასალები, რომელთა რეალიზებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სახლის თითოეული წევრისთვის.
ეს არის სივრცე( მათთვის ერთადერთი), სადაც ამ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ეძლევათ – ისინი აქ არიან ბედნიერები. მათ აქ უჩნდებათ განცდა იმისა, რომ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენენ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან.
ერთი დიდი მუშაობის პროცესი მცირე ნაწილებად, ინტერესის და შესაძლებლობების მიხედვით იყოფა. შემდეგ, თერაპევტი კრებს მათ ნამუშევრებს და ყველაფერს საბოლოო, დასრულებული სახე ეძლევა.
გარდა იმისა, რომ სტანდარტული ადმინისტრაცია აქვთ, აქ საგანმანათლებლო ცენტრიცაა, აქვთ კურსები, რომლითაც ახალი კადრის, ახალი თანამშრომლის მომზადება ხდება, ჰყავთ პრაქტიკანტები, მოხალისეები, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ისე ევროპიდანაც.
სახლში შესვლისთანავე ის ელენე შემოგეგებებათ, რომელიც თითოეული სტუმრის გულწრფელი მასპინძელია და სახელოსნოებსაც სრულად დაგათვალიერებინებთ! გაგიღიმებთ, გულში ჩაგიკრავთ და რამდენიმე წამში უკვე გულითადი მეგობრები ხდებით. მას საშა მოჰყვება, რომელიც გულითადი და მუდმივი ჩახუტების გარდა არაფერს გთხოვთ! ნელ-ნელა დაწესებულების სიღრმეში შედიხართ და ხედავთ, რომ ეს ადგილი მცირე საწარმოს წარმოადგენს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები.
ელენე მიყვება, რომ თავად სამზარეულოში მუშაობს და მთელი სახლის დაპურებაზე ზრუნავს, რაც ძალიან მოსწონს. რომ არა ეს სამსახური, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო არასრული და მოსაწყენი იქნებოდა. ასე არიან სხვებიც.
თავიდან სამზარეულოში მიძღვება, თავის “სამფლობელოს” მათვალიერებინებს, შემდეგ სტამბა – საამკინძოში ვინაცვლებთ. აქ უკვე გრძელი და მრგვალი მაგიდის ირგვლივ ათამდე ადამიანია შეკრებილი, თავიანთ საქმეს აკეთებენ, ყველა ღიმილით მეგებება და რამდენიმე ჩასახუტებლად იწევს. მეც სიამოვნებით ვიღებ მათ სითბოს და გულითადი ჩახუტებით ვპასუხობ.
ახლა მეორე სართულზე ვინაცვლებთ, სადაც ისინი ხატავენ, ძერწავენ და ხელსაქმით არიან დაკავებულები. თითოეულ ნამუშევარს ელენე თავად მათვალიერებინებს და ისტორიას მიყვება, ავტორის სახელს აყოლებს… მესამე სართული უკვე სხვენია, სადაც თავიანთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვას აწყობენ. ხშირად სხვენის ტერიტორიას სიმღერისა და სპექტაკლებისტვისაც იკავებენ, მსგავსი დღეები კი განსაკუთრებულად უყვართ. ელენე მიყვება, რომ სიმღერის გაკვეთილები ძალიან უყვარს, განსაკუთრებულ შვებას გრძნობს ამ დროს…
