ან ჯანყარაშვილს დაიჭერენ, ან უკან მოატანინებენ მოპარულ ფულს!

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ოთხი არჩევნები ჩატარდა. ჯერ კიდევ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დედაქალაქში მეორე ტური გახდა საჭირო. არჩევის დღიდან მოყოლებული, დავით ნარმანია მუდმივად სკანდალებშია გახვეული. ამის მიუხედავად, ის ბოლო დრომდე ცდილობდა, ისევ „ოცნების“ რჩეული ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ დედაქალაქისთვის ბრძოლაში მძიმეწონიანი კანდიდატი კახი კალაძე გამოიყვანა. კალაძე-ღარიბაშვილის მუდმივი ორთაბრძოლა პირველის გამარჯვებით დასრულდა. მართალია, სკანდალში კალაძის ნათესავებიც, კონკრეტულად, ცოლისძმაც იყო გახვეული, მაგრამ ღარიბაშვილის ნათესავებმა კორუფციის ყველა რეკორდი მოხსნეს. ექსპრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ზვიად ჯანყარაშვილს მფარველად ჯერ მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, მოგვიანებით კი უჩა მამაცაშვილი მოევლინა. ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის მხრიდან ეს, გარკვეულწილად, ტაქტიკური სვლაც იყო, რადგან ქვეყანაში არც ღარიბაშვილის დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშები სჭირდებოდა ვინმეს და არც ჯანყარაშვილის უკონტროლო ფული.

საბოლოო ჯამში, მამაცაშვილი ღარიბაშვილის გარემოცვას მარტივი ულტიმატუმით ურიგდება, _ რა თანხაც წაიღეთ, უკან არავინ გთხოვთ, მხოლოდ პოლიტიკაში დამოუკიდებელ პარტიებს მოეშვითო.

ღარიბაშვილის გარემოცვამ იმ კრიზისულ მომენტში თავი გადაირჩინა, თუმცა დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებზე უარი არასოდეს უთქვამს. ექსპრემიერის გადაყენების შემდეგ, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად, ახალი პარტია წამოიწყეს _ საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სარჩელს, რომელსაც მასობრივი სამოქალაქო პროტესტი უნდა მოჰყოლოდა და ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის სიწმინდის დამცველის ეგიდით უნდა შემოსულიყო პოლიტიკაში.

ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა მუდმივად მიიჩნევდა, რომ მათი მხილების ავანგარდში ყოველთვის „ქრონიკა+“ იდგა. პრინციპში, მათი ვარაუდები არცთუ უსაფუძვლო იყო _ სწორედ „ქრონიკა+“-ის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა მასალებმა გამოიწვია ექსპრემიერის გარემოცვის ხელისუფლებისგან ჩამოშორება და სწორედ ამიტომ ყოველ მათ გეგმას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციები „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ. ორი წლის წინ ერთი ასეთი პროვოკაცია იყო რედაქციაში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მოტანა, რომელიც ჩემ მიერ გადაღებულ იქნა და მხოლოდ ამ ფირის წყალობით გადავრჩით დაპატიმრებას. სამაგიეროდ, ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეპატიმრებინა როგორც კურიერი გელა ღურწკაია, ისე მისი თანამზრახველი, ყოფილი სპეცრაზმელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი გახლავთ, სამაგიეროდ, ქ. თბილისის პროკურატურამ ხელი დააფარა ზვიად ჯანყარაშვილის კიდევ ერთ თანამზრახველს, ვაჟა ციცილოშვილს, რომელიც გელა ღურწკაიამ პირველ ჩვენებაში დაასახელა. სწორედ თბილისის პროკურატურა ცდილობდა კვალი აერია და „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის ვექტორი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ წაეყვანა. ამ მიზნით დააპატიმრეს კუდის ყოფილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამა, ზურაბ ჯამალაშვილი, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულს, ირაკლი ფხალაძეს, ბინაში ჩხრეკისას ორი უკრაინული სიმბარათი ჩაუდეს, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ვერსია სიცოცხლისუუნარო გამოდგა. დღეის მდგომარეობით, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და ინგა ჩატოიანს პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა, კურიერი გელა ღურწკაია ისე გაწირეს, მისთვის საპროცესო არც კი შეუთავაზებიათ.

