ასე ვიბრძოდით ქუჩის ბიჭები და დედიკოს ბიჭები საყაჩაღოდ წასულებს გვეძახდნენ… (პირველი ნაწილი)

1993 წლის იანვარში ჩვენი შენაერთი აფხაზეთიდან გამოიყვანეს და სამოქალაქო ცხოვრებით (ლოთობა დიდად შესარგი) დავკავდი. იანვარ-თებერვალი, როგორღაც, გადავაგორე და მარტში უკვე „ლომკები“ დამეწყო, ავუარე ჩემს უბნელ თანამებრძოლ „ცარიელას“, მისგან გავიგე, რომ ჩვენებიდან აფხაზეთში მხოლოდ სვანი „ვოვაჩკა“ და ადგილობრივი „წიე“ იმყოფებიან ახალი ჯგუფით, სადღაც, 10-15 კაცი. მეტი აღარც გვიბაზრია, ორივემ ჩავალაგეთ ბარგი და ჰაიდა, აეროპორტში.

 

პირველმა დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა, სვანური პლანი, ზღვის ჰაერი და ჰამაკი კოტეჯის აივანზე, რაღა გინდა კაცს მეტი?

მოკლედ, ისეთი მოწყენილობაა, რომ გენერლებს სამხრეებზე ჯონჯოლი და პრასი წამოეზარდათ. 15 მარტს, საღამოს, კიდევ ერთი ჩვენიანი ჩამოფრინდა თბილისიდან და უმალვე უკან გაფრინდა, თან ვოვაჩკაც გაიყოლია და ასე დავრჩი (იძულებით) მეთაურად ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების კორპუსის ცალკეულ დივერსიულ-სადაზვერვო ბატალიონის (ახლაც მზარავს სახელწოდება) მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად. რეალურად კი 18 კაცი ვართ (ჩემიანად) და აქედან საბრძოლო გამოცდილება სულ 4-ს გვაქვს: მე, „ცარიელას“, მეტყვიამფრქვევე „წიეს“ და ყუმბარმტყორცნელ ნუგზარას. მოკლედ, ბრიგადა _ „უუუხ“.

საღამოს მაგარი (2-ნაფაზიან) პლანის „გრევიც“ მოგვივიდა და უკვე შუაღამისას მივეყარენით დასაძინებლად, საქართველოს სიყვარულით დაბოლილი ვაჟკაცები.

მაგრამ ვინ დაგვაძინა?!

16 მარტის დილა გათენებულიც არ იყო, რომ განგაშზე წამოგვყარეს, _ არიქა, სოხუმს დაეცნენ და ქუჩებში მიდის ბრძოლებიო. ჰეე, მოგეცა ლხენა, მგონი, საქმე გამოგვიჩნდა, მაგრამ ქუჩის ბრძოლების არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ, ძირითადად, ტყვარჩელის მიმართულების ტყე-ღრეებში გვიწევდა ბრძოლები, მაგრამ იხტიბარს ხომ არ გავიტეხ? ისეთი „როჟა“ მაქვს შეკერილი, თითქოს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ დღეს ველოდი.

უცბად ავლაგდით ლოგინებიდან, აღვიკაზმეთ და მზად ვართ სოხუმისკენ გასაქუსლად. ერთი დანაკარგი უკვე გვაქვს, რადისტი ბიჭი კაცს აღარ ჰგავს, ვუყურებ და მეშინია, ამის პანიკები სხვას არ გადაედოს, თანაც რაციის ელემენტებიც დამჯდარი აქვს პატრონივით. მოკლედ, დავტოვე ბაზაზე ჩვენი ძირითადი შემადგენლობის ჩამოსვლამდე და „საბრძოლო“ დავალებაც მივეცი, ჩვენი ნივთებისთვის მიეხედა. 17 მებრძოლი „ურალს“ შემოვახტით და სოხუმისაკენ გავუდექით. გზად ხალხი გვეგებება ტრასაზე, მაგრამ როგორც კინოებში მინახავს, ისე არა, ხელს არავინ გვიქნევს, მდუმარედ გვაცილებს სიყვარულით და იმედით სავსე მზერით. არშესული სოხუმში, კომპოზიტორების პანსიონში გაგვაჩერეს, იქ ვიკრიბებით მთელი რეზერვი, ტრასაზე რამდენიმე აფხაზის გვამი გდია, არადა, იქ არანაირი ბრძოლები არ მიმდინარეობს, წითელ „პაგონიანი“ (აშკარად არასაბრძოლოდ ჩაცმულები) მილიციელებით აივსო იქაურობა და უკვე გასაგებია, რომ ედიკა, სადღაც, ახლოსაა. მალე ეგეც მოვიდა, რაღაცები იბჟუტურა მეთაურებთან და წავიდა. ჩვენც დავიძარით სოხუმის მთავარი შტაბისკენ, ჩემ გვერდით თეთრი არწიველი თათარაშვილი თავის არწივებს (სადაც კი დედამ შვილი დაწყევლა, ყველა მაგის შენაერთშია, „ბეზპრიზორნიკებს“ ვეძახდი, ყველაზე უფროსი 19 წლისა იყო) მიმართავს: „შევდივართ სოხუმში, ვიბრძვით სიკვდილამდე, დაგვეჭრება ვინმე? დაჭრილები გამოგვყავს და ისევ ვბრუნდებით ბრძოლაში!“ _ უუუხ, შენ გენაცვალე, ჯიგარში, გადავხედე ჩემებს და კიდევ კარგი, ახლოში არ არიან და არ გაუგიათ, თორემ ისევ მექნებოდა „დანაკარგი“.

