არაკონკურენტული გარემო და საბაზრო ეკონომიკა

ქირავდება/გირავდება საოფისე ფართი, _ რამდენად ხშირად გინახავთ ამგვარი წარწერა ქუჩაში, ხეებზე, კედლებზე, გაზეთებსა და რა თქმა უნდა, ინტერნეტში? _ ძალიან ხშირად!

რიტორიკული კითხვა იგივე ფორმით დარჩება, რადგან ყველა ჩვენგანს გვინახავს მსგავსი წარწერები და ისიც ძალიან ხშირად.

რას ნიშნავს ეს? ბიზნესის კეთება გამარტივდა და ამ კუთხით თავისუფლები ვართ?

რატომ და როგორ გამარტივდა პროცედურები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით?

რა ტენდენციები შეინიშნება და რამდენად შესაძლებელია მცირედან მსხვილ ბიზნესში გადანაცვლება? _ ამ კითხვებით „ქრონიკა+“ დაინტერესდა.

„ალბათ, გახსოვთ, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფმა „ბიზნესის წარმოება 2017 _ თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა; ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის _ მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ. საქართველო ასევე იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

თბილისში მიწის ადმინისტრირება კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით გაუმჯობესდა; საქართველომ მცირე ინვესტორების დაცვა გააძლიერა აქციონერთა უფლებებისა და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით; ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა; ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა; გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა გააუმჯობესა;

„ბიზნესის წარმოების“ კვლევის მიერ შეფასებულ ხუთ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს წინსვლა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ქვეყანა კვლავაც წარმატებულ რეფორმატორებს შორისაა მდგრადი ეკონომიკური ზრდით და გლობალური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებით“, _ თავის დროზე აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

რეალურად, კვლევის საგანი _ ბიზნესის წარმოება _ კომპლექსური მაჩვენებელია და წარმოებაში ფუნდამენტური მდგენელია ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, ამაში ბიზნესის დასრულებაც იგულისხმება და, ამ შემთხვევაში, უკვე  არც ისე სახარბიელო პოზიცია გვაქვს.

აღნიშნულ კვლევას გასულ ნომრებში უკვე მივუძღვენით სტატია, მაგრამ ახლა საინტერესოა, თუ რეალურად როგორ ხორციელდება ყოველივე და რამდენადაა გარემო მორგებული რიგით, დამწყებ ბიზნესმენებზე, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტებსა და ბიზნეს სამართლის სპეციალისტს ვესაუბრეთ, თუმცა მანამდე გავიხსენოთ წინა თვის მიწურულს „მაგთიკომის“ მფლობელის, ჯოხთაბერიძის განცხადება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გინდა დაიმორჩილო _ მე კი მინდა, თავისუფალი ვიყო ბიზნესის კუთხით“.

ასევე გასათვალისწინებელია „ჯორჯიან დეველოპმენთ გრუპის“ დამფუძნებელ გურამ წაქაძის განცადება: „ბიზნესთან დაკავშირებით სირთულე მხოლოდ ისაა, რომ ბაზარი ძალიან მცირე გვაქვს, თორემ დღეს მის კეთებას ხელს არავინ უშლის, პირიქით, ძალიან კარგი გარემო აქვს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ბაზარი ძალიან მცირეა, ესაა სირთულე“.

ზოგადად კი, როდესაც ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებზეა საუბარი, აქ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი: პირველი, ეს არის რეგისტრაცია, რომელიც უკვე ძალიან გაადვილებულია და მეორე, ბიზნესის კეთება.

ექსპერტების მოსაზრებით, განსაკუთრებით რთულია არალობირებული ბიზნესის კეთება.

