არჩილ თალაკვაძის კომფორტის ზონა

დღევანდელი სტატიის თემა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კომფორტის ზონის გარკვევა და მისი თქვენთვის გაცნობაა და სწორედ ამ კუთხით დაგანახვებთ ოზურგეთში დაბადებულ ახალგაზრდა ლიდერს.

2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა; 2010 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

2006-2007 წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი იყო;

2007 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი;

2008-2009 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი;

2009-2011 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში;

2011-2012 წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში დირექტორის მოადგილე;

2012-2014 წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

2014-2016 წწ. კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამის შემდეგ მისი კარიერა პარლამენტითა და უმრავლესობის ლიდერობით გრძელდება.

 

დეკლარციის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, გასული წლის 3 ნოემბრითაა დათარიღებული, 34 წლის ლიდერი თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ფლობს 109.90 კვ.მ. ფართობის ბინას.

მოძრავ ქონებას რაც შეეხება, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley-Davidson .

11-გვერდიანი დეკლარაციიდან 5 მათგანი ცარიელია. მისი და ოჯახის საკუთრებაში არ არის არანაირი ფასიანი ქაღალდი, არც ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, არც მათი მონაწილეობა ფიქსირდება სამეწარმეო საქმიანობაში (დეკლარაციის მიხედვით). ადგილი არ აქვს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ საჩუქარს, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს და არც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნებისმიერ შემოსავალს ან/და გასავალს, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე.

საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით,  დეკლარაციის შევსების დროს თალაკვაძის სახელფასო ანგარიშზე  „თი-ბი-სი ბანკში“ 3624.17 ლარი ფიქსირდებოდა და ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე _ 10410.98 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეობისას წლის მანძილზე აღებული ხელფასი 141458.95 ლარს შეადგენს.

მის სახელზეა, ასევე, 72000.00 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი „თი-ბი-სი ბანკში“, საიდანაც 8952.00 აშშ დოლარი გასავალი იყო პროცენტის სახით. მისსავე სახელზეა სესხი, საკრედიტო ბარათი, 10410.00 ლარის ოდენობით, საიდანაც გასავალი 0 ლარია.

თალაკვაძის მეუღლის სახელზე არანაირი ქონებრივი საკუთრება და საბანკო ანგარიში არ ფიქსირდება.

არჩილ თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც იმ მისამართზე ცხოვრობენ, ზემოთ რომ უკვე მივუთითეთ. სწორედ ამიტომ, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, აღნიშნული მისამართისკენ გავემართე.

ნუცუბიძის მე-3 მკრ არც ისე შორსაა „დელისის“ მეტროდან და, საერთოდაც, ძალიან კარგი ადგილია, თუ არც ქალაქიდან მოშორება გინდათ და მშვიდად ცხოვრებაც გიყვართ. მაღალსართულიანი კორპუსების წყება და მანქანების მოძრაობის სიხშირე მარტივად წარმოგადგენინებს, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი დასახლებაა მიმდებარე ტერიტორია და  სოციალურად რა მრავალფეროვანი დასახლებაა იგი.

მოკლედ, საღამოს 18:00 საათზე ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის „კომფორტის ზონისკენ“ ავიღე გეზი.

მეტროსადგურ „დელისიდან“ დანიშნულების ადგილამდე რომ მიხვიდეთ, ხელმარჯვნივ, მაღლა უნდა აუყვეთ გზას, შემდეგ ხელმარცხნივ გააგრძელებთ და ასე მანამ, სანამ იმ ადგილს არ მიადგებით, მე-3 მკრ და მე-12 კორპუსი რომ აწერია.

ცენტრალური ქუჩიდან არცთუ ისე შორს, სწორედ, აღნიშნული მისამართია. მის წინ სკვერია, სადაც ახალგაზრდა წყვილები და ბებო-ბაბუები პატარა ბავშვებს ათამაშებენ.

10-სართულიანი კორპუსის ეზოში შესასვლელად ჯერ შლაგბაუმი უნდა გაიაროთ, რომელიც, როგორც ტაქსის მძღოლმა აღნიშნა, ახალდაყენებულია, მერე რამდენიმე მარადმწვანე,  სიმბოლურად გირჩოვან მცენარეს გაივლით და აღმოჩნდებით სადარბაზოს კართან, რომელიც ღიაა და ჩემდა საბედნიეროდ, შესვლაც არ გამჭირვებია.