სოხუმის მთავარი შტაბიდან აჩადარაში გაგვამწესეს ჩვენ და „ორბი“, ერთიანად 60 კაცამდე ვართ. ავტობუსმა აჩადარის გადასახვევში ჩამოგვსვა და იქიდან მეკავშირეს ველოდებით, რომ შეგვიყვანოს, აჩადარიდან მანქანა მანქანაზე მოქრის, საბარგულებშიც კი მებრძოლები სხედან: „დაჭრილი მიგვყავს და მალე დავბრუნდებით“, _ ყველას ერთი ტექსტი აქვს. „აბა, გელოდებით, „ბრატცი“, _ ვპასუხობთ ჩვენც, მოკლედ, უკვე სისხლის სუნი ახლოსაა, აშკარად იგრძნობა.

აჩადარაში შევედით და ჩვენ (17 კაცი) მდინარის პირას პოზიციებისკენ გაგვიშვეს, „ორბი“ კი შეეცადა, სიღრმეში შემოსული მტერი შეეკავებინა და ჩვენი უსაფრთხო გარღვევა უზრუნველეყო. იქაური მეგზურის მეშვეობით მდინარის პირამდე მივედით, სადაც ათიოდე ადგილობრივი მებრძოლი დაგვხვდა, იქვე მტრის გვამები ყრია მიმოფანტული, ერთი აშკარად აფხაზია, მაღალია, მხარბეჭიანი, გაშოტილი წევს ამაყად, თითქოს მომეჩვენა, ღიმილი აქვს შეყინული, მეორე კი დაგვაჯული, მოკუნტული და დაჯღანული გდია. „ეს მე მოვკალი „ლიმონკით“, აქვე რაცია მაქვს „პადვალში“ და იქიდან ამოვუგდე, კაზაკია, ამის დედაც“, _ მეუბნება ადგილობრივ მებრძოლთა ათეულის მეთაური. „სანამ დროებითი სიწყნარეა, წამოდით, პოზიციებს განახებთ და აგიხსნით ვითარებას“, _ გავყევით და ზედ მდინარის პირს მივადექით, სადღაც, 3-5 მეტრია მდინარემდე, ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოა, მარცხენა ფრთაზე ორი მიწურია, რომელიც მდინარის მთელ პერიმეტრს აკონტროლებს და სავარაუდო ტანკსაშიში მიმართულებაცაა, რადგან აქ მდინარე გაშლილია და ღრმა არაა. ერთ მიწურში დაზგის ტყვიამფრქვევიც დაგვხვდა მიტოვებული, მეორეში _ ყუმბარმტყორცნი, ჩვენც თითო მივუმატეთ და ათკაციანი მაგარი დაცვის ზღუდე შევკარით. ერთ მიწურში მეთაურად „წიე“ გავამწესე, მეორეში _ ყუმბარმტყორცნელი ნუგზარა, ამ ათიდან მხოლოდ ამ ორს აქვს საბრძოლო ნათლობა მიღებული. დანარჩენი შვიდნი კი მარჯვენა ფლანგზე მორებითა და სილიანი ტომრებით გაკეთებულ „ძოტში“ განვლაგდით და მდინარის იმ ვიწრო ყელს ჩავუსხედით, საიდანაც გამთენიას მტერი შემოვიდა და, სავარაუდოდ, ისევ იქიდან შემოვიდოდა მეორე ტალღაც. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ აჩადარის სიღრმეში უკვე კარგად გამაგრებულ მტრის დამრტყმელ ძალას (200-300 მებრძოლი), ზურგიდან დახმარება მიიღოს და სოხუმისკენ წინსვლის საშუალება არ მიეცეს.

მდინარის პირის ამ პოზიციებს გადამწყვეტი როლი აკისრია, რადგან პირველი შტურმი კი შეჩერებულია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზურგის გარეშე დამრტყმელი ჯგუფი წინ ვერ წავა, თორემ მისი გამჩერებელი რომ არავინ იყო, ეს უკვე 19-ში უკანდახევისას გამოჩნდა, რუსული არმიის საუკეთესო სპეცებით დაკომპლექტებული ჯგუფია, „აგნემიოტ“ „შმელებით“ გაძლიერებული და ავღანეთგამოვლილი ვეტერანებით, მაგრამ ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით და არც გვაინტერესებს, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, უკვე ნებაყოფლობით ალყაში ვართ და ჩვენი გადარჩენის საუკეთესო საშუალება ბოლომდე ბრძოლაა. შებინდებამდე სრული სიმშვიდეა, საერთოდ არაფერი ხდება, მაგრამ უკვე იმდენი გამოცდილება დამიგროვდა და საბჭოთა ჯარში შეძენილი მცირეოდენი ცოდნიდან ვიცი, რომ სწორედ მოჩვენებითი სიმშვიდეა ყველაზე საშიში დრო. ფიგაროსავით ხან ერთ მიწურში გადავდივარ, ხან _ მეორეში, ვამხნევებ, მითითებებს ვაძლევ და თავი ისე მიჭირავს, თითქოს ეს რა ბრძოლაა? სტალინგრადსა და „კურსკის რკალზე“ ვარ ნაწრთობი. ძალიან მძიმე ტვირთი ყოფილა სხვის სიცოცხლესა შესასრულებელ უმნიშვნელოვანეს ამოცანაზე პასუხისმგებლობის აღება.