„ქრონიკა+“-ის წყალობით, ღარიბაშვილის გარემოცვისა და რუსული სპეცსამსახურის გეგმა ბოლომდე გაიშიფრა და ვამხილეთ, ასევე ბოლომდე გამოვლინდა ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ და ირიბად ამ გეგმას უკავშირდებოდა. თამაზაშვილი, ჯანყარაშვილი და კომპანია დროებით ისევ გაყუჩდა და გეგმა „ბ“-ს დამუშავებას შეუდგა. როგორც მოვლენების განვითარებამ ცხადყო, ამ გარემოცვის გეგმა „ბ“ საკონსტიტუციო განხილვების ჩაშლა და მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის ტალღის აგორება იყო. ამ კომპანიამ ავანსცენაზე მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, რამაზ გაგნიძე, ზაზა დავითაია და ის ჯგუფი გამოიყვანა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ უბინძურესი კამპანიის აგორებით იყო დაკავებული.

ხელისუფლებამ ორივე შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიმართა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის წინადადება და კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება აიკრძალება.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მართულმა ჯგუფმა ფილარმონიაში მოახერხა ცენტრალური საკონსტიტუციო განხილვის ჩაშლა, მაგრამ ეს ტალღა ახალი საპროტესტო კამპანიის ასაგორებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. ინტრიგები ღარიბაშვილის მართვის სტილია.

ჯერ კიდევ შს მინისტრის პოსტზე მუშაობისას ირაკლი ღარიბაშვილი მუდმივად ეჭვიანობდა და კონკურენტად მიიჩნევდა მის პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს. მისი სიმამრი მუდმივად დაკავებული იყო ხვედელიძის დისკრედიტაციით და ამ მიზნით, თამაზ თამაზაშვილი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას უხდიდა იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ხვედელიძის წინააღმდეგ მუშაობდა. (ამ თემებზე „ქრონიკა+“ მუდმივად წერდა, ამიტომ დეტალურად აღარ შევჩერდებით.)

ბოლო და გადამწყვეტი რაუნდის წინ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ისახავდა მიზნად, მისმა გარემოცვამ ისევ „ქრონიკა+“-სსა და გელა ხვედელიძეზე მიიტანა იერიში. ამ პროცესებს წინ უძღოდა ასევე უბინძურესი კამპანია, რომელიც ღარიბაშვილთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმა წამოიწყეს. ამ ეტაპზე ე. წ. კახელების კლანისა და სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მიდიოდა პროპაგანდა, რომ „ქრონიკა+“ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ მისი მთავარი წყარო სწორედ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძეა და ა. შ. ამ კამპანიამ იმდენად მიზანმიმართული ხასიათი მიიღო, რომ ჩემს წყაროებს შორის დასახელდა სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომელთა სახელები და გვარებიც კი ჩემთვის უცნობი იყო. სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული, რამდენიმე რეალური წყაროს ვინაობა საჯაროდ დამესახელებინა, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრები და გულშემატკივრები იყვნენ და არა საკრებულოს რიგითი წევრები, ან თანამშრომლები.

სწორედ თამაზაშვილ-ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-გოგაშვილის მიერ დაიგეგმა, ერთი მხრივ, გელა ხვედელიძეზე თავდასხმა, მეორე მხრივ კი ჩემი შვილის დაჭერა. თავდასხმის საქმე ამ დრომდე თაროზეა შემოდებული და ხვედელიძის დაცვის მხარეს კამერების ჩანაწერებიდან ამოღებული ფირის ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ჩემი შვილის დაკავებისა და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჩადებას პირადად ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“, რომელიც ამ თანამდებობაზე სწორედ თამაზაშვილის ხელდასხმითაა დანიშნული. რამაზ თარაშვილმა მიიტანა ბოჭორიშვილის ქუჩაზე ჩასადები ნარკოტიკი, რომელიც ჩემი შვილის ქურთუკის ჯიბეში პოლიციელმა ზაქარია ვასაძემ ჩადო.