ისევ პირველ სართულზე დაშვების და უკანა ეზოში გასვლის დრო დგება. ბაღის სილამაზე გაგაოცებთ. სიმწვანეში ჩაფლული რამდენიმე სკა დგას, ფუტკრების ზუზუნი ისმის და ძაღლები დარბიან. პატარა მოსასვენებელი მაგიდა და სკამებიც გაუკეთებიათ ხისგან და ჩრდილშიც შეძლებთ დასვენებას, თუმცა, ჩვენ დასვენების დრო არ გვაქვს და ელენე ეზოში მგდარ კიდევ ერთი შენობისკენ, სანთლების სახელოსნოსკენ მიძღვება, სადაც ფერად, გემოვნებიან, თემატურ ფიგურებს ნახავთ. სანამ ამ სახელოსნოში დასაქმებულებს კომენტარის გაკეთება ვთხოვე, ერთ-ერთმა თავად გამოთქვა ამის სურვილი:
„მე ვარ თეა, ჩვენ აქ ცვილისგან და პარაფინისგან სანთლებს ვაკეთებთ, ფორმებში ვასხამთ და საბოლოო შედეგს ვიღებთ. ძალიან მიყვარს აქაურობა. მახარებს, რომ ჩვენი ნამუშევრები გამოფენებზე იყიდება“, – ამბობს და როგორც კი საუბარს ამთავრებს, თავისი სიტყვების და იდეის სისწორეს თერაპევტთან ამოწმებს, მშვიდდება, როცა იგებს, რომ სანთლის დამზადების პროცესი სწორად აღწერა…
ახლა უკვე ზემოთ, ხის ნაკეთობებისკენ და ლაზერის აპარატისკენ ვინაცვლებთ, კიბეებზე კი ორი გერმანელი მოხალისე ზის, თავიანთი ხელსაქმით არიან გართულები. ხის ნაკეთობების დათვალიერების შემდეგ უკვე გერმანელ მოხალისეებს ვესაუბრები:
„მე როსინე მილერი ვარ , გერმანიიდან, შტუტგარტიდან, აქ დეკემბრიდან ვასრულებ მოხალისეობრივ საქმიანობას და სხვათა შორის, ამავე შენობაში ვცხოვრობ. ძალიან მომწონს აქ ყოფნა, ვმუშაობ ამ განსაკუთრებულ ადამიანებთან და დიდ სიამოვნებას ვიღებ, მე პირადად, ხის ნაკეთობებს ვაკეთებ და ძალიან მომწონს ეს საქმე“, _ ამბობს როსინე.
მეორე მოხალისე, მილენა კი გვიმხელს, რომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ამ სახლში მოხვდა მოხალისედ, მანამდე სხვაგან მუშაობდა და აქაურობა ძალიან მოსწონს, უკვე შეუყვარდა კიდეც!
ამასობაში ელენე ამბობს, რომ ბოლო სახელოსნო დაგვრჩა და იქითკენაც მიმიძღვება. აქ მეორადი გადამუშავების ქაღალდებისა და თექისგან ამზადებენ ნამუშევრებს. ძალიან მოსწონთ, როდესაც მათი ნამუშევრებით აღფრთოვანებული აქებ და ამას ხშირად იმეორებ. მოტივაცია და სტიმული ეძელევათ, რომ არ დაიღალონ და მეტი აკეთონ.
უკვე სოციალური თერაპიის სახლის მენეჯერთან თამარ ზაალიშვილთან გასაუბრების დრო მოვიდა. მან დეტალურად გვიამბო არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე:
„ეს ადგილი მართლაც სახლია ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ამას თამამად გეტყვით, თუმცა საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე დამფინანსებელი, დონორი არ გვყავს. ვცდილობთ, რომ რაიმე პროექტის სახით შევთავაზოთ დაფინანსება ორგანიზაციებს და ზოგჯერ ეს ამართლებს კიდევაც. ახლა, ერთი პროექტი ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგვიფინანსა, რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ.