საღამოს მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნიდან გახსნა ცეცხლი, აშკარად კოორდინატებს ასწორებდნენ, მერე კი უკვე, _ ვაი!

ნუგზარა „გრანატამიოტჩიკს“ ვუთხარი, რომ 50-ოდე მეტრით გასულიყო მარცხნივ და სხვადასხვა ადგილიდან გაეხსნა ცეცხლი, დანარჩენს კი სრული სიყუჩე, მხოლოდ როცა აშკარად დაინახავთ მდინარეში შემოსულ მტერს, მერე გახსენით ცეცხლი-მეთქი. ნუგზარა ჩვეული ოსტატობით სამ გასროლას აკეთებდა სხვადასხვა ადგილიდან, პოზიციის მოშორებით და ამით მტრის ნაღმტყორცნელები ცრუ კოორდინატებზე დასვა, ბოლოს კი მტერი ისე გამოიყვანა წყობილებიდან, რომ უკვე სწრაფი („ბეგლი“) ცეცხლი გაგვიხსნა და, მგონი, თავადვე აიფეთქა თავი, ძალიან დიდი აფეთქება იყო გაღმა და დადუმდა კიდეც მათი ნაღმმტყორცნი.

ახლა მარჯვენა ფრთის „ძოტთან“ დავბრუნდი და აქ გაგვიხსნეს ცეცხლი. როგორც შემდგომ გამოჩნდა, მოგვსინჯეს, ჩვენც მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ერთი-ორი ვესროლეთ (აქა ვართ და ემანდ, თავში არაფერი აგივარდეთ-თქო) და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. შუაღამეს კი მოპირდაპირე ფერდობზე ავტომობილის „სტოპის“ წამიერად ანთება დავაფიქსირეთ და ცეცხლი გავხსენით, უმალ დავუკავშირდი ჩვენს უკან მყოფ ადგილობრივთა ათეულის მეთაურს და ადგილი ვანახე, სადაც ეს დავაფიქსირეთ, მანდ მანქანას შეუძლია მოსვლა-მეთქი? _ კიო, მანდ გზა გადის და უეჭველი, ახალი ძალები მოჰყავთო. გავარდა უკან, გადასცა რაციაზე და უმალვე მოირბინა ჩვენთან, _ ბიჭებო, რაც შეიძლება, ჩაწექით და დაიმალეთ, ახლა ჩვენები მანდაურობას დაბომბავენ და ფრთხილად იყავითო. და ეს „მანდაურობა“ ჩვენგან 50-100 მეტრია, ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ გვბომბავენ, რაზედაც დიდი მადლობა გადავუხადე და თუ გადავრჩებით, თბილისში გვესტუმრე-მეთქი.

მიმოვიხედე და სად უნდა დაიმალო? სად უნდა ჩაწვე? ერთი კუანა „ძოტი“ გვაქვს და თუ პირდაპირ არ დაადეს, კი გაუძლებს აფეთქების ტალღას, ისე კი სადაც გინდა, დაიმალე, სულ მორები და სამშენებლო მასალაა მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაირი აზრი არ აქვს გაფანტვას და დამალვას, მორი გაგჭყლეტს, თუ „ასკოლკა“ მოგკლავს, რა მნიშვნელობა აქვს? ისევ „ძოტში“ ჩავეტიეთ შვიდივე და დაიწყო ჩვენმა სახელოვანმა არტილერიამ და რა დაიწყო!.. ოთხ-ოთხი ჰაუბიცის ყუმბარა ერთ ზალპად ფეთქდება ჩვენ პირდაპირ, ზანზარი გააქვს მიწას, რის ჩაწოლა და დამალვა? ასეთ ფოიერვერკს კიდევ როდის ვნახავ ცხოვრებაში? თან ჭახან-ბრახვანის ხმაა ისეთი, რომ სისხლი აგიდუღდება და თან მიწაც დეტონირებს…

დამთავრდა დაბომბვა და მაშინვე მოირბინა ჩვენმა მასპინძელმა, მოგვილოცა და გვახარა, რომ მტრის მეორე ეშელონი განადგურებულია. ამ დარტყმით სოხუმის აღების მცდელობა ჩაიფუშა, მაგრამ ეს ჯერ არავინ ვიცით, ზურგში მტერი გვყავს და გაღმა, კიდევ, რამდენი სიურპრიზია, ვინ გვეტყვის? მოკლედ, იმ ღამემ მშვენიერ განწყობაში ჩაიარა, იყო ბლომად ყანწები და ღრმა ნაფაზები („პროტივოგაზის“ პატარა ჩანთა გამოჯეჯგილი მაქვს ჯადოსნური ბალახით) ანტისტრესანტის.