საღამოს 19:00-ისკენ უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი. აქ მოსვლას პროსახელისუფლებოდ განწყობილი ტაქსის მძღოლი და მასთან დიალოგი უძღოდა, რომელმაც როცა გაიგო, რომელი გაზეთიდან ვიყავი, რატომღაც, გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა, _ მეტი უნდა მომეთხოვა შენთვისო. ამაზე საკადრისი პასუხიც მიიღო და საკმაოდ დიდი პატივითაც დავატოვებინე თავი აღნიშნული კორპუსის სადარბაზოსთან.

მოკლედ, შევედი სადარბაზოში და კარების ნომრებზე დაკვირვება დავიწყე. რადგან აქ შესვლა მარტივად იყო შესაძლებელი და სპეციალურად დალუქული კარის გაღებაც არ გახლდათ საჭირო, ამიტომ ჩემი იღბალიც არ ჩამირთავს საქმეში. მხოლოდ რამდენიმე იქ მოძრავ ახალგაზრდას ვკითხე, ნამდვილად სწორ მისამართზე ვიყავი მოსული თუ არა? დასტურის მიღების შემდეგ საქმეს შევუდექი.

პირველსავე სართულზე, შესვლისთანავე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორ-ორი ბინაა განლაგებული, პირდაპირ კი ლიფტია.

პირველ სართულზე ზარი ყველა კარზე მიყოლებით დავრეკე, თუმცა უშედეგოდ. ასევე მოხდა მეორე და მესამე სართულებზეც. კარის ნომრებზე დაკვირვების, ან მათი დიზაინით მაინც უნდა მივხვედრილიყავი, რომელი მათგანი იყო თალაკვაძის ბინა, თუმცა ბოლოს გაგებულმა სინამდვილემ, გარკვეულწილად, გამაოცა.

მე-4 სართულზე კუთხის ბინიდან ზარის დარეკვის შემდეგ შუახნის მამაკაცი გამოვიდა, რომლის თქმითაც, ბინაში ახალი გადმოსული იყო და არაფერი იცოდა, ამ ტერიტორიაზეც არავის იცნობდა. მერე რამდენიმე სართულით მაღლა გადავინაცვლე და, ტრადიციულად, სხვადასხვა კარზე კაკუნი გავაგრძელე. საქმე ის გახლდათ, რომ რადგან უქმე დღის საღამო იყო, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი ბაღში, საყიდლებზე, ანდაც ქალაქგარეთ იქნებოდა გასული, სწორედ ამიტომ  არ მხვდებოდნენ თავიანთ სახლებში და მეც იშვიათად მიღებდნენ კარს.

უკვე მეექვსე სართულზე ვიყავი ასული, როდესაც ერთმა ქალბატონმა, შუა ასაკს კარგა ხნის გადაცილებულმა და სანდომიანსახიანმა გამიღო კარი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ბატონი არჩილ თალაკვაძის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. მაინტერესებს, რამდენად ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ იცით, რა ხდება? ის სულ ქუთაისშია. ისე ძალიან კარგი ბიჭია.

_ ოჯახი აქ არის?

_ დიახ, ოჯახი აქ ჰყავს, მეუღლე და შვილები. თვითონ არჩილი გადასარევი ბიჭია და სხვას, მისი ოჯახის წევრებს, არ ვიცნობ.

_ ანუ როცა ხედავთ, გესალმებათ ხოლმე?

_ როგორ არა, გვესალმება, გველაპარაკება კიდეც და ნეტავ, ყველას მაგისთანა შვილი ჰყავდეს. ჭკვიანი და განათლებული ბიჭია.

_ ძალიან დიდი მადლობა.

სვლა კვლავ მაღლა გავაგრძელე.