ძირითადი დაფინანსება არის მხოლოდ ვაუჩერები და გარკვეული ნაწილიც მის გარეშეა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ყველა ერთობლივად ვმუშაობთ, რომ ჩვენს პროდუქციას რეალიზება გავუკეთოთ – ვიყენებთ სოციალურ ქსელებს, მეგობრებს, ნათესავებს, თუმცა ის შემოსული თანხაც არ არის საკმარისი ერთი თვის ბიუჯეტის ისე შესავსებად, რომ მომსახურე პერსონალისთვის ხელფასების დარიგება, ამავდროულად, კომუნალურების დაფარვა მოხდეს… ამ ეტაპზე დიდი სურვილი გვაქვს რომ ვინმე კერძო დამფინანსებელი ვიპოვოთ. ადამიანი, რომელიც რომელიმე ბენეფიციარის დაფინანსებას აიღებს თავის თავზე. ასეთი შემთხვევები გვქონდა კიდეც, მაგალითად, როდესაც მთელი ერთი წლის მანძილზე სანდრა რულოვსი ორ ბენეფიციარს აფინანსებდა. “სილქნეტმაც” დაგვიფინანსა ერთ-ერთი ბენეფიციარი. 112-იც გვიწვევს ხოლმე მათ შიდა ღონისძიებაზე გამოფენა-გაყიდვისთვის, მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
თუ ასეთი კომპანიები და ადამიანები მრავლად გამოჩნდებიან, ნამდვილად სასიხარულო იქნება!
ამ ეტაპზე დაფინანსებული გრანტი არ გვაქვს. ვაუჩერული სისტემა კი მთავრობისგან მცირე, ბენეფიციარზე 11 ლარიან მხარდაჭერას გულისხმობს, რაც არანაირად არ არის საკმარისი(!) საქმე იმაშია, რომ ამ ვაუჩერული სისტემით, ბენეფიციარებს თვეობით უწევთ რიგში დგომა, აღრიცხვაზე ყოფნა და ვაუჩერის მიღება, რომელიც ძალიან მალე შეიძლება რაიმე ყოფითი პრობლემის გამო დაიკარგოს კიდეც და შემდეგ, ხელახლა ხდება მისი მოპოვება! თუმცა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს, რომ სისტემა ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. მუშაობა როდის და რა შედეგს გამოიღებს, ვერ გეტყვით.
ვინაიდან ჩვენი სახლი საწარმოს წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა სახელოსნოებში სხვადასხვა პროდუქცია მზადდება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იგი ხარისხით სხვებს არ ჩამოუვარდება! ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე ან რამდენიმე მაღაზიათა ქსელთან ან დაწესებულებასთან გვქონდეს კავშირი, სადაც ამ პროდუქციის გატანას და რეალიზებას შევძლებთ. როცა მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება ჩვეულებრივ საწარმოსა და შშმ პირების მიერ დამზადებულ პროდუქციას შორის უწევთ, არჩევანი მათზეა, თუმცა უნდა იცოდნენ, თუ რამხელა სიხარულია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის თითოეული გაყიდული ნივთი.
ჩვენს შვიდ სახელოსნოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით ლაზერის სახელოსნო დავამატეთ, რომლითაც ლაზერის სტანდარტული აპარატით, ფორმებს გამოჭრა, გრავირება, ასაწყობი სათამაშოების დამზადება ხდება… ზოგჯერ შეკვეთებსაც ვიღებთ, რაც საოცრად გვახარებს და ფინანსურად ძალიან გვეხმარება!
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს 11 ლარიანი დაფინანსება პრაქტიკულად, ტრანსპორტირებას და საკვებს ფარავს. დეტალებამდე რომ ჩავუღრმავდეთ, ზოჯერ თანხები კომუნალურებზეც კი არ გვყოფნის, აქამდეც კი დადის საქმე, ამიტომ ძალიან რთულია ამ რესურსით მუშაობის გაგრძელება.
ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი თანხების მოსაძიებლად ყველაზე რეალურია, რომ კომპანიებმა ჩვენი მომსახურება მიიღონ, რომელიც მართლა არ ჩამოუვარდება სხვა საწარმოების რესურსს და პროდუქციას.
ამ ეტაპზე რესურსების არქონის გამო ბენეფიციარებს ვეღარ ვიღებთ, არადა ამ ცენტრის არსებობას, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბენეფიციარებისთვის, აქ შეძენილი უნარებით ისინი სახლში სხვადასხვა ხელსაქმეს ასრულებენ კიდევაც! “ – აღნიშნავს თამარ ზაალიშვილი.