17 მარტის დილა, მიუხედავად იმისა, რომ სუპერადრენალინური ღამე გადავიტანეთ, მაინც ჩვეულებრივად გათენდა, სრული სიწყნარეა, მდინარე გუმისთა ისევ ადიდებული მოჩუხჩუხებს, მერე ფართოვდება და ნელ-ნელა წყნარდება. არავის თვალი არ მოუხუჭავს, მაგრამ დილაა და ახალი ენერგია შეგვმატა აფხაზეთის მზემ. მე და „ცარიელა“ მარცხენა ფრთას ვესტუმრეთ, ბიჭები ყოჩაღად არიან, უკვე იყნოსეს „დენთის სუნი“ და მგონი, მოეწონათ კიდეც, ისე უბრწყინავთ თვალები. განაპირა მიწურში „წიე“ და მისი ამალაა, დაბომბვისას ერთხელაც არ წასცდენია თითი გასასროლად, სიტყვა-სიტყვით ასრულებს დავალებას, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გახსნას ცეცხლი. ბრავო, „წიე“! ცოტა აქეთა მიწურში კი ოთხი ავლაბრელი, ბავშვობის მეგობრები არიან, თავიდანვე სუსტ რგოლად ჩავთვალე, რადგან მითხრეს, რომ ჩვენ ერთად გვინდა ყოფნა და ნებისმიერი დავალებას ერთად შევასრულებთო, ჰოდა, ერთად ჩავუძახე ოთხივე ყველაზე ღრმა მიწურში, მეთაურად კი ყუმბარმტყორცნელი ნუგზარა დავუნიშნე. პატარა „აღმზრდელობითი“ სამუშაოც ჩავუტარე: „აი, ხომ ხედავთ, რა კარგია დისციპლინა და ღრმა სანგრები? ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ამაზე კარგი ადგილი მთელ აფხაზეთში არ მოიძებნება, იჯექი შენთვის დაცულად და ხოცე, რამდენიც გინდა. არაფრის დიდებით მიწურები არ მიატოვოთ, სულ რომ სოხუმში შეიჭრან, აქ მაინც ყველაზე დაცულები ხართ, თუ რამეა და ბოლოს მთაში ავალთ, სვანებისკენ, უკან დახევა და მით უფრო, გაქცევა გაცილებით სარისკოა“. ჭკვიანური გამომეტყველებით დამეთანხმა ყველა.

უბედნიერესი ვარ ჩემი სტრატეგიული გამჭრიახობით. დავუბრუნდით მარჯვენა ფლანგს, ყველაზე საშიშსა და ნაკლებად დაცულს, მაგრამ ფათერაკიანსა და მიმზიდველს. დაახლოებით 4 კვადრატია მთელი „ძოტი“, ბლოკის კედელი, მორები და ქვიშის ტომრები სახელდახელოდ გაკეთებულია, მაგრამ ტყვიას უძლებს, მის გარეთ კი მხოლოდ ბლოკის კედელია და ტყვია ისე შედი-გადის, როგორც მოესურვება. მეორე დღეა და პირველად მოგვშივდა, „ტუშონკა“ გავხსენით, ოდნავ შევათბეთ მინიკოცონზე და ისაა, „ცარიელამ“ პირველი ლუკმა უნდა ჩაიდოს, რომ ტყვიამ ლუკმასა და გაღებულ პირს შორის ჩაუარა, მეორემ თავზე გადაუარა, მესამე კი კედელში ჩაიჭედა (დარტყმით ვიგრძენი). ეგეთი რამე მხოლოდ კინოში ვნახე მოგვიანებით, ნეო რომ „მატრიცაში“ ტყვიებს შორის ბზრიალებს, ისე აფართხალდა „ცარიელა“, მოდი და ნუ აფართხალდები? ბლოკის კედლის გასვლისას ცემენტის მტვრის ზოლი წამოიყოლა ორივე ტყვიამ. აშკარად სნაიპერია, თანაც, ცხოვრებისგან გაბოროტებული, თორემ სამ ტყვიას არ გვესროდა, კვამლი გაძვრა კედელსა და ჭერს შორის და მასე დაგვაფიქსირა, ლუკმა არ შეგვარგო. ისევ მასპინძლებს გავახსენდით (რაცია არ გვაქვს), უცბადვე მოირბინა, ტყვიის ზოლის მიხედვით სავარაუდო ადგილი მივუთითე და ახლავე მივხედავთო. მხოლოდ ერთი ყუმბარა გლიჯა ჰაუბიცამ ზუსტად იმ ადგილს და ბდღვნა ადინა. აბა, რა ეგონა? ჭამას ძაღლსაც აცლიან.

კარგი გამოთოფილი ჰქონიათ ჩვენს არტილერისტებს იქაურობა, რომ ასე მარტივად იცოდნენ, სად, რომელ კვადრატში უნდა ჩაესვათ, თორემ მე კვადრატი მარტო გეომეტრიაში ვიცი, რუკებს კი საერთოდ არ ვხმარობდი. ბრავო, არტილერისტებს!

