ანტიტერორისტული ოპერაციის ექო პანკისის ხეობაში: “თუ ჩატაევია მოკლული, ვინ შემოუშვა, ქისტებმა?”

პანკისის ხეობა საქართველოს ნაწილია, იქ ქისტები ცხოვრობენ, რომელთაც ეს ქვეყანა ქართველებზე არანაკლებად ადარდებთ და უყვართ. ხეობაში ხშირად უსვამენ ხაზს, თუ როგორ იბრძოდნენ ყველა იმ ომში, სადაც ქართველთა და საქართველოს ბედი წყდებოდა.

პანკისელი ქისტები დღემდე სათუთად უფრთხილდებიან ძმადნაფიცობის მადლს, ღალატი წარმოუდგენელია. ძმადგაფიცულნი არა მხოლოდ ოჯახებით უახლოვდებიან ერთმანეთს, არამედ მათი ბიძაშვილები და სხვა ნათესავებიც ერთმანეთის მოკეთეებად მიიჩნევიან. გაჭირვების ჟამს, განსაცდელში, ქისტი საკუთარ სიცოცხლეს ანაცვალებს ძმადნაფიცს და ამასვე მოელის მისგანაც. დაძმობილება, მსგავსად სისხლით ნათესაობისა, კრძალავს ქორწინებას ძმობილებსა და მათ შთამომავლებს შორის.
პანკისში 2012 წლის აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“რეიტინგი სრულიად დაკარგა. აგერ ხუთი არჩევნები ჩატარდა და ხეობამ ერთსულოვნად დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია. ქისტები ღალატს და ტყუილს არავის აპატიებენ.
დღეს ხეობა გაბრაზებულია და ხეობის მცხოვრებთა აზრით, აღნიშნული სპეცოპერაცია ქისტების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ხელისუფლება კი ხელს უწყობდა ამ ყველაფერს. ხეობაში ჯერ დუმილს ამჯობინებენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ვინმემ ისარგებლა ბოლო კვირის მოვლენებით, ეს რუსეთმა შეძლო. ხელისუფლებამ დაანგრია მითი, რომ საქართველოში მშვიდობაა.
ასე გაჩუმებული ხეობა დიდი ხანია, არავის ახსოვს. ამბობენ, რომ ჯერ მოვლენების განვითარებასა და გამოძიების ახალ მასალებს ელოდებიან. ქისტები თავისი ბუნებით უღალატო ხალხია და ასევე მოითხოვენ მეორე მხარისგან. ახლა ხეობას რთული დღეები უდგას, ამიტომ ჯერ უთქმელად აკვირდება მოვლენებს და ელოდება, სახელმწიფო უწყებები რა რეაგირებას გააკეთებენ, ან რა განცხადებებით შემოიფარგლებიან.
ხეობაში არ ადასტურებენ, რომ გარდაცვლილები პანკისიდან იყვნენ, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ შესაძლოა, ისინი წარმოშობით ჩეჩნები ყოფილიყვნენ. ხეობას სხვა დარდი აქვს, დარდი იმისა, რომ მითი პანკისელებზე ისევ გაცოცხლდა და ახლა მათი უსაფრთხოება დაცული აღარ არის.

ხასო ხანგოშვილი _ უხუცესთა საბჭოს წევრი:
_ შეუძლებელია, დაღუპულებს შორის პანკისში მცხოვრებლები იყვნენ, რამდენადაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ არასდროს წავლენ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი სოფელ დუისის მკვიდრი, გურამ გუმაშვილი იყოს, გუმაშვილის ბიძა, ზაურ გუმაშვილი, ამბობს, რომ ეს დეზინფორმაციაა, რადგან მისი ძმისშვილი სირიაშია და ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვის.

სულთან ბორჩაშვილი _ პანკისის მკვიდრი:
_ ვწუხვარ ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო, დაველოდოთ გამოძიებას და მანამდე ნუ დავასხამთ მტრის წისქვილზე წყალს და ნუ გადავკიდებთ მოძმე ხალხს ერთმანეთს. ვიღაცები ამ სიტუაციას ბოროტად იყენებენ და ქისტების წინააღმდეგ აქეზებენ ქართველებს. სუს-მა ცალსახად განაცხადა, რომ იმ ბინაში საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან, ანუ, შესაბამისად, პანკისელები იქ ვერ იქნებოდნენ.