სწორედ ამ ქალბატონთან საუბრისას გავარკვიე, რომ ჩვენი ინტერესის ობიექტი მესამე სართულზე, კიბეებიდან პირველსავე, ნაცრისფერკარიან ბინაში ცხოვრობდა. ეს ის ინფორმაცია იყო, რამაც, გარკვეულწილად, გამაკვირვა კიდევაც. ზემოთ ხომ აღვნიშნე, თუ კარს მისი ნომერი არ ეწერა, მეგონა, მასში მცხოვრები ადამიანის სტატუსს თვითონ კარზე შეხედვით მივხვდებოდი-მეთქი. თურმე, ასე არ ყოფილა. ყველაზე უბრალო და ნაცრისფერი  სწორედ უმრავლესობის ლიდერის სახლის კარი აღმოჩნდა. მოკლედ, ამას რომ თავი დავანებოთ, ახლა კიდევ უფრო ზემოთა სართულზე გადავინაცვლე, მაინტერესებდა, მხოლოდ მესამე სართულზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მეზობლებმა იცოდნენ ჩვენი ინტერესის ობიექტის შესახებ, თუ სხვებიც იყვნენ ასეთები?

შემდეგ სართულზე რამდენიმე კარს ეტყობოდა, რომ იმ ბინაში არავინ ცხოვრობდა, ან დალუქული იყო, კარში ვადაგადაცილებული კომუნალურების ქვითრები იყო ჩატანებული, კარის ზღურბლზე ხალიჩა არ იყო დაგებული, ან სისტემა იყო მოგლეჯილი და ა. შ.

რამდენმე კარის გამოტოვების შემდეგ ერთ-ერთ ხის დიდ კარს მივაკაკუნე, საიდანაც მცირე ხნის ლოდინის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა, უფრო სწორად, სიბნელიდან ჯერ თავი და მერე ტანი გამოყო. მისი გამოსვლისას დაბლიდან საკმაოდ დიდი ძაღლის თავი რომ შევნიშნე, რომელსაც ფართოდ დაეღო პირი და ყეფასაც არ წყვეტდა, აი, მაშინ შემომეყარა გულზე, მაგრამ მაინც მედგრად ვიდექი და არჩილის შესახებ ვიკითხე. ახალგაღვიძებული სახით მიპასუხა, არ ვიცი, ვინააო და ცოტათი დამნაშავედაც კი ვიგრძენი თავი, რომ ასეთ დროს გამოვიყვანე გარეთ, როცა ეძინა, ან რაიმე მისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. უარის მიღებისთანავე სწრაფად დავაკეტინე კარი და კიდევ უფრო მაღლა გავუყევი გზას.

აქ იგივე სიტუაცია დამხვდა, როგორიც ქვემოთა სართულებზე და რამდენიმე მათგანზე ზარის დარეკვის მიუხედავად, არც გამომხედა, როცა აშკარად მესმოდა იქიდან გამომავალი ხმაური.  ბოლოს, ერთ კარს მივადექი, რომელიც სკოლის მოსწავლე ლამაზმა გოგონამ გამიღო, იქნებოდა 13-15 წლის. მასაც შესაბამისად წარვუდგინე თავი და მივაყოლე.

_ ერთი კითხვა მაქვს, არჩილ თალაკვაძეს თუ იცნობთ?

_ კი, კი მესამე სართულზე ცხოვრობს.

_ როგორი მეზობელია? რამდენად სალმიანი? ხშირად ხედავ ხოლმე?

_ კი, როგორ არა, ვხედავ ხოლმე, მაგრამ იშვიათად.

_ ისე, მის მეუღლეს და ბავშვებს იცნობ?

_ ვიცნობ, ერთი მათგანი პატარაა, 5 წლის და მეორე 9 წლის.

_ კარგი, ძალიან დიდი მადლობა.

_ არაფრისო, _ მითხრა და რომ ნახა, მისი მეზობლის კარისკენ მივდიოდი, მომაძახა, _ ისინი არ არიან სახლშიო. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და გადავწყვიტე, ბოლომდე, მეათე სართულამდე ავსულიყავი, რათა მთლიანად მენახა კორპუსის მდგომარეობა და ისიც, თუ ვინ იცნობს და ვინ არა ჩვენი ინტერესის ობიექტს.

ამ ბოლო სართულებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ იყვნენ რესპონდენტები, მეზობლები, რომელთაც არც კი გაეგოთ მისი აქ ცხოვრების შესახებ, თუმცა იცოდნენ, რომ, თავის დროზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

იყვნენ ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ეს პიროვნება და რატომ იყო იმდენად საინტერესო, რომ ჟურნალისტი მისი ამბის გასაგებად მოვიდა და ა. შ. მათი დიალოგებით თავს არ შეგაწყენთ.