ე. წ. კახელების კარტელის გეგმა ვერაგული ნამდვილად გახლდათ. ერთი მხრივ, ხვედელიძეზე თავდასხმას მისი ლიკვიდაცია, ან, მინიმუმ, დაინვალიდება უნდა მოჰყოლოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხვედელიძის ოპერაციის შემდეგ ზვიად ჯანყარაშვილის ოფისში ნერვიულობდნენ, არ ეგონათ, თუ ოპერაცია და მისი რეაბილიტაციის პროცესი ასე სწრაფად დასრულდებოდა.

ისევე როგორც ვერც ჩემი შვილის დაკავებას მოჰყვა სასურველი შედეგი _ არც ჩემი დემორალიზება მოხდა და „ქრონიკა+“-მაც ჩვეულ რიტმში გააგრძელა მუშაობა. მეტიც, პირადად მე ბევრად უფრო მობილიზებული გავხდი და ბოლომდე ვამხილე თამაზაშვილის ე. წ. ჩამდებთა ჯგუფი, რომელიც ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში მონაწილეობდა.

თამაზაშვილი და ღარიბაშვილის გარემოცვა ჯერ ისევ ინარჩუნებს გავლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროზე. სანამ გიორგი მღებრიშვილი ამ პოსტზეა, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის საქმე გამოუძიებელი იქნება. ქ. თბილისის პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა, რომელიც ასევე კახელების კარტელის მიერაა დანიშნული ამ თანამდებობაზე, სრულიად უკანონოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების მისამართით, რომლებმაც  დაკავებისას ჩემ შვილზე იძალადეს. ამავე პერიოდში ექსპრემიერის გარემოცვა გავლენების მოპოვებას ცდილობდა ფინანსურ პოლიციაზე და ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, რომელიც ჯანყარაშვილის მეჯვარეა, მაგრამ ბოლო მომენტში ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და მათ ეს პოსტი აღარ დაუთმეს, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ეკა  ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ღიად ლობირებდნენ თბილისის მერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, მაგრამ, საბოლოოდ, გადაწყვეტილება კახი კალაძის სასარგებლოდ მიიღეს.

„ქრონიკა+“-ის წყარო მოვლენების კიდევ უფრო დრამატულად განვითარებას პროგნოზირებს. ე. წ. კახელების კარტელს საქმე აშკარად ცუდად აქვს, _ მათ მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული „ქართული მარშის“ მერე ხელისუფლებაში ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ამ ჯგუფმა გარიგება ღიად დაარღვია, დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებას პატრიარქის დახმარებაც კი დასჭირდა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ განკარგულება უკვე გაცემულია და ღარიბაშვილის ახლო გარემოცვას კაპიკ-კაპიკ უთვლიან იმ ფულს, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში ტენდერებისა და კორუფციული სქემების მეშვეობით მიითვისეს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ ივანიშვილის კარზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, _ ან ჯანყარაშვილს დაიჭერენ, ან უკან მოატანინებენ ყველა იმ თანხას, რაც მან მიითვისა, რომ ამ ჯგუფს პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისა და იატაკქვეშა ინტრიგების მოწყობის რესურსი აღარ დაუტოვონ.

„ქართველთა მარშიც“, საბოლოო ჯამში, სრული კრახით დასრულდა, რადგან სანდრო ბრეგაძის მიერ აღმაშენებლის გამზირზე მობილიზებული ხალხის მასა კრიტიკული არ აღმოჩნდა არც ქვეყნის დედაქალაქში დესტაბილიზაციის მოსაწყობად და არც ხელისუფლებასთან სავაჭროდ.