რეგისტრირების კუთხით ლიცენზიების პრობლემაც მრავალ სფეროშია მოხსნილი, ნებართვები, ამ მხრივ, მინიმალურია, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თვითონ საერთო გარემო, ჯერჯერობით, არ არის ახლოს იმ მდგომარეობასთან, რაც მთლიანად ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ექსპერტებისვე შეფასებით, ყველაზე ცუდი, რაც საქართველოშია, არის არაკონკურენტული გარემო, ის რაც ამოსავალია საბაზრო ეკონომიკისთვის. ამ არაკონკურენტულ გარემოს კი ხელს უწყობენ მსხვილი მონოპოლისტები, ოლიგოპოლიური ბაზრები, მსხვილი იმპორტიორები, ხელისუფლებასთან ასოცირებული და მისივე მხარდაჭერით ფუნქციონირებადი სუბიექტები. ესენი ხელს უშლიან იმას, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ყველაფერი იმპორტზეა ჩამოკიდებული, მათ შორის, კვების სფეროშიც.

 

აკაკი ჩარგეიშვილი _ ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი:

_ ბიზნესის კეთებისა და წამოწყების თემა, ზოგადად, ძალიან გაშლილ საუბარს მოითხოვს. ეს იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესის დაწყება ასოცირდება კომპანიის გახსნასთან და ფორმალურ საკითხებთან, მაგრამ მეორეა, შემდეგ, უკვე უშუალოდ პრაქტიკული ბიზნესით დაკავება, შესაბამისად, ბიზნესის წამოწყება, კომპანიის გახსნა, დარეგისტრირების საქმეს თუ მივყვებით, ეს ძალიან მარტივი და ადვილი პროცესია.

მეორე მხრივ, რაც შეეხება უკვე ბიზნესის დაწყებას, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა უკავშირდება ეკონომიკურ სექტორში სხვადასხვა თემატიკას. ეს იქნება მშენებლობა, რაიმეს წარმოება, დისტრიბუცია თუ ა. შ.

აქ უკვე სპეციფიკა იმის მიხედვითაა, რამდენად ადვილია კონკრეტული ბიზნესის წარმოება.

მაგალითისთვის რომ ვთქვათ, მშენებლობასთან დაკავშირებული თემები როცა გვაქვს, ერთია კომპანიის გახსნა ერთ დღეში, მაგრამ მეორეა, როცა უკვე მშენებლობის ნებართვა გჭირდება, შესაბამისად, ნახაზებია აუცილებელი და ამის გარდა, უკვე თუ რაიმე სადავო საკითხია, ეს, როგორც წესი, ადმინისტრაციულ ბერკეტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს, აქ უკვე რთულად გვაქვს საქმე. ეს კატასტროფაა, იმიტომ, რომ დროში გაჭიმულ სასამართლო დავებს ვღებულობთ, რომელიც რამდენიმე დღეს და ერთ, ან ორ წელს კი არა, სამ, ან ოთხ წელს შეიძლება გაგრძელდეს. დეტალურად, როცა ბიზნესს რაიმე აქვს დაგეგმილი და ეს რეალურად გადაუწყვეტელია, უკვე ბიზნესის წარმოებას აფერხებს და უკვე ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს დამწყებ ბიზნესს.

ამიტომ ერთი მხარეა ფორმალური, როცა ბიზნესის გახსნაზეა საუბარი და მეორე მხარეა საქმის კეთება, რამდენად მობილიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენად არიან თავიანთი გადაწყვეტილებებით მზად, რომ მხარი დაგიჭირონ კონკრეტული ბიზნესის კეთებაში.

სასამართლო დავები ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ, როგორც ვთქვი, სამ ან ოთხ წელს გრძელდება.

სპეციალურად ჩავატარე კვლევა, ამისთვის სასამართლოს მივმართე და აღმოჩნდა, რომ მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეების წარმოების მხრივ, ერთ მოსამართლეზე განსახილველად 1000 საქმემდე მოდის. ეს არის კატასტროფა იქიდან გამომდინარე, რომ ამას კოლოსალური დრო და რესურსი, სასამართლოში მენეჯირება და ადმინისტრირება სჭირდება.

_ ბანკების არაპროფილური ბიზნესების ფლობა და კონკურენციაც ხომ არ უშლის ხელს ბიზნესის კეთებას?