როგორც ზემოთ რამდენჯერმე აღვნიშნე, ცენტრში სტანდარტული ადმინისტრაციული სისტემა მუშაობს და ცხადია, ბენეფიციარების გარდა არიან თერაპევტები, მომსახურე პერსონალი. ერთ-ერთი საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებულად უყვართ აქ მყოფებს, ხატვა და სიმღერაა. სწორედ არტ თერაპევტია შორენა მოსეშვილი, რომელიც თავიანთი საქმიანობის და ბენეფიციარების აქტივობის შესახებ გვიყვება:
“როგორც იცით, რვა სახელოსნო გვაქვს, თითოეულ მათგანში ის ადამიანები არიან გადანაწილებულები, რომელთაც შესაბამისი უნარი აქვთ და აკეთებენ იმ საქმეს, სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს. გარდა საქმიანობისა, ჩვენს სახლში არის პარალელურად შეთავსებული თერაპიები, ერთი არის ხატვითი თერაპია, რაც მოიაზრებს ფერებთან და თიხასთან ურთიერთობას, პლასტიცირებას, ევრითმიას როგორც გამაჯანსაღებელ მოძრაობებს. გვაქვს მუსიკალური და დრამა თერაპია, სადაც ისინი პატარა სპექტაკლებს დგამენ და ჩვენი სახლის წევრებს, მეგობრებს, საზოგადოებას წარუდგენენ.
თითოეულ სახელოსნოს თავისი რიტმი აქვს იქიდან გამომდინარე, რა სამუშაოსაც ასრულებენ. დილით 10:00 საათზე ყველა ჩვენი მიკრო ავტობუსებით მოგვყავს, შემდეგ, სახელოსნოში დღეს ვგეგმავთ და მუშაობას ვიწყებთ. უკვე 11:30-დან 12:00 საათამდე პაუზაა, რომლის დროსაც ისვენებენ, ჩაის სვამენ , ურთიერთობენ და შემდეგ ისევ აგრძელებენ საქმიანობას 13:00 საათამდე, ამ დროს აქვთ სადილი და მერე კვლავ გრძელდება მუშაობა.
ხატვითი თერაპიას ყოველდღე 14:30-ზე ვიწყებთ. ამ დროს 6-7 კაციანი ჯგუფი თავიანთი საქმეების შემდეგ გვსტუმრობენ. კვირაში ორ დღეს გვაქვს ევრითმიულუ თერაპია, ასევე მუსიკალური თერაპია და სპექტაკლისთვის რეპეტიცია, სადაც მეტყველებაზე, მოძრაობაზე, ტექსტზე მუშაობენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ ყველა ჩვენგანი იაზრებს, არანაირად არ გვაქვს შეზღუდვა აზროვნებასა დ მენტალობაში, ჩვენ არაფრით განვსხვავდებით ბენეფიციარებისგან.
პირადად, როგორც ხატვითმა თერაპევტმა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან და ისინი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი არიან. ასევეა ყველა თანამშრომლისთვის. ერთობა გვაქვს, ერთად ვცხოვრობთ, ვურთიერთობთ და ერთად გავდივართ ყველანაირ ტკივილს და სიხარულს!
წელიწადში 2-ჯერ, საშობაოდ და საგაზაფხულოდ ჩვენს სახლში ძალიან დიდი გამოფენა-ბაზრობა იმართება. ივნისის თვეში მომდევნო დიდი გამოფენა გვექნება, სადაც ყველას მოსვლა ძალიან, ძალიან გაგვიხარდება.” – აღნიშნავს ცენტრის არტ თერაპევტი.