ლუიზა მუთოშვილი პედაგოგია და ყოველდღე უწევს ახალგაზრდებთან და მოზარდებთან ურთიერთობა. გასული კვირის მოვლენები, როგორც ამბობს, ძალიან განიცადა, მაგრამ გაბრაზებულია და თან ძალიან…
_ მინდა, როგორც რიგითმა პანკისელმა, ჩემი შეფასება გავაკეთო 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. როგორც ფაქტის შეფასება და დეტალებზე საუბარი რთული იქნება, რადგან საზოგადოებას არ გვაქვს ის მონაცემები, რომელიც მრავალ კითხვაზე გასცემდა პასუხს. თუმცა ფაქტი, ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო და დასაგმობია. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირება მოჰყვა სპეცოპერაციას უშუალოდ საზოგადოებაში. კომპეტენტური ორგანოების მიერ პასუხგაუცემელმა კითხვებმა სივრცე გააჩინა, სადაც უამრავ ჭორსა და სპეკულაციას მიეცა გასაქანი.
_ კერძოდ, რა სპეკულაციაზე საუბრობთ?
_ განსაკუთრებით აღსანიშნავია მედიის როლი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააჩინა შესაძლებლობა, პანკისთან მიმართებით საზოგადოებაში შიში და პანიკა დაენერგა. კიდევ ერთხელ მოხდა პანკისის დემონიზება.
_ მედიას ის კითხვები უჩნდება, რაც საზოგადოებაში არსებობს…
_ ქისტებს ჩვენი საერთო თანაცხოვრების განმავლობაში არასოდეს ჩაგვიდენია ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. პირიქით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული და მაღალი სამოქალაქო შეგნების თემი ვართ ქართულ საზოგადოებაში. პანკისი არ არის ცალკე ავტონომია, პანკისი საქართველოა. ტერორიზმს არ აქვს ეროვნება და რელიგია. ერთი ადამიანის ქმედება არ უნდა განვაზოგადოთ მთლიან ერზე.
_ თუმცა ლიკვიდირებულები პანკისელის ბინაში ცხოვრობდნენ ქირით და, ალბათ, ამან გამოიწვია ხმაური.
_ პანკისის დემონიზების კუთხით ასევე აღსანიშნავია ე. წ. ექსპერტების შეფასებებიც. ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად შევხვდებით საზოგადოების მხრიდან ქისტების მისამართით აგრესიულ კომენტარებს: „რით ვერ დასრულდა პანკისიანობა?“ „ქისტები ტერორისტები არიან“, „თავზე დაგვასხდნენ“, „უნდა გავყაროთ აქედან, რადგან ჩვენთვის სიკეთე არ მოაქვთ“ და სხვა მრავალი შეფასება, ამიტომ მიმაჩნია, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ მედია და ე. წ. ექსპერტები პანკისის ხეობის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას და ქისტების ბრალეულობის დანახვას ტერორისტულ ქმედებაში.
_ გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო? ხელისუფლება?
_ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ისევ აღმოჩნდა თავისი უმოქმედობით პანკისთან მიმართებით საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამყარების გარანტი.
_ როგორ ფიქრობთ, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ჩატაევია?
_ რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ კითხვა მაქვს: ჩატაევის მონაწილეობა თუ დადასტურდა, მაშინ ვინ შემოუშვა ის, _ ქისტებმა? მიპასუხოს ამაზე სახელმწიფომ!
_ რამდენად უსაფრთხოა ხეობაში ახლა ცხოვრება?
_ თუ პანკისი საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ ვინ იცავს ჩემი, როგორც რიგითი პანკისელის უსაფრთხოებას?

P. s. ფაქტი ერთია: პანკისის ხეობას ჯერ ლოპოტის სპეცოპერაციიდან მიღებული ჭრილობა არ მოუშუშებია. ქისტებმა ნდობა დაკარგეს, ნდობა _ სახელმწიფოსი.
ქართულ გარემოში მოხვედრილმა ქისტებმა ქართული კულტურის უშუალო გავლენა განიცადეს და საერთო მახასიათებლები ჩამოყალიბდა, რაც ყოფისა და კულტურის ყველა ასპექტში გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, მათში უძველესი ტრადიციები დღემდეა შემორჩენილი: მკაცრად არის დაცული სტუმარმასპინძლობის ეტიკეტი, სიცოცხლისუნარიანია დაძმობილების ინსტიტუტი, სისხლ-მესისხლეობის ტრადიცია, კვლავ აქტუალურია ადათობრივი სამართალი, საერთო საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებს წყვეტს უხუცესთა საბჭო და ა. შ.
როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში უხუცესთა საბჭო შეიკრიბება. რაზე იმსჯელებენ უხუცესები, ძნელი გამოსაცნობი არ არის, _ ხეობას ყველაზე მეტად დღეს მათზე შექმნილი სტიგმა ადარდებს. სახელმწიფოსთან ხეობას კითხვები დაუგროვდა…

მაკა მოსიაშვილი