არჩევნების წინ ხელისუფლებაში შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს აქტიურად განიხილავენ, რადგან გიორგი მღებრიშვილის სახელს მხოლოდ სკანდალები უკავშირდება, მათ შორის, ნარკოტიკების ჩადების რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელთა ნაწილზე უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დამნაშავეები არ დასჯილან. ბოლო დროს კი შს მინისტრი უკვე კორუფციულ სკანდალში გაეხვია ღარიბაშვილის გარემოცვის კიდევ ერთ მინისტრ ხეჩიკაშვილთან ერთად.

სკანდალი და სრული განუკითხაობაა სუს-ში.

თუ სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, ჯერ კიდევ, ორი თვის წინ აცხადებდა, რომ გოგაშვილს არ მოხსნის, რადგან მის სახელს უკავშირდებოდა ნავთობსადენზე დაგეგმილი ტერაქტის გამოძიება, როგორც გაირკვა, ნავთობსადენზე დაგეგმილი ტერაქტი თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი იყო, ამ საქმეზე დაკავებულ პირებს აღიარებით ჩვენებასთან ერთად, დამკვეთად  ერეკლე კოდუას დასახელებას სთხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე სკანდალით დასრულდა ე. წ. ციანიდის საქმე, რომლის დაგეგმვაშიც მამა გიორგი (მამალაძე) სწორედ სოსო გოგაშვილსა და მეუფე იაკობს ასახელებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სკანდალი, რომელსაც სოსო გოგაშვილის სახელი დაუკავშირდა, ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ორმა თანამშრომელმა ქვეყანა დატოვა და უცხოეთიდან სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა. თავისთავად, სუს-ის ორი ოფიცრის ქვეყნიდან გაქცევა უკვე სკანდალია, მაგრამ ამ ფაქტში განსაკუთრებით საგანგაშო ის გახლავთ, რომ ერთი ოფიცერი გომელაურის ცოლისძმის რძალია, ხოლო მეორე სუს-ში გოგაშვილის მიერ რეკომენდებული პირი. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ სუს-ის ორივე ოფიცერი საზღვარზე სწორედ გოგაშვილის ხელშეწყობით გადავიდა, გომელაურის ბრძანებამ, _ ისინი შეაყოვნეთო! _ ორივე მათგანს უკვე საზღვარზე გადასულს მოუსწრო. სწორედ უცხოეთიდან გაცხადდა გომელაურის კავშირები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ტენდერებთან და მისი ცოლისძმის მონაწლეობა სხვადასხვა ბიზნესში.

ის, რომ იოსებ გოგაშვილი კომპრომატებს აგროვებდა როგორც საკუთარ უფროსზე, ისე „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, არავისთვის სიახლე არ იყო, მაგრამ ამ მასშტაბის პროვოკაციას სუს-ში ნამდვილად არ ელოდნენ. გოგაშვილმა, ფაქტობრივად, წითელი ხაზები გადაკვეთა და სპეცსამსახურის ყველა დაუწერელი ნორმა დაარღვია. მას ბოლო დრომდე უბატონოდ ხმას ვერავის სცემდა, რადგან ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მფარველობდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილის კარზე მამაცაშვილის გავლენები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამ დროის მონაცემებით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით ქვეყნიდან წასულია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ უჩა მამაცაშვილის სახელთან დაკავშირებული ყველა პროექტი ან კრახით დასრულდა, ან სკანდალით, ამიტომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით ის, როგორც ბიზნესსქემებს, ისე პოლიტიკურ პროცესებს, საბოლოოდ ჩამოაშორეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული არ იქნება. საქართველოში საგანგებო მისიით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჩამოდის. არაოფიციალური ინფორმაციით, ის თეთრი სახლის მკაფიო მესიჯებს ჩამოიტანს. ამსობაში, ამერიკის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირა მხარი, რაც, საბოლოო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ რუსული ფინანსური გავლენები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, კავკასიაშიც, მნიშვნელოვნად შემცირდება.

წინ ცხელი აგვისტო და არანაკლებ ცხელი შემოდგომა გველოდება.

ელისო კილაძე