„არ დავწყნარდები, სანამ ვირთხებს თავებს არ დავაძრობ, სიმართლე იზეიმებს!“

რეჟისორი გურამ ბრეგაძე, რომელმაც თეატრის მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა, რუსთავის თეატრიდან გამოუშვეს, ხოლო მოზარდ მაყურებლის თეატრში სპექტაკლები გაუჩერეს. მას სჯერა, რომ სამართალს სასამართლოს გზით აღადგენს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.
„არ დავწყნარდები, სანამ ვირთხებს თავებს არ დავაძრობ, სიმართლე იზეიმებს!“ _ ამბობს რეჟისორი.

ვინ არიან ეს ვირთხები? რა მოხდა რეალურად? ვის წინააღმდეგ აქვს პრეტენზია რეჟისორს? და რატომ უნდა გადადგეს კულტურის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“ გურამ ბრეგაძეს ესაუბრება:

_ რუსთავის თეატრიდან რატომ გამოგიშვეს?
_ თეატრიდან ჩემი გაშვების მიზეზი გახდა ის, რომ ხმამაღლა დავიწყე საუბარი ქართული თეატრის პრობლემებზე. მაგალითად, ის, რომ ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს სჩადის და ფულს იპარავს. მოკლედ, თეატრის მაღალჩინოსნები კორუფციაში ვამხილე.
_ ფულის მოპარვის თემას დავუბრუნდეთ. რას გულისხმობთ?
_ რეგიონებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რომ 2700 ლარი ექნება ხელზე ხელფასი და წამყვან მსახიობს _ 400 ლარი, ეს არ არის ბიუჯეტის ძარცვა და ფულის მოპარვა?! ვინ მისცა უფლება საკუთარი თავისთვის ათჯერ მეტი ხელფასის დანიშვნის?! ანდა ვინ მოიგონა ამ ხელფასების ასე უსამართლოდ გადანაწილების სისტემა?! ამ ბანდიტების ხელში ტრეფიკინგის მსხვერპლია მსახიობიც და სცენის მემანქანეც. ახალი ხელისუფლების პირობებში ისეთი სამხატვრო ხელმძღვანელები დაბრუნდნენ, თავის დროზე, კორუფციის გამო რომ იყვნენ თეატრიდან გაგდებულები. გადახედეთ რეგიონების თეატრებს, საერთოდ, რა ხდება და, ზოგადად, დაინტერესდით, როგორ ტარდება კონკურსები. 3-4 წლის მანძილზე ყველაზე პროდუქტიული რეჟისორი ვარ საქართველოში და ეს პრობლემები რომ წამოვწიე, არც ერთი ჩემი სპექტაკლი აღარ გაუშვეს. ერთადერთი სპექტაკლი დამიტოვეს „ცისარტყელა“, რომელიც რუსთაველის თეატრში გადის და ისიც იმიტომ, რომ რობერტ სტურუას თანარეჟისორი ვარ. სხვა ყველა დაიბლოკა. პრემიებსაც თვითონ ირიგებენ. მაგალითად, დიმა ხვთისიაშვილმა საკუთარ თავს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მისცა. წლების მანძილზე ცინიზმი და დაუსჯელობაა იმ ხალხის, ვინც მსახიობების ჯიბეში ხელებს აფათურებს.
_ მსახიობები ამაზე რატომ არ იღებენ ხმას?
_ დაშინებულები ჰყავთ და იმიტომ. სამხატვრო ხელმძღვანელებიც ტერორის ქვეშ არიან. არ გათამაშებენ სპექტაკლებში, ნელ-ნელა მოგტეხავენ და ბოლოს გაგიშვებენ.
_ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის მიმართ რა პრეტენზია გქონდათ?
_ მანანა ბერიკაშვილთან დაკავშირებით მინდა, დავკონკრეტდე: საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ის დიმა ხვთისიაშვილს მფარველობს. ჰოდა, ამომივიდა ეს ყველაფერი ყელში და ერთ-ერთი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ პერფომანსი მოვაწყვე და კორუფციაში ვამხილე თეატრის ხელმძღვანელობა, კერძოდ, მოზარდ მაყურებლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ხვთისიაშვილი. დღეს მასთან მაქვს ფინანსური დავა. სწორად გამიგეთ, არ მინდა გავიმეორო ჩემი მეგობრების ბედი, რომლებიც დავიცავი _ ისინი უცხოეთში არიან გადახვეწილები და ამ ქვეყანაში არ უშვებენ. მოკლედ, ეს გახადეს მიზეზად თეატრიდან ჩემი გაშვების. ყველა საყვედური ერთ დღეს გამომიკრეს. არადა, ვინმეს თუ რამე პრეტენზია აქვს შენთან და რამდენჯერმე საყვედურს გიცხადებს, სხვადასხვა დღეს უნდა იყოს ხომ, ალბათ, დაწერილი?! ამათ კი ერთ დღეს გამომიცხადეს რამდენიმე საყვედური.
_ გაშვების მიზეზად თქვენი პროტესტი დასახელდა?
_ არა, რა თქმა უნდა. ჯერ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ გამომიცხადა, რომ ჩემი გაშვების ბრძანება თითქოსდა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარემ მიიღო.