საუბრის დასრულებას ელენე მოუთმენლად ელოდება, რათა ბაღში გამიყვანოს, მოსასვენებლად დავსხდეთ და თავის ამბებს მომიყვეს. ის ყელსაბამები მაჩვენოს, რომელიც თავად გააკეთა და ჩემს მეგობრებთან მოკითხვა დამაბაროს. მეუბნება, რომ ახალი მეგობრები ჰყავს, რომელთაც პირადად მიიწვიეს თავიანთ გამოფენა – გაყიდვაზე.
მიყვება, რომ აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს, ხვდება, თუ რამდენად საჭიროა, რამხელა სიკეთის გაკეთება შეუძლია, იმაშიც გამომიტყდა განსაკუთრებულად სიმღერები რომ მოსწონს, თუმცა მისი ყოველდღიური საქმიანობა სამზარეულოში მუშაობას და იქაურების დაპურებას მოიცავს. აქ საქმიანობას რომ დაასრულებს, სახლში ბისერებისგან მძივებს აკეთებს. თუმცა, აღიარებს, რომ ეს უფრო ჰობია, ვიდრე ძირითადი საქმიანობა.

წარმოდგენაც კი არ უნდა რა შეიძლება მოხდეს, თუ დაფინანსება აღარ ექნება, ან ცენტრი უსახსრობის გამო დაიხურება, ამიტომ ყოველთვის ცდილობს ხალხს ხმა მიაწვდინოს, აუხსნას თუ რამდენს ნიშნავს სოციუმთან ურთიერთობა მისთვის. როგორ მოიწყენს სახლში და როგორ არ შეუძლია თავისი მეგობრების გარეშე: “ნინო, აქაურობის გარეშე მოვკვდები!“ _ მეუბნება გულწრფელად და თვალებში მიყურებს!
საუბარს კვლავ საშა გვაწყვეტინებს, რომელიც ხმის ამოუღებლად მოდის და ჩახუტებას ითხოვს, იღიმება და ხელებს შლის. ამ დროს ელენე ამბობს, რომ საშას გასულ კვირას 40 წელი შეუსრულდა, ამაზე ყოფილი იუბილარი გაღიმებული სახით აქნევს თავს.
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ… ვსაუბრობდით მეგობრებზე, ელენეს ოჯახზე, აქაურ ერთობაზე და როცა ჩემი წამოსვლის დრო დადგა, რაღა თქმა უნდა, ყველამ სათითაოდ მაჩუქა ჩახუტებით და თავზე ხელის გადასმით გამოხატული სითბო და მხოლოდ იმ პირობით გამომიშვეს, რომ მალე აუცილებლად ვესტუმრები, ამჯერად მეგობრებთან ერთად.
კართან ელენესა, საშკას და გიორგის გარდა რამდენიმე მეგობარი მაცილებდა. წამოსვლის შემდეგაც იქ იდგნენ და აქტიურად მიქნევდნენ ხელს, თან დრო და დრო მეძახდნენ, მახებდნენ. მათ მანამდე ვხედავდი, სანამ არ შევუხვიე და თვალს მიეფარნენ…
ჩემი წამოსვლიდან ერთ საათში სახლებში დაბრუნდებოდნენ, დღეს კი კვლავ 10:00 საათიდან ერთად შეიკრიბებიან, დღეს დაგეგმავენ, საქმეს გაინაწილებენ, ისაუბრებიან, ერთმანეთს ჩაეხუტებიან და ასე იქნება მანამ, სანამ ცენტრს ფუნქციონირების საშუალება ექნება!
დასასრულის მაგივრად:
თუ ამ სტატიას კითხულობთ და შესაძლებლობა გაქვთ იმ ადამიანებს დაეხმაროთ, განსაკუთრებული ზრუნვა რომ სჭირდებათ, მაშინ მათ ბედნიერებას საზღვარი არ ექნება! ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენი მადლიერები იქნებიან და ისე გააგრძელებენ ცხოვრებას, როგორც სრულფასოვანი ადამიანები! თქვენ მათ სიცოცხლის აზრს აჩუქებთ!

ნინო ტაბაღუა