_ ეს უკვე შემდგომი ამბებია, ანუ ჩვენ, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, ვთქვათ, სტარტაფებზე და დაწყებაზე, ხოლო მისი განხორციელება დროსა და  სივრცეში უკვე მეორე მხარეა, როგორც ვთქვით და არსებული სასამართლო სისტემიდან გამომდინარე, კატასტროფა აღინიშნება. ამაზე უკვე ძალიან ღიად დაიწყეს ბიზნესასოციაციებმა განცხადებების გაკეთება, ღიად იყო საუბარი საელჩოების დონეზეც.

 

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ ინსტიტუციურად და სამართლებრივად ბიზნესის წამოწყება რთული არ არის, მაგრამ პრობლემა არის ე. წ. კაპიტალის ქონა, რადგან ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები არათუ ბიზნესის წამოსაწყებად, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც არასაკმარისია. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი, ეს არის აღებული სესხების რაოდენობის ზრდა, პლუს ვადაგადაცილებული დავალიანების სწრაფი მატება _ მართალია, სახელმწიფო ბოლო ორი წელიწადია ატარებს „აწარმოე საქართველოში“ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ცალკეულ სექტორში წარმოება, მრეწველობა, მომსახურება იზრდება, გარკვეული ფინანსური დახმარებაც ხდება, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მსურველი, ან მსურველთა დიდი ნაწილი ამ მხარდაჭერით დაკმაყოფილდეს. ამიტომ უფრო მეტი რესურსია საჭირო საამისოდ. ანუ, ერთი მხრივ, სამართლებრივი რესურსია საჭირო ბიზნესის წარმოებისთვის და, მეორე მხრივ, მწირი ფინანსური შესაძლებლობა ყველა მსურველს საშუალებას არ აძლევს, რომ საკუთარი გეგმების, მიზნების, შესაძლებლობების მოტივაცია უზრუნველყოს.

_ თუ კონკრეტულ მოქალაქეს უკვე აქვს მატერიალური ბაზა, რამდენად მარტივია ბიზნესის წამოწყება და წარმოება მისთვის?

_ მას შეუძლია მცირე სახის ბიზნესის წარმოება, მაგრამ ე. წ მსხვილმასშტაბიან ბიზნესში გადასვლა, ან იმ სფეროში, რომელიც უკვე განაწილებულია მსხვილ მწარმოებლებსა და რეალიზატორებს შორის, მას ადგილის დამკვიდრება სერიოზულად გაუჭირდება.

არის ასეთი ტერმინი, „სოციალური ლიფტი“, რომელსაც საზოგადოების რიგითი, ჩვეულებრივი წევრის კარიერული სწრაფი ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების ერთობლიობის აღსანიშნავად იყენებენ. ვთქვათ, რამდენად შესაძლებელია სოფელში დაბადებული, უბრალო მშრომელი გლეხის შვილი გაიზარდოს და გახდეს სახელმწიფო მოღვაწე, ან მეცნიერი, თუ შესაბამისი პირობები არ აქვს _ ეს ცალკეული პირის შემთხვევაში, მაგრამ რაც შეეხება ბიზნესში, ასეთი „ლიფტების“ არსებობა სულ უფრო და უფრო მცირდება და მსხვილ ბიზნესში, რომელსაც ინსტიტუციური სახე აქვს, რომელიც ჩამოყალიბებულია, ძალიან გაუჭირდება. მცირედან მსხვილ ბიზნესში გადასვლას აუცილებლად სჭირდება დიდი კაპიტალი, რომელიც რთული მოსაძიებელი ხდება.

მცირე ბიზნესად თუ დარჩება და ამბიცია არ ექნება, დიდ ბიზნესში გადავიდეს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ თუ უფრო „მძიმე წონით კატეგორიაში“ გადასვლა პრობლემებს ქმნის, ამაზე დაფიქრებაა საჭირო, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ შესაბამისი ხელშეწყობის რეჟიმი გაჩნდეს.

_ კომერციული ბანკები ხომ არ უშლიან ხელს ბიზნესის განვითარებას სესხების არგაცემით, რადგან კონკრეტულ მწარმოებელში კონკურენტს ხედავენ?