პერიოდულად დამთრგუნველ ცეცხლს გვიხსნიან გაღმიდან, ჩვენც ვპასუხობთ. ამას ძალების მოსინჯვა ჰქვია, აშკარაა, რომ ჩვენი პატარა შენაერთი მტრის ხახაშია გაჩხერილი და სანამ ჩვენ იქ ვდგავართ, აჩადარის სიღრმეში „მშვიდად“ მყოფი „შტურმავიკების“ ჯგუფი მოწყვეტილია აქტიურ მოქმედებას, მაგრამ იმდენად ძლიერი დაჯგუფებაა, რომ ახლოს ვერავინ ეკარება, მეტიც _ მათი შიშით ჩვენთანაც ვერავინ მოდის და ერთადერთ ათეულთან გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც ჩვენი პოზიციების ვიწრო შემოსასვლელს იცავს. მათი მეთაური არასდროს დამზარებია გამომყოლოდა (ადგილობრივია და ყველა ბუჩქი იცის) სიცოცხლის რისკის ფასად (ნებისმიერ ადგილას შესაძლოა, გადავაწყდეთ მტერს, რომელიც სიღრმეშია შემოსული და სულაც არ გვცემს პატივს) ბატალიონის შტაბამდე და უკან, სადაც ტყვია-წამლისა და ორი „ბუხანკა“ პურისთვის მიწევს ყოველდღე ასვლა. ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას (თვითონ მივდიოდი, სხვას ვერ დავავალებდი) მე შიში ვჭამეე!.. _ არ მკითხოთ, ახლავე მოგიყვებით: შტაბიდან უკან ვბრუნდებით და იქვე ერთ-ერთ ბაღში ჯარისკაცები შევნიშნე, მეგზურს გავხედე, _ ჩვენებია, დღეს მოიყვანეს და აზრზე არ არიან არაფრის (არ შეიძლება, ასე ღიად ჩანდე საბრძოლო სიტუაციაში). მივუახლოვდით ძალიან მშვიდად და ტიპმა თვალები დამიქაჩა, ავტომატი მომიშვირა და განწირულმა მიყვირა: „პაროლი“! პაროლი კი არა, სახელი და გვარი დამავიწყდა, თან სროლის წკიპზეა, არადა, შემიძლია, დავასწრო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის ჩემია და როგორ ვესროლო? მის თვალებში კი მხოლოდ შიშს ვხედავ. გავთავდი კაცი, აი, ჩაჯმა მაშინ იყო, თუ იყო… და შიშისგან ისეთი ვუღრიალე: „შეეე ყ***ოოო!“ _ რომ ყველა პაროლზე მეტად გაჭრა და უკვე ცოტა დავურბილე: აფხაზი რომ ვიყო, ახლა შენ ცოცხალი იქნებოდი-მეთქი? ეს ყველაფერი სულ ერთ წამში მოხდა. გადავხედე ჩემს მეგზურს და ვკითხე, _ ამათ პატრონი არ ჰყავთ? ვინ ასწავლა ასე ბირჟაზე დგომით პაროლის მოთხოვნა? აფხაზი ამას პაროლს ეტყვის? ხო ეგრევე დაადუღებს? დავრწმუნდი, რომ ამ სიტუაციაში პაროლს არანაირი აზრი არ ჰქონდა. ის დღე იყო და ავკრძალე ყველანაირი პაროლი, _ სულ რომ დაგვხოცონ, არ დაგინახოთ ღამით ჩემს პოზიციებზე ვინმე მოსული, დღე _ კი ბატონო-მეთქი. ღამემაც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაძაბულად, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, საღამოს ერთი ბიჭი დაგვემატა თბილისიდან. გაიგო რა, სოხუმზე შტურმი დაიწყოო, უბნელ ძმაკაცებს ჩამოაკითხა, ხილიანელები იყვნენ: გუჯა და ნუგზარა. აი, ასე ვიბრძოდით _ ქუჩის ბიჭები და დედიკოს ბიჭები საყაჩაღოდ წასულებს გვეძახდნენ, თუმცა არცთუ უსაფუძვლოდ, მასეთებიც იყვნენ.

გაგიკვირდებათ და 18 მარტიც ძალიან ჩვეულებრივად გათენდა, იგივე ადგილას ვართ (ერთადერთი თავდაცვის ზღუდე მდინარის პირას) და იგივე შემადგენლობით. ჯერ სერიოზული შეტაკება, ან ახლო კონტაქტი მტერთან არ გვქონია. ფაქტია, რომ სრულ ალყაში მყოფი (მწვანე სახლს ეძახდნენ ადგილობრივები იმ ადგილს, სადაც იყვნენ გამაგრებული შუა აჩადარაში) საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება თავს არხეინად გრძნობს, მაგრამ უკვე მესამე დღეა და გული გრძნობს, რაღაც შეიცვლება. კიდევ ერთხელ ჩამოვუარე მარცხენა ფლანგის მებრძოლებს და გავამხნევე, კიდევ ერთხელ „დავაფრქვიე“ ჩემი სტრატეგიული ხედვები, _ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ, ვისაც დაინახავთ, ეგრევე ესროლეთ, პაროლი არა, ყვავი, აქ ჩვენიანს რა უნდა? ხომ ხედავთ, პურზეც კი მე თვითონ ავდივარ, არავინ ახლოს არ გვეკარება. მეტყვიამფრქვევე „წიეს“ განსაკუთრებული ყურადღება ვთხოვე, _ დღეს უეჭველი რაღაც მოხდება და აბა, შენ იცი, მომცელავი, 10-15-ტყვიანი ჯერი არ მოაკლო „მაგნებს“ (მე უფრო გაღმიდან ველოდები შემოტევას, სოხუმი რომ უკვე გადარჩენილია, ჯერ არ ვიცი, არ გვეუბნებიან). _ კაიო, დამიქნია თავი. დავბერდი კაცი და ასეთი სასწაულად „მდუმარე“ მეგრელი ჯერ არ მინახავს, ორი გადაბმული სიტყვა არ მახსოვს „წიესგან“.

დავუბრუნდი მარჯვენა ფლანგს და აქაც მოვათვალიერე კიდევ ერთხელ ყველაფერი, თავად „ძოტი“ კარგი დაცულია, სამი სათოფური აქვს და თუ ზუსტად სათოფურში არ შემოაგდეს ტყვია, ისე არაფერი გვიჭირს, მყარად არის დაცული, 2-3 ყუმბარმტყორცნის კომულატიურს კი გაუძლებს და მეოთხეს ვინ ასროლინებს? ჩვენ კაკალს კი არ ვბერტყავთ? პირდაპირ მდინარიდან შეუმჩნევლად მოახლოება შეუძლებელია, ჩვენთან ცოტა ვიწროა ყელი და, შესაბამისად, ადიდებულად და ჩუხჩუხით მოედინება გუმისთა, ერთი ზურგიდან შეიძლება მოგვიარონ, მაგრამ იქაც შემოსასვლელს ადგილობრივების ათეული იცავს.

შებნელდა, სრული სიჩუმეა, და მარცხენა ფლანგზე ტყვიამფრქვევის მოკლე ჯერი მომესმა, ვიფიქრე, რომ გაუვარდათ, რადგან გრძელი და მომცელავი ჯერი მაქვს ანდერძად დატოვებული „წიეზე“, დავწერდი, „ნაბრძანები“-მეთქი, მაგრამ არ ჯდება ეგ სიტყვა რეალობაში. ცოტა ხანში იქიდან მოგუდული ხმა მესმის, _ „ხიზან“, მოდი აქ. მივედი და რას ვხედავ, „წიეს“ მიწურთან, სადღაც, 3-4 მეტრში გაშოტილი წევს ვიღაც. ფეხები დავინახე მიწურიდან, „წიეს“ ვუთხარი და იმანაც ეგრევე დაუშვა, _ მეუბნება „წიეს“ თანაშემწე მეტყვიამრფქვევულ საკითხებში. ყოჩაღ, „წიე“, ეგრე უნდა, აბა, ხომ ვერ შეეკითხებოდი, როგორ მოხვდით, ბატონებო აქ? გზა ხომ არ აგებნათ? ასე გააგრძელეთ, _ დავუბარე და დავბრუნდი ისევ ჩემს ალაგას.

მხოლოდ მეორე დღეს გავარკვიეთ, რომ დივერსიული ჯგუფი იყო, როგორც ჩანს, ჩვენი „ძოტის“ გასანადგურებლად მდინარის ნაპირს ამოუყვნენ, მაგრამ „წიეს“ მიწურსაც ვერ გასცდნენ, რადგან არ იყო „დამწვარი“ მისი პოზიცია. საბუთები ვუნახეთ: მაიორ მეტელევ, კამანდირ როტი, როსსია. დანარჩენი, ეტყობა, მდინარეში ჩაცვივდა და დინებამ წაიღო.

სადღაც შუაღამისკენ გამაყრუებელი ხმა გაისმა ბადრი მთვარით განათებულ მოწმენდილ ცაზე, ძალიან დაბალზე გადაგვიფრინა რუსების „სუ-27“-მა (კუდში ორ ფრთაზე ვიცანი) და რამდენიმე მანათობელი გირლანდები (პარაშუტზე მობმული დიდი „ლუსტრა“) გადმოყარა ზედ ჩემს „ძოტთან“, დღესავით გაანათა გუმისთის ორივე სანაპირო. აშკარაა, რომ „რაზვაროტზე“ დაგვიშენს, პირდაპირ ვერ დაგვიშენდა, მოპირდაპირედ მთაა და ეგრევე ხეობა, აი, რომ მოტრიალდება სოხუმიდან, უკვე ხელის გულზე ვყავართ და თან განათებულ-მონიშნული. ისევ წამიერად ავამუშავე „კომპიუტერი“ და როგორც ჩვენების საარტილერიო დაბომბვისას, ახლაც გადავწყვიტე, რომ გაფანტვას აზრი არ აქვს, ისევ სჯობია, ყველანი „ძოტს“ შევეფაროთ, თან ადრინდელი გამოცდილებიდან მახსოვს, რომ მაინცდამაინც დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან, აძიუჟბასთან მთელი სატანკო კოლონა დაგვიბომბეს და ერთსაც ვერ გაარტყეს. მოტრიალდა და მალევე ფრთებს ქვევით ცეცხლები გაყარა. ვიფიქრე, სხვა ობიექტებს დაუშვა რაკეტები და ჩვენ არაფრად ჩაგვთვალა მაგ „კაზიოლმა“-მეთქი, მხოლოდ კაი ხნის მერე ვიგებ, რომ ეგ „სუ-27“ ჩვენმა მეზენიტემ ჩამოაგდო „სტრელათი“ და ჩვენ რომ გაშვებული რაკეტების ცეცხლი გვეგონა, მაგაზე დინგში მოდებული „სტრელა“ იყო. მტრის ჰაერიდან თავდასხმის მოლოდინში უკვე 15-ოდე წუთი გავიდა და ახლა მიწაზე ატყდა ბაგა-ბუგი, სროლა აშკარად ცალმხრივია, როგორც ჩანს, აჩადარის სიღრმეში მყოფმა დაჯგუფებამ გამოიღვიძა და აბობოქრდა, მიმიქარავს სიმფონიური ორკესტრი, ისე დახვეწილად და შეხმატკბილებულად ისვრიან ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები, მტრისაც რომ მოგეწონება და შეაქებ, ისე. რამდენიმე სახლი ჩვენ უკან ცეცხლის ალში გაეხვია და ეს ცეცხლი ჩვენკენ, ანუ უკან, გუმისთისკენ მოიწევს. ამავდროულად, გაღმიდანაც დაგვცხეს მთელი სიბოროტით, ზანზარი გააქვს „ძოტს“, მის გარშემო კი ბლოკის კედლებში გამოსული ტყვიებისგან ცემენტის ბუღი დგას.

აქ უკვე ორი ვარიანტია, ან დამატებითი ძალები შემოდიან, ან, როგორც ჩანს, ალყაში მყოფნი რუსებისთვის ძალიან ღირებული შენაერთია და ჩვენც ბუასილივით გავეჩხირეთ ერთ ადგილას, რომ ჯერ დივერსანტები გამოუშვეს ჩვენ გასანადგურებლად, მერე კი „სუ-27“ აწიეს ჰაერში და ახლა უკვე გაღმიდანაც მაქსიმალურად ეხმარებიან, რომ როგორმე გამოიყვანონ სამშვიდობოს.

გაღმიდან დაგვიშვეს და რა დაგვიშვეს! თავად „ძოტი“ კი დგას მყარად, მაგრამ უკვე „კრუგავოი“ გვიჭირავს და სამნი „ძოტის“ უკან მორების შტაბელზე ვართ გამოჭიმული, აქ შედარებით დაუცველნი ვართ, მაგრამ განა ახლა მაგაზე დგას საქმე? უკვე მტერს ზურგიდანაც ველოდებით, ცეცხლის ხმა უკვე ძალიან მოგვიახლოვდა, შესაბამისად, ვიღაცამ ზურგიც უნდა დაიცვას. ერთი წუთიც არ გასულა, რომ მარცხენა ხელის მტევანზე ვირთხის კბენასავით სიმწარე ვიგრძენი და ხელის გული თბილი სითხით ამევსო (ტყავის გადაჭრილი ხელთათმანი მაცვია და ხელის გულში დაგროვდა). „მგონი, დამჭრეს, ამ ბოზებმა!“ და ჩამოვედი შტაბელიდან „ძოტისკენ“, ბიჭებიც ჩამოვიდნენ და სანთებელით მომინათეს ხელზე, ყველა თითი ადგილზეა და ნახვრეტიც არაა, ე. ი. დარეკოშეტებული, ძალადაკარგული ტყვიაა და ვერ გაიტანა, ალბათ, იმიტომაც მემწარა ტკივილი, თორემ როცა გააქვს, შეიძლება ვერც კი გაიგო, ისეა ადრენალინი მომატებული. მორებს სიბნელეშიც ეტყობა ტყვიებისგან ატკეჩილი კანი და მართლაც მაგრად გაგვიმათლა, რომ ამ უმნიშვნელო ჭრილობით გადაგვატარა. ერთი, რაც მოვიფიქრე, გადავჯგუფდით, AKM-ბი ვისაც ჰქონდა, მოვაცილე სათოფურებს, რათა საცეცხლე წერტილები არ დაგვეწვა და მხოლოდ AK-74 ვისროლოთ-მეთქი, რომელსაც ლულაზე ცეცხლგამფანტავი აქვს და გაცილებით უკეთესია ყველა პარამეტრით, ტყვიების მარაგიც მათი უფრო მეტი გვაქვს. სამი მსროლელი სამივე სათოფურში და ორი დამტენავი ეხმარება „ძოტში“, „ძოტის“ გვერდით კი მე ვდგავარ (შედარებით დაუცველია, მაგრამ რაღა დროს დაცვაა? პენალს გვირტყამს ხიდიატულინი, თანაც არეალის დიდი „აბზორი“ აქვს მაგ წერტილს) ერთი დამხმარით, რომელიც ელვის სისწრაფით ტენის „რაჟოკებს“, ერთიც ხელის ტყვიამფრქვევით ზურგში ჩავმალე (ეშმაკს არ სძინავს) და დავუბარე: თუ ზურგში შემოაღწიეს, გაფანტვა და გაშლა არ აცალო, ვიწროშივე დაუშვი-მეთქი.

ამ გადაჯგუფებაში 3-4 წუთი გავიდა, გაყუჩულები ვართ ძუძუს გოჭებივით. ჯერ კიდევ ჯარიდან მახსოვს (მაგარი „იდეინი“ მეთაური მყავდა), რომ შენაერთი ერთიანად არ მოძრაობს, პირველი „დაზორი“, ანუ შედარებით პატარა ჯგუფი უტევს და იმის მიხედვით, თუ რა წინააღმდეგობა შეხვდება, მერე გადაჯგუფდება და ერთვება მთელი შენაერთი. ჰოდა, ხერხი სჯობია ღონესაო და ჭკუა ვიხმარე, მდინარეზე გავატარე ეს პატარა ჯგუფი. უმალვე უკვე მთელმა შემადგენლობამ შეაბოტა ვიწროყელიან ცივ მდინარეში, ეს მდინარის დგაფუნითაც იგრძნობა და მებრძოლების საკმაოდ ხმაურიანი გადაძახილებით. იფიქრეს, რომ დაგვადუმეს და არხეინად არიან.

საკმაოდ მოდუნდა და მოეშვა ალყიდან თითქმის სამშვიდობოს გასული მტრის შენაერთი და სწორედ მაგ დროს: აბა, დავცხოთ, ბიჭებო, დამბაჩები აქვთ მაგნებს, დამბაჩები!!! _ ვიყვირე და ოთხი ავტომატიდან ერთდროულად გავხსენით უწყვეტი ცეცხლი, „რაჟოკების“ გამოცვლა და ისევ და ისევ, ალბათ, ათასამდე ტყვია გავუშვით, სულ რაღაც, ერთ წუთში, ახლაც ყურში ჩამესმის (50-70 მეტრშია ბრძოლა) სასიკვდილოდ განწირული, უკვე ადამიანების და არა მეომრების სხვადასხვა ხმოვანების ბღავილი, აქა-იქ რაღაც ბრძანებისმაგვარი გადაძახილებიც (რუსი, მაინც, ძალიან დედამო***ნულია, სისხლში აქვთ გამჯდარი ხელჩართული ბრძოლა, არ იბნევიან) და ორგანიზებულმა წინააღმდეგობამაც არ დააყოვნა, გაათმაგებული ცეცხლი გაგვიხსნეს, როგორც გაღმით წინასწარ მოყვანილმა, ასევე სამშვიდობოს გაღწეულმა მეომრებმა, ჩვენც უკვე ერთიანად აღარ ვისვრით, მაგრამ უწყვეტად, 3-5-ტყვიიანი მოკლე ჯერი, ერთმანეთის მიყოლებით. უკვე ვყირივარ და სრულად შევედი ნაღდი ჩაპაევის როლში, უკვე სრული დომხალია, ვინ _ ვის. აქ მესამე (ფრე) არ არსებობს. ისეთ აზარტში ვართ, რომ ხილიანელმა ნუგზარამ ხმამაღლა, განწირული, მაგრამ ხალისიანი ხმით წაიმღერა: „ყვარყვარე, შენ შეგვიწყალე“ და უმალ ავყევით (ბოლოს მაგ ფილმს ვუყურეთ და ჩაგვრჩა, ეტყობა) კონსერვატორიის გუნდივით. სრული სიგიჟე, ალბათ, კიდევ კარგა ხანი გაგრძელდებოდა, „შმელის“ ყუმბარას რომ არ გამოვეფხიზლებინეთ.

ყუმბარა თავს ზემოთ, კედლისა და ჭერის გადაკვეთაში მოხვდა, ყველაფერი წითელი ციცინათელებით აივსო, მგონია, დამბრიდეს და სამოთხეში ვარ, მაგრამ მალე დაიწყო ჩაქრობა და დავბრუნდი ცოდვილ მიწაზე, „ცოცხალი ვარ“, _ ვთქვი გულში და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ბოდიში… ვერ ვინძრევი, ხელი მივისვ-მოვისვი და მშრალი ვარ, არც აშკარად გამოკვეთილი ნახვრეტები არ შეიმჩნევა, მაგრამ მაინც ვერ ვდგები, დავიტანჯე კაცი, ოფლმა დამასხა. სწორედ ამ დროს დამიბრუნდა სმენა: „ცოცხალია, დროზე მივეხმაროთ“, _ მესმის ბიჭების ხმა. თურმე, რაც კოჭი, „სტრაფილი“ და ფიცრებია, სულ თავზე მაყრია და რას წამოვდგებოდი? მოკლედ, მინიკონტუზიამ მშვიდობიანად ჩაიარა (უკვე მეორედ, ადრე „ბეემპეში“ ვარ ანაფეთქები) და ისევ დავუბრუნდი კაპიტნის „მოსტიკს“. „ცეცხლი არ შევწყვიტოთ, ბიჭებო, თორემ, თუ გაგვისწორეს „პრიცელი“, მერე გამოგვწვავენ მადლიერების ინდაურებივით“… და ისევ გავაგრძელეთ მოკლე, მაგრამ უწყვეტი ცეცხლი. მტრის გადარჩენილი შენაერთიც უკვე აღარ გვიშენს გამწარებული, ტყვია-წამლის მარაგი მათაც წკიპზე აქვთ და თან ჩვენი არტილერიისაც ეშინიათ, თუმცა არტილერია იმ ღამით არ მოგვეხმარა (რატომ? მარჩიელობას ვერ დავიწყებ, თუმცა ედიკას რომ რუსების შიში ჰქონდა, ეს ფაქტია და არ გამიკვირდება, თუ მასთან და მის უშუალო „გენარალისიმუსებთან“ რუსების გატარება შეთანხმებული იყო. წინა დღეს მიბრძანეს კიდეც გადაადგილება, რომელიც მტრის ფაქტობრივ გატარებას ნიშნავდა, მაგრამ „ნა***უი“ რომ არის, იმის იქით გავუშვი). სროლები გათენებამდე გრძელდებოდა და ინათა თუ არა, შეწყდა კიდეც, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა.

 

გიორგი ხიზანიშვილი