ბოლოს ისე მოხდა, რომ უკვე მეათე სართულამდე მიღწეულს ქვემოთ ჩამოსვლა კვლავ ფეხით მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ლიფტი მუშაობდა. ვიფიქრე, იქნებ, კიდევ რამდენიმე რესპონდენტს და საინტერესო ინფორმაციასაც გამოვკრა ხელი-მეთქი, თუმცა ამის მოსაპოვებლად კვლავ ქვემოთ, უკვე მესამე სართულზე მომიწია ჩასვლა.

აქ რამდენიმე კარი იყო, რომელთაგან ორი განსაკუთრებულად „ბრწყინავდა“ _ შინდისფერ დიდ რკინის კარს წარმოადგენდნენ, რომლებსაც მეგაფონი ჰქონდათ გარედან მიმაგრებული და კარის თავზე ძვირადღირებული ბრა ეკიდათ. ამათ წინ ის ნაცრისფერი კარი იყო, რომელთანაც მომასწავლეს და მითხრეს, რომ სწორედ ეს იყო ის, რასაც ვეძებდი.

გადავწყვიტე, კარის მეზობელთან მივსულიყავი და მისთვის მეკითხა ყველაფერი. ის ხომ უკეთ იცნობს თავის გვერდითა მეზობელს და შესაბამისად, უფრო სარწმუნო ინფორმაციის მოცემასაც შეძლებდა.   დავრეკე კიდეც ზარი და შუახნის, სათვალიანმა ქალმა გამომხედა, მასაც გავეცანი და ვუთხარი:

_ არჩილ თალაკვაძის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ ძალიან კარგი, ძალიან შეგნებული და თუ რაიმეს ხედავთ გარეთ, ეზოში გაკეთებულს, აჩიკოს დამსახურებაა. როცა სკვერი ჩაინგრა და პრობლემები იყო, აჩიკოს თაოსნობით მოწესრიგდა.

_ რამდენად ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ იშვიათად. მე თვითონ დაკავებული ვარ საქმითაც და ისიც, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა ვხვდებით, მეზობლურად, სალმიანია.

თუ მეზობელს რამე დასჭირდება, შეძლებისდაგვარად, უყურადღებოდ არ დატოვებს, ყველანაირად მხარს დაუჭერს.

სანამ მინისტრის მოადგილე გახდებოდა, მანამდეც ვიცნობდით და წარმოდგენაც შესაბამისი გვქონდა, _ კარგად აღზრდილი და ჭკვიანი, თავაზიანი პიროვნებაა. თანამდებობასა და მინისტრობას არ შეუცვლია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებით.

_ გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა.

_ არაფრისო, _ მითხრა და შიგნით შევიდა. იქაურობას ფოტოები გადავუღე. შესაძლოა, მაშინ თვითონაც არ იყო სახლში, კართან გასატანი და გადასაყრელი ნაგავი იყო შეგროვებული.

ქვემოთ ჩამოვედი, მეორე სართულზე მეგაფონზე დავრეკე:

_ ვინ არის? _ იკითხა ახალგაზრდა ქალის ხმამ.

_ ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან.

_ გისმენთ.

_ არჩილ თალაკვაძეს თუ იცნობთ, მაინტერესებს, როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ მე მგონი, ასეთი შეკითხვა არაკორექტულია.

_ ბ-ნი არჩილი პირველი არ არის, ვისზეც ვწერ და ამ კითხვაშიც არაკორექტულს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად სალმიანი მეზობელია და ხშირად ხედავთ თუ არა? თუ გნებავთ, ნუ მიპასუხებთ!

_ ჩვეულებრივი, როგორც ყველა.

_ გასაგებია. გმადლობთ.

უკვე მოვრჩი იქ საქმიანობას და გარეთ გამოვედი. ზაფხულია და კიდევ კარგი, ჯერაც ნათელი იდგა. სკვერში კიდევ იყვნენ ისინი, ვინც დავტოვე და წიგნის მკითხველი ახალგაზრდაც მიმატებოდა იქაურობას.

კორპუსს ფოტოები გადავუღე და სახლისკენ ავიღე გეზი. უმრავლესობის ლიდერის კომფორტის ზონა კი ნუცუბიძის პლატოზე დავტოვე.

 

ნინო ტაბაღუა