ატამანს ნუ აუხირდები, ირაკლი!

ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება უნდა.

მას აქვს ფული, მაგრამ არ ჰყავს გუნდი და ჭკვიანი მრჩევლები.

მან ვერ ისწავლა პრემიერობის დროს დაშვებულ შეცდომებზე _ უფრო ზუსტად, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი გარემოცვის მძევალი იყო პრემიერობისას და პრემიერობის მერეც. გარემოცვა კი შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა და ვერასოდეს აფასებდა მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-ის შესაძლებლობებს.

 

„ქრონიკა+“ და ირაკლი ღარიბაშვილის გზები მისივე მოადგილის, გელა ხვედელიძის საქმეზე გადაიკვეთა, _ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გამოქვეყნების დღეს, გიორგი ფარესიშვილის გვერდით, ჟურნალისტი მარი გულორდავა იმყოფებოდა, რომელიც მას, არც მეტი არც ნაკლები, ლევან ჩიტაძის თხოვნით შეხვდა. ჩიტაძეს გამოჩენა არ უნდოდა და ამიტომაც მარი გულორდავას სთხოვა, ფარესიშვილისთვის გია ხუხაშვილზე კომპრომატები გადაეცა. კომპრომატების უკან `ქართული ოცნება” იდგა.

ფირის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი რედაქციაში ლაშა ამირეჯიბმა მოიყვანა. სწორედ ამ დროს მას უცნობი პირები ურეკავდნენ და შეხვედრას სთხოვდნენ. იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, სავსებით შესაძლებელი გახლდათ, გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო. სწორედ ამიტომ შს მაშინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მესიჯი გავუგზავნე და მას დახმარება ვთხოვე. რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენთან ოფისში ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მოვიდოდა. ასე გავიცანი ალექსანდრე ჭიკაიძე _ ერთი სრულიად უწყინარი კაცი, რომელმაც თავადაც იცოდა, რომ მაგარ გაუგებრობაში იყო მოხვედრილი. ეს იყო და ეს, ჩვენი ურთიერთობა შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრთან ამით დასრულდა.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების მხრიდან „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა, ამჯერად ფულს ეხებოდა. როგორც გაირკვა, სააგენტო „რეპორტიორის“ დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე ხშირად და ყველგან ამბობდა, რომ ეს გაზეთი მისი შექმნილია. არ დავმალავ, გაზეთის დაფუძნების დროს მას მცდელობა ჰქონდა, გიორგი მამაცაშვილი ყოფილიყო „ქრონიკა+“-ის 30%-იანი წილის მფლობელი, მაგრამ მე ამ გარიგებაზე უარი ვთქვი. და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი.

2014-15 წლებში უკვე გამოჩნდა მასალები ექსპრემიერის გარემოცვის კორუფციული სქემების შესახებ, განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია მოდიოდა პრემიერის სიმამრის შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობებზე დანიშვნებზე და ამ დანიშვნების სანაცვლოდ აღებულ ფულზე. „ქრონიკა+“-მა ე. წ. კახელების კლანის მხილება დაიწყო. „ჯოენის“ კლინიკაში მომხდარ ინციდენტს იმავე დღეს ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა, ტენდერების სქემას კი _ გაზეთის მთელი ტირაჟის გაქრობა. სიტუაცია ნელ-ნელა გამწვავებისკენ წავიდა და სწორედ ამ დროს მოხდა პირველი სპეცოპერაცია _ ქუთაისში დააკავეს ჩემი შვილი, მაგრამ შუაღამისას, მოულოდნელად, გაათავისუფლეს. ამ პერიოდში გაჩნდა პირველი ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ე. წ. კახელების კლანი „ქრონიკა+“-ისთვის ყოველ თვე გარკვეულ თანხას იხდიდა. საყვედურნარევი ინფორმაცია პირადად თამაზ თამაზაშვილმა გააჟღერა რეზო ამაშუკელთან, _ 80 000 $-ს ვიხდიდით ყოველთვე და ფოფხაძემ 100 000 მოითხოვა სხვადასხვა პროექტისთვის, ან ელისოს რა უნდა, ყოველ თვე 20 000 $-ს ვუგზავნითო. რეზო ამაშუკელმა ეს ინფორმაცია ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორის პირით ფოფხაძეს გააგებინა, ნუგზარ ფოფხაძემ კი, იმის მაგივრად, საკითხი ბოლომდე გაერკვია, გიორგი მამაცაშვილის პირით ირაკლი ღარიბაშვილი დააშანტაჟა, _ შენი სიმამრი თუ არ გაჩერდება, კამერებს მოვიწვევ და პრესკონფერენციაზე მოვყვები ყველაფერსო. ხმაური და სკანდალი, ცხადია, არავის აწყობდა და ასე ჩაიფარცხა ეს საქმე. სამაგიეროდ, მე მკაფიოდ შევუთვალე როგორც ირაკლი ღარიბაშვილს, ისე მის სიმამრს, რომ „ქრონიკა+“-ს არავის ფული არ აუღია და არც მომავალში აპირებს; რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და არა _ ფულს.