_ საკრებულოს თავმჯდომარე თეატრთან რა კავშირშია?
_ საქმეც ეგ არის, რომ თუ ეს ასეა, კატასტროფაა. ვიმედოვნებ, რომ სოსო ნემსაძე იტყუება. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო უნდა შეკრებილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ გასაგებად თქვა, რომ ჩვენ არ ვერევით ასეთ საქმეებშიო და თეატრის დირექტორ სოსო ნემსაძესავით მიიღო ჩემი გაშვების ერთპიროვნული გადაწყვეტილება.
_ როგორც ვიცი, სასამართლოში აპირებთ სარჩელის შეტანას.
_ დიახ, თეატრის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამართლებლივ დავას ვაპირებ. დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს, გურამ ბრეგაძე უნდა იყოს თუ არა რუსთავის თეატრში რეჟისორად. სასამართლო პროცესზე ყველა ფინანსურ გარღვევას გამოვამზეურებ. მაგალითად, როდესაც კულტურის სამინისტრო დიმა ხვთისიაშვილს 100 ათასს ლარს უყოფს „ბაში-აჩუკის“ სპექტაკლის დადგმაზე და ეს სპექტაკლი ვარდება, ისმის კითხვა, _ თანხა რისთვის იხარჯება?! ამ დროს, პირობითად ვამბობ, ჩემი სპექტაკლი, „სამეფო ძროხა“, კომედიის ფესტივალში იმარჯვებს, მე მაქვეითებენ და ჩავარდნილ სპექტაკლს ასიათასობით უხდიან.
_ მოზარდმაყურებლის თეატრს სერიოზული პრობლემები ჰქონია…
_ ეს სტრატეგიული თეატრია და ბავშვს მანდ უყვარდება თეატრი. იმ მოზარდს თავიდანვე უნდა ანახო ხარისხიანი საბავშვო სპექტაკლები, რომელიც დიმა ხვთისიაშვილმა მოსპო. ახმეტელის პრემიას ისე იძლევიან, რომ აზრზე არ არიან, ვინ იყო სანდრო ახმეტელი? ანდა რის გამო დახვრიტეს? სანდრო ახმეტელი სიტყვის თავისუფლების გამო დახვრიტეს და მაგ პრემიის მატარებელმა რა არის სიტყვის თავისუფლება, საერთოდ არ იცის. ჰოდა, ვერ აიტანეს ჩემი განცხადება, ჩემი სიმართლე და ყველა სპექტაკლს ჩამომაშორეს. რეჟისორების ისეთი თაობა მოდის, რომ ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც ფული არ აქვს მოპარული და საერთოდ, ფულის მოპარვის სქემა არ ვიცით, გვავიწროებენ.
_ ალბათ, რთულია მარტო ბრძოლა?
_ მართალია, მსახიობები ახლა დუმან, მაგრამ ხვალ აუცილებლად ამოიღებენ ხმას. ეს გარდაუვალია. ეს მარაზმი და ჭაობი ვერ გაამართლებს.
_ ისე, თეატრი პოლიტიზებულია?
_ პოლიტიზებული ყოველთვის იყო. ახლა, ვითომ, „ოცნებისტები“ არიან, სააკაშვილის დროს „სააკაშვილისტები“ იყვნენ, მორალი არ აქვთ. მერე რაღაც მოხდება და ეგრევე პოლიტიკურ ჯგუფს დაბრალდება. კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეა შესაცვლელი, იმიტომ რომ მინისტრი თეატრის გონზე არ არის. ერთადერთი კარგად იცის, ელტონ ჯონი როგორ ჩამოიყვანოს და დააბინაოს, მერე თქვას, ავად გახდაო, მაგრამ თეატრი არ ესმის მაგ კაცს, ანდა ვაკუუმში ჰყავთ.
_ იქნებ, სამინისტროა თავად გარიგებული თეატრის ხელმძღვანელობასთან?
_ ეგ, ნაკლებად. გიორგაძემდე არც მიდის ბევრი ამბავი. მას, უბრალოდ, „ფეხებზედამკიდებლობა“ აქვს ამ ყველაფრის მიმართ. მინისტრი დიდად არც ერევა და თუ ერევა, ძალიან უაზროდ. არაკომპეტენტურია! მგონია, რომ კულტურის მინისტრს მალე მოხსნიან, ვინაიდან თავის კანდიდატურას ვერ ამართლებს.
_ თქვენს თეატრში არსებული მდგომარეობის გამოსწორების რა გზას ხედავთ?
_ პირველ რიგში, აუცილებლად არის მისაღები კანონი, რომლის მიხედვითაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 8 წლით დაინიშნება და აქედან 2-ჯერ შეეძლება კენჭისყრა. აი, მაშინ შესაძლოა, რაღაც გამოსწორდეს. დღეს კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მეფეა. ახლა ეს არ ეხება გრანდებს _ რობერტ სტურუასა და მისთანებს. რობერტ სტურუა მსოფლიო ხუთეულშია შესული, ერთ-ერთი პირველი რეჟისორია მსოფლიოში, თორემ ხვთისიაშვილისნაირი ხელმძღვანელების გამო კვდება, სულს ღაფავს დღეს ქართული თეატრი. ჩემი მსახიობი და სცენის მემანქანე თუ მშიერი მიკვდება, რად მინდა ვიღაც გერმანელი რეჟისორის ინცესტური სპექტაკლი?..

გიორგი საკარული