_ აქ, ფაქტობრივად, ბაზარი სტრუქტურირებულია და ზედმეტი ახალი მოთამაშის გაჩენა, მით უფრო, კონკურენტის სტატუსით, არავის აწყობს და ამის დაძლევა შესაძლებელი იქნება, როცა თვითონ ბაზრის მასშტაბები  იმდენად გაიზრდება, რომ დღევანდელი მონოპოლისტი დაკარგავს თავის ექსკლუზიურ უფლებას, რომ ამ ბაზარზე თავისი პირობები უკარნახოს სხვას.

 

შოთა გულბანი _ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი:

_ როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესგარემოზე, სამ მნიშვნელოვან ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება _ პირველი: რამდენად დაცულია ქვეყანაში საკუთრების უფლება, მეორე: როგორ პროგრესირებს ქვეყნის ძრითადი მაკროეკონომიკური მონაცემები, ანუ რამდენად სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება და მესამე: რამდენად იოლია ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესის დასაწყებად, ან განვითარება-გადაიარაღებისთვის.

მოკლედ შევეხები თითოეულ მათგანს. საკუთრების უფლების დაცვის კუთხით ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, საქართველო 140 ქვეყანას შორის 128-ე ადგილზე იყო, ხოლო 2016 წლის მოხსენებით 64-ე ადგილზე გადმოვინაცვლეთ. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება ბიზნესს აღარ ატერორებს. ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის ეს ფაქტორი ქვაკუთხედს წარმოადგენს, ვინაიდან ბიზნესმენს თუ არ აქვს განცდა იმისა, რომ მის მიერ შექმნილ დოვლათს საფრთხე არ ემუქრება, მას არ ექნება სტიმული აწარმოოს პროდუქცია და დაასაქმოს ადამიანები.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მონაცემებს, ამ კუთხითაც საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა. ჩვენ გვახსოვს უკანასკნელ წლებში მძიმე ეკონომიკური რეგიონული კრიზისი, როდესაც ჩვენს სამეზობლოში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა, ჩვენთან კი ეკონომიკა მაინც იზრდებოდა. ამ კუთხით ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად დააზარალა ლარის კურსის რხევებმა, ვინაიდან ჩვენთან არსებული პროდუქტების, დაახლოებით, 80% იმპორტირებულია და ბიზნესმენები, ერთი მხრივ, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ იმის გამო, რომ არ იცოდნენ, რა დაემართებოდა ლარის კურსს დოლართან მიმართებით და, მეორე მხრივ, ბიზნესს გაუძვირდა დოლარში არსებული ვალდებულებები, ამან კი პოტენციურ ინვესტორებზე, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედა.

და მესამე ფაქტორი: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ვახსენე, რაც, ჩემი აზრით, მიმზიდველი ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მხრივ ქვეყანაში თითქმის ერთადერთ და უალტერნატივო წყაროს ბანკები წარმოადგენენ, რომლებიც, მაინცდამაინც, არ არიან დაინტერესებული ბიზნესსესხების გაცემით და, ძირითადად, ორიენტირებული არიან მოხმარების დაფინანსებაზე, რაც აზიანებს ეკონომიკას. ბიზნესგარემო არ გაუმჯობესებულა ამ კუთხით იმიტომ, რომ არ გაჩენილა ქვეყანაში ფინანსური რესურსების მოძიების ალტერნატიული წყაროები, არ მომხდარა ფინანსური ბაზრის დივერსიფიცირება და მასზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა, რომლებიც საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდიდნენ.

შესაბამისად, ჩვენ სახეზე გვაქვს გაურკვეველი გაუმჯობესებული მონაცემები ბიზნესის საკეთებლად, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს, რასაც ძლიერი და მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება სჭირდება.

 

საბოლოოდ, თქვენ კვლავ ნახავთ ქუჩაში გაკრულ განცხადებებს ფართის გაქირავება ან დაგირავების შესახებ, საქართველო კვლავ იმ საფეხურზე დგას ბიზნესის წამოწყების კუთხით, რაზეც ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით იდგა, მაგრამ როგორ წაადგება არსებული მდომარეობა ჩვენს ეკონომიკას, ეს საკითხი ჯერაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

 

ნინო ტაბაღუა