ე. წ. კახელების კლანის მხილება ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, რაც, საბოლოო ჯამში, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებით დასრულდა. ის იმაზე უფრო ცინიკურად გადააყენეს, ვიდრე თავად წარმოედგინა _ კანცელარიის უფროსის, ირმა ცქიტიშვილის პირით უთხრეს, რომ განცხადება დაეწერა. რა იყო ამის მიზეზი? ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის ზურგსუკან ფულს აკეთებენ. გამოქვეყნებულმა და გადამოწმებულმა ფაქტებმა ის დაარწმუნა, რომ ე. წ. კახელების კლანი ზომაზე მეტად გაძლიერდა ფინანსურად, პარალელურად კი ინფორმაცია მიიღო, რომ ღარიბაშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო და თანაც იმ ფლანგზე, სადაც ივანიშვილი უალტერნატივო მოთამაშე იყო.

რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებთან ღარიბაშვილის გარემოცვის კავშირები დაფარული არასოდეს ყოფილა. თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის მეშვეობით რუსებმა საქართველოში ყველაფერი მიიღეს, რაც მოისურვეს: საიდუმლო მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, აგენტურის სიები, სამხედრო ბაზების განლაგების კოორდინატები, ცნობები შეიარაღებული ძალების შესახებ და ა. შ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაიჯერა, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში შეუძლია. ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაცია მიიღო ღარიბაშვილის შეხვედრებზე ვლადიმირ სურკოვთან, ოთარ არშბასთან და ძალიან გაბრაზდა კიდეც.

23 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.

დატოვა და იმ დღესვე დაიწყო რევანშისთვის მზადება.

პირველი სამიზნე სწორედ „ქრონიკა+“ იყო. გელა ღურწკაიას ვიზიტი  დეპუტატის პირადი ფირით სწორედ „კახელების კლანის“ ორგანიზებული იყო. პრინციპში, გათვლა სწორი გახლდათ _ „ქრონიკა+“-ის არსებობის შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა.

სპეცოპერაცია ჩავარდა _ ჩემ მიერ გადაღებული ფირი პროკურატურამ წაიღო და გელა ღურწკაია დააკავეს. ჩემი დაჭერა გაურკვეველი დროით გადაიდო, სამაგიეროდ, მოქმედებაში მოვიდა გეგმა B, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახლდათ.

დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გეგმის ავტორი ნუგზარ ფოფხაძე იყო, რომელიც სწორედ იმ პერიოდში ხშირად სტუმრობდა ბათუმში მეუფე დიმიტრის. საბოლოოდ, მეუფე დიმიტრის გავლენების შესუსტება საპატრიარქოში და მისი გარემოცვის სრული დისკრედიტაცია, შეიძლება, სწორედ ღარიბაშვილ-ფოფხაძის სცენარსაც უკავშირდებოდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ვერსიაა და კონკრეტული ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

გეგმა მარტივად და ბანალურად დაიწყო: ცნობილმა ტრანსგენდერმა, გიორგი ჩხარტიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამას უნდა მოჰყოლოდა დამატებით კიდევ ოთხი სარჩელი სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად. პარალელურად, ღარიბაშვილის მეგობარმა სანდრო ბრეგაძემ ხმაურიანი აქციები დააანონსა ოჯახის ღირსების დასაცავად და ტრანსგენდერების წინააღმდეგ. სიტუაცია ნელ-ნელა გამწვავებისკენ წავიდა. მოგვიანებით, გიორგი ტატიშვილი აღიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი  ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის მოთხოვნით შეიტანა და თითო სარჩელში მას 5000 $ გადაუხადეს. მოგვიანებით, „ქრონიკა+“-ს ის დაწვრილებით მოუყვება შეხვედრებზე რუსეთიდან ჩამოსულ რეზიდენტთან და, არცთუ მოულოდნელად, ინტერვიუში ნუგზარ ფოფხაძის გვარს ასახელებს. ეს იქნება ოდნავ გვიან, მანამდე კი გიორგი ჩხარტიშვილი მხოლოდ პირად მიმოწერაში მიმხელს, რომ მისი საქმე ცუდადაა, რუსები კუდზე აზიან და საქართველოში სერიოზული არეულობა იგეგმება, მათ შორის, 17 მაისსაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ამ სცენარში გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციაც შედის. გიორგი ჩხარტიშვილი დახმარებას მთხოვს, როგორმე თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას. ახლა დეტალურად არ  მოვყვები, სად, როგორ და ვისი მეშვეობით გადავეცი ეს მიმოწერა ამერიკელებს, როგორ სწრაფად შეფასდა ის საფრთხე, რაც ქართულ სახელმწიფოს ემუქრებოდა.

სწორედ ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ვწერ სტატუსს, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორებმა ტყუილად იშრომეს, რომ სარჩელს გიორგი პაპუაშვილის უწყება საერთოდ არ მიიღებს. ეს იყო ტესტი _ ერთი შეხედვით, ჩემს ამ უწყინარ სტატუსს ნუგზარ ფოფხაძის დაინტერესება მოჰყვა, მან შეხვედრა მთხოვა და სწორედ პირადი შეხვედრისას ფრთხილად გამომკითხა, რატომ იყო სარჩელი დაუშვებელი. მე მას ზოგადად ავუხსენი სარჩელის გაუმართაობა, რასაც ფოფხაძის მხრიდან ასევე საპასუხო ახსნითი რეაქცია მოჰყვა, რომ კანონის ესა და ეს მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სწორედ აქ გაიშიფრა თავი გეგმის ავტორმა, რომ მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ჩხარტიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დეტალები.

გიორგი ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს რამდენიმე დღეში ღიად დაუკავშირდა და ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა. სიმართლე გითხრათ, ამ ზარს ველოდი, რადგან ფაქტი იყო _ ჩვენი ამერიკელი მეგობრები აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსალოდნელი არეულობის პრევენციის საქმეში.

მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა გიორგი ჩხარტიშვილის ინტერვიუს დეტალებმა, _ რუსები, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მას უხდიდნენ, არამედ აფინანსებდნენ მთელ პროცესს, ნუგზარ ფოფხაძეს ჩხარტიშვილის განმარტებით წინასწარ აღებული ჰქონდა 55 000 $, გეგმის დასრულების შემდეგ, დამატებით, 100 000 $-ს ელოდებოდა. ჩხარტიშვილმა დაასახელა შუამავლებიც _ მსახიობი ია ფარულავა, რომელმაც ის რუსებზე გაიყვანა, „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი თამარ ბოჭორიშვილი, რომელიც მას ჩემზე კომპრომატებს სთხოვდა და ა. შ. გიორგი ჩხარტიშვილმა, ასევე, „ქრონიკა+“-ს მასსა და ლადო სადღობელაშვილს შორის, მიმოწერა გადასცა სადაც რამდენიმე ადამიანის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებსა და არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობაზე იყო საუბარი.

არ დავმალავ: ჩხარტიშვილის ინტერვიუ, ერთი მხრივ, შოკი იყო, მეორე მხრივ, ზუსტად მივხვდი, რომ ეს იყო, ასევე, ტესტი ჩემი მისამართით, ამოვიღებდი თუ არა ინტერვიუს ტექსტიდან ნუგზარ ფოფხაძის სახელს, რომელიც ხშირად სპეკულირებდა, რომ „ქრონიკა+“ მისი გაზეთია.

ბუნებრივია, კომენტარზე თამარ ბოჭორიშვილს დავურეკე, რომლის მონათხრობიც მასალასთან ერთად გამოქვეყნდა, ია ფარულავა საქართველოში არ იყო, დარჩა ნუგზარ ფოფხაძე, რომელსაც მივწერე და ტეტ ა ტეტ შეხვედრა ვთხოვე, კატეგორიულად ვუთხარი, რომ გიორგი მამაცაშვილთან ერთად მას არ დაველაპარაკებოდი. ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმური იყო _ ზუსტად ვიცოდი, გიორგი მამაცაშვილი ყველა პირად შეხვედრას ფარულად იწერდა ხოლმე.

ჩვენი შეხვედრა მასთან სახლში შედგა, პასტერის ქუჩაზე, ღამის ათ საათზე. _ გიორგი მამაცაშვილს არც გოგიტა ენდობა, ამიტომაც არ დავურეკე, _ მითხრა ნუგზარ ფოფხაძემ. მე მას მოკლედ მოვუყევი ჩხარტიშვილის ინტერვიუზე და კომენტარი ვთხოვე, თუ, ცხადია, ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ნუგზარ ფოფხაძეს ჩემთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ მისი გვარი გიორგი ჩხარტიშვილის ინტერვიუში არ გაჟღერებულიყო, რაზეც ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო. მე მას სადღობელაშვილისა და ჩხარტიშვილის მიმოწერა ვაჩვენე პიკანტური დეტალებით და ვუთხარი, რომ ეს ნაწილი მასალაში ისედაც არ მოხვდებოდა. ის კითხულობდა ამ სქრინებს და ხელები უკანკალებდა, ბოლოს მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა, _ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ სქემის უკან სუსი იდგეს? ცხადია, მე ამის ალბათობა არ გამოვრიცხე. სწორედ ლადო სადღობელაშვილის მიმოწერის გამო მან გიორგი მამაცაშვილს დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. გიორგი მამაცაშვილი წასვლისას ეზოს გასასვლელ კარში შემხვდა, ჩვეულებისამებრ, ცივად მივესალმე და ფოფხაძეს დავემშვიდობე. არ ვიცი, ვის ათხოვნინეს და ვისი მეშვეობით დალაგდა ფოფხაძე-სადღობელაშვილის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ ლადო სადღობელაშვილს ნუგზარ ფოფხაძეზე  საჯარო სტატუსები აღარ დაუწერია.

შეხვედრიდან მეორე, ანუ გაზეთის გამოსვლის წინა დღეს, ორშაბათს, ნუგზარ ფოფხაძემ ტელეფონზე დამირეკა (არადა, არაა იმის ჩიტი, რომ არ სცოდნოდა, ორივეს ტელეფონს ისმენდნენ) და ისევ მთხოვა, _ იქნებ, ინტერვიუში ჩემი გვარი არ მოხვდესო, რაზეც კვლავ კატეგორიული უარი მიიღო. სწორედ ამ საუბრისას პირველად და უკანასკნელად ვუთხარი მას ფრაზა:

_ მე მეუბნებიან, რომ ყველა მასალა, რომელიც ჩემზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა, თქვენ მიერაა რედაქტირებული და ყველა მასალის უკან სწორედ თქვენ დგახართ-მეთქი.

_ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ამ თემაზეო, _ მიპასუხა.

_ საჭიროდ არ მივიჩნევ საქმეების გარჩევას-მეთქი, _ იყო ჩემი საბოლოო პასუხი.

გიორგი ჩხარტიშვილის ინტერვიუ უცვლელად გამოქვეყნდა, მაგრამ დღეს პირველად, საჯაროდ ვწერ, რა იყო ამ კამპანიის საბოლოო მიზანი: ერთსქესიანთა ქორწინებაზე აგორებული აგრესიული სკანდალი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებით უნდა დასრულებულიყო, მას ბრალი დაედებოდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მხარდაჭერაში, რაც საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდებოდა. სწორედ ამ ფონზე, პოლიტიკაში ოჯახის სიწმინდის დამცველის ეგიდით პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებდა.

შეთქმულთა გეგმა ჩაიშალა, პოლიტიკური რევანში არ შედგა. სამაგიეროდ, ღარიბაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა იზრუნა _ ახალი კონსტიტუციის პროექტით, საპრეზიდენტო ასაკი 40 წლამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის ოცნებები პრეზიდენტობაზე, მინიმუმ, ოთხი წლით გადაიდო. რაც შეეხება თბილისის მერის პოსტს, ამ ფრონტზე, ჯერჯერობით, კახი კალაძე ლიდერობს. პოლიტიკოსების და ჟურნალისტების წინააღმდეგ პირადი ფირების სკანდალი ამ გეგმის ერთი ნაწილი იყო. უნდა მომხდარიყო (და მოხდა კიდეც) პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაცია, მოგვიანებით, პროკურატურის მიერ ფოფხაძე-მამაცაშვილის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის დროს, `ქრონიკა+”-ის წყაროს ინფორმაციით, დამატებით არა ერთი პირადი ფირი და ჩანაწერი იქნა ამოღებული, სუსმა საბოლოოდ მიიბა ნუგზარ ფოფხაძეც და გიორგი მამაცაშვილიც.

ღარიბაშვილის გარემოცვას ახალი მოკავშირეც ჰყავს _ სუს-ის უფროსის კორუმპირებული მოადგილე, სოსო გოგაშვილი. მათი ინტერესები „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ერთმანეთს დაემთხვა. ღარიბაშვილსა და გოგაშვილს ერთი საერთო მრჩეველი ჰყავთ _ ნუგზარ ფოფხაძე. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ მათი პირადი მტერი გელა ხვედელიძეა. კახელებისა და გოგაშვილის ერთობლივი პროექტი იყო ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება და მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადება, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“, რომელიც ამ თანამდებობაზე სწორედ თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. ასევე, ერთობლივი პროექტია „რეპორტიორზე“ დაწყებული „მხილების“ კამპანია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი მამაცაშვილი სუს-თან ერთად ცდილობდა „ქრონიკა+“-ის რედაქციიდან წასული თანამშრომლების დათანხმებას ინტერვიუზე _ მათ სთავაზობდნენ ფულს, დასაქმებას, ოჯახის წევრების უზრუნველყოფას და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს შეიძლება ჰქონდეს პირადი წყენა, როგორც გაზეთის, ისე პირადად ჩემი მისამართით, ვერც ერთი მათგანის დათანხმება ინტერვიუზე ამ ჯგუფმა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ „რეპორტიორმა“ ყველა ის მასალა შეკრიბა, რომელიც სხვადასხვა დროს ნუგზარ ფოფხაძის ინიციატივით და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის დაკვეთით სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. „კოლექტიურ ფოფხაძეს“, პირობითად, ნესტანი დაარქვეს და ზღაპრების მოყოლა დაიწყეს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

რა არის ამჯერად ღარიბაშვილ-გოგაშვილ-ფოფხაძის ტანდემის ამოცანა?

ამ კითხვაზე პასუხი უმარტივესია _ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება უნდა. მას ამ გზაზე „ქრონიკა+“-ის არსებობა უშლის ხელს. ფიქრობდნენ, რომ შვილის დაჭერით საბოლოოდ გამტეხდნენ, მაგრამ ამჯერადაც შეცდნენ.

ნუგზარ ფოფხაძეს ცალკე აღებული კერძო ინტერესიც აქვს _ გარდა პირადი შურისძიებისა, იმის გამო, რომ საბოლოოდ დაკარგა გავლენა „ქრონიკა+“-ზე, რომელიც, რეალურად, არც არასოდეს ჰქონია, მას უყვარს და სჭირდება ფული, ამიტომაც არწმუნებს როგორც გოგაშვილს, ისე ღარიბაშვილს, რომ „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემი მხილება უმნიშვნელოვანესი ამბავია. ასე აბოლებდა ზვიად ჯანყარაშვილს მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, რომელიც არწმუნებდა, რომ „ქრონიკა+“-ს სასამართლო პროცესს მოუგებდა, მაგრამ, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ დიმიტრი გაბუნიას სამართლებრვი არგუმენტები გაზეთის წინააღმდეგ საერთოდ არ ჰქონდა, მეტიც, სასარჩელო განცხადება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ნორმების უხეში დარღვევით იყო შეტანილი სასამართლოში. ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ფოფხაძის დაპირებებს, _ თუ ირაკლი ღარიბაშვილსა და სოსო გოგაშვილს ფულის წყალში გადაყრა უნდათ, ჩვენ ამას ვერ დავუშლით.

არც ამ გაუგებარ კამპანიაზე პასუხის გაცემას ვაპირებთ, არც ფოფხაძის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესების მიღებას. ჩვენი პასუხი მარტივია _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

ჩვენ საქვეყნო საქმეებს ვართ შეჭიდებული და „რეპორტიორი“ ინტრიგებითაა დაკავებული.

ეს მათი არჩევანია!

 

 

ელისო